ოჯიბვე

(გადამისამართდა გვერდიდან სოტო)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ოჯიბვე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ოჯიბვე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ოჯიბვე (სხვაგვარად ოჯიბვა, სოტო ან ჩიპევა; თვითდასახელება — ანიშინააბე) — ალგონკინური ენების ოჯახის ინდიელების ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკაში. განსახლებულნი არიან აშშ-ის რეზერვაციებში მიჩიგანის, უისკონსინის, მინესოტის, ჩრდილოეთ დაკოტის, მონტანის შტატებში და კანადაში ონტარიოს, მანიტობის, სასკაჩევანის, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში. მათი რაოდენობა 360 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 205 ათასი დასახლებულია კანადაში, ხოლო 150 ათასზე მეტი — აშშ-ში. რელიგიები — პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი და ტრადიციული კულტები. ოჯიბვე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი (მეხუთე) ინდიური ერია ჩრდილოეთ ამერიკაში, რაოდენობრივად თითქმის უტოლდება კრის და ჩამორჩება ჩეროკებს, ნავაჰოს და ჩოკტოს. მათი სასაუბრო ენა ამავე სახელწოდებისაა.

ოჯიბვე (ჩიპევა)

ანიშინააბეს სიმბოლო
საერთო მოსახლეობა
170,742 აშშ-ში (2010)[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ენები ინგლისური, ოჯიბვე, ფრანგული
რელიგიები მიდევივინი, კათოლიციზმი, მეთოდიზმი
დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფები ოტავა, პოტავატომი და სხვა ალგონკინური ერები

ოჯიბვე არის „უფროსი ძმა“ და „რწმენის მფარველი“ XVIII საუკუნიდან არსებული ინდიელთა ტომების კავშირისა, რომელიც ცნობილია სახელით „სამი ცეცხლის საბჭო“, სადაც მათთან ერთად შედიან ალგონკინები, ნიპისინის პირველი ერი, ოჯი-კრი, ოტავა და პოტავატომის ტომები.

სახელწოდება

ანიშინააბეს ამ ჯგუფის ავტონიმი არის ოჯიბვე (მრავლობითში Ojibweg). ეს სახელი, როგორც წესი, ანგლიფიცირდება როგორც ოჯიბვა ან ოჯიბვეი. სახელწოდება ჩიპევა ალტერნატიული ანგლიკანიზაციაა. აგრეთვე მრავალი ვარიაცია არსებობს ლიტერატურაში. „ჩიპევა“ უფრო ხშირად გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო „ოჯიბვა“ ჭარბობს კანადაში, თუმცა ორივე ტერმინი თითოეულ ქვეყანაშია გავრცელებული. გვიანი XX საუკუნიდან მოყოლებული კანადისა და აშშ-ს ფარგლებში ოჯიბვეს მრავალ თემში გავრცელებული იყო განზოგადებული სახელწოდება ანიშინააბე(-გ).

სახელწოდება ოჯიბვეს ზუსტი მნიშვნელობა უცნობია; ყველაზე გავრცელებული განმარტებანი ამ სახელისთვის არის:

  • ojiibwabwe (/o/ + /jiibw/ + /abwe/), რაც ნიშნავს „ის, ვინც ხარშავს\წვავს, სანამ არ დანაოჭდება“. ეს ვერსია უკავშირდება მოკასინების ნაკერების ცეცხლზე დამზადებას წყალგამძლეობის შესაძენად.[2] XIX საუკუნის ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ ეს სახელწოდება აღწერდა წამების რიტუალის მეთოდს, რომელსაც ოჯიბვე იყენებდა მტრების წინააღმდეგ.[3]
  • ozhibii'iwe (/o/ + /zhibii'/ + /iwe/), რაც ნიშნავს „ის, ვინც ინახავს [ხილვის] ჩანაწერებს“. ეს უნდა მიანიშნებდეს მათ სახვით დამწერლობასა და პიქტოგრამებზე, რომლებიც გამოიყენებოდა მიდევივინის წმინდა რიტუალებში;[4] ან
  • ojiibwe (/o/ + /jiib/ + /we/), რაც ნიშნავს „ის, ვინც საუბრობს მოჭიმულად“/„ის, ვინც ენაბორძიკობს“. ეგზონიმი ან სახელწოდება, რომელიც მათ კრიმ მიანიჭა და რომლითაც მათ აღწერეს ოჯიბვეს ენა, აჩვენებს განსხვავებები მასა და მათ მშობლიურ ენას შორის.[5]

ორიენტაცია

ადგილმდებარეობა

 
ოჯიბვეს განსახლება. დაახლოებით 1800 წელი.

ოჯიბვე მოიცავს მრავალ თემს ძირითადად დაწყებული სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ ონტარიოდან, ჩრდილოეთ მიჩიგანიდან და უისკონსინიდან, მინესოტიდან, დამთავრებული ჩრდილოეთ დაკოტით, სამხრეთ და ცენტრალური მანიტობით და სასკაჩევანით. ევროპელებთან კონტაქტში შესვლამდე ოჯიბვეს ტერიტორია ჰურონის ტბის გასწვრივ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებზე, ზემო ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსა და, ალბათ, მიჩიგანის ზემო ნახევარკუნძლზე ვრცელდებოდა.[6] XVII და XVIII საუკუნეებში ოჯიბვე ჩრდილოეთისკენ და დასავლეთისკენ გაფართოვდა ბეწვის სავაჭრო გზაზე. მათ, ვისაც ადრეული კავშირები ჰქონდათ ქალაქ სუ-სენტ-მარისთან, რომელსაც სახელი 1668 წელს ფრანგების შესრულებული მისიის შემდეგ დაერქვა, ატარებდნენ სახელს „სალტო“ — ტერმინი, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება მანიტობას პროვინციაში. მრავალი სხვა ლოკალური დაჯგუფების სახელი გამოყენებიდან გაქრა ან დაკარგა ის კავშირი, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიასთან ჰქონდა. მაგალითად, მეჩვიდმეტე საუკუნეში „მისისაუგა“ (ახლა უკვე ალტერნატიული ტერმინი სამხრეთ-აღმოსავლეთ ოჯიბვეზე) იყო დაჯგუფება, რომელიც ცხოვრობდა მდინარე მისისაუგას მახლობლად, ჰურონის ტბის სანაპიროზე.[7]

დემოგრაფია

ოჯიბვეს მოსახლეობის რაოდენობის შეფასებები ევროპელებთან კონტაქტის პერიოდში სპეკულაციურია. ალფრედ კრებერმა და ჯეიმზ მუნიმ ივარაუდეს, რომ ჩრდილოეთის დიდ ტბებთან მცხოვრებთა რაოდენობა 30,000 შეადგენდა, პლუს 2,000 ოჯიბვე ვაკეებზე და 3,000 ოჯიბვე შტატ უისკონსინში. ალგონკინები და ოტავა ცალკე დააჯგუფეს, მათი რაოდენობა 7,300-ს შეადგენდა.[8] ედუარდ სამუელ როჯერსმა XVII საუკუნეში ოჯიბვეზე მოლაპარაკე ჯგუფების, რომლებიც დიდი ტბების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სავარაუდო რიცხვები 3,000-დან 4,000-მდე დაასახელა,[6] ხოლო ლაურა პირსმა აღნიშნა, რომ XVIII საუკუნემდე ვაკე ნაწილზე მცხოვრები ოჯიბვეს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცოტა მტკიცებულება არსებობდა.[9] 1630-იანი წლებიდან მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობა ეპიდემიებმა პერიოდულად შეამცირა. მათგან ყველაზე საშიში იყო ჩუტყვავილა, წითელა და გრიპი.[10] 1912 წლიდან ოჯიბვეს მოსახლეობის რაოდენობა აშშ-სა და კანადაში დაახლოებით 38,000-41,000-ს შეადგენდა,[11] ხოლო 1986 წლიდან აშშ-სა და კანადაში ოჯიბვეს მოსახლეობის რაოდენობა 80,000-ს უტოლდებოდა.[12] რაოდენობა არ ითვლიდა ოტავასა და ალგონკინს და არც შერეული წარმოშობის ხალხს, რომლებიც თვითიდენტიფიკაციას ახდენენ როგორც ანიშინააბე. კანადაში კანონპროექტმა C-31 (1985) აღუდგინა ინდიელის სტატუსი ინდიელ ქალებს, რომლებმაც დაკარგეს ეს სტატუსი ქორწინების შემდეგ.[13] ამ კანონპროექტის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა ოჯიბვედ დარეგისტრირებულ ხალხთა რიცხვი.

ენობრივი კუთვნილება

ოჯიბვეს ენა ეკუთვნის ალგონკინური ენების ოჯახს, იგი აერთიანებს რამდენიმე დიალექტს. სამხრეთულ ოჯიბვეზე მოსაუბრეებს მიეკუთვნებიან ოტაველები და სამხრეთ ონტარიოს ჩიპევაზები, მანიტოულინის კუნძულისა და მიჩიგანის ქვედა ნახევარკუნძულის მოსახლეები. აღმოსავლეთით ნიპისინგი და ალგონკინი სხვა ენობრივი საზოგადოების წარმომადგენლები არიან, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ ოჯიბვეები მოიცავენ სამ დიალექტურ ვარიანტს.[14] რაც შეეხება მდინარე სევერნის ჩრდილოეთ ოჯიბვეებს, ისინი ლაპარაკობენ დიალექტზე, რომელიც ცნობილია როგორც ოჯიკრი ან ოჯი-კრი; უცხოები ამ თემებს ხშირად უბრალოდ „კრის“ უწოდებენ, რაც თვითონ ამ თემის შიგნითაც ინგლისურად ლაპარაკის დროს ხშირად გამოიყენება.[15]

ისტორია და კულტურული ურთიერთობები

 
ჩუსიკი — ქალი ოჯიბვეს ტომიდან. მხატვარი ჩარლზ ბერდ კინგი

ოჯიბვეს ევროპელებთან კონტაქტის პირველი ჩანაწერები თარიღდება 1640-იანი წლებით დიდი ტბების რეგიონში, როდესაც ფრანგმა იეზუიტმა მისიონერებმა ქადაგებები დაიწყეს ქალაქ სუ-სენტ-მარიში 1641 წელს. ჰურონებისა და მათი ალგონკინელი მოკავშირეების წინააღმდეგ კულტურულმა ომებმა ჰურონების კონფედერაციის განადგურება და სხვადასხვა დიდი თემის დარბევა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, 1690-იან წლებში მისისაუგამ, ოტავამ და ინდიელთა სხვა ტომებმა იროკეზები არაერთ ბრძოლაში დაამარცხეს, ხოლო მისისაუგას სოფლებმა ონტარიოს ტბის ჩრდილოეთ სანაპიროებზე იროკეზების ძველი ტერიოტირიების დაკავება დაიწყეს.[16]

ამ დროს ფრანგმა ბეწვით მოვაჭრეებმა აქტიურად დაიწყეს ალგონკინურ თემებთან კონტაქტის დამყარება ზემო დიდი ტბებისა და მათ გარშემო ტერიტორიებზე, რადგან ევროპელებში თახვის თექისგან დამზადებულ ქუდებზე დიდი მოთხოვნა იყო. ფრანგები ვაჭროდნენ სხვადასხვა საქონლით, განსაკუთრებით ჩაიდნებით, დანებით, ცულებით. მათი პროდუქტის მოხერხებულობამ და გამძლეობამ ოჯიბვეში დიდი ინტერესი გააჩინა. ამგვარად ჩანაცვლდა ოჯიბვეს თიხის სათავსოები და ქვის იარაღები; აგრეთვე ქსოვილი, სავაჭრო მძივები, თამბაქო და ალკოჰოლიც მოთხოვნადი პროდუქტი იყო. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ ინდიელები ევროპულ პროდუქტზე დიდად იყვნენ დამოკიდებულნი; მაგალითად, XVII საუკუნის იარაღები გამოუყენებელი, არაეფექტური და სახიფათო იყო მომხმარებლისთვის.[17][18] ბეწვის ვაჭრობამ ხელი შეუწყო სპეციალობის განვითარებას. ოჯიბვეს ზამთრის ნადირობისა და მახეების დაგების ფოკუსირება უფრო სასურველი ბეწვის დაცვაზე მოხდა, ხოლო სანაცვლოდ ოჯიბვეები თავიანთი პროდუქციის მხარდასაჭერად ფრანგი მოვაჭრეებისგან საქონლისა და სხვადასხვა პროვიზიის „ვალად“ მიღებას ელოდნენ. ოჯიბვე ქალები რთულ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ, როგორც ბეწვისა და ტყავის გადამამუშავებლები, მათი სამუშაო ვაჭრობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა, აგრეთვე ლითონის იარაღებმა გაადვილეს მათი სამუშაო პროცესი.

გვიან 1700-იან წლებში ოჯიბვეს ჯგუფები მოედნენ მანიტობას, მინესოტასა და უფრო შორეულ ტერიტორიებს. მონრეალელი კანადელი მევაჭრეები დასავლეთისკენ მიიწევდნენ, რათა კონკურენცია გაეწიათ ინგლისურ ჰუდსონის ყურის კომპანიასთან (ინგლ. Hudson Bay Company), რომელიც სავაჭრო გზას აფართოებდა ჰუდსონის ყურის წყალგამოფთან სახელწოდებით რუპერტის მიწა, რომელიც მან 1670 წელს სამეფო წესდებით მიისაკუთრა. კანადელებთან ბევრი ოჯიბვე იყო დაკავშირებული და ხშირად ქორწინდებოდნენ „ქვეყნის ჩვეულების შესაბამისად“, ვინაიდან ეს კავშირები მოდერნიზებული იყო. დაწყებული დიდი ტბებით დამთავრებული შორეული ჩრდილო-დასავლეთით, XIX საუკუნის შუა წლებში საგრძნობლად გაიზარდა შერეული წარმომავლობის ხალხის რაოდენობა. გარემოებებიდან გამომდინარე ეს შთამომავლობა ზოგჯერ დედათა სანათესაოსთან ახლოს რჩებოდა და საკუთარ თავს ოჯიბვეს ეძახდა, ან შესაძლოა ასოცირებულიყვნენ მზარდი რაოდენობის მეტისებთან, რომლებიც ამ პერიოდში საკუთარ თავს ეთნიკურად გამორჩეულს ეძახდნენ. ვაკის ოჯიბვეს ზრდა სწორედ ამ პერიოდში იწყება.[19]

 
ბარის ოჯიბვეს მეთაური შა-კო-პაი („ექვსი“). ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ტყიანი ადგილების გარდა ოჯიბვე აგრეთვე განსახლებული იყო მანიტობის, სასკაჩევანის, ალბერტას, ჩრდილოეთ დაკოტის, დასავლეთ მინესოტისა და მონტანის პრერიებში.

1850 წლისთვის ოჯიბვეს თემები სხვადასხვა მიმართულებით გაიშალნენ. მათ, ვინც ბეწვის ვაჭრებს გაყვნენ სუბარქტიკულ რეგიონში, ზემო ტბის ზემოთ, მიიღეს ცხოვრების ახალი წესი, რომელიც ჩრდილოეთით მდებარე მეზობელი „ჭაობის კრისას“ წააგავდა. ამ დროს ოჯიბვეს თემები სამხრეთ ონტარიოში იძულებით გადაადგილეს ჯერ ლოიალისტებმა, რომლებიც ამერიკის რევოლუციის შემდეგ შეცვივდნენ იმ რეგიონში, შემდეგ კი ათასობით ბრიტანელმა ემიგრანტმა. სახელმწიფო პოლიტიკა მერყეობდა, შეენარჩუნებინა ინდიელებისთვის ტერიტორია თუ მიეცა აგრარული განვითარებისთვის იქ მცხოვრები ხალხისთვის. აგრეთვე სახელმწიფოს ვერ გადაეწყვიტა, მოეშორებინა თუ არა ინდიელები ჩრდილოეთიდან, მაგალითად, მანიტულინის კუნძულიდან.

ოჯიბვეს თემები, რომლებიც გავრცელდნენ და გაიშალნენ მინისოტასა და უისკონსინში ადრეულ 1800-იან წლებში, დიდწილად ასე მოიქცნენ დაკოტასა და სხვა დაჯგუფებებთან ომის გამო; აგრეთვე ოტავასთან, პოტავატომსა და მეტისებთან მოკავშირეობა დაიჭირეს. 1850-იან წლებში მათი რაოდენობა და საცხოვრებელი მიწა საგრძნობლად შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის, დაავადებებისა და თეთრკანიანთა ჩამოსახლების ზეწოლით, განსაკუთრებით კი სამხრეთ ნაწილებში.

დასახლებები

ოჯიბვეს ყველაზე დიდი დასახლებები ზაფხულში იყო, როდესაც ხალხი სათევზაო და სავაჭრო პუნქტებში იკრიბებოდა, მაგალითად, როგორიცაა სუ-სენტ-მარი. სამხრეთის ჯგუფებმა დააარსეს უფრო მტკიცე სოფლები ტბებსა და მდინარეებზე, სადაც მცირე მიწათმოქმედებას ეწეოდნენ, ზრდიდნენ სიმინდსა და სხვა უკვე კულტივირებულ მცენარეებს. გარეული ბრინჯისა და შაქრის ნეკერჩხლის ხეებიც იზიდავდნენ სეზონურ დასახლებებს.[20] შემოდგომაზე, შედარებით პატარა, მაგალითად, ორი ძმისა და მათი ცოლ-შვილისაგან შემდგარი მონათესავე ჯგუფები ტოვებდნენ დიდ ტბებსა და მდინარეებს და კანოეებსა და შიდა რეგიონებში იწყობდნენ საზამთრო ბანაკებს, ნადირობდნენ და იერთდებდნენ მიწებს, რომლებსაც მათი ოჯახის მომავალი თაობებიც გამოიყენებდნენ.[21]

საცხოვრებელი ადგილების ტიპები სეზონურად იცვლებოდა. ახალგაზრდა ნარგავების კონებისაგან გაკეთებული კონუსისებრი ან გუმბათის ფორმის სტრუქტურები, რომლებიც გადახურული იყო არყის ან თელას ქერქით, ან ტყავით (დამოკიდებული იყო რეგიონზე), რომელიც მოგვიანებით ბრეზენტმა ჩაანაცვლა, ნორმა იყო. პოლიგინიურ კაცებსა და მათ ოჯახებს შეეძლოთ ეცხოვრათ წვრელმახვილიანი გადახურვის, ორკარიან გრძელ კარავში. 1800-იანი წლების განმავლობაში დირეებისა და ჩარჩოების ტიპის ხის სახლები უფრო მოხშირდა სამხრეთ რეგიონებში, მაგრამ ჯერ კიდევ 1930-იან წლებამდე ადგილობრივი საცხოვრებლის ტიპები მდინარეებისა და ტბების გაყოლებით შიდა ტერიტორიებზე, ჩრდილოეთ ონტარიოსა და მანიტობაში იყო გავრცელებული.[22]

ეკონომიკა

სამომხმარებლო და კომერციული საქმიანობა

ოჯიბვეს ეკონომიკა კომპექსური იყო და აერთიანებდა გარეული რესურსის (თევზი, ნადირი, არყის მერქანი, ცირცელი, სამკურნალო მცენარეები და სხვა ადგილობრივი საქონელი) მოსავლის სეზონურ აღებას მებაღეობასა (სამხრეთში) და ვაჭრობასთან ერთად. ამ რესურსების ცეცხლითა და სხვა მეთოდებით მართვა ზრდიდა პროდუქტიულობას; მაგალითად, ველური ბრინჯი განმეორებით ითესებოდა იქ, სადაც ძველი ნერგები გაფუჭებული იყო, და ახალ ლოკაციებზე, სადაც მოსავლისთვის სასურველი პირობები არსებობდა.[23] ბეწვით ვაჭრობის განვითარებამ გაზარდა თახვების, ონდატრასა და სხვათა ტყავების ფასი. აგრეთვე ხელი შეუწყო ნეკერჩხლის შაქრისა და გარეული ბრინჯის, როგორც ფასეული სასურსათო საქონლის წარმოებას. თევზმა, განსაკუთრებით თეთრმა თევზმა, და უფრო სპეციალიზებულმა პროდუქტებმა, როგორიცაა თართის ქარსი, კომერციული ფასი შეიძინეს, რამაც რამდენიმე რეგიონში ოჯიბვეს ჯგუფებსა და გარე მეწარმეებს შორის კონკურენცია გამოიწვია. ამ უკანასკნელთა გადამეტებულმა თევზაობამ 1900-იან წლებში მასიური გაწვეტა გამოიწვია.[24] ვაკის მობინადრე ოჯიბვეს ჯგუფები გარეულ ტახებზე ნადირობდნენ, თუმცა მათ მაინც შეინარჩუნეს სხვა რესურსების კომბინირებული სეზონური გამოყენება და ვაკის სხვა მობინადრე ჯგუფების მსგავსად, ვიწროდ ცხენებზე ორიენტირებულნი არ ყოფილან.[25]

ინდუსტრიული ტექნოლოგიები

ზემო ტბის გარშემო მოპოვებული ტყავის, ქერქის, მცენარეული ბოჭკოების, ხის, ქვის, თიხისა და შედარებით ნაკლებად ადგილობრივი სპილენძის დამუშავებამ მოიტანა მრავალფეროვანი ნივთობრივი კულტურა, როდესაც ვაკის ბინადარი ოჯიბვეს მცხოვრებლებისთვის, გარეული ტახი იყო ტყავის, პემიკანისა და სხვა საჭირო პროდუქტების წყარო. ჩამოსვლისთანავე ევროპელმა ვაჭრებმა ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სუბარქტიკაში აღმოაჩინეს ბაიდარები, თხილამურები და მოკასინები, რომლებიც აუცილებელი ნივთები იყო მოგზაურობისათვის და გაზარდეს მათზე მოთხოვნილება. სანაცვლოდ მათმა შემოტანილმა ლითონის საქონელმა გააადვილა ტყის ჭრა, საჭმლის მომზადება, კერვა. ამავდროულად მინა, აბრეშუმის ძაფი და გადამუშავებული მასალებისგან, მაგალითად, სათუთუნე ხუფებისგან დამზადებული ჟღარუნა კონუსები დაემატა ტრადიციულ დეკორატიულ მასალებს. 1800-იანების მიწურულს დაწნული და მძივით აწყობილი ნაკეთობების წარმოება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო ოჯიბვეს ქალებისათვის ისეთ რეგიონებში, რომლებშიც ხშირი იყო ტურისტები, მეთევზეები და მოაგარაკეები.

ვაჭრობა

მაშინ, როცა ევროპელებმა ოჯიბვე „აღმოაჩინეს“, კულტურა უკვე ჩართული იყო სავაჭრო ურთიერთობებში სამხრეთით ჰურონებთან და ჩრდილოეთით კრისთან. მარცვლეული და იროკეზული ჭურჭლეულობა ჩრდილოეთში იყიდებოდა, ხოლო ბეწვეული ზამთრის ტანსაცმლისთვის — სამხრეთში. საქონელი იმ ძველ სავაჭრო გზებზე გადაჰქონდათ, რომლებიც სამხრეთის დიდი ტბებიდან ჯეიმზის ყურემდე აღწევდა.[26] ბეწვეულის ფრანგულმა ბაზარმა ოჯიბვე, ნიპისინგი და ალგონკინი იმ შუამავლებად აქცია, რომლებიც მაღალი ხარისხის კრიულ თახვის ტყავს მონრეალსა და კვებეკს აწოდებდნენ. 1700-იანი წლებისთვის ფრანგული ციხე-სიმაგრეები და მისიები დიდი ტბების ნაპირებზე სავაჭრო მაგნიტებად და, გარკვეულწილად, დასახლებებადაც გადაიქცა, რამაც ოჯიბვე-მეტისი მოსახლეობის ზრდას შეუწყო ხელი. ჩრდილოეთში მოკაზმულობა მნიშვნელოვან როლს იკავებდა XX საუკუნის შუა პერიოდის განმავლობაში და დღემდე ზრდის შემოსავალს სხვა წყაროებიდან.

შრომის განაწილება

ნადირობაში, ხაფანგების დაგებასა და ვაჭრობაში ძირითადად მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას, მაშინ, როცა ქალები უვლიდნენ ბავშვებს, აგროვებდნენ შეშას, კენკრასა და სხვა მცენარეებს, ასევე ამუშავებდნენ ტყავს, სამოსს და აკეთებდნენ საჭმელს. ლიდერები უფროსი კაცები იყვნენ, მათვე ეკისრებოდათ ცერემონიული როლები.

უფლება მიწაზე

უფლება სოფლის მიწაზე დროში განგრძობითი მოხმარებითა და ჰაბიტაციით დგინდებოდა. ის, თუ რომელი ოჯახები რომელი ტბის ნაპირსა თუ ნაკადულს ეწვეოდნენ, საერთო კონსენსუსის მიღწევით წყდებოდა. რეგიონების უმრავლესობაში მიწების გამოყენების თავისებურებებს მდინარეთა აუზებისა და, ზოგადად, წყლის არსებობა განსაზღვრავდა. საზღვრის დარღვევისა და მიწის დაპატრონების უფლების კონცეფციები ხელს უწყობდა მიწების გამოყენების სტაბილურ ქცევებს, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ჯგუფებს შორის გამანადგურებელი მეტოქეობა არსებობდა. ასეთი მდგომარეობა იყო შუა დასავლეთში ე.წ. „საკამათო ზონაში“ ოჯიბვეებსა და დაკოტას შორის გვიანდელ 1700-იან და ადრინდელ 1800-იან წლებში.[27] გვიან 1800-იანებში მიწაზე უფლებების გადაცემამ, რეზერვაციების შექმნამ, თევზაობაზე, თამაშებსა და მიგრირებულ ფრინველებზე კანონების დაწერამ, მდინარეებზე დამბების მშენებლობამ და სხვა ცვლილებებმა სახე უცვალეს ოჯიბვეთა მიერ მიწების გამოყენების „სქემებს“, განსაკუთრებით უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრებთა საზოგადოებებში.

სისხლით ნათესაობა

ნათესავები და შთამომავლობა

ოჯიბვეთა ნათესაურ კავშირებს ძირითადად პატრილინეური, ეგზოგამური ურთიერთობები ქმნიდა. კლანური სოლიდარობა და ფუნქციები უფრო ცხადად სამხრეთის რეგიონებში იკვეთებოდა.[28] მინესოტის სამხრეთ-დასავლეთის ოჯიბვე 23 კლანისგან შედგებოდა,[29] აქედან 15-20 კლანი 1800-იან წლებში ზედა ჩიპევას ტბის ნაპირებზეა დაფიქსირებული.[30] ბერენსის მდინარესთან 1930-იან წლებში 7 კლანი იყო წარმოდგენილი.[31] სამხრეთისგან განსხვავებით, ჩრდილოურმა ოჯიბვემ რეგიონული ჯგუფები განავითარა, სადაც შორეული გენეალოგიური წინაპრის პოვნაც კია შესაძლებელი. ასეთები არიან, მაგალითად, კრეინელები ვეაგამოუსა და ბიგ-თრაუთის ტბებთან.[32]

ნათესაური ტერმინოლოგია

ოჯიბვური ნათესაობა ტერმინოლოგიის ორად გაყოფილ, კოლატერალურ, იროკეზული ტიპის მოდელს მიჰყვება, რაც ნიშნავს, რომ მეორე დონისა და პარალელური ბიძაშვილები, დეიდები და ბიძები განირჩევიან, მაშინ, როცა პარალელური ბიძაშვილები და დედმამიშვილები არ განირჩევიან.[33]

ქორწინება და ოჯახი

ქორწინება

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ქორწინებას თავიანთი შვილებისთვის მშობლები აწყობდნენ, არშიყობის ლიბერალური ჩვეულებები საშუალებას აძლევდა სასურველ მეწყვილეებს (იდეალურ შემთხვევაში, ბიძაშვილებს) ჩამოეყალიბებინათ ისეთი ურთიერთობა, რომელიც შემდგომში ქორწინებად დამტკიცდებოდა.[34] მამაკაცის ძღვენი ქალის მშობლებისთვის და ამ საჩუქრების მიღება ქორწინების საწინდარი იყო. არსებობდა ქალის სახლში დროებით ცხოვრების მიღებული და, თუკი ცოლის მშობლებს მონადირე აკლდათ, განგრძობადი პრაქტიკაც კი. პოლიგამია ფართოდ არ იყო გავრცელებული, მაგრამ შესაძლებელია იმ კაცებს, რომლებიც ძალაუფლებასა და პრესტიჟს აღწევდნენ, ორი ან სამი ცოლიც ჰყოლოდათ. დაშვებული იყო როგორც განქორწინება, ისე დაშორების ან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ხელახლა დაქორწინება.[35]

სამამულო ერთეულები

საცხოვრებელი ერთეულები ორი გრძელი სადგომისგან შედგებოდა. ამ სადგომებს გაფართოებული ოჯახები (ხშირად სამი თაობა) იკავებდნენ. უფრო პატარა ბინებში ის ნათესავები ცხოვრობდნენ, ვინც ზამთრის ნადირობისას კიდევ უფრო მცირე ჯგუფებში იფანტებოდნენ.[36] ადრინდელი 1900-იანებისთვის ყველაზე ხშირი ე.წ. „ბირთვი“ ოჯახები იყო. თუმცა ამ ოჯახებშიც, ხშირად ჰყავდათ ბებია ან ბაბუა, ისევე, როგორც ნაშვილები შვილი. ბავშვებს რამდენიმე მიზეზით ზრდიდნენ: ან პატარებს სჭირდებოდათ სახლი, ან სახლში იყო საჭირო კიდევ ერთი დამხმარე, ან ორივე ერთად.[37]

მემკვიდრეობა

ცხადი განსხვავებები გენდერულ როლებში იწვევდა იმას, რომ ქალთა ქონება — ქალებს, მამაკაცთა კი კაცებს გადაეცემოდათ. ცერემონიული საკუთრებები, რელიგიური ძალაუფლება და ლიდერის სტატუსი ძირითადად მამაკაცის ხაზით გადადიოდა, თუმცა იგი ასევე განმტკიცებული იყო შესაბამისი ხედვითი გამოცდილებისა და სათანადო პიროვნული თვისებებით.[38]

სოციალიზაცია

 
ამერიკელი მხატვრის, ჯორჯ კეტლინის მიერ დახატული ოჯიბვე სახელად ბიჭი-ბელადი. მხატვარი პორტრეტებს ქმნიდა ფორტ-სნელინგში 1835 წელს. 1845 წელს მან იმოგზაურა პარიზში თერთმეტ ოჯიბვესთან ერთად, რომლებმაც მეფე ლუი-ფილიპე I-ისთვის იცეკვეს.

ბავშვები თავიანთ სქესსა და როლებს გამოცდილებაზე, დაკვირვებებსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით სწავლობდნენ. ფორმალურ სწავლებებსა და დისციპლინაზე ინფორმაციული მათთვის ამბებისა და ლეგენდების მოსმენა იყო. სქესობრივი სიმწიფის მიღწევისას ბიჭები რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლაციაში მარხვით სიზმარში მსტუმრებლებისგან ძღვენებისა და დალოცვის მიღებას ცდილობდნენ. ითვლებოდა, რომ შესაბამისი პატივისცემისა და მორჩილების არსებობის შემთხვევაში მითურ ფრინველებსა და სხვა არსებებს შეეძლოთ კაცებისთვის ეჩუქებინათ ძალები, რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეხმარებოდათ. პირველი მენსტრუაციის დროს გოგონები სხვებისგან იზოლირდებოდნენ, თუმცა ხედვითი გამოცდილებები (იმის მიუხედავად, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებული ძალაუფლების მომნიჭებელი იყო) ქალებს იმავე დონით არ მოეთხოვებოდათ, როგორც მამაკაცებს. მომწიფების ასაკის შემდეგ ქალებს კაცების იარაღებსა და სანადირო აღჭურვილობაზე გარკვეული ტაბუები უწესდებოდათ. ყველა ბავშვი თავიდანვე სწავლობდა პატივისცემის ჩვეულ ქცევებს, გვერდის ავლით ქმედებებსა და ხუმრობის დაშვებულ ნორმებს ნათესავების სხვადასხვა კლასის მიმართ.[39]

სოციოპოლიტიკური მოწყობა

სოციალური მოწყობა

ოჯიბვეს საზოგადოებები ადგილობრივი ჯგუფებისა და ნათესავი ოჯახებისგან შედგებოდა. მათი სახელწოდებები ხშირად ტერიტორიის გეოგრაფიულ თავისებურებას ასახავდა (მაგალითად, მდინარის აჩქარებას). სამხრეთელი ჯგუფები რამდენიმე ასეული ადამიანისგან შედგებოდა, კანადურ ნაწილში მცხოვრებნი კი სულ 50-150 იყვნენ. გვიანი 1800-იანი წლებისთვის მრავალი ჯგუფი, განსაკუთრებით, ბარში მცხოვრებნი, ოჯიბვეს, კრის, მეტისთა და დაკოტელთა ეთნიკური ნარევი იყო.[40]

პოლიტიკური მოწყობა

ლიდერობა ოჯიბვეურ ჯგუფებში ძირითადად დიდი, წარმატებული ოჯახების მამრობით ხაზზე გადაეცემოდა. კაცებს (და უფრო იშვიათად ქალებს), რომლებიც მეთაურის პოზიციას მოიპოვებდნენ, პატივისცემით ეპყრობოდნენ მათი უნარების, ცოდნისა და ნადირობაში, სხვათა განკურნებაში სპირიტუალური ძალების ქონის გამო. ახალგაზრდა ლიდერები შეიძლება წარმატებული მეომრები ყოფილიყვნენ, მაშინ, როცა უფროსები შამანურ ძალებს ავლენდნენ, რაც ოჯახისა და საზოგადოების სხვა წევრებში — ერთგულებას, უცხოებსა და პოტენციურ მტრებში კი შიშს იწვევდა. გვიანი 1800-იანი წლებისთვის გარე წნეხმა უფრო ფორმალიზებული როლები ჩამოაყალიბა, განსაკუთრებით, კანადაში, სადაც 1876 წელს მიღებული ინდიელთა აქტი ხელმძღვანელებისა და საბჭოების არჩევას ითხოვდა.[41] არჩევნებმა და ხმათა უმრავლესობის წესმა ნომინალურად მაინც შეცვალა ადრე არსებული, უფრო კონსენსუალური პოლიტიკური პროცესები. დაძაბულობა ახალგაზრდებსა და უფროსებს, ქრისტიანებსა და არაგაქრისტიანებულებს, „პროგრესულებსა“ და „კონსერვატორებს“ შორის სულ უფრო იზრდებოდა. მაშინ, როცა თაობათაშორისი დაპირისპირება და მეომრების მეტოქეობა ახალი არ ყოფილა, ფრაქციონიზმს სოციალური და ეკონომიკური სტრესი ამწვავებდა.

სოციალური კონტროლი

დაცინვა, ჭორი და განდევნა სოციალური კონტროლის პრინციპული საშუალებები იყო. ისინი, ვინც ცხადად აჩვენებდა კანიბალურ ქცევებს ან „დათვად მოსიარულე“ (ბოროტი ჯადოქარი, რომელიც დათვის ფორმით დადის) იყო, რომელიც სხვებს ცუდ სამკურნალო საშუალებებს სთავაზობდა, შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ. ასევე მოსალოდნელი იყო, რომ დამნაშავეები, ტაბუების დამრღვევნი და მათი მსგავსნი სპირიტუალური არსებებისგან სასჯელს დაიმსახურებდნენ (შესაძლოა მათი შვილებიც დასჯილიყვნენ). ეს ნიშნავდა, რომ ადამიანების ჩარევა საჭირო აღარ იყო.

კონფლიქტი

კონფლიქტისა და რისხვის აშკარა გამოვლინებებს ოჯიბვეს საზოგადოებებში მკაცრი სანქციები აკონტროლებდა. პირდაპირ კონფლიქტს ხშირად სიჩუმით არიდებდნენ თავს, მაგრამ თუკი დაძაბულობა მაინც არ განიმუხტებოდა, ანტაგონისტებს შესაძლოა არაპირდაპირი ომისთვისაც მიემართათ, მაგალითად, „ცუდი სამკურნალო საშუალებების“ შერევისა და ჯადოქრობისთვის. ალკოჰოლის შემოსვლამ აშკარად შეამცირა შეზღუდვები ფიზიკურ ძალადობაზე. თანამედროვე რეზერვაციის საზოგადოებებში სტრესი თაობათა შორის კონფლიქტს ამწვავებს. კონტროლის ძველი მექანიზმები განადგურებულია და, მაგალითად, ახალგაზრდების თვითმკვლელობათა მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ონტარიოში მშობლისა და შვილის კომუნიკაციისა და ადამიანის ქცევასთან, პასუხისმგებლობასთან, საქმიანობასთან დაკავშირებული ფასეულობების მკვეთრი ცვლილების ფართოდ გავრცელებულ პრობლემებს ადასტურებს.[42]

რელიგია და გამომსახველობითი კულტურა

რელიგიური შეხედულებები

 
ოჯიბვეს მუსიკალური დაფის ილუსტრაციები

ოჯიბვეს კოსმოლოგია, ენით გაძლიერებული, წარმოადგენს სამყაროს, სავსეს არსებებითა და ძალებით, რომლებიც ჩაფიქრებულია როგორც ცოცხალი და რომლებსაც შეუძლია ადამიანებთან ურთიერთქმედება. მაგალითად, მათი წარმოდგენით, ჭექა-ქუხილი იგივე მეხის მტყორცნელია, მეხჩიტი (Animikiig, Pinesiwag), — არსება, რომელიც მოითხოვს პატივისცემასა და ძღვენს და რომელსაც შეუძლია ადამიანების დახმარება, მათ სიზმრებში სტუმრობა. ობიექტები და ცხოველები ისეთები სულაც არ არიან, როგორებიც ერთი შეხედვით ჩანან: ზოგიერთ ქვას შეუძლია ლაპარაკი და აქვს ძალები, ან, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ქმნილება შეიძლება იყოს სტუმარი-სული ადამიანისა თუ ცხოველის სახით. დღემდე სადავოა საკითხი, ქრისტიანობის მიღებამდე ჰქონდა თუ არა ოჯიბვეს ყოვლისშემძლე ღმერთის კონცეფცია (Gichi-Manidoo, დიდი სული), თუმცა მდინარე ბერენსის მახლობლად მცხოვრებმა არაქრისტიანებმა ამერიკელ ანთროპოლოგ ალფრედ ირვინგ ჰალოუელს უამბეს შორეული, უსქესო, არნახული ძალის შესახებ (Gaa-Dibendjiged), რომლისგანაც ენერგია გადავიდა ყველა სხვა არსებაში სხვადასხვა დოზით.[43] ცხოველებს, მცენარეებს, ოთხ ქარსა და სხვა ბუნებრივ ფენომენებს ჰყავდათ სულიერი მფლობელები ან მეპატრონეები, რომლებიც ჩნდებოდნენ მითებსა და სიზმრებში და აკონტროლებდნენ ადამიანთა ურთიერთობებს იმ სუბიექტებით, რომლებითაც ისინი იყვნენ წარმოდგენილნი.

XIX საუკუნეეში დაიწყო ინტენსიური მისიონიზაცია კათოლიკეების, ანგლიკანების, მეთოდისტებისა და სხვათა მიერ, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში. შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ოჯიბვეს თემების საზღვრებში აგებული ეკლესიები და სკოლები ბავშვებს ოჯახური უწყვეტობისა და უფროსებთან კონტაქტის შესაძლებლობას აძლევდა, რითიც ოჯიბვეს ხალხმა ქრისტიანობის ასპექტები საკუთარ პირობებს მოარგო. თუმცა, როდესაც გვიან 1800-იანებში მოზარდი თაობის სავარაუდოდ მესამედიდან ნახევრამდე ოდენობის წარმომადგენელი გაიგზავნა ცალკეულ სკოლა-ინტერნატებში, რწმენის ძველი სისტემები უმეტესწილად დაიკარგა. გვიანი 1900-იანების ოჯიბვეს ტრადიციონალისტები უფრო ფართე პან-ინდიური სულიერების ჩარჩოებში წარსულის რელიგიური შეხედულებების გაცოცხლებისკენ მიილტვიან, როცა ქრისტიანები ძირითადად მიმართავენ ევანგელისტურ და ორმოცდაათიანელთა ეკლესიებს, რომლებიც მრავალი დათქმის საფუძვლად მოქმედებს.

რელიგიური პრაქტიკოსები

 
ბარის ოჯიბვე ასრულებს „თოვლის ფეხსაცმლის ცეკვას“. ჯორჯ კეტლინის ნახატი

ის ახალგაზრდები, რომლებიც იღებდნენ განსაკუთრებულ ძღვენს თავიანთი განჭვრეტითი ძიების დროს, აგრეთვე მხარდაჭერასა და სწავლებას გავლენიანი უხუცესი ნათესავებისგან, ხდებოდნენ სხვადასხვა სპეციალობის შამანები. მაგალითად, მკურნალები, მომავლის წინასწარმეტყველები, რხევითი კარვის (მცირე ზომის სტრუქტურა, რომელშიც შამანი ესაუბრებოდა გამოძახებულ სულიერ არსებებს და მათი მეშვეობით პასუხობდა კითხვებს თუ ჭრიდა პრობლემებს) გამოყენებით შორეული ამბების მჭვრეტელები თუ მიდევივინის (დიდი სამედიცინო საზოგადოება) ცერემონიების ჩამტარებლები.

ცერემონიები

მიდევივინი, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენებოდა სამხრეთისა და ცენტრალური ოჯიბვეს უმეტეს ნაწილში, სანამ ქრისტიანობის გავრცელებამ და სხვა ძალებმა არ შეავიწროეს იგი, და რომელიც გვიანი 1900-იანი წლებიდან აღორძინებას განიცდის, ყველაზე დიდი წეს-ჩვეულება იყო. იგი იმართებოდა გაზაფხულსა და/ან შემოდგომაზე სპეციალურად ამ მიზნისთვის აგებულ დიდ სახლში. ეს იყო წარმომავლობისა და მიგრაციის მითების აღწერის, მკურნალობის, ახალი წევრების მიღების შესაძლებლობა. უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, ინდივიდუალური და ჯგუფური ცერემონიები ყოველდღიურ ცხოვრებაში ინერგებოდა; მოსავლის აღება, ბავშისთვის სახელის დარქმევა ან ჭექა-ქუხილის დასრულება — ყველაფერი შეიძლებოდა გამხდარიყო ლოცვებისა და შეთავაზებების მიზეზი. ინოვაციები იქმნებოდა სიზმარში მიღებული შეტყობინებების დახმარებით, რომლებსაც ინდივიდუალური რეციპიენტები იღებდნენ და ასაჯაროებდნენ. გვიან 1800-იანებში, მაგალითად, „სიზმრის ცეკვა“, რომლის დროსაც გამოიყენებოდა დიდი დოლი და ოსტატურად გაკეთებული სიმღერის ციკლი, გავრცელდა მთელს მინესოტასა და უისკონსინში, საბოლოოდ კი ბერენსის მდინარემდე მიაღწია მანიტობაში.[44]

ხელოვნება

 
პიქტოგრამები მაზინაუს კლდეზე, ბონ-ეჩოს პროვინციული პარკი, ონტარიო

ოჯიბვეს მუსიკალური ინსტრუმენტების ასორტიმენტი მოიცავდა ჟღარუნებს, ფლეიტას, წყლის დოლსა და დიდ დოლებს, როგორებსაც იყენებდნენ „სიზმრის ცეკვისა“ და პაუვაუს დროს. სიმღერები ოჯიბვეებს ჩაესმოდათ სიზმარში მსტუმრებლებისგან, რომლებიც ამგვარად გადასცემდნენ მათ ძალებს განკურნებისთვის, ნაყოფიერი ნადირობისთვისა თუ ზოგიერთი ცერემონიის ჩატარებისვის. ხაზვისა და ხატვის ხელოვნება მოიცავდა მიგრაციის ამბებსა და სიმღერათა ჩაწერის სისტემებს მიდევივინის არყისმერქნიან გრაგნილებზე და პიქტოგრამებს ქვების წყალზემოთ მდებარე ზედაპირზე, როგორებიც, მაგალითად, გვხვდება ზემო ტბის აგავის ყურეში. 1960-იან წლებში ოჯიბვეს ფერმწერებმა ნორვალ მორისოს ხელმძღვანელობით შექმნეს ადგილობრივი მხატვრობის პიქტოგრამული, ანუ „ტყიანი ადგილების“ სკოლა. ტყავსა და ქსოვილზე ოჯიბვეს ქალებს აქვთ მაჩვზღარბას ფრთასაქმის, აბრეშუმზე მუშაობისა და მძივების აკინძვის ძველი ტრადიცია; ძირითადად იყენებენ მცენარეულ მოტივებს; არყის მერქნისგან მოწნული საქონელიც ასევე ფართოდ გამოიყენებოდა ფრთასაქმის საშუალებად.

სიკვდილი და იმქვეყნიური ცხოვრება

მიცვალებულს აწყობდნენ ლამაზ ტანისამოსში, ახვევდნენ ტყავში და იმქვეყნიურ სამყაროში მგზავრობისთვის საჭირო ნივთებთან ერთად წვავდნენ (ან ძველად, როცა ნიადაგი გაყინული იყო, ათავსებდნენ მაღალ ფიცარნაგზე). სამხრეთელ ოჯიბვეს მკვდართა ან სულთა მიწა (JIIBAYAG) დასავლეთით ჰქონდათ, მდინარე ბერენსის ოჯიბვეს კი — სამხრეთით.[45][46] საფლავის მახლობლად იდგმებოდა მცირე ზომის ხის სახლი ან სარების ღობე, ხოლო ნათესავები მიცვალებულისთვის ან სხვებისთვის, ვინც მოინახულებდა საფლავს და პატივს მიაგებდა გარდაცვლილს, ტოვებდნენ საჩუქრებს, როგორებიცაა ჩაი ან თამბაქო. რეინკარნაცია შესაძლებლად მიაჩნდათ, თუმცა ძალიან იშვიათად; ამის დამადასტურებელი ნიშნები შეიძლებოდა ყოფილიყო მცირეოდენი ვერცხლისფერი თმა ბავშვის თავზე ან პიროვნების გამოცდილებების ბუნდოვანი მოგონება.[47]

მედიცინა და გენეტიკა

ძლიერი დაავადებების გაჩენას ინდივიდუალურ მიზეზებს მიაწერდნენ: სამაგიეროს გადახდა უარყოფითად განწყობილი სულების მიერ, არასწორი მიზნებისთვის გამოყენებული ჯადოქრობა ან სხვა თემისთვის, ცხოველისა თუ ადამიანისთვის ცუდის გაკეთების უკუჩვენება.

 
ოჯიბვეს „ოფლის ქოხის“ ჩარჩო

მკურნალობა ზოგჯერ მოიცავდა სპეციალისტის სამკურნალო მცენარეულ საშუალებებს, „ოფლის ქოხს“, მიდევივინის ცერემონიასა და შამანის დახმარებას დაზარალებულის აღსარების გასაცხადებლად მისი წარსული დარღვევებისა და დაავადების გამომწვევი სხვა შესაძლო ქმედებების შესახებ.[48]

ვინდიგო ფსიქოზი

ვინდიგო ფსიქოზი მენტალური აშლილობის ფორმაა, რომელიც განმეორებით კანიბალიზმს მოიცავს. ეს აშლილობა მეცნიერთა მიერ ასოცირებულია ოჯიბვეს კულტურასთან. იგი ორივე სქესში შეიმჩნევა, მაგრამ უფრო ხშირად იმ მამაკაცებს ახასიათებს, რომლებიც ზამთარში ნადირობის წარუმატებელ მცდელობაში ტყეში დიდ დროს ატარებენ მარტო. ითვლება, რომ ეს ფსიქოზი ოჯიბვეებში მუდმივად არსებულ იმ შიშს უკავშირდება, რომ ადამიანი შეიძლება შიმშილით მოკვდეს. აშლილობის მსხვერპლი აზვიადებს ყოველდღიურად არსებულ მღელვარებას და ისეთ მდგომარეობაში ვარდება, როცა თავის გადახრას ჩვეულებრივი ქცევებისგან ვინდიგო ურჩხულს აბრალებს. მისი პირველადი სიმპტომებია: ავადმყოფური დეპრესია, გულისრევა, საკვების მიღების მიმართ გულგრილობა და ზოგჯერ ნახევრად გაშეშებული მდგომარეობა. დროთა განმავლობაში მსხვერპლს პარანოიდული იდეები იპყრობს, ჰგონია, რომ მოაჯადოვეს და ინტენსიურად ფიქრობს მკვლელობაზე, ხშირად თვითმკვლელობაზეც. ადამიანი ფიქრობს, რომ ვინდიგო ურჩხულმა, სასტიკმა კანიბალურმა არსებამ, შეიპყრო, რომლის ნებასაც არ შეუძლია, არ დაემორჩილოს. აშლილობის შემდგომ სტადიაზე ინდივიდი თვლის, რომ ადამიანები მის გარშემო, განსაკუთრებით, ოჯახის წევრები, მსუქან, არომატულ ცხოველებად გადაიქცნენ და მათი შეჭმის სურვილი უჩნდება. თუკი მსხვერპლმა არ სტადიას მიაღწია და ერთხელ მაინც გასინჯა ადამიანის ხორცი, მგზნებარე სურვილი მას აღარასდროს მიატოვებს, ამის შემდეგ იგი აუცილებლად უნდა მოიკლას. წყაროები იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ვინდიგო ფსიქოზით შეპყრობილთა მკვლელობა, არ მოიპოვება.

მიტოქონდრიული დნმ-ისა და Y ქრომოსომის პოლიმორფიზმი

ოჯიბვეთა გეოგრაფიული განაწილება ბოლო ორ საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობა გაიყო ორ მთავარ შტოდ, რომელთაც ზოგიერთი კულტურული და გენური სხვაობა ჩამოუყალიბდათ. ჩრდილოური ოჯიბვე ნაკლებად მოექცა ევროპელთა გავლენის ქვეშ, მაშინ, როცა მდინარე ჰურონის სამხრეთულ ოჯიბვეს ეს გავლენა უფრო მეტად ეტყობა. ბაზისური გენური ანალიზის საფუძველზე სამხრეთურ კულტურაში „კავკასიური“ ალელების არსებობა დადგინდა. ბოლო კვლევებით ავტოსომური ლოკუსის პოლიმორფიზმზე გამოჩნდა, რომ კავკასიური დანამატი 50%-მდეც კი აღწევს.

უფრო ადრინდელი კვლევებით დამტკიცდა, რომ ოჯიბვე ადგილობრივ ამერიკელთა ის ჯგუფია, რომლის მიტოქონდრიული დნმ-ის დიდი ნაწილი არც A, B, C და არც D ჰაპლოჯგუფს არ მიეკუთვნება. ყველა ეს დამატებითი მიტოქონდირული დნმ ევროპელებთან კავშირს მიეწერება. თუმცა, ბოლო აღმოჩენებით, ეს დამატებითი მიტოქონდრიული დნმ მიეკუთვნება ისეთ X ჰაპლოჯგუფს, რომელიც არ შეიმჩნევა ევროპელებში. ფორსტერის კვლევის შედეგებით, X ჰაპლოჯგუფის არსებობა გამოწვეულია არა პოსტკოლუმბიური გენეტიკური აღრევით ევროპელებთან, არამედ ის მეხუთე ადგილობრივ ამერიკულ ჰაპლოჯგუფს წარმოადგენს. ჰაპლოჯგუფი დღესდღეობით მხოლოდ ალგონკინურად მოსაუბრე პოპულაციებს ახასიათებს.

გალერეა

ლიტერატურა

  • Hallowell, A. Irving (1992). The Ojibwa of Berens River, Manitoba: Ethnography into History. Fort Worth: Harcourt Brace College Publishers. 
  • Bennett, Jo Anne (1992). Changing Concepts of Self in Northern Ontario Communities and Some Implications for the Future. Ottawa: Carleton University. 
  • Goddard, Ives (1978). Central Algonquian Languages. Washington, DC: Smithsonian Institution. 
  • Nichols, John D. (1995). A Concise Dictionary of Minnesota Ojibwe. Minneapolis: University of Minnesota Press. 
  • Rogers, Edward S. (1978). Southeastern Ojibwa. Washington, DC: Smithsonian Institution. 
  • Kroeber, Alfred L. (1953). Cultural and Natural Areas of Native North America. Berkeley: University of California Press. 
  • Dobyns, Henry F. (1983). Their Numbers Become Thinned: Native American Population Dynamics in Eastern North America. Knoxville: University of Tennessee Press. 
  • Mooney, James (1913). Chippewa. Ottawa: Geographic Board of Canada. 
  • Bishop, Charles A. (1988). Ojibwa. Edmonton: Hurtig. 
  • Krosenbrink-Gelissen, Lilianne Ernestine (1991). Sexual Equality as an Aboriginal Right: The Native Women's Association of Canada and the Constitutional Process on Aboriginal Matters 1982-1987. Saarbrucken: Breitenbach. 
  • Valentine, Lisa Philips (1995). Making it Their Own: Severn Ojibwe Communicative Practices. Toronto: University of Toronto Press. 
  • Tanner, Helen Hornbeck (1987). Atlas of Great Lakes Indian History. Norman: University of Oklahoma Press. 
  • Peers, Laura (1994). The Ojibwa of Western Canada 1780 to 1870. Winnipeg: University of Manitoba Press. 
  • Given, Brian J. (1994). A Most Pernicious Thing: Gun Trading and Native Warfare in the Early Contact Period. Ottawa: Carleton University Press. 
  • Schmalz, Peter S. (1991). The Ojibwa of Southern Ontario. Toronto: University of Toronto Press. 
  • Hickerson, Harold (1988). The Chippewa and their Neighbors: A Study in Ethnohistory. Prospect Heights, Illinois: Waveland Press. 
  • Moodie, D. Wayne (1991). Manomin: Historical-Geographical Perspectives on the Ojibwa Production of Wild Rice. Winnipeg: University of Manitoba Press. 
  • Holzkamm, Tim E. (1991). Rainy River Sturgeon: An Ojibway Resource in the Fur Trade Economy. Winnipeg: University of Manitoba Press. 
  • Trigger, Bruce G. (1990). The Huron Farmers of the North. Fort Worth: Holt Rinehart Winston. 
  • Warren, William W. (1984). History of the Ojibway People. St. Paul: Minnesota Historical Society Press. 
  • Reid, Gerald F.. Ojibwa. 
  • Danziger, Edmund J. (1978). The Chippewas of Lake Superior. Norman: University of Oklahoma Press. 
  • Rogers, Edward S., and Mary Black Rogers (1982). Who Were the Cranes? Groups and Group Identity Names in Northern Ontario. Calgary: The University of Calgary Archaeological Association. 
  • Black-Rogers, Mary (1990). Fosterage and Field Data: The Round Lake Study 1989. Ottawa: Carleton University. 
  • Matthews, Maureen, and Roger Roulette (1996). Fair Wind's Dream: NAAMIWAN OBAWAAJIGEWIN. Peterborough, Ontario: Broadview Press. 
  • Hilger, M. Inez (1992). Chippewa Child Life and its Cultural Background. St. Paul: Minnesota Historical Society Press. 
  • Kugel, Rebessa (1985). Factional Alignment among the Minnesota Ojibwe. American Indian Culture and Research Journal. 
  • Vennum, Thomas (1982). The Ojibwa Dance Drum: Its History and Construction. Washington, D.C.: Smithsonian Institution Press. 
  • Brown, Jennifer S.H., and Laura L. Peers (1988). The Chippewa and their Neighbors: A Critical Review. Prospect Heights, Illinois: Waveland Press. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. http://www.cdc.gov/minorityhealth/populations/REMP/aian.html
  2. Microsoft Word - dictionary best for printing 2004 ever finalpdf.doc (PDF). ციტირების თარიღი: 2011-01-02.
  3. Warren, William W. (1885; reprint: 1984) History of the Ojibway People. ISBN 0-87351-162-X
  4. Louise Erdrich, Books and Islands in Ojibwe Country (2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-26. ციტირების თარიღი: 2016-05-30.
  5. Johnston, Basil. (2007) Anishinaubae Thesaurus ISBN 0-87013-753-0
  6. 6.0 6.1 როჯერსი (1978), გვ. 760
  7. გოდარდი (1978), გვ. 769
  8. კრებერი (1953), გვ. 139-141
  9. პირსი (1994), გვ. 5-6
  10. დობინსი (1983), გვ. 14-19
  11. მუნი (1913), გვ. 98
  12. ბიშოპი (1988), გვ. 1562
  13. კროზენბრინკ-გელისენი (1991), გვ. 170-171
  14. გოდარდი (1978), გვ. 583
  15. ვალენტაინი (1995), გვ. 21-57
  16. ტანერი (1987), გვ. 30-34
  17. პირსი (1994), გვ. 13
  18. გივენი (1994)
  19. პირსი (1994)
  20. ტანერი (1987), გვ. რუკები
  21. ჰალოუელი (1992), გვ. 44-45
  22. ჰალოუელი (1992), გვ. დანართი
  23. მუდი (1991), გვ. 71
  24. იხილეთ, მაგალითად, ჰოლცკამი (1991)
  25. პირსი (1994), გვ. 50-51
  26. ტრიგერი (1990), გვ. 42-25
  27. ჰიკერსონი (1988), გვ. თავი 6
  28. უორენი (1984)
  29. რეიდი, გვ. 270
  30. დანციგერი (1978), გვ. 11
  31. ჰალოუელი (1992), გვ. 23
  32. როჯერსი და როჯერსი (1982)
  33. ჰალოუელი (1992), გვ. 594
  34. ჰალოუელი (1992), გვ. 56-57
  35. ჰალოუელი (1992), დანციგერი (1978)
  36. ჰალოუელი (1992), გვ. 48-49
  37. ბლექ-როჯერსი (1990), გვ. 59, 68
  38. მეთიუსი და როულეტი (1996)
  39. ჰალოუელი (1992), ჰილგერი (1992)
  40. პირსი (1994), გვ. 144-145
  41. ჰალოუელი (1992)
  42. ბენეტი (1992)
  43. ჰალოუელი (1992), გვ. 391
  44. ვენუმი (1982)
  45. დანციგერი (1978), გვ. 15
  46. ჰალოუელი (1992), გვ. 74
  47. ჰალოუელი (1992), გვ. 76-78
  48. ჰალოუელი (1992), გვ. 92-96