ვაზისუბნის მეორე ეკლესია
ვაზისუბნის მეორე ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ვაზისუბნის დასავლეთით 5-6 კილომეტრზე, ტყეში, ეგრეთ წოდებული მიჯნის საყდრიდან აღმოსავლეთით, ხუთასიოდე მეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, დანგრეულია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დიდი ნაწილი; აღმოსავლეთ და დასავლეთ ძეგლები დაახლოებით 3 მეტრ სიმაღლეზე დგანან. აღმოსავლეთ კედელს მთელ სიმაღლეზე განიერი ბზარი დაუყვება; ეკლესიის შიგნით ხეებია ამოსული. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც მაღალი და ფართო, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილები). აღმოსავლეთ კედელში, სარკმლის ორივე მხარეს კვადრატული ნიშაა. საკურთხეველი გადახურულია კონქით, რომლის ნახევარწრიული თაღი თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი, თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 75.