ვაზისუბნის სამების ეკლესია
ვაზისუბნის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სოფლის თავში, კოჭლიაანთეულად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.
2008-2009 წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია საკმაოდ დაუდევრად აღადგინა. აღდგენისას გრძივი კედლების ხაზზე ახალი კედლები ააგეს და ეკლესია მნიშვნელოვნად დააგრძელეს (გარეთა ზომები 11,7×4,8 მეტრი). ეკლესიის ძველი ნაწილი (5,6×4,8 მეტრი) ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. შემორჩენილი იყო ნახევარწრიული აფსიდი - კონქით და გრძივი კედლების აღმოსავლეთი ნაწილი (სიგრძე დაახლოებით - 3 მეტრია) წყვილ პილასტრთან და მათზე დაყრდნობილ საბჯენ თაღთან ერთად. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი აღდგენილ კედლებშია მოწყობილი. აფსიდში გაჭრილია ვიწრო სარკმელი, რომლის ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია ქვითკირის ტრაპეზი. მსგავსი ნაგებობა აფსიდის ჩრდილოეთ გვერდზეა მიდგმული. იგი როგორც ჩანს სამკვეთლოს დანიშნულებას ასრულებდა. საკურთხეველი დანარჩენი სივრცისაგან გამიჯნულია აღდგენის დროინდელი, კვადრატული აგურით ნაშენი კანკელით. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში, აფსიდის ბოლოებთან, თითო განიერი, სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის ძველი ნაწილი ცილინდრული კამარითაა გადახურული. აღდგენილი ნაწილი კი ხის კოჭებზე დაწყობილი ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 81.