სამკურნალო მცენარეები
სამკურნალო მცენარეები — მედიცინისა და ვეტერინარიაში სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზნით გამოსაყენებელ მცენარეთა დიდი ჯგუფი. სამკურნალო მცენარეების შესწავლა და გამოყენება შორეულ წარსულს უკავშირდება. ამას ადასტურებს უძველესი წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი წყაროები.
ჯერ კიდევ 3—4 ათასი წლის წინათ ეგვიპტეში ცნობილი ყოფილა მრავალი საკვები და სამკურნალო მცენარე. უძველესი ისტორია აქვს ჩინეთის, ტიბეტის, ინდოეთის, საბერძნეთის ხალხურ მედიცინაში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას. ჰიპოკრატეს თავის შრომებში 200-ზე მეტი სამკურნალო მცენარე აქვს მოხსენიებული.
ახ. წ. I საუკუნე ეკუთვნის ბერძენი ექიმის დიოსკორიდეს კლასიკური ნაშრომი — „სამკურნალო საშუალებათა შესახებ“. ძვ. რუსეთში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას ადასტურებს „Изборник великого князя Святослава Ярославича“ (1073). XVII საუკუნის I ნახევარში კი გაჩნდა „ბალახთა კრებული“, გაშენდა სამკურნალო მცენარეების პლანტაციები, გაიხსნა აფთიაქები.
ცნობებს საქართველოში სამკურნალო მცენარეების ბაღების გაშენებისა და მათი გამოყენების თაობაზე ვპოულობთ ჯერ კიდევ აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“. სამკურნალო მცენარეების ბაღი კოლხეთში უძველესბაღად იყო მიჩვეული. იქ გაშენებული ყოფილა ცერცველა, ვენერას თმა (გვიმრა), ძაღლყურძენა, პაპირუსი, ყოჩივარდა, ლავანდი, პიტნა, ზაფრანა, ყაყაჩო, კატაბალახა და სხვა.
საქართველოში სამკურნალო მცენარეების გამოყენების შესახებ ცნობებს იძლევა ძვ. ქართული სამედიცინო წერილობითი წყაროები — ქანანელის „უსწორო კარაბადინი“ (XI საუკუნე), ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოჲ“ (XIII საუკუნე), ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი — კარაბადინი“ (XV საუკუნე), „იადიგარ დაუდი“ (XV საუკუნე), დიდი მასალაა შემონახული იოანე და თეიმურაზ ბატონიშვილებისა და სხვათა სამედიცინო ხელნაწერებშიც.
სამკურნალო მცენარეების სასარგებლო თვისებები განპირობებულია მათში სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური, ე. წ. მოქმედი ნივთიერებების არსებობით: ასეთებია ალკალოიდები, გლიკოზიდები, საპონინები, ეთერზეთები, გუმფისები, ფისები, ლორწო, ვიტამინები, ფიტონციდები და სხვა, რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე, სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიკრობებზე. ნაკლებად ხმარობენ მეტალოიდების შემცველ მცენარეებს, მაგ., იოდის შემცველ წყალმცენარეებს, ფოსფორისა და გოგირდის შემცველ მცენარეებს. სამკურნალო მცენარეების განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. მოქმედი ნივთიერებები წარმოიქმნება და გროვდება სამკურნალო მცენარეების სხვადასხვა ნაწილსა და ორგანოში გარკვეულ სავეგეტაციო პერიოდში. ამასთან დაკავშირებით დადგენილია სამკურნალო მცენარეების შეგროვების ვადები, როდესაც მათში დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებების ფარმაკოთერაპიული აქტივობა მაქსიმუმს აღწევს.
შეგროვებულ სამკურნალო მცენარეებს აშრობენ, იშვიათად იყენებენ ნედლსაც (მაგ., შროშანა, გვიმრა). აშრობენ უმეტესად დახურულ, კარგად განიავებულ სათავსებში, ზოგს (მაგ., კატაბალახას ფესვები, ღვიის ნაყოფი) — მზეზე, აგრეთვე ღუმლებში (განსაკუთრებით ნაყოფს). გამომშრალი სამკურნალო მცენარეების შენახვისას ანგარიში უნდა გაეწიოს ჰაერის ტემპერატურას, სინესტესა და სამკურნალწამლო ნედლეულის მავნებლებს.
სამკურნალო მცენარეები დაჯგუფებულია ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით:
- ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო — კატაბალახა, ჟენშენი, ლიმონურა, მანჯურიული, არალია, დეზურა, ფითრი, წვავი;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო — კუნელი, თრიმლი, ზღვის კომბოსტო, შროშანა, ოლეანდრე, ფუტკარა, ევკომია, ჩაის ბუჩქი, ფითრი და სხვა;
- სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები — ძირთეთრა, ურცი, შმაგა (ბელადონა), ხაშხაში, პიტნა, სტაფილო, ტილჭირი, სკოპოლია;
- სასუნთქი ორგანოების დაავადების სამკურნალო — სამკურნალო ტუხტი, იპეკო, ვირისტერფა, თერმოფსისი, ურცი;
- კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო — ალოე, საბრი, ტუხტი, გულყვითელა, მრავალძარღვა, კოთხუჯი, აბუსალათინი, კოწახური;
- ღვიძლის, სანაღვლე გზების, საშარდე ორგანოების დაავადების სამკურნალო — კოწახური, მოცვი, სიმინდი (ფოჩი), თირკმლის ჩაი;
- სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები — კოწახური, ჭინჭარი, ჭვავის რქა, მრავალძარღვა, ცხენისწაბლა, სოფორას სახეობები;
- გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო — ქაცვი, ხახვი;
- კანის დაავადებებისა — ალოე (საბრი), კრაზანა, ძირთეთრა.
საქართველოს მცენარეული ნედლეულის ბაზაზე შექმნილია მთელი რიგი სამკურნალო პრეპარატები, რომელთაც ამუშავებენ თბილისის ექსპერიმენტული-ფარმაცევტულ ქარხნებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქუთათელაძე ი., სამკურნალო და ზოგიერთ ტექნიკურ მცენარეთა რესურსები საქართველოში, თბ., 1945;
- წუწუნავა ნ., მცენარე, როგორც სამკურნალო საშუალება ძველ საქართველოში, თბ., 1959;
- წუწუნავა ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 17—18.