ვაზისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

ვაზისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სამხრეთ-დასავლეთით 1 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია საშუალო და მსხვილი ზომის რიყის ქვით. გარე კუთხეებში საგანგებოდ შერჩეული რიყის ქვებია გამოყენებული. წყობა ირეგულარულია. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რაშიც სწორკუთხა, გარეთკენ თანდათან დავიწროებული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ კედელზე ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. მეორე ასეთივე ტრაპეზი მიშენებულია აფსიდის ჩრდილოეთ გვერდზე. იგი როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული, კონქის თაღი ნახევარწრიულია. საკურთხეველი დარბაზის იატაკთან შედარებით ერთი საფეხურითაა შემაღლებული. დარბაზი გადახურული იყო, ცილინდრული კამარით. ეკლესია დაბურული ყოფილა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება