კატაბალახა (ლათ. Valeriana) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კატაბალახასებრთა ოჯახისა. გვარში 200-ზე მეტი სახეობაა.

კატაბალახა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Valeriana

გავრცელებულია მთელ ევრაზიაში, სამხრეთ ამერიკის ანდებსა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება 10 სახეობა (მათგან 2 კავკასიის ენდემია). სამკურნალო კატაბალახა (ლათ. Valeriana officinalis) ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. 1,5 მ-მდე სიმაღლის ვარდისფერყვავილებიანი ბალახია. ბევრია საქართველოს ტყისპირებსა და ბუჩქნარებში. ფესურა და ფესვები შეიცავს ეთეროვან ზეთს, ვალერიანის მჟავას, ძმარმჟავას და ჭიანჭველმჟავას, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქარს. საქართველოში იზრდება აგრეთვე კოლხური კატაბალახა (ლათ. Valeriana colchica), რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ეთეროვან ზეთს და ვალერიანის მჟავას.

კატაბალახას პრეპარატებს (ექსტრაქტი, ნაყენი სპირტსა და ეთერზე) იყენებენ ნერვული აგზნების, უძილობის, გულსისხლძარღვთა სისტემის ნევროზის დროს და სხვა. კავკასიაში, უკრაინასა და ზოგ სხვა რაიონში ველური კატაბალახის ფესვებს და ფესურებს იყენებენ, სხვაგან კი კატაბალახა კულტივირებულია.

ლიტერატურა რედაქტირება