ხეთამხალი, კალმახა (ლათ. Pleurotus ostreatus) — სოკოს სახეობა ხეთამხალისებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა.

ხეთამხალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ხეთამხალისებრნი
გვარი:  ხეთამხალი
სახეობა:  ხეთამხალი
ლათინური სახელი
Pleurotus ostreatus (Jacq. ex Fr.) P.Kumm. (1871)

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) მისდევენ მის მოშენებას საწარმოო მასშტაბით. იზრდება ჯგუფებად დამპალ და გამხმარ ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე, გაზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა ავსტრიელმა მეცნიერმა ნიკოლაუს იოზეფ ფონ ჟაკენმა 1774 წელს როგორც Agaricus ostreatus.[1][2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus ostreatus  Jacq. (1774)
  • Agaricus ochraceus  Jacq. (1774) Pers. (1793)
  • Crepidopus ostreatus (Jacq.) Gray (1821)
  • Pleurotus columbinus  Bres. apud Quél. (1881)
  • Dendrosarcus ostreatus  (Jacq.) Kuntze (1898)
  • Pleurotus floridanus Singer (1946)

საკმაოდ დიდი ზომის სოკოა. ქუდის დიამეტრი — 5-15 (30) სმ,[4] ხორცოვანი, მთლიანი, მომრგვალო, თხელი კიდეებით; ყურის ფორმის. ნორჩობაში ამოზნექილია, შეხვეული კიდეებით, მოგვიანებით — ბრტყელი ან ფართოძაბრისებრი, ტალღოვანი ამ ლაპოტისებრი კიდეებით. ზედაპირი გლუვი, პრიალა, ხშირად ტალღოვანი. ნორჩობაში მუქ-ნაცრისფერიდან მომურომდე, სიმწიფეში ფერფლისფერ-ნაცრისფერი იასამნისფერი ელფერით. ასაკთან ერთად უფერულდება მოთეთროდან მონაცრისფრომდე ან მოყვითალომდე.

რბილობი — თეთრი, მკვრივი, ნორჩობაში რბილი და წვნიანი, მოგვიანებით უხეში და ბოჭკოვანი (განსაკუთრებით ფეხში). განსაკუთრებული სუნის გარეშე და ანისის სასიამოვნო გემოთი.

ფეხის სიგრძე — 2-5, სისქე — 0,8-3 სმ, მოკლე (ზოგჯერ სრულიად შეუმჩნეველი), მკვრივი, მთლიანი, ექსცენტრული ან გვერდითი, ცილინდრული, ქვევით შევიწროებული, ხშირად მოხრილი. ზედაპირი თეთრი ან გლუვი; ძირში მომურო და ოდნავ ქეჩისებრი. სიბერეში ფეხი მეტად უხეშდება.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები მეჩხერია, სიგანეში 3—15 მმ, თხელი, დაღმავალი. ნორჩობაში მოთეთროა, ასაკთან ერთად ყვითლდება ან ნაცრისფერდება.

სპორების ფხვნილი — თეთრი ან მოვარდისფრო. სპორები — 8-11 × 3-4 მკმ,[5] გლუვი, ცილინდრული, წაგრძელებულ-კვერცხისებრი, უფერული.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

მერქნის დამღუპველი საპტროტროფია. იზრდება ჯგუფებად ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბაღებში, პარკებში, დამპალ და ცოცხალ (დასუსტებულ)[6] ფოთლოვან (მუხა, წიფელი, თელა, არყი, ცირცელი, მთრთოლავი ვერხვი, ტირიფი, რცხილა, აკაცია), იშვიათად წიწვოვან ხეებზე. ხშირად გვხვდება მიწიდან საკმაოდ მაღალზე, კრამიტისებურად დაწყობილ ჯგუფებად.

გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა.

სეზონი — გაზაფხულიდან ზამთრამდე.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. კორეაში, იაპონიასა და ჩინეთში დელიკატესად ითვლება. როგორც წესი იხმარება ახალი, შემწვარი სახით. ხშირად იყენებენ წვნიანი კერძების მოსამზადებლად, გარდა ამისა, ამატებენ სხვადასხვა სახის სალათებში. შემწვარი სახით ამარინადებენ და აკონსერვებენ ცხიმში. ხეთამხალი, აგრეთვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩეხეთისა და სლოვაკეთის თანამედროვე სამზარეულოში.

გემოზე სოკო ანისს წააგავს. საკვებად უმჯობესია ახალგაზრდა ეგზემპლარები; ასაკთან ერთად რბილობი უხეშდება და არასასიამოვნო გემოს იღებს.[7]

შემცველობა

რედაქტირება

ხეთამხალი ღირებული დიეტური პროდუქტია, რომელიც დაბალი კალორიულლბით გამოირჩევა (38—41 კალ.).[8] მასში შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის.

ცილის შემცველობითა (15-25 %)[8] და ამინომჟავების შემადგენლობით (ვალინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, მეთიონინი, ტრეონინი, ტრიფტოფანი, ფენილალანინი), ხეთამხალი ყველა ბოსტნეულს აღემატება (გარდა პარკოსნებისა) და ახლოსაა ხორცისა და რძის პროდუქტებთან.

ცხიმის შემცველობა ხეთამხალში დაბალია (100 გრამ მშრალ სოკოში 2,2 მგ), 67 % შეადგენს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. აგრეთვე, ხეთამხალი სტატინების ბუნებრივია წყაროა, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.[9]

მასში არსებული ნახშირწყლები მშრალი მასის 68-74 % შეადგენენ, რომელთაგან ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა) წილი 14-20 % შეადგენს.[10] პოლისაქარიდ ბეტა-გლუკანს (ლენტინანი), რომელიც გამოყვანილია ხეთამხალისგან, გააჩნია კიბოს სააწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული მოქმედება.[11] ხეთამხალში შემავალი მინერალურ ნივთიერებებს შორისაა — კალიუმი, ფოსფორი, რკინა, აგრეთვე კალციუმი, კობალტი, სელენი, თუთია, სპილენძი და რიგი სხვა ელემენტები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის.

ხეთამხალი წყალხსნადი და ცხიმხსნადი ვიტამინების შესანიშნავი წყაროა, მასში შედის B ჯგუფის ვიტამინების სრული კომპლექსი, ასევე ასკორბინის მჟავა, PP (5-10 ჯერ მეტი ვიდრე ბოსტნეულში), D2 და E ვიტამინები.

კულტივაცია

რედაქტირება
 
ხეთამხალის კულტივირება ნამჯაზე

მრავალ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში[12]) მისდევენ მის მოშენებას საწარმოო მასშტაბით.

სხვა მრავალი სოკოსაგან განსხვავებით, ხეთამხალისებრნი ბუნებრივ პირობებში იზრდებიან ცელულოზასა და ლიგნინის შემცველ პრაქტიკულად ნებისმიერ სუბსტრატზე – ხე-ტყის გადამუშავების ნარჩენებზე (ნახერხი, ბურბუშელა, ქერქი (არაწიწვოვანი ჯიშების), ქაღალდი), სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნარჩენებზე (მარცვლოვანი კულტურების ნამჯა, სიმინდის ტარო და ღერო, შაქრის ლერწმის ნარჩენები, ლელქაში, მზესუმზირის ჩენჩოზე) და სხვ. ნაყოფსხეულის წარმოქმნის ბუდისებრი პრინციპი მაღალი მოსავლიანობის გარანტიაა, მოსავლიანობამ შეიძლება 350–420 მ2•წ შეადგინოს.[13]

სოკოს სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ, სუბსტრატს კომპოსტის მოსაშენებლადაც იყენებენ.

აგილობრივი სახელწოდებები

რედაქტირება

საქართველოს ყველა რეგიონში ხეთამხალს სხვადასხვა სახელით იცნობენ:[14]

  • კახეთიხეთამხალი, კალმახა, ტყუბელა, წიფლის სოკო, ხის სოკო, წიფლის-სოკო
  • სვანეთიწიფრაშ ტყუბულ
  • ფშავიკალმახა ზოკო
  • რაჭაჭყუბლასოკო

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 60.
  • З. А. Клепина и Е. В. Клепина. Справочник грибника. — Москва: АСТ-ПРЕСС, 2006. — 256 с. (стр. 88)
  • „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф.Двин — Москва: АСТ. Астрель, 2004. — 303 с. (стр. 146)
  • „Грибы. Справочник-определитель. Более 120 видов“ / Автор-составитель Н. Е. Макарова — Москва: АСТ, Минск: Харвест, 2005. —320 с. (стр. 238)
  • Bernas E., Jaworska G., Lisiewska Z., 2006. EDIBLE MUSHROOMS AS A SOURCE OF VALUABLE NUTRITIVE CONSTITUENTS. Acta Sci.Pol., Technol. Aliment. 5 (1), 5-20. pdf.
  • Lechner, B.E.; Wright, J.E.; Alberto, E. et al. (2004) The genus Pleurotus in Argentina. Mycologia: Vol. 96, No. 4 pp. 845—858. PMID 21148904 C сайта Mycobank.
  • Сержанина Г. И. Шляпочные грибы Белоруссии. — Минск: Наука и техника, 1984.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nikolaus Joseph von Jacquin: „Flora Austriacae, sive plantarum selectarum, vol. 2, Editura Leopold Johann Kaliwoda, Viena 1774, p. 3, tab. 104
  2. Nicolai Josephi Jacquin (1595), „Florae Austriacae, sive, Plantarum selectarum in Austriae archiducatu . - Biodiversity Heritage Library”, Biodiversitylibrary.org, accesat în 10 ianuarie 2017
  3. Paul Kummer: „Der Führer in die Pilzkunde: Anleitung zum methodischen, leichten und sicheren Bestimmen der in Deutschland vorkommenden Pilze mit Ausnahme der Schimmel- und allzu winzigen Schleim- und Kern-Pilzchen”, cu 80 de ilustrații litografice, Editura E. Luppe, Zerbst 1871, p. 105
  4. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006). North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide. p. 142. ISBN 978-0-7627-3109-1.
  5. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda: Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL, 1985. ISBN 83-09-00714-0.
  6. Till R. Lohmeyer, Ute Kũnkele: Grzyby. Rozpoznawanie i zbieranie. Warszawa: 2006. ISBN 978-1-40547-937-0.
  7. How To Harvest Oyster Mushrooms?. Forest Wildlife (16 August 2022). ციტირების თარიღი: 2022-08-16
  8. 8.0 8.1 County Line Mushrooms დაარქივებული 2008-06-21 საიტზე Wayback Machine.
  9. J. Alarcon, S. Aguila, P. Arancibia-Avila, O. Fuentes, E. Zamorano-Ponce, and M. Hernandez. Production and Purification of Statins from Pleurotus ostreatus (Basidiomycetes) Strains. Full Text დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine. .
  10. По данным сайта „Домашнее грибоводство“ დაარქივებული 2008-06-23 საიტზე Wayback Machine. .
  11. Andrzej Szczepkowski. Grzyby nadrzewne w innym świetle – użytkowanie owocników. Studia i Materiały CEPL w Rogowie. R. 14. Zeszyt 32 / 3 / 2012
  12. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 83, ISBN 99940-856-1-1.
  13. По данным сайта Региональный центр «Бионика» დაარქივებული 2008-02-19 საიტზე Wayback Machine. .
  14. Pleurotus ostreatus (Jacq.) P. Kumm.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-23. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2022.