ვაზისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია (VI საუკუნე)

ვაზისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია, სამკარიანი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაზისუბანის ჩრდილო–აღმოსავლეთით 1 კმ–ზე. განეკუთვნება VI საუკუნეს.

ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. გარეთა კედლები ნაწყობია შედარებით მოზრდილი ქვებით, რომელთა შორის დარჩენილი არეები ამოვსებულია წვრილი ნატეხი ქვით და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია, ტლანქი. მთავარი ეკლესიის გარეთა კუთხეებისათვის შერჩეულია განსაკუთრებით დიდი ზომის და შედარებით წესიერი ფორმის ქვები.

ძლიერ დაზიანებულია: სამხრეთი ნაწილი, რომელიც მთავარ ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევდა, მთლიანად დანგრეულია, დასავლეთის გარშემოსავლელის ფრაგმენტებია შემორჩენილი; ჩამონგრეულია შუა ეკლესიის კამარის დასავლეთი ნახევარი, კედლების ზედა ნაწილები და სამხრეთ–აღმოსავლეთი კუთხე, ფასადებზე ალაგ–ალაგ ამოცვენილია საპირე ქვები.

ეკლესიის მთავარ სადგომს (გარეთა ზომები: სიგრძე–12,5მ, სიგანე–6მ) ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი გარედან ქვიშაქვის თხელი ქვით თარაზულადაა გადახურული, შიგნიდან კი–რიყის ქვებით ნაწყობი ნახევარწრიული თაღით, აღმოსავლეთით ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი, დარბაზის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებული ნალისებრი თაღით გადახურული სარკმელი (ქვედა ნაწილი მოგვიანებით ამოუშენებიათ) და მის ორსავე მხარეს მდებარე თითო მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ სანახევროდ შემორჩენილი ოთხწახნაგა ტრაპეზია. აფსიდს მთელ სიგრძეზე გასდევს დაბალი საფეხური. აფსიდი გადახურულია წვრილი რიყის ქვით ნაწყობი კონქით. კონქის თაღი ორსაფეხურიანია, ორივე საფეხური ნალისებრია, რომელთა ქუსლებთან რიყის თხელი ქვის თაროსებრი იმპოსტებია. აფსიდის ჩრდილოეთ ბოლოსთან შემორჩენილია რიყის ქვით ნაშენი კანკელის ფრაგმენტი. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს სამხრეთ კედელში გადაჭრილი კიდევ ორი სარკმელი აშუქებდა, რომლებიც ორ–ორი თხელი ქვით თარაზულადაა გადახურული.

საკურთხევლის ჩრდილოეთით მოწყობილია გეგმით სწორკუთხა, ცილინდრული კამარით გადახურული სათავსი–სამკვეთლო (გარეთა ზომები: სიგრძე – 6,33 მ, სიგრძე –3,25 მ), რომელიც მთავარ ეკლესიასთან წყობითაა დაკავშირებული. სამკვეთლოში გასასვლელი კარი მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. კარი სწორკუთხაა. მეორე შესასვლელი სამკვეთლოს დასავლეთიდან აქვს. იგი გარედან მოზრდილი ქვის კოჭითაა გადახურული, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული თაღით. სათავსი განათებული იყო აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლით (სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედლის დიდი ნაწილი დანგრეულია და სარკმლიდან მხოლოდ სამხრეთით წირთხლის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი). სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, კამარის ქუსლის დონეზე, შემორჩენილია ქარგილის ძეგლების საყრდენი ღრმულები (სამხრეთით – სამი, ჩრდილოეთით – ორი).

გარშემოსავლელს სამივე ნაწილი გადახურული ყოფილა კამარით, რომლის დასაყრდნობად მთავარი ეკლესიის შესაბამისი კედლების ერთ დონეზე, მის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის სისქეთა სხვაობით, გამოყვანილია პატარა (სიგანე დაახლოებით 10სმ) საფეხური. მთავარი ეკლესიის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში კედლის ზედა ნაწილი ქვედას მიმართ შეთხელებული არაა, რის გამოც კედლის მთელ სიმაღლეზე დაახლოებით 1მ სიგანის პილასტრისმაგვარი შვერილია შექმნილი. ფასადები სადაა. საკურთხევლის სარკმელი გადახურული ყოფილა შირიმის ქვაში გამოკვეთილი თაღით (შემორჩენილია სამხრეთი ნახევარი.) ეკლესიის ჩრდილოეთით, 50 მ–ზე, განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარია, რომელიც გადარეცხილია ხევის წყლით. ზედაპირზე ჩანს ქვევრები და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა რედაქტირება