ვაზისუბნის პირველი ნამოსახლარი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაზისუბნის ნამოსახლარი.

ვაზისუბნის პირველი ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სამხრეთ-დასავლეთით 2-3 კმ-ზე, ნათლისმცემლისხევის მარცხენა ნაპირზე, დავითიანად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება ადრინდინდელ და განვითარებულ შუა საუკუნეებს.

1970 წელს მიწის ხვნის დროს შემთხვევით აღმოჩნდა ნამოსახლარი — ქვიტკირის კედლების ფრაგმენტები. ნამოსახლარი მოიცავს დაახლოებით 1,5-2 ჰა-ს. ნაგებობების გეგმარებით დადგენა ვერ მოხერხდა. ანაკრეფი არქეოლოგიური მასალა ძირითადად მოუჭიქავი და მოჭიქული კერამიკითაა წარმოდგენილი, გვხვდება მინის ნაწარმიც. ფიქსირებულია კედლის ნანგრევები.

მოუჭიქავი კერამიკა წარმოდგენილია: აგურით, კრამიტით (ღარიანი და ბრტყელი), წყალსადენის მილებით, თონეებით, ლულიანი ჭრაქებით, ქვევრებით, შავკეციანი სამზარეულო ჭურჭლით (ბადიები), ქილები, ქვაბქოთნები, ქოთნები, კოჭბები და სხვ.), ნატიფი სამტუჩა პირიანი და გრეხილყურებიანი სურებით, მოჩალისფროდ გამომწვარი თხელკეციანი სასმისებით და სხვ.

მოჭიქული კერამიკა თითქმის მთლიანად ჯამებითაა წარმოდგენილი.მათ შორისაა: თეთრი ანგობით მოხატული და მწვანედ მოჭიქული, ფერადი ნაღვენთებით შემკული, მოვარდისფრო ანგობზე მკრთალი ნაკაწრებითა და ფერადი ლაქებით შემკული ჯამები. ეს ჯგუფი მთლიანად IX-X საუკუნეებს განეკუთვნება. უფრო მრავლადაა ანგობზე ამოკაწრული მარყუჟებით შემკული და ცისფრად ან მწვანედ მოჭიქული ჯამები. ასევე მცენარეული ორნამენტით, ფრინველის გამოსახულებითა და ჭადრაკული სახეებით შემკული ჯამები. ამავე ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს ცისფრად მოჭიქული კოტოშის ფრაგმენტი. მთელი ეს მასალა XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება ფაიანსის მცირე ფრაგმენტები, რომელთა შორის არის ლუსტრით შემკული ნიმუშიც.

კერამიკულ მასალასთან ერთად გვხვდება მინის სასმისების, სარკმლის მინისა და სამაჯურების ფრაგმენტებიც, რომელიც აგრეთვე XI-XIII საუკუნეებით თარიღდება.

ლიტერატურა

რედაქტირება