ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩეროკები (ინგლ. Cherokee) — ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელი ხალხი.

იდენტიფიკაცია

რედაქტირება

იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა

რედაქტირება

ჩეროკები საკუთარ თავს უწოდებდნენ „ანი-იუნ’ვიას“ (Ani-Yun’wiya), რაც მთავარ ან ნამდვილ ხალხს ნიშნავს. მათი მთავარი დასახლება მდებარეობდა უძველეს ქალაქ კეტუვაში (დედაქალაქი). მათ ეძახიან ანი-კიტუვაგებსაც (კიტუვას ხალხი). ჩეროკი მომდინარეობს „ჩოკტაუს“ (Choctaw) ტომის  სიტყვიდან „ჩალაკი“ (Chalakee), რომელიც ჩეროკებმა მიიღეს როგორც „ჩალაგი“ (Chalagi) ან „ჯალაგი“ (Jalagi). ჩეროკი (Cherokee) არის ინგლისური ვერსია. ჩეროკის ტომის აღსაწერად დამატებითი სახელებია „ცალაგი“ (Tsalagi), რაც გამოქვაბულთა მიწის ხალხს ნიშნავს „ჩოკვოუზე“ (Chocwaw),„ტალაგენი“ (Tallageni) დელივეირის ენაზე და „ტისოლკი“ (Tisolki) ან „ტილოკი“ (Tiloki), რაც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს ნიშნავს კრიკულ ენებზე. ჩეროკთა მშობლიური მიწები ამჟამად განლაგებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ აპალაჩებში. ჩრდილო-დასავლეთ კაროლინა იყო მათი მიწის შუაგულში, თუმცა ჩეროკები ასევე ცხოვრობდნენ სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ ჯორჯიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ალაბამაში, აღმოსავლეთ ტენესიში, ჯორჯიაში, კენტუკსა და ვირჯინიაში. 2006 წლიდან ჩეროკები ძირითადად ცხოვრობენ ოკლაჰომაში (ჩეროკეთა ოკლაჰომას ნაცია და გაერთიანებული კიტუვას ჯგუფი) და სამხრეთ კაროლინაში (აღმოსავლეთ ჯგუფი). ჩეროკები მთელ მსოფლიოში სახლობენ, თუმცა ორგანიზებული დასახლებები ჩამოყალიბებული აქვთ კალიფორნიაში, ნიუ მექსიკოში, ტექსასში, კანზასში და სხვაგან.[1]

დემოგრაფია

რედაქტირება

ჩეროკთა ოკლაჰომას ნაციის რეგისტრირებულ მოსახლეობას 2006 წლის მონაცემებით შეადგენს დაახლოებით 200 000 ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფედერალურად აღიარებული ტომია აშშ-ში. აღმოსავლეთ ჯგუფში დაახოებოთ 13 500 ჩეროკი იყრის თავს. ამერიკაში ევროპელტა შემოსვლის შემდეგ, დაახლოებით 160-200 ქალაქში ასობით და ათასობით ჩეროკი იყო განსახლებული და ისინი ბრიტანული ამერიკის უდიდეს ტომს წარმოადგენდნენ.[1]

გეოგრაფიული გარემო

რედაქტირება

დიდი ნისლიანი მთებიდან სათავეს იღებს ორი მდინარეთა სისტემა, ერთი მიემართება აღმოსავლეთით, ატალანტის ოკეანისკენ, ხოლო მეორე დასავლეთით, ოჰაიოს მდინარისკენ, რითაც იქმნებოდა V-ს ფორმის ხეობები, სადაც ჩეროკეთა ტომები ერთმანეთისგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ.[2] თუ ერთ რეგიონში ჩეროკებს კრიკებთან გამკლავება უწევდათ და სამხრეთ კაროლინასთან ვაჭრობას აწარმოებდნენ, სხვა არეალში მცხოვრებნი შონების წინააღმდეგ იბრძოდნენ და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ვირჯინიასთან. ასეთი განსხვავებული ინტერესები საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ ჩეროკეთა ოთხი ძირითადი დაჯგუფება: ქვედა დასახლება - მდინარი სავანის ზემო წელში მდებარეობდა, ამჟამად სამხრეთ კაროლინის ტერიტორიას ეკუთვნის; ზედა-უნაკას ჩრდილოეთით და მდინარე ტენესის ზემო და მცირე ტენესის ქვემო წელის გასწვრივ; შუა-ქვემო დასახლების ჩრდილოეთით, ქოუისა და ბალსამის მთებს შორის; ხეობის-ჩრდილოეთ კაროლინის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჰივასისა და ნანტაჰალას გასწვრივ.[3] ზედა და ქვედა დასახლებებს ხშირად სტუმრობდნენ უცხო ტომები, ევროპელები, რომელთაც ვაჭრობა, ახალი მიწების ათვისება ან უბრალოდ ბრძოლა სურდათ. ამ ორი დაჯგუფების ტერიტორიებს შორის ადგილი იყო ასე თუ ისე იზოლირებული დაკლაკნილი მთებით. აქ, ძალიან ვიწრო ხეობებში, მდინარე ტენესისა და ჰივასის ზემო წელში, ცხოვრობდნენ შუა და ხეობის დასახლებები.[2]

ვარაუდები წარმომავლობის შესახებ

რედაქტირება

არსებობს მრავალი თეორია ჩეროკების, როგორც სამხრეთ აპალაჩების უძველესი მოსახლეობის შესახებ. ზოგიერთი მწერალი აღნიშნავს, რომ ჩეროკები ევროპელებთან შეხვედრისას აპალაჩებში ახალგადასულნი იყვნენ. ამ თეორიის გასამტკიცებლად ისინი აღნიშნავენ, რომ ამ დროს ჩეროკებს მეზობელი დასახლებებისგან განსხვავებული ენაჰქონდათ, მიგრაციის ლეგენდები და ვერ ხსნიდნენ თუ როდის და როგორ წარმოიშვა ხელოვნური მიწაყრილები, რომელთა თავზეც გაშენებული იყო სახლები. თუმცა როი დიკენსი არქეოლოგიური კვლევების საფუძლველზე ამბობს, რომ ჩეროკეთა კულტურას განვითარების დიდი ისტორია აქვს. მისი თქმით, ჩეროკეთა კულტურის ზოგიერთი შტრიხი ათასი წლის წინათ გამოიკვეთა ჩრდილო-დასავლეთ კაროლინაში. ლინგვისტური ანალიზის შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ არ ცნობს ჩეროკებს მთიანი ტერიტორიების უძველეს მოსახლეებად, აღნიშნავს, რომ ჩეროკება ენობრივად მონათესავე ჯგუფს, იროკეზელებს გამოეყვნენ დაახლოებით 3500 წლის წინათ.[4]

სამეტყველო ენა

რედაქტირება

ჩეროკების სალაპარაკო ენა იროკეზულს განეკუთვნება და ნათესაობა აკავშირებს უამრავ ენასთან, რომელთა შორისაცაა: „მოჰოკი“ (Mohawk), „სენეკა“ (Seneca), „კაიუგა“ (Cayuga), „ონეიდა“ (Oneida), „ონონდაგა“ (Onondaga), „ტუსკარორა“ (Tuscarora). 1821 წელს, სექვოიამ შექმნა ჩეროკეთა მარცვლოვანი ანბანი, წერის სისტემა, რომელიც 85 ასოს მოიცავდა, რომლებიც წარმოადგენდნე ყოველ ბგერას ჩეროკეთა ენაზე.

„ელატი“ (Elati), რომელიც აღარ არსებობს,ქვედა დასახლების დიალექტი იყო. ზედა და ხეობის დასახლება საუბრობდნენ „ატალიზე“ (Atali), რომელიც ახლა ოკლაჰომაში გვხვდება. შუა დასახლება საუბრობდა „კიტუვაზე“ (kituhwa), რომელსაც ჩრდილოეთ კაროლინის ჩეროკები იყენებენ ამჟამად. მარცვლოვანი ანბანი ფართოდ იქნა მიღებული, რამაც საშუალება მისცა ჩეროკეთა ნაციას ჰქონოდათ დაწერილი კონსტიტუცია, გაზეთები და მიეღოთ განათლება.[1]

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება
 
ჩეროკი ქალი
 
ჩეროკი მამაკაცი

ლეიტენანტი ჰენრი თიმბერლეიქი 1700-იანი წლების დასაწყისში აღნიშნავს, რომ ჩეროკები იყვნენ საშუალო სიმაღლის, ღია ყავისფერი ან ზეთისხილის ფერის კანით. მისი თქმით, ისინი სიმპატიურად და მედიდურად გამოიყურებოდნენ, გამართულად დადიოდნენ და ჰქონდათ პატარა ხელები და ფეხები. ქალებს ემოსათ საშუალო სიგრძის ირმის ტყავის ქვედატანები, ჟილეტი, პაჭიშები და მოკასინები. ატარებდნენ გრძელ, დაწნულ, დახვეულ თმას. მამაკაცებს წელზე ემოსათ ირმის ტყავისგან დამზადებული სარტყელი, თბილ ამინდში მაისურებსა და მოკასინებს ატარებდნენ, ხოლო ზამთარში პაჭიშებს. ისინი იპარსავდნენ სახესა და თავს, გარდა თავის უკანა ნაწილისა, სადაც იკეთებდნენ ბუმბულს, რომელიც მათი ჯგუფის სიმბოლო იყო. ბავშვები შიშვლები დადიოდნენ, მხოლოდ მომწიფების პერიოდში იმოსებოდნენ შესაბამისი სქესისთვის დამახასიათებელი ტანისამოსით.[5]

ისტორია და ურთიერთობები

რედაქტირება

ჩეროკთა აზრით, ისინი მსოფლიოს ცენტრში წარმოიშვნენ, პირველი მამაკაცი იყო „კანა’ტი“ (kana’ti), ხოლო პირველი ქალი „სელუ“ (Selu). მათი ცხოვრების გზა მოიცავდა განვითარებას მომთაბარეობიდან სოფლებში ფერმერების ცხოვრებამდე. ჩეროკები ევროპელებს პირველად შეხვდნენ 1540 წელს, როცა ერნანდო დე სოტოს ექსპედიციამ გადაიარა მათი ქვეყანა. ესპანელების წასვლის შემდეგ ჩეროკებს არ ჰქონიათ კონტაქტი ევროპელებთან XVII საუკუნემდე, ხოლო ხანგრძლივი ურთიერთობა XVIII საუკუნეში დამყარდა, როცა ბრიტანელები, ესპანელები, ფრანგები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, რათა ჩეროკები მათი მოკავშირეები გამხდარიყვნენ. ამერიკის რევოლუციის დროს, ჩიკამაუგები, ჩეროკთა ფრაქცია, რომელიც სახლობდა ჩიკამაუგას უბეში, ტენესის მდინარესთან ახლოს, ემხრობოდა ბრიტანელებს. ოფიციალურად, ჩეროკები ცდილობდნენ ნეიტრალური მხარე დაეჭირათ. ბრძოლის შემდეგ, აშშ-ს სურდა ჩეროკეთა მიწის დასაკუთრება, რისთვისაც შეიმუშავეს გეგმა, რომელიც ინდიელთა მდინარე მისისიპის  დასავლეთით გადაყვანას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ, რაც მიწებზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა, ზოგიერთი ჩეროკე ნებაყოფლობით გადავიდა დასავლეთში 1792 წელს, 1830 წელს კი კონგრესმა ინდიელთა გადასახლების კანონი გაატარა. ამ ფაქტს ჩეროკები წინ აღუდგნენ, საკუთარი საქმე განიხილეს აშშ-ს უზენაეს სასამართლოში და გაიმარჯვეს. დასასრულს, პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა გააუქმა დადგენილება, თუმცა 1835 წელს ჩეროკეთა პოლიტიკურმა უმცირესობამ გადასახლების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ჩეროკები აღმოსავლეთში დაბინავდნენ. ეს გადასახლება დაიწყო 1838 წელს და უწოდებენ „ცრემლების კვალს“. ამ დროს დაახლოებით 4000 ჩეროკი გარდაიცვალა. გადასახლების თავიდან ასაცილებლად, 1000 ჩეროკი მთებში გაიხიზნა. სწორედ ისინი არიან ჩეროკთა აღმოსავლური დაჯგუფების წინაპრები ჩრდილოეთ კაროლინაში. ჩეროკებს მათ ახალ სახლში გადაწყობა მოუხდათ. ადრეულ 1840-იან წლებში ჩეროკეთა ნაცია ყვაოდა და ეს პერიოდი ხშირად მოიხსენიება, როგორც „ოქროს ხანა“. სამოქალაქო ომში, ჩეროკები ორივე მხარეს იბრძოდნენ და შედეგად ამერიკისმთავრობამ „კრიკების“ (Creeks), „ჩოკტაუს“ (Chocktaw), „ჩიკსოს“ (Chicasaw), „სემინოლების“ (Seminoles) ტომებთანერთად დასაჯა, გამოყო ამ 5 ნაციისთვის მიწა, ე. წ. „ინდიელთა ტერიტორია“ და იქ ჩაასახლა. მართლმსაჯულებას აშშ-ს მთვრობა განაგებდა. ეს იყო პირველი ნაბიჯი ოკლაჰომას შტატად ჩამოყალიბებისკენ (1907 წელი). ამ პერიოდში ჩეროკეთა მიწა ხუთ ნაწილად გაიხლიჩა, დარჩენილი მიწები კი მთავრობამ ჩაიბარა. ჩეროკები აშშ-სა და ოკლაჰომას მოქალაქეები ოფიციალურად გახდნენ.

ჩეროკთა აღმოსავლეთ დაჯგუფებებს განსხვავებული წარსული აქვთ. მათი წარმომავლობა უკავშირდება 1819 წლის ხელშეკრულებას, რომელმაც გადაცემულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩეროკებს საშუალება მისცა გამოეყოთ რეზერვაციები ინდივიდუალურად 640 აკრ ფართობზე და ნება დართო გამხდარიყვნენ აშშ-სა და ჩრდილოეთ კაროლინის მოქალაქეები.  ჩეროკები მდინარე ოკონალუფთთან დასახლდნენ, ამის გამო მათ იცნობენ როგორც ოკონალუფტის ჩეროკებს. ფედერალური მთავრობა რამდენიმეჯერ ეცადა დასავლელ ჩეროკებთან გაეერთიანებინა, თუმცა მათ აღმოსავლეთში დარჩენა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ოკუნალუფტის ჩეროკები, უილიამ ჰოლანდ თომასის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ომში კონფედერატებს მიემხრნენ, თუმცა რამდენიმე მათგანმა შეიცვალა საბრძოლო მხარე. სამოქალაქო ომის შემდეგ ჩეროკებმა მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება, დაწერეს კონსტიტუცია, აირჩიეს ხელმძღვანელი, საბჭო და ფედერალურად აღიარებულ იქნენ, როგორც აღმოსავლელი ჩეროკები. მანამდე ისინი იზოლირებულნი იყვნენ ასიმილაციის პოლიტიკისგან, რაც ხელს უწყობდა მათი ჩვევებისა და ტრადიციების შენარჩუნებას.

XXI საუკუნეში ჩეროკები მრავალფეროვანი დაჯგუფეფებით არიან წარმოდგენილნი, რომელთაც აქვთ განსხვავებული ტრადიციები, ენა და ცხოვრების სტილი.[1]

დასახლებები

რედაქტირება
 
ჩეროკების ზამთრის სახლი
 
ჩეროკების ზაფხულის სახლი

ევროპელთა ამერიკაში შემოსვლისას, ჩეროკებს 160-200 სოფელი ეკავათ, 22 000-იანი მოსახლეობით. ადრეულ 1700-იან წლებში ჩეროკები 53-დან 75-მდე განსხვავებულ დასახლებაში იყვნენ გაფანტულნი, საშუალოდ თითო დასახლებაში 187-197 ჩეროკი ცხოვრობდა. ისინი ძირითადად მდინარის პირას იდებდნენ ბინას, სადაც შეეძლოთ თევზი დაეჭირათ, ფერმა გაეშენებინათ. თითოეულ დასახლებას ჰქონდა საბჭოს შენობა და მოედანი. საბჭოს შენობა დიდი წრიული ფორმის იყო, კედლები ერთმანეთზე გადაჭდობილი ნედლი ხეებისგან იყო შემდგარი, რომლებსაც ამაგრებდა ტალახისგან შექმნილი ბათქაშისებრი წარმონაქმნი. ზაფხულობით ხის სახლებში ცხოვრობდნენ, ხოლო ზამთარში კონუსის ფორმის კერიან სახლებში. ზაფხულის სახლებს მართკუთხედის ფორმა ჰქონდათ, წაწვეტებული სახურავები, თიხის კედლები და ხის ქერქის ან ჩალის სახურავი. ზამთრის სახლი მოთავსებული იყო ორმოზე. ჩეროკთა სოფელი ჩვეულებრივ შემოფარგლული იყო ხის მორების გალავნით. თანდათან, ჩეროკებმა თეთრკანიანების ცხოვრების სტილი აითვისეს, რაც მათ სახლ-კარსაც დაეტყო.[1]

ეკონომიკა

რედაქტირება

არსებობის საშუალებები

რედაქტირება

ჩეროკები თავდაპირველად იყვნენ მებაღეები, ხილისა და ბოსტნეულის მოყვანის მეცნიერები, როდესაც ევროპელები შეხვდენენ მათ. მათ მოჰყავდათ  მარცვლეული, სიმინდი, ლობიო, გოგრა, მზესუმზირა და თამბაქო. ქალები უვლიდნენ მიწას, აგროვებდნენ საკვებსა და სამკურნალო მცენარეებს, ხოლო კაცები იყვნენ მონადირეები, მეომრები და პასუხისმგებლები საგარეო უსაფრთხოებაზე. კაცები თევზაობდნენ და ნადირობდნენ ძირითადად ირმებზე, ინდაურზე, დათვზე, ისევე როგორც ჩიტებსა და კურდღებლებზე. ნანადირევი გამოიყენებოდა ტანსაცმელებისთვის, ორნამენტებისათვის, მატყლისა და ცერემონიული ობიექტებისათვის. ამერიკის რევოლუციის შემდეგ ჩეროკების ცხოვრება შეიცვალა, ვინაიდან მათ შეისწავლეს ფერმერობისა და ზოგადად ბიზნესის ახალი მეთოდები ადგილობრივებისაგან. ჩეროკებმა 2006 წელს პირველად დაიწყეს მუშაობა გამომუშავებაზე (ხელფასზე) სამუშაოების ფართო სექტორში სხვადასხვა პროფესიებით, თუმცა ზოგიერთი მათგანი კვლავ ფერმერობას მიჰყვებოდა და მეურნეობის სფეროში იყო დასაქმებული.[1]

კომერციული აქტივობები

რედაქტირება

ჩეროკებისათვის დიდ ღირებულებას არ წარმოადგენდა სიმდიდრისა და ქონების დაგროვება, სწორედ ამიტომაც მათ უარი განაცხადეს იმაზე მეტის მოდანირებასა და წარმოებაზე, ვიდრე მათ სინამდვილეში სჭირდებოდათ. ბაზრისათვის პროდუქტის შექმნა შეიძლება ითქვას, რომ უცხო კონცეფცია იყო მათთვის ევროპელებთან კონტაქტამდე, მიუხედავად ამისა ვაჭრობა, როგორც ჩანს, მაინც არსებობდა. ქალები კონცენტირებულები იყვნენ დღესწაულების, ლხინებისათვის საჭირო ინგრედიენტების წარმოებაზე, ასევე მათ ევალებოდათ დახმარება ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც მოსავალი ჩაუვარდათ. ევროპოლებთან კომუნიკაციის შემდეგ ვაჭრობა საკუთარ თავზე აიღეს და ამ დროს შეიქმნა ირმის ტყავისა და ტყვეების ბაზარი. ირმის ტყავი იყო ჩეროკების ფულის ერთეული მეთვრამეტე საუკუნეში. XXI საუკუნეში ჩეროკები ცომერციული აქტივობების მრავალფეროვან ციკლში არიან ჩართულნი, მათ შორის: თამაშები, ტურიზმი, ხელოვნება, ხელოსნობასა და სხვა ეკონომიკურ სფეროებში.[1]

ინდუსტრიული ხელოვნება

რედაქტირება

ოჯახის კეთილმოწყობა ქალების მოვალეობა იყო. მათ ევროპოლებთან ურთიერთობამდეც კი შეძლეს საყოფაცხოვრებო ნივთების უმეტესობის შექმნა. დასაჯდომი სკამები, კალათები, თიხის ჭურჭელი, ტანსაცმელი, ხელსაწყოები - ეს არის ის მცირე ჩამონათვალი ნივთებისა, რომლებიც გამოიყენებოდა საოჯახო მეურნეობაში და მიწაზე სამუშაოდ. XVIII საუკუნეში ევროპელებთან ვაჭრობამ, მათი ცხოვრება ბევრად გაამარტივა, რადგან მათგან ჩეროკებმა მოახერხეს საჭირო ხელსაწყოების, ინსტრუმენტებისა და მასალის შეძენა, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდნენ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩეროკების უმეტესობა XXO საუკუნეში გადაერთო ამერიკულ ძირითად სამომხმარებლო ცხოვრების სტილზე.[1]

ევროპელებთან კონტაქტზე გასვლამდე ჩეროკები ვაჭრობდნენ სხვა ტომელებთან, ძირითადად ვირჯინიისა და კაროლინის მოსახლეობასთან. დიდი ვაჭრობა არ იყო მეთვრამეტე საუკუნემდე, ამ დროს ვაჭრებმა დაიწყეს მაღაზიების აშენება ჩეროკების ქვეყანაში. ვაჭრებს ჩამოჰქონდათ ევროპელების მიერ ნაწარმოები საქონელი, ხოლო თვითონ კი ძირითადად ირმის ტყავისა და ომის ტყვეების ყიდვა უნდოდათ. ომის ტყვეები ძირითადად სხვა ტომებიდან იყვნენ წარმოდგენილნი, ვაჭრები კი მათ შემდგომ მონებად ყიდნენ (ანუ ეგრეთ წოდებულ გადამყიდველების როლს ასრულებდნენ). ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა ქალების ომში, პატივსაცემი ქალები, რომლებმაც სახელი მოიხვეჭეს ბრძოლებში წყვეტდნენ თუ რომელი ტყვე უნდა მომკვდარიყო (როგორც წესი კაცები), ხოლო კლანის მეთაური ქალები იმაზე იღებდნენ გადაწყვეტილებას, მიეღოთ თუ არა ესა თუ ის ტყვე თავიანთ ტომში. ერთხელ მსჯავრდებული ტყვე აწამა სოფლის მცხოვრებმა ქალმა იმის გამო, რომ საკუთარი ნათესავის სიცოცხლისათვის შური ეძია. ვაჭრობა იყო ჩეროკებში კაცების მოვალეობა, ქალების ლიმიტირებული, შეზღუდული მონაწილეობით. ქალები გახდნენ კაცებზე დამოკიდებულნი იმისათვის, რომ გაეუმჯებესებინათ სახლისა და სამეურნეო ნივთები, ასევე ტანსაცმელი. აუცილებელი გახდა ჩეროკებისათვის, რომ საკუთარი ცონდა და ოსტატობა ევროპელებისათვის “მიეყიდათ”. მას შემდეგ რაც ტყავებზე მოთხოვნა გაიზარდა, ბევრმა ტრადიცული რწმენა ნადირობაზე შეიცვალა, ამიტომაც იარაღი და ამუნიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა უსაფრთხოებისა და ნადირობისათვის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქორწინება ევროპულ და მოგვიანებით აფრიკულ მოდგმასთან თავდაყირა დააყენა ჩეროკების ტრადიციული სოციალური ორგანიზაცია და კლანის (დაჯგუფების) სისტემა.[1]

შრომის დანაწილება

რედაქტირება

ჩეროკ ქალებსა და კაცებს სამუშაო დაყოფილი ჰქონდათ და ისინი მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. სამუშაო დავალებებს ასრულებდნენ და ამ საქმეში წვლილი შეჰქონდათ კაცებს, ხოლო ქალები კი განუყოფელები იყვნენ საზოგადოებისაგან. ქალები ეწეოდნენ მეურნეობას, უვლიდნენ ბავშვებს, ამზადებდნენ საკვებს, ამზადებდნენ საყოფაცხოვრებო ნივთებს და იღებდნენ მონაწილეობას სხვა საშინაო საქმეებში. კაცები ძირითადად იყვნენ მონადირეები და მეომრები, ამავდროულად ისინი ხშირად ეხმარებოდნენ ქალებს მინდვრის გაწმენდაში, დათესვასა და მოსავლის აღებაში. მსგავსი შრომის დანაწილება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩეროკებმა განიცადეს გავლენა ევროპელებსა და ამერიკელებთან შეერთებით. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ცდილობდა, რომ ჩეროკების “ცივილიზება” მოეხდინა ანგლო-ამერიკულ კულტურაზე, კაცების მეურნეებად გადაქცევით, ხოლო ქალების კი - დახვეწილ დიასახლისებად. ამ მიზნის მიღწევისათვის, ადრეულ 1800-იანებში შეერთებული შტატების მთავრობამ გააგზავნა აგენტები და ეხმარებოდა მისიონერებს იმაში, რომ ჩეროკებთან ეცხოვრათ. აგენტები და მისიონერები შეიძლება ითქვას, რომ იყვნენ პასუხისმგებლები კულტურის ტრანსფორმირებაში. ბევრ ჩეროკს სჯეროდა, რომ კულტურის შეცვლა იქნებოდა საუკეთესო თავდაცვა საკუთარი მიწისგან განშორების. წლების გასვლის მერე შეიცვალა შრომის დანაწილება ჩეროკ ქალებსა და მამაკაცებს შორის და მათ მიიღეს ამერიკული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილის და ღირებულებები.[1]

მიწათმფლობელობა

რედაქტირება

მიწები მემკვიდრეობით გადაეცემოდა დედის სანათესაოსაგან, იმისათვის, რომ ქალის შთამომავლობა წარმატებული ყოფილიყო. ჩეროკები ყველა ბუნებრივ რესურს უყურებდნენ, როგორც უფასოს, ხოლო საერთო საქონელს კი თავიანთი ტრადიციებიდან გამომდინარე. ეს ხედვა შეიცვალა ტომების მიწების დანაწილების შემდეგ და კერძო მფლობელობა უკვერ რეალობა გახდა. XXI საუკუნეში ჩეროკთა ერს ჰქონდა საერთო მიწები და მრავალი ჩეროკი, ოკლაჰომაში, აგრძელებს ცხოვრებას საკუთარ გამოყოფილ (დანაწილებულ) მიწაზე.

მრეწველობა

რედაქტირება
 
დასავლელი ჩეროკების მიერ დამზადებული კალათა
 
აღმოსავლელი ჩეროკების მიერ დამზადებული კალათა

ჩეროკები ქალები იყვნენ ტრადიციული ფეიქრები. ჩეროკული ჭურჭლის (სათავსოების) კალათის ფეიქარი იყო ქალი და ავტორი (Clark Field) ამბობს შემდეგ სიტყვებს: “ეს არის ჩეროკი ქალი და არა კაცი, რომელიც ამზადებს კალათებს”. ჩეროკი ქალები იყვნენ როგორც ფეიქრები, ასევევ მომხმარებლები საკუთარი კალათების, ვინაიდან მათ სჭირდებოდათ ისინი საოჯახო საქმეებში, როგორიცაა საჭმლის მომზადება და ასე შემდეგ. კალათის ფილტრი, საცერი და მარცვალსაწმედნი მანქანა წარმოადგენდა ჩვეულებრივ ჩეროკულ საოჯახო ნივთს. ჩეროკული კალათისათვის დამახასიათებელი ნიშნები შენარჩუნდა XX საუკუნეშიც, მათ შორის მისი გამოყენება და ტრადიციული კალათების გაყიდვა. დასავლელი ჩეროკები კალათებს იყენებდნენ სიმინდის დაფქვისათვის, კვერცხის შესაგროვებლად, მარცვლეულის სუპის დასამზადებლად (sofkey) და საკვების შესანახად. ანალოგიურად, აღმოსავლური კოლექცია შეიცავს საცერ, შესაგროვებ და შესანახ კალათებს. ეს ფუნქციები პასუხობდა მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და მომხმარებლების მოთხოვნებს. თუმცა მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის ჩეროკი ქალები ასევე ამზადებდნენ არა გამოყენებად ჭურჭელს მყიდველებისათვის. 34-დან მხოლოდ 10 დასავლური კალათის ფუნქცია იქნა განსაზღვრული, ხოლო 2/3-ზე მეტი კი იყო დეკორატიული და დიდი ალბათობით გასაყიდად იყო შექმნილი. უფრო მეტიც, ერთი დასავლური სათავსო მარკირებული იყო ასე “ხილის კალათა”, ფორმა და სახელიც სპეციალურად იყო შეფუთული გასაყიდად. კალათებზე სახელურის არ ქონა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უფრო გასაყიდად იყო შექმნილი, ვიდრე მუდმივი მოხმარებისათვის. აღმოსავლური კალათებს კონკურენციის გაწევა შეუძლიათ დასავლურისათვის. 21-დან მხოლოდ 6 აღმოსავლურ კალათას აქვს განსაზღვრული საჭიროებისათვის გამოყენებადი ფუნქციები, ხოლო 2 მათგანი კი არის სამკერვალო კონტეინერი, სტილი, რომელიც ფეიქრებმა განავითარეს არაადგილობრივი მყიდველებისათვის. როგორც დასავლური კალათები, ასევე აღმოსავლური კონტეინერების მცირე ნაწილსაც აქვს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყო სხვადასხვა მიზნისათვის. ჩეროკული კალათების უმეტესი ნაწილის სუფთა და დეკორატიული ფორმები გვაფიქრებინებს იმას, რომ ფეიქრები გამოყოფდნენ და განასხვავებდნენ მათ ყოველდღიური გამოყენებისათვის შექმნილი კალათებისაგან და მათგან, რომლებიც არ იყო გათვლილი არა ადგილობრივებისათვის.[2]

ტურიზმი ეკონომიკურ წინსვლას მოასწავებდა, რაც აღმოსავლელ ჩეროკებს “საშინლად” ესაჭიროებოდათ. 1934 წელს ჩეროკების სააგენტომ გამოაქვეყნა, რომ ჩეროკები “საგრძნობ სიღარიბეში” ცხოვრობდნენ, “ღარიბ სახლებში, სანიტაციის დაბალი დონითა და არასწორად იკვებებოდნენ”. მეურნეობას სჭირდებოდა განვითარება, მწირი იყო ტანსაცმელი და საოჯახო “აღჭურვილობა”. მცირე იყო ფულის მოძრაობა რეზერვაციებში და ბევრ ოჯახს არ ჰქონდა cash შემოსავალი, განსხვავებით მათგან, რომლებიც მას კალათებისა და ჭურჭლის გაყიდვისაგან იღებდნენ. დასავლური პირობები განსხვავდებოდა რამდენიმე ნაწილში. დასავლელი ჩეროკები გაფანტულად ცხოვრობდნენ 30 ქვეყანაში აღმოსავლეთ ოკლაჰომაში, პირდაპირი ფედერალური მეთვალყურეობის მიღმა. მათ არ ჰქონდათ საკონსულო არც ხელოსნების სამუშაოს მხარდასაჭერად და არც მონიტორინგისათვის. ჩეროკთა ნაციისათვის არ იყო ტომის მართვის არანაირი ფორმა, არ იყო მმართველი. ვირტუალურად დასავლელი ჩეროკებისათვის არ არსებობდა ტურიზმი და არც მისი შემოგარენი იზიდავდა მოგზაურებს.

ჩეროკეთა ნაციის ჩრდილოეთის ოჯახების საშუალო ფულადი შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 95 დოლარს შეადგენდა. გეოგრაფ ლესლი ჰიუსის თანახმად, ჩეროკებს ფული არ ჰყოფნიდათ ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების საყიდლად. მეზობელ დასახლებებთან შედარებით ჩეროკები საძოვრების მისაღებად, ბოსტნეულისა და ხილის მოსაყვანად ნაკლებად მუშაობდნენ. მათ ჰქონდათ გაბნეული დასახლებები, ღარიბი ფერმები და ნაკლებად განვითარებული სოფლები. არასტანდარტული ბინებითა და თანამედროვე გარემოსთვის შეუფერებილი ეკონომიკური მახასიათებლების გამო, დასავლელი ჩეროკები ვერ ახერხებდნენ ტურისტული ბაზრების შენარჩუნებას და ფეიქრებიც ვერ ადებდნენ უკეთეს ფასს თავიანთ საქონელს.[2]

დღეს კი ჩერკოების ტურიზმი არის ძალიან განვითარებული, თითოეულ მოგზაურს შეუძLია, რომ იმოგზაუროს წარსულში, შეიცნოს ჩეროკთა კულტურის და აღმავლობის შესახებ.[6]

სოციალიზაცია

რედაქტირება

ბავშვის დაბადებისთანავე დედა და სხვა ახლობლები ეტაპობრივად აყალიბებდნენ ბავშვის პიროვნებას და ხასიათს. დედის ძმები და ახლობელი ქალები ბავშვზე პასუხისმგებელნი იყვნენ. სწორედ დედის ოჯახი აკონტროლებდა ბავშვთა ცხოვრებას. თუ ბავშვი გოგო იყო, მას ყოველი ახლობელი ქალი შვილივით ზრდიდა. ახალშობილ გოგონას სახელს არქმევდა ბებია დედის მხრიდან, ან კლანის ნათესავებს შორის ასაკობრივად ყველაზე დიდი ქალი. მამაკაცებს კლანში დაკისრებული ჰქონდათ სხვა პასუხისმგებლობები  ბიჭებთან დაკავშირებით, მაგალითად: ფიზიკური წვრთნა და განათლების მიცემა. ბიჭებს წვრთნიდნენ როგორც დედის, ასევე მამის ძმები. ისინი ასწავლიდნენ ნადირობას, ხოლო როდესაც საჭირო ასაკს მიაღწევდნენ, ომისთვისაც ამზადებდნენ.ბავშვებს განსაკუთრებულად დიდი პატივისცემა გააჩნდათ დედის ძმების მიმართ.[1]

ყოველი კლანის სპეციალიზაციები და ჩვეულებები დროსა და თაობებს შორის ამგვარად ვრცელდებოდა (Hill, 1997).[1]

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაში სუფევდა დიდი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ. ეს პატივისცემა ვრცელდებოდა კლანის ყველა წევრზეც (Perdue, 1998)[1]

სოციალური წყობა

რედაქტირება

მთავრობისათვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას ტრადიციულად შურისძიებითა და შურისგებით ახორციელებდა. ისინი, ვინც ამტკიცებდნენ საკუთარ შესაძლებლობებს, იყვნენ ლიდერები. მამაკაცები და ქალები მონაწილეობას იღებდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში. საბჭოს სხდომაზე ქალები ისევე თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ აზრს, როგორც მამაკაცები. მათი გაგებით არაფერი არ იყო სასირცხვილო ქალის აზრის მოსმენაში. პირიქით, მათ, ვინც არ უსუმენდა ქალებს, სახალხო ლანძღვა-გინების კორიანთელი ატყდებოდა თავს (Sattler, 1995). ყოველი საკითხი განიხილებოდა იქამდე, სანამ კონსენსუსამდე არ მივიდოდნენ. ჩეროკების საერთო ენა არა მმართველობის წყობა, არამედ ნათესაობრივი სისტემა და საერთო რწმენა იყო, სწორედ ეს აერთიანებდა მათ (Perdue, 1998). საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო იყო ომი. ომის მიზეზი კი იყო შურისძიება, სისხლის აღება. მასში მონაწილეობის მიღება კი ნებაყოფლობითი იყო. XVII საუკუნეში მრავალი ვაჭარისა და სხვა ევროპელების გარემოცვაში ცხოვრობდნენ ჩეროკები. ბევრი მათგანი ჩეროკების ქალებზე დაქორწინდა და შედეგად გაჩნდა არეული სისხლის ოჯახები. შერეულები სწრაფად ვრცელდებოდნენ, ისევე, როგორც მათი გავლენა ჩეროკების მმართველებზე, რადგან მათ კარგად გაიგეს ამერიკის პოლიტიკური სისტემა და ხელი შეუწყვეს მას. მრავალი მათგანი გაერთიანდა ფრაქციაში სახელად - „პროგრესიული მოღვაწეები“. ეს უკანასკნელნი იყვნენ ჩეროკები, რომლებმაც 1800-იან წლებშიეურო-ამერიკული ცხოვრების წესი აითვისეს: მონობა, განათლება, კერძო საკუთრება და სიმდიდრის დაგროვება. ამავე დროს იყვნენ ჩეროკები, რომლებსაც ეწოდებოდათ ტრადიციონალისტები, უმეტესად სუფთა სისხლის, რომლებსაც უნდოდათ ძველი ცხოვრების წესის შენარჩუნება და გაგრძელება (Perdue, 1989).[1]

პოლიტიკური წყობა

რედაქტირება

ჩეროკების საზოგადოებაში პირველდაწყებითად კლანი ასრულებდა მთავრობისათვის დაკისრებულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, თუმცა თითოეული დასახლება იყო ავტონომიური და ჰყავდა ორი მთავარი ბელადი - წითელი, ანუ ომის ბელადი და თეთრი, ანუ მშვიდობის ბელადი, რომელსაც მინიმალური ძალაუფლება ჰქონდა. ეს უკანასკნელი გადაწყვეტილებებს იღებდა მეურნეობაში, კანონების გამოცემასა და დავებში, წითელი ბელადი კი - საომარ საქმიანობებში. ჩეროკები სხვადასხვა დასახლებიდან მოდიოდნენ და ერთიანდებოდნენ ორი მიზეზით - ცერემონიებსა და ომში. როდესაც რაიმე საკითხი იყო გადასაწყვეტი, მთლიანი დასახლება იკრიბებოდა (მათ შორის ქალებიც) და ბჭობდნენ, სანამ არ მივიდოდნენ კონსენსუსამდე. ევროპელებმა ქალების ჩართულობა იმ პერიოდისათვის მათი შეხედულებისამებრ აღიქვეს, ჩეროკებს დასცინეს და „ქვედაბოლოსებრი“ მმართველობის ფორმა დაუწუნეს (Fitzgerald & Conley, 2002). XVIII საუკუნემდე ჩეროკებს არ ჰყავდათ ბელადი და ეროვნული საბჭო. მათი პირველი კონსტიტუცია დაიწერა 1827 წელს. როდესაც ოკლაჰომა გახდა შტატი, ჩეროკების ნაცია ოფიციალურად გაუქმდა, მაგრამ მათ მაინც შეინარჩუნეს ლეგალური მთავრობა მცირე ძალაუფლებით. 1970 წლამდე ჩეროკებს არ შეეძლოთ მთავარი ბელადის ასარჩევად არჩევნების ჩატარება. ამ დროისათვის აშშ-ს პრეზიდენტი ნიშნავდა მთავარ ბელადს. აღმოსავლეთის ჩეროკებმა 1868 წელს დაწერეს თავიანთი პირველი კონსტიტუცია და აირჩიეს ბელადი და საბჭო.2006 წელს ჩეროკებს უკვე გააჩნიათ საკუთარი სასამართლო, მარშალები, არჩევნები, განახლებული კონსტიტუცია, მრავალი მომსახურების პროგრამა და ტომობრივი საწარმოები. ჩეროკების ნაცია და აღმოსავლელი ჩეროკები წინდაწინ მიდიან, ავითარებენ სერვისებს და საწარმოებს შესაბამისი საზოგადოებებისათვის. ყოველ ამ უკანასკნელთაგანს მართავს არჩეული მთავარი ბელადი, მთავარი წარმომადგენელი ბელადი და საბჭო.[1]

დღესდღეობით ჩეროკებში მოქმედებს სამ ნაწილიანი მთავრობა -სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოები. შესწორებული კონსტიტუცია ჩეროკების მიერ რატიფიცირებულ იქნა 1976 წლის ივნისში და დამტკიცდა ინდიელების საქმეთა ბიუროს კომისიონერისაგან 1976 წლის 5 სექტემბერს. 1999 წელს საკონსტიტუციო ყრილობა მოიწვიეს, რათა განეახლებინათ ჩეროკების კონსტიტუცია. ახალი კონსტიტუცია რატიფიცირდა ჩეროკების ცნობილი არჩევნების შემდეგ 2003 წელს.[1]

აღმასრულებელი შტოს უმაღლესი წარმომადგენელია უფროსი ბელადი, საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს ტომის საბჭოს, ხოლო სასამართლოს ჩეროკების უმაღლესი სასამართლო წარმოადგენს.

უფროსი ბელადის წარმომადგენლის თანამდებობაც ასევე მიეკუთვნება აღმასრულებელ შტოს. უფროსი ბელადი, მისი წარმომადგენელი და საბჭოს წევრები არიან არჩეულნი ოთხი წლით ტომის რეგისტრირებული წევრების მიერ. საბჭოს წევრები წარმოადგენენ 15 ოლქს ჩეროკების 14 იურისდიქციულ ტერიტორიასა და ასევე იმ ჩეროკებს, ვინც ამ საზღვრებს მიღმაა. სულ არის ტომის საბჭოს 17 წევრი. საბჭოს სპიკერი თავმჯდომარეობს საბჭოს ყოველთვიურ შეხვედრებზე.[1]

ტომის მთავრობის სასამართლო შტო იყოფა ორ ნაწილად - საოლქო და უმაღლეს სასამართლოებად, რომელიც შეიძლება შევადაროთ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს სასამართლოს. ჩეროკების უმაღლესი სასამართლო შედგება ხუთი მოსამართლისაგან, რომლებიც უფროსი ბელადის ამორჩეულნი და ტომის საბჭოს მიერ დამტკიცებულნი არიან. ეს არის ჩეროკების სასამართლოებრივი საფეხურების ყველაზე მაღალი საფეხური და ზედამხედველობს შიდა სამართლებრივ დავებს, ისევე, როგორც საოლქო სასამართლო. ამ უკანასკნელის მოსამართლე და გაერთიანებული ოლქების მოსამართლე თავმჯდომარეობენ ტომის საოლქო სასამართლოს დაგანიხილავენ ყველა საქმეს, რომლებიც ჩეროკების სამართლებრივი კოდექსის იურისდიქციის ქვეშ ექცეოდა.[1]

სოციალური კონტროლი

რედაქტირება

ჩეროკების მიზანი იყო შეენარჩუნებინათ ჰარმონია და ბალანსი. ისინი ფიქრობდნენ, რომ სხვაგვარად უამრავი ჭირი და უბედურება დაატყდებოდათ თავს. ნათესაობა წყვეტდა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩეროკებს ერთმანეთის მიმართ და ეს ეხებოდა კლანის ყველა წევრს. თუ ადამიანს ზიანს მიაყენებდნენ, ან მოჰკლავდნენ, მაშინ დაზარალებულს, ან კლანს ჰქონდა შურისძიების უფლება. შურისგება იყო კრიმინალური კოდექსი და ნიშნავდა მკვლელობასა და ნაკლებ კრიმინალს. ყველაზე სერიოზული კრიმინალური დანაშაული იყო მკვლელობა და ის საჭიროებდა ან მკვლელის, ან ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის მკვლელობას დაზარალებული მხრიდან, რათა აღდგენილიყო ჰარმონია და ბალანსი. წესრიგის შესანარჩუნებლად ჩამოყალიბდა მებრძოლი რაზმები, რათა მოკლული ჩეროკების შურისძიებისათვის კონტროლი გაეწიათ. ეს იყო ომში წასვლის ერთადერთი მიზეზი. ჰარმონიის შენარჩუნების მხარდაჭერა ჩეროკების ქცევას აკონტროლებდა როგორც შინაურ, ასევე საგარეო საქმეებში. იყო მკაცრი შიდა წესდება, რაც გულისხმობდა ქცევის კონტროლსა და წესებისათვის დამორჩილებას, მაგალითად, გარემოს გაფრთხილება. ჰარმონია და ბალანსი რელიგიასა და ცერემონიებში იყო უმთავრესი და მისი შენარჩუნება აუცილებელი იყო უბედურების თავიდან ასაცილებლად. ბავშვებს სხვადასხვა ინსტრუქციებს აძლევდნენ და მათგან მოითხოვდნენ კარგ ყოფა-ქცევას. თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ უფროსებს, შეარცხვენდნენ და დაამცირებდნენ (Perdue, 1998). ეურო-ამერიკელებთან კონტაქტის გამო ნათესაობრივი სისტემის გავლენამ დაღმა დაიწყო სვლა, შესაბამისად საჭირო გახდა ცენტრალური მთავრობის შექმნა სოციალური კონტროლისათვის, რაც შემდგომში მოხდა კიდეც.[1]

კონფლიქტი

რედაქტირება

ტრადიციონალისტ ჩეროკებს არ ჰყავდათ სამართალდამცველები და არ ჰქონდათ სასამართლოები თანამედროვე გაგებით. იყო მხოლოდ შურისგება, რომელიც დამოკიდებული იყო დაზარალებულზე ან მის კლანზე და რომელიც საჭირო იყო ჰარმონიისა და ბალანსის შესანარჩუნებლად (იხ. სოციალური კონტროლი). 2006 წლისათვის ჩეროკებს უკვე აქვთ საკუთარი სასამართლო და პოლიცია. მათი იურისდიქცია ვრცელდება ჩეროკების ნაციის კუთვნილ მიწებზე და ასევე ინდივიდუალურ საკუთრებაზე, რომელიც მმართველიც ფედერალურ მთავრობას ნდობას უცხადებს.[1]

გზის გაკვლევა XXI საუკუნეში

რედაქტირება

ტომმა თვითმმართველობაში სერიოზულ შედეგებს მიაღწია საგადასახადო კოდექსის შემოღებითა და ტომის საოლქო სასამართლოს, სამართალდამცველთა და სასამართლო სისტემის აღდგენით. ჩეროკებმა მიაღწიეს წარმატებას საწარმოებშიც, მაგალითად: Cherokee Nation Entertainment, Cherokee Nation Industries და ა. შ. CNE მართავს ჩეროკების კაზინოს, ორ ბენზინგასამართ სადგურს მაღაზიებითურთ და საჩუქრების მაღაზიას, რომელიც მდებარეობს ტალექუაში, ოკლაჰომა. CNI არის მულტიმილიონრული ინდუსტრია, რომელიც ამარაგებს რამდენიმე მნიშვნელოვან თავდაცვის კონტრაქტორს. ჩეროკების ნაცია არის ოკლაჰომაში სასიცოცხლო ბიზნეს ლიდერი, რომელიც შტატზე მოქმედებს დადებითად: ოკლაჰომას ყოველწლიურად ერთი მილიარდი დოლარით მეტი აქვს შემოსავალი ჩეროკების დამსახურებით.[7]

ოჯახი და მისი კომპოზიცია

რედაქტირება

ჩეროკობში გავრცელებულია ოჯახის ორივე ტიპი, როგორც „სტანდარტული“, ბირთვული ოჯახი, ისე გაფართოებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მათგანი მეორესთან შედარებით უმნიშვნელო რაოდენობითაა. განსაკუთრებით აღმოსავლელ ჩეროკებში, სადაც ოჯახის ცნება და განსაზღვრება მოიცავს ბირთვულ ოჯახს დამატებული კიდევ „ოჯახის სხვა წევრები“. ამ თავში განხილული და ახსნილი იქნება თუ ვინ არიან ეს „ოჯახის სხვა წევრები“და ის სოციალური გარემო, რომელშიც ჩეროკები ცხოვრობენ. ჩეროკებში ბირთვული ოჯახის განსაზღვრება თითქმის იგივეა როგორც საზოგადოდ ცნობილია: ქმარი, ცოლი და მათი შვილები. მაგრამ აღსანიშნავია შვილების თემა. შვილებში იგულისხმებიან არა მხოლოდ საკუთრივ მათი შვილები არამედ, შვილებიც მათი წინა ქორწინებებიდან.ამის მიზეზი იყო ის, რომ ქალების ხშირად ქვრივდებოდნენ და ასევე იყო გაშორების ტენდეციაც. ჩეროკებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფრო გავრცელებული არის გაფართოებული, სამ თაობიანი ოჯახი, რომელიც მოიცავს საკუთრივ ბირთვულ ოჯახს, ბებია - ბაბუას, მეუღლეების დედ - მამიშვილებს და მათ ოჯახებს. ასევე აღსანიშნავია ერთი ფაქტი - დაქორწინების შემდეგ ქმარი საცხოვრებლად მიდის ცოლის სახლში.

ზოგადად დიდი და მრავალრიცხოვანი ოჯახები გამოწვეულია ორი ფაქტორით: პირველი - შვილების სიმრავლით, საშუალოდ 5 შვილი და მეორე - ნათესავების სიმრავლით, რომლებიც თავის მხრივ ხშირ შემთხვევაში ცალკე ოჯახებია.

მეცნიერებს აქვთ რამდენიმე ჰიპოთეზა, იმის შესახებ, თუ რა იწვევს ჩეროკებში ამგვარი ოჯახების არსებობას. ერთი ვარაუდით ამას იწვევს სიღარიბე. როგორც წესი სახლის პატრონად ითვლება მეუღლეთა ერთი წყვილი, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები დროებით წევრებად მოიაზრებიან. უმეტესობა ჩეროკს არ აქვს საშუალება ცალკე აიშენოს საკუთარი სახლი, ამიტომ უწევთ რომელიმე ნათესავთან ან ცოლის მშობლებთან ცხოვრება. მეორე ჰიპოთეზა გვთავაზობს ჩეროკების ოჯახების მრავალრიცხოვნობის ახსნას. ეს უმეტესად გამოწვეულია „არაკანონიერი ბავშვების“ ყოლით, ანუ ოჯახის წევრ რომელიმე ქალს ჰყავს „არაკანონიერი ბავშვი“, ანუ ქორწინების გარეშე. ეს ტენდენცია ძალზედ გავრცელებულია და სტატისტიკის თანახმად, რვიდან ხუთ ოჯახს ჰყავს „არაკანონიერი შვილები“. სხვა ვარაუდის თანახმად ჩეროკების ოჯახების ამგვარი სახე გამოწვეულია მათი ბუნებითა და ხასათით, რაშიც მოიაზრება მათი კულტურიდან გამომდინარე ნათესავებთან ურთიერთობა და ალტრუიზმი. თანაც აღსანიშნავია, რომ ჩეროკები ძალზედ კონსერვატორები არიან და 90 % მეტ ოჯახებში ოჯახის წევრები მხოლოდ ჩეროკები არიან, ანუ ჩეროკები ერიდებიან სხვა ტომებთან და მით უმეტეს ეროვნებებთან ქორწინებას.

ქორწინება და ნათესაობა[8][9]

რედაქტირება

ქორწინება  ჩეროკებში ყველაზე რთულად განსაზღვრებადი ფენომენია. ჩეროკებში ქორწინებას სხვა ტომებთან და ეროვნებებთან შედარებით ნაკლები სიმბოლური დატვირთვა აქვს და განსაკუთრებული საქორწინო რიტუალებითა და ცერემონიებითაც დიდად არ გამოირჩევა. მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც არსებობს რამდენიმე საინტერესო ოჯახებს შორის შეთანხმების ტრადიცია. ერთ - ერთ ასეთ ტრადიციის მიხედვით საქმრო მოდის საცოლის ოჯახში, რომელსაც მათთანმიაქვს ირმის ხორცი, იმის ნიშნად, რომ ამ ოჯახს შეუძლია საკუთარი თავის უპრობლემოდ გამოკვება, საპასუხოდ კი პატაძალი მას აძლევს მარცვლეულს, იმის ნიშნად, რომ პატარძლის ოჯახსაც აქვს სტაბილური საკვების მარაგი, ამის შემდეგ ისინი დაქორწინებულებად ითვლებიან. არსებობს მეორე ტრადიციაც, რომლის მიხედვითაც, სასიძოს ტყიდან მოაქვს შეშა, რომელსაც საპატარძლოს კარებთან ტოვებს და თუკი საპატარძლო ამ შეშით ცეცხლს დაანთებს და მისთვის საჭმელს მოამზადებს, მაშინ ეს წყვილი ცოლ - ქმრად ცხადდება. მესამე უცნაური ცერემონიაც არსებობდა: სასიძომდა საპატარძლოს ძმამ უნდა გაცვალონ ტანსაცმელი და თუკი ძმა ამას დათანხმდება და მის ტანსაცმელს ჩაიცვამს, ეს იმას ნიშნავდა, რომ ოჯახი თანახმა არის ქორწინებაზე.

გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეუღლის შერჩევას, რომელიც უფრო მეტად ფორმალიზებულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს პროცესი ჩეროკების ნათესაობით სისტემასა და მათ კულტურაშია ჩაქსოვილი. და მეორე იმიტომ, რომ, როგორც უკვე ვახსენეთ, ისინი ძალიან კონსერვატორები არიან და ერიდებიან ქორწინებას სხვა ტომის წარმომადგენლებთან ან მათთან ვისაც სხვა ტომებთან ნათესაობა აკავშირებს.

ჩეროკებში მთავარ სანათესაო ერთეულს წარმოადგენს მატრილინეალური ნათესაობითი გაერთიანება - კლანი, რომელშიც მემკვიდრეობა ქალის ხაზით გადაიცემა. ყველა ჩეროკი მიეკუთვნება დედამისის კლანს. მის ნათესავებს კი წარმოადგენდნენ დედის ნათესავები. ჩეროკისთვის ნათესავად ითვლებიან დეიდები და დედის ძმები, დეიდაშვილები, მაგრამ არა დედის ძმის შვილები. არც მისი მამისა და ბაბუის ნათესავები ითვლებიან ნათესავებად.როდესაც ევროპელები პირველად გაეცნენ ჩეროკებს, ისინი დაყოფილნი იყვნენ 7 კლანად. ყველა კლანს თავიანთი ქალაქი ჰქონდა. მატრილინეალურ კლანში, დედის კლანის ყველა წევრი მიღებულია როგორც ოჯახის წევრი და დედის დები მისი შვილებისთვის იგივე დედად ითვლებოდნენ. ჩეროკებში დედობა უფრო მეტად სოციალურ როლს გულისხმობს ვიდრე მხოლოდ ბიოლოგიურს. ბავშვები მამამისისთვის და მამის ოჯახისთვის არ ითვლებოდნენ სისხლით ნათესავებად. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი თავიანთ მამებთან ურთიერთობდნენ და პატივს სცემდნენ. ჩეროკისთვის ევროპული გაგებით დეიდაშვილი და ბიძაშვილი დედის მხრიდან ითვლებოდნენ და - ძმებად.ოჯახის ყოველ წევრს აკრძალული აქვს მისი მშობლების ნათესავებთან ქორწინება, ხოლო მისი ბებიის ან ბაბუის ხაზის ნათესავებიდან უკვე დაშვებულია. ნათესაობითი სისტემის ამგვარი ფორმალიზების წყალობით, ჩეროკმა, თუ იგი უცხო ქალაქში იმყოფება, იცის თუ ვისგან უნდა ჰქონდეს დახმარების იმედი ან ვისით უნდა დაინტერესედეს ოჯახის შექმნის მიზნით. ასეთ ხალხს მისივე კლანის წარმომადგენელი მიეკუთვნება.

მკვიდრი ამერიკელების ნათესაობის სისტემა ევროპელების სისტემისგან რამდენიმე რადიკალური ასპექტით განსხვავდება. ერთ - ერთი განსხვავება არის ის, რომ ოჯახი არის მატრილინეალური და ოჯახში მოიაზრებიან ასევე ახლო ნათესავებიც მაგალითად, დეიდა - მამიდები და ბიძები და მათი შვილები. რაც შეეხება ჩეროკებს, ისინი დანარჩენი მკვიდრი ამერიკული ტომების მსგავსად მატრილინეალურია, მაგრამ ისინი ნათესავებში და ოჯახში გაცილებით შორეულ ნათესავებსაც მოიაზრებენ, მაგრამ მხოლოდ მკაცრად დედის მხრიდან.

საკითხავია, თუ როგორ გადარჩა ჩეროკული კლანური სანათესაო სისტემა. ეს მათი მკაცრი კონსერვატიულობის ხარჯზე მოხდა. ხშირ შემთხვევაში კლანის საბჭო კლანიდან კვეთდა იმ წევრებს ვინც სხვა კლანის ან ტომის წარმომადგენელთან დანათევსავდებოდა. 

აბორიგენი ჩეროკების სახლი იყო ოვალური ან წაგრძელებული სტრუქტურის ერთი კარითა და არცერთი ფანჯრით. ისინი შენდებოდა მეთოდით, რომელსაც ანთროპოლოგები „დაწვნა და გალესვას“ ეძახიან, ბოძები მიწაში ვერტიკალურად იყვნენ ჩარჭობილნი, რომლებიც გადაწნულნი იყვნენ მოქნილი მასალებით და გადალესილნი თიხით. ჰქონდა ორფერდა სახურავი, რომელიც ლერწმის ჩალით იყო გადახურული.

ამგვარი აბორიგენული კონსტრუქციები აღმოსავლეთ ჩეროკებში არ არის შემორჩენილი. XVIII საუკუნეში კოლონიების მოსაზღვრე ინდიელებში სახლები შენდებოდა მორებისგან. ჩეროკები მორებს მართკუთხედულად აწყობდნენ ერთმანეთთან და სართულებად ერთმანეთზე და დაბოლოებებით ამაგრებდნენ. მათ შორის სივრცეს კი თიხით ავსებდნენ. ასევე ასეთ სახლებს აქვთ მასიური თიხისგან და ქვებისგან აგებული ბუხარი, ხოლო სახურავს დაბოლოებებეში აქვს თხელი ფიცრები. დღესდღეობით ამგვარი სახლების შენებისას მკვიდრი ინდიელები თიხის მაგივრად უკვე ბეტონს იყენებენ. მოროვანი სახლები დღემდე ცოტაა შემორჩენილი. უფრო მეტად გავრცელებულია მარტივი, მართხუთხედის ფორმის, გამოჭრილი ფიცრებისგან ნაშენები სახლები. მას არც რაიმე საძირკველი აქვს, არც სხვენი. იშვიათად ღებავდნენ. გარედან შემოკრული ჰქონდა გუდრონის ფენა.

ზემოთ აღწერილი მარტივი კონსტრუქციის სახლები ძირითადად იმავე ღუმლთ თბებოდნენ, რითაც საჭმელი მზადდებოდა. წყალსადენი სისტემა ძალიან იშვიათი იყო. სახლის ინვენტარი შედგებოდა უხეში მაგიდებისგან, სკამებისგან და ტაბურეტებისგან, და ხის ან რკინის საწოლებისგან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათ შემთხვევაში ეს ავეჯი კარგად დამუშავებულიც იყო.

კიდევ ერთი სახეობის სახლი, რომელსაც ჩრდილოეთ კაროლინაში შევხვდებით, არის ორ სართულიანი, აქვს ორი ან მეტი აგურის ბუხარი და გადახურულია რკინის ან ალუმინის ფირფიტით. ამგვარი სახლები დამახასიათებელია XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის.

ყველაზე გავრცელებული კი ბუნგალოს ტიპის სახლებია. იგი ერთსართულიანია და აქვს ძალზედ დახრილი სახურავი, რომლის ქვეშაც სხვენი ან ერთი ან ორი ოთახია. აქვთ რამდენიმე ფანჯარაც განათებისთვის. ამგვარ სახლებიში ოთახები გამოყოფილია ერთმანეთისგან.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის ჩეროკები ძირითადად რომელიმე ზემოთ აღწერილ სახლში ცხოვრობენ, კიდევ არსებობს რამდენიმე სხვა სახეობაც. აქა - იქ შევხვდებით ბეტონის ბლოკებისგან ნაშენებ სახლებსაც.

ჩეროკებისთვის რელიგია, რელიგიური რწმენები და წარმოდგენები, შესაბამისი რიტუალები და ცერემონიები ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებში. მათთვის, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ხალხისთვის, რელიგია და წარმოდგენები სამყაროს მოწყობის შესახებ ჩეროკების იდენტობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო.[1]

წარმოდგენები სამყაროს მოწყობის შესახებ

რედაქტირება

ჩეროკების წარმოდგენით, დედამიწა წყლით დაფარული ბრტყელი ზედაპირი იყო. მის ცენტრშიც დიდი კუნძული მდებარეობდა, რომელზეც მცენარეები, ცხოველები და ადამიანები ცხოვრობდნენ. მათი აზრით, ეს სიბრტყე ოთხივე მხრიდან თოკებითი იყო ჩამოკიდებული ცის თაღზე. სამყაროს ამ ნაწილს ჩეროკები შუა სამყაროს („Middle World“)[10] უწოდებდნენ.

ცის თაღის ზემოთ მდებარეობდა ზედა, ზეციური სამყარო („Upper World“),[10] სადაც ადამიანებისა და ცხოველეიბის წინამძღოლი და მფარველი სულები ცხოვრობდნენ. ამ სულებს შეეძლოთ შუა სამყაროში გადმოსვლა, რათა ადამიანებს სამყაროში ჰარმონიის შენარჩუნებაში დახმარებოდნენ.

დედამიწის, ანუ შუა სამყაროს ქვემოთ მდებარეობდა ქვედა სამყარო („Under World“)[10], სადაც ბოროტი სულები სახლობდნენ. მათ ხალხისთვის სხვადასხვა დაავადებისა თუ კატასტროფის მოტანა შეეძლოთ, რითაც სამყაროს წესრიგს არღვევდნენ. ქვედა სამყაროს სულებსაც შეეძლოთ ადამიანებთან ამოსვლა მიწისქვეშა წყლების, ტბებისა და გამოქვებულების გავლით. მათ მიერ მოვლენილი უბედურებებისა და დისბალანსის გამოსასწორებლად ჩეროკები ზედა სამყაროს სულებს მიმართავდნენ სამყაროში ჰარმონიის აღდგენის თხოვნით.

სამყაროს შექმნის პირველ ეტაპზე ყველა ცოცხალი არსება ზეცის მიღმა ცხოვრობდა და მაშინ, როცა ცაში საკმარისი ადგილი აღარ იყო, საჭირო გახდა ახალი საცხოვრებლის მოძებნა. დედამიწაზე ადამიანი ცხოველებისა და მცენარეების შემდეგ მოვიდა. თავიდან მხოლოდ ერთი და და ერთი ძმა იყვნენ დედამიწაზე, მანამ სანამ ძმამ დას არ უბრძანა გამრავლება. პირველი ბავშვი შვიდ დღეში გაჩნდა და მას შემდეგ ყოველ შვიდ დღეში ახალი ადამიანი იბადებოდა. შესაბამისად ადამიანების რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზარდა და ისევ გაჩნდა საშიშროება, რომ დედამიწა მათ ვერ დაიტევდა. ჩეროკების აზრით სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა თანამედროვე ნორმა ქალის წელიწადში (9 თვეში) ერთხელ მშობიარობა და ასე დღემდე.

ჰარმონია და ბალანსი სამყაროში

რედაქტირება

სამყაროში ჰარმონიის შენარჩუნებას ჩეროკების რელიგიაში ცენტრალური ადგილი ეკავა. მათ სწამდათ ზებუნებრივი ძალების, რომლებიც ერთმანეთს აკავშირებდა ადამიანებსა და ყველა ცოცხალ არსებას (Strickland, 1982)[11]. ისინი ერთმანეთისგან არ გამოყოფდნენ სულიერ და ფიზიკურ სამეფოებს, მათ ერთ მთლიანობად აღიქვამდნენ, რის გამოც რელიგიურ რიტუალებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. შესაბამისად ჰქონდათ როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ცერემონიები და მსახურების წესები.

სხვა ადგილობრივი ხალხების მსგავსად არც ჩეროკები ცდილობდნენ ბუნებაზე გაბატონებას, ისინი უბრალოდ მასთან ერთად თანაარსებობდნენ, ბუნების ნაწილი ხდებოდნენ. მაგალითად მკურნალს შეეძლო მოესმინა მცენარის სულისთვის და გაეგო თუ რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოდგებოდა იგი.

ჩეროკების რელიგიური მსახურების წესებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა განწმენდის რიტუალებს, რომლებიც ძირითადად განკურნებისა და დაავადებების პრევენციისთვის ტარდებოდა და ამავდროულად ადამიანებს ამზადებდა ბრძოლის, ნადირობის, თევზაობის, თესვისა თუ ბავშვის დაბადებისთვის. მათში მონაწილეობას ძირითადად მამაკაცები იღებდნენ, რომლებიც ნადირობისა და ომის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უნდა განწმენდილიყვნენ.

მთელი ეს პრაქტიკა ისევ და ისევ სამყაროს ბალანსის დაცვას ემსახურებოდა. ჩეროკების აზრით, ჰარმონიის დარღვევა ავადმყოფობის, ცუდი ამინდის, უნაყოფობის, უშედეგო ნადირობისა და სხვა მრავალი უბედურების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად თვლიდნენ ეზრუნათ ბალანსის შენარჩუნებისთვის როგორც ადამიანებს შორის, ასევე სხვა ცოცხალ სამყაროსთან მიმართებითაც.

რიტუალები და ცერემონიები

რედაქტირება

ჩეროკები, სხვა აბორიგენი ამერიკელი ხალხების მსგავსად კლასიკური გაგებით სიტყვა რელიგიას არ იყენებდნენ, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფაქტები ცხადყოფს, რომ მათი მსოფლმხედველობა, აზროვნება, კულტურა, მეტყველება გაჯერებულია წმინდა რელიგიური მნიშვნელობებითა თუ ელემენტებით. ისინი სამყაროს მოწყობას მკაცრ წესებს უქვემდებარებდნენ და ყოველდღიურ ლოცვებს, რიტუალებსა და სეზონურ ცერემონიებს უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ. რამდენიმე მნიშვნელოვანი რიტუალი:

ერთ-ერთი რიტუალი „წყალთან მისვლა“ (“going to water”, James Mooney, 1982)[10] ბევრ სხვადასხვა შემთხვევაში იმართებოდა, მაგალითად ახალი მთვარის დროს, ცუდი სიზმრის შემდეგ ან ავადმყოფობისას. ითვლებოდა, რომ წყალში შესვლა ადამიანს სულს განწმენდდა. რიტუალი გამთენიისას იმართებოდა. ჩეროკი კაცები, ქალები და ბავშვები სახით აღმოსავლეთისკენ დგებოდნენ, მდინარეში შედიოდნენ და წყალში შვიდჯერ ჩაყვინთავდნენ. რიტუალის შემდეგ ადამიანი ქვედა სამყაროს სულებისგან დაცულად ითვლებოდა, ცუდი გრძნობებისგან თავისუფლდებოდა და შეეძლო ახალი, სუფთა გონებით გაეგრძელებინა ცხოვრება.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მწვანე მარცვლეულის რიტუალი („Green Corn Ceremony“)[10], რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა და აღნიშნავდა საზოგადოების სოციალურ და სულიერ რეგენერაციას. ამასთან ინაწილებდნენ პროდუქტს, საქონელს. ქალის როლი ამ რიტუალში სიმბოლურად ასახიერებს მთლიანად ქალის როლს ჩერკოების საზოგადოებაში. მარცვლეულის სული სელუ იყო პირველი ქალი, რომლის თაყვანისცემითაც ჩეროკები თავიანთი ქალების მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ. ცერემონიის დროს ჩეროკები სახლებს ასუფთავებდნენ, წინა წლის გატეხილ ნივთებს ყრიდნენ და ცეცხლს აქრობდნენ, რაც ერთგვარი ჟესტი იყო განახლებისა. ადამიანებს, მკვლელების გარდა, ყველა დანაშაულს პატიობდნენ ამ დღეს და ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას აძლევდნენ (Perdue,1979)[12].

ჩეროკების კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ფოლკლორს. ისინი ქმნიდნენ სიმღერებს როგორც რელიგიური, სასულიერო კუთხით, ისე სოციალურ თემატიკაზე. სიმღერა და ცეკვა მათი რიტუალების განუყოფელი ნაწილი და პრაქტიკულად მათი იდენტობის განმსაზღვრელი გახდა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ეს ასპექტები XXI საუკუნის ჩეროკებშიც ხშირად გვხვდება.

დაავადებები და მედიცინა

რედაქტირება

როგორც უკვე აღინიშნა, ჩეროკებისთვის თავიანთი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში უმნიშვნელოვანესი იყო ბალანსის დაცვა. შესაბამისად მათი წარმოდგენებსა და  მითებს სამყაროს მოწყობის შესახებ მთავარ ხაზად გასდევს ჰარმონიის შენარჩუნების იდეა. დაავადებებისა და მედიცინის წარმოშობის შესახებ ჩეროკებს საინტერესო მითი აქვთ, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს ზემოაღნიშნულ იდეას:

ძველ დროში ცხოველებსა და მცენარეებს შეეძლოთ ლაპარაკი და ისინი ადამიანებთან ერთად ჰარმონიულად ცხოვრობდნენ. დროთა განმავლობაში ადამიანები გამრავლდნენ, დაივიწყეს, რომ თვითონაც ბუნების ერთი ჩვეულებრივი ნაწილი იყვნენ, თავი მასზე მაღლა დააყენეს და სხვადასხვა მიზნით ბუნების გაჩანაგება დაიწყეს, ცხოველებს კლავდნენ და მცენარეებს ჭრიდნენ. ამის საპასუხოდ ცხოველთა სამყარო შეიკრიბა და ბრძოლა გამოუცხადა ადამიანებს. ყველამ თითო დაავადება აირჩია ადამიანების დასასახიჩრებლად, დასაავადებლად ან მოსაკლავად. მცენარეთა სამყარომ ეს მედება ზედმეტად სასტიკად მიიჩნია ადამიანების მიმართ, და თავის მხრივ მათაც მოიწვიეს კრება. თითოეულმა მცენარემ შეიძინა ცხოველების მიერ არჩეული კონკრეტული დაავადების განკურნების უნარი. სწორედ ამიტომ ფიქრობდნენ ჩეროკები, რომ მკურნალს შეეძლო მოესმინა მცენარის სულისთვის და გაეგო, თუ რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოდგებოდა იგი.

ადამიანებმა დაარღვიეს ბალანსი ბუნებაში, რის საპასუხოდაც ცხოველებმა სცადეს მისი აღდგენა, თუცა მათ ზედმეტად სასტიკი მეთოდი გამოიყენეს. საბოლოოდ კი მცენარეებმა მოახერხეს და დაუბრუნეს სამყაროს წონასწორობა.

ჩეროკებს ძალიან კარგად ჰქონდათ განვითარებული მედიცინა. ისინი მთლიანად ბუნებრივი მცენარეული საშუალებებით მკურნალობდნენ. ჩეროკები ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ 450-ზე მეტი სახეობის მცენარეს იცნობდნენ, რომელთა საშუალებითაც 120-ზე მეტი დაავადების განკურნება შეეძლოთ, მსუბუქი გაციებიდან გულსისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების ჩათვლით.

აღმოსავლეთში მცხოვრები ჩეროკი ტომებიკარგად იცნობდნენ გულის მედიცინას, სისხლის მიმოქცევის სისტემასა და მცენარეებს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად. დასავლური მედიცინაში განვითარებული იყო შინაგანი ორგანოების მკურნალობა, რითიც ასტიმულირებდნენ ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას. ჩრდილეთის ტომების მედიცინა ძირითადად თავისუფლების შეგრძნებასა და ადამიანის კოსმოლოგიურ კავშირებზე ამახვილებდა ყურადღებას, ხოლო სამხრეთის მედიცინა ძირითადად შინაგან ენერგიაზე დაყრდნობით გამაჯანსაღებელ პროცედურებს მოიცავდა.[1]

სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი სიცოცხლე

რედაქტირება

ჩეროკებს სჯეროდათ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების. მათი რწმენით, არსებობს ზებუნებრივი სამყარო („NIghLand“), სადაც გარდაცვლილი ადამიანების აჩრდილები ცხოვრობენ. ის, თუ როგორ ადგილზე მოხვდები გარდაცვალების შემდეგ, დამოკიდებულია ამქვეყნად ჩაენილ საქმეებზე, ფიცისა და სხვა მოვალეობების შესრულებაზე (Strickland, 1975)[11].

თუ ჩეროკს მოკლავდნენ, მის გამო შური მანამ უნდა ეძიათ, სანამ იმქვეყნიურ სამყოფელში გადავიდოდა. ჩეროკებისთვის სიკვდილი ბოროტ სულებთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად ეშინოდათ მისი. გარდაცვალებულ ადამიანს ისინი მდინარეში აგდებდნენ, წვავდნენ ან მარხავდნენ. კონტინენტის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა პრაქტიკა იყო გავრცელებული. დასაფლავებაზე პასუხისმგებელი გარდაცვლილის ნათესავები იყვნენ. ტომი ერთი ადამიანის გარდაცვალებას არ გლოვობდა. გვამის დაწვის ტრადიცია XVIII საუკუნეში ჩეროკების დიდი ნაწილის მიერ ქრისტიანობის მიღებამ ჩაანაცვლა, თუმცა ზოგიერთი ტომი ძველი ტრადიციების ერთგული დარჩა.

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 Fox, M. J. T., & Beierle, J. (2009). Culture Summary: Cherokee. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-000
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Gearing, F. O. (1962). Priests And Warriors: Social Structures For Cherokee Politics In The 18Th Century. Memoir. [Menasha, Wis.]: American Anthropological Association. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-013
  3. Gilbert, W. H. (1978). Eastern Cherokees. Bulletin ; Anthropological Papers. New York: AMS Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-023
  4. King, D. H. (1979). Introduction. Cherokee Indian Nation :A Troubled History. Knoxville: University of Tennessee Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-049
  5. French, L., Hornbuckle, J., Owl, K. F., Wachacha, H., Wachacha, Y., Crowe, R., … Panther, P. (1981). Cherokee Perspective: Written By Eastern Cherokees. Boone, North Carolina: Appalachian Consortium Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-031
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-13. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  8. 8.0 8.1 8.2 Gulick, J., & Neeley Williams, S. (1973). Cherokees At The Crossroads. Monographs. Chapel Hill, North Carolina: University of North Carolina, Institute for Research in Social Sciences. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-001
  9. 9.0 9.1 Reid, J. P. (1970). Law Of Blood: The Primitive Law Of The Cherokee Nation. New York: New York University Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-014
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Mooney, J. (1982). Myths Of The Cherokee: And Sacred Formulas Of The Cherokees. Nashville, Tenn.: C. Elder-Bookseller. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-021
  11. 11.0 11.1 Strickland, R. (1975). Fire And The Spirits: Cherokee Law Fron Clan To Court. Civilization Of The American Indian Series. Norman: University of Oklahoma Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-012
  12. Perdue, T. (1995). Women, Men And American Indian Policy: The Cherokee Response To “Civilization.” Negotiators Of Change : Historical Perspectives On Native American Women. New York: Routledge. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=nn08-039
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩეროკები“-დან