კრი
კრი[ა] (ინგლ. Cree, ფრანგ. Cris; თვითსახელწოდება — ინინივ, იიიუუ, ნეჰიიავაკ, ნეჰილავაკ, ნეჰინავაკ) — ალგონკინების ჯგუფის ინდიელი ხალხი კანადასა და აშშ-ში. მათი რაოდენობა კანადაში 200 ათასზე მეტია და უდიდეს აბორიგენულ ერს წარმოადგენს. 2000 წლის აღწერის მიხედვით, აშშ-ში მათი რაოდენობა 2500-ია. ლაპარაკობენ ამავე სახელწოდების ენაზე, აგრეთვე ინგლისურად და ფრანგულად. სარწმუნოების მხრივ, არიან კათოლიკეები, ანგლიკანები, ევანგელისტები და ორმოცდაათიანელები.[2]
კრი | |
---|---|
კრი, გადაღებულია 1903 წელს | |
საერთო მოსახლეობა | |
356 655 (2016 წლის აღწერა)[1] მ.შ. ატიკამეკი და ინუ | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ალბერტა | 95 300 |
სასკაჩევანი | 89 990 |
მანიტობა | 66 895 |
ონტარიო | 36 750 |
ბრიტანეთის კოლუმბია | 35 885 |
კვებეკი | 27 245 |
მონტანა | 3323 |
ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი | 3255 |
ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიები | 2195 |
ახალი შოტლანდია | 1780 |
ენები | კრი, ინგლისური, ფრანგული |
რელიგიები | ანგლიკანიზმი, ორმოცდაათიანელობა, კათოლიციზმი |
იყოფიან რამდენიმე ჯგუფად: აღმოსავლეთის კონტინენტური კრი (მჭიდროდ დაკავშირებული მონტანიე-ნასკაპისთან), ატიკამეკი, დასავლეთის კონტინენტური (ჭაობის) კრი, ტყის კრი და სტეპის (ვაკის) კრი. კანადაში ცხოვრობენ დასახლებებსა და რეზერვაციებში (დაახლოებით 135 ოფიციალურად დარეგისტრირებული თემი), აშშ-ში — როკი-ბოისის (მონტანა), ტერლ-მაუნტინისა და სპირიტ-ლეიკის (ჩრდილოეთი დაკოტა) რეზერვაციებში.[2]
აღმოსავლეთის კონტინენტური კრიები ცხოვრობენ ჯეიმზის ყურის აღმოსავლეთით — კვებეკში, იყოფიან ნაპირის (ვინიპეკუვიიუჩ — მარილიანი წყლის ხალხი), რომლებიც ყურის სანაპიროზე ცხოვრობენ, და კონტინენტურ ჯგუფად (ნუხჩიმივიიუჩ — რაყის ან შიდა მიწის ხალხი). კონტინენტური ჯგუფი კიდევ რამდენიმე ქვეჯგუფად იყოფა, ყველაზე დიდია მისტასინი. ზოგჯერ მას მონტანიე-ნასკაპის მიაკუთვნებენ ან ცალკე ეთნიკურ ერთობად გამოყოფენ. ატიკამეკი (თვითსახელწოდება — თეთრი თევზი; ფრანგულად ტეტ-დე-ბულ — მრგვალთავიანები) ცხოვრობენ მდინარე სენ-მორისის (კვებეკი) ზემო წელზე. ზოგჯერ გამოყოფენ ცალკე ეთნიკურ ერთობად ცალკე ენით. დასავლეთის კონტინენტური ან ჭაობის კრიები (თვითსახელწოდება — მაშკეკოუ, ჭაობის ადამიანი) დასახლებული არიან ჯეიმზის ყურისა და ჰუდსონის ყურის დასავლეთით (ონტარიოს ჩრდილოეთ და მანიტობას ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში). დასავლეთის ტყის ან უბრალოდ ტყის კრი (თვითსახელწოდება — საკანიივიიინივაკ, რაყის ხალხი) იყოფა სამ მთავარ ჯგუფად: დასავლეთის ჭაობის, ლოსის ანუ მუს-კრი (თვითსახელწოდება — მოსონი; ცხოვრობენ ჯეიმზის ყურეში დასავლეთიდან ჩამდინარე მდინარეების შუა და ზემო წელებზე, ონტარიოს ჩრდილოეთში), კლდის კრი (ვინიპეგის ტბიდან ჩრდილოეთით, მანიტობისა და სასკაჩევანის ჩრდილოეთი ნაწილი) და სტრონგვუდსის კრი (ათაბასკის ტბის სამხრეთი სანაპირო, ალბერტისა და სასკაჩევანის ჩრდილოეთი ნაწილი).[2]
ტრადიციული კულტურა ტიპურია სუბარქტიკის ინდიელებისათვის. ტაიგის ოლქებში ნადირობდნენ ლოსზე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გადამფრენ ფრინველებზე (ძირითადად ბატებზე) საგაზაფხულო ნადირობას, ჩრდილოეთის ჯგუფებისათვის — კოლექტიურ სეზონურ ნადირობას კარიბუზე, სანაპიროზე მცხოვრებთათვის — სელაპის სარეწს. საცხოვრებლად იყენებდნენ კონუსურ კარკასულ ქოხს, რომელიც დაფარული იყო დახურული ტყავით ან არყის ქერქით (პისკოკანი). არ არსებობდა გამოხატული ტომობრივი სტრუქტურა. მონადირეთა ჯგუფი ერთი ან რამდენიმე ოჯახით (25-მდე ადამიანი) ზამთარში გადადიოდნენ ტაიგაში, ზაფხულში ერთიანდებოდნენ 200-მდე ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფში. სანათესავოს გამოთვლა ბილატერალურია. ქორწინება პატრილოკალური, პირველი ბავშვის დაბადებამდე — მატრილოკალური. ადგილი ჰქონდა ლევირატს, სორორატს, ორმხრივ კროსკუზენურ ქორწინებას, რითაც ქმნიდნენ მყარ თაობათაშორის კავშირებს (კოლინგ-რივერის სტეპის კრისათვის ეს დამახასიათებელი იყო 1940-იან წლებამდე). სანათესავოს ტერმინთა სისტემა ბიფურკაციური ტიპისაა (ნათესავები და მოყვრები გაერთიანებული არიან დრავიდული ვარიანტით); დედმამიშვილები კლასიფიცირდებიან შეფარდებითი ასაკითა და სქესით. სანათესავოს ტერმინები კუთვნილების მაჩვენებლის გარეშე არ გამოიყენება. დამახასიათებელია სარეწის კულტები, წარმოდგენები მანიტუსა და კანიბალ ვანდიგოს სულებზე. ტრადიციული ცერემონიებია შამანური წესი „კარვის რხევა“, რიტუალური ორთქლის აბანოები.[2]
ევროპელებთან (ინგლისელებთან და ფრანგებთან) კონტაქტში არიან XVII საუკუნიდან. ვითარდება ბეწვეულით ვაჭრობა და სავაჭრო ფაქტორიების სისტემა. ყინულის სამტვრევ ლითონის ძალაყინთან და თოკის დაწნულ ბადესთან ნაცნობობამ აამაღლა ზამთრის თევზჭერის როლი. ცეცხლსასროლი იარაღის მიღების შემდეგ ჩრდილოეთის ჯგუფებმა დაიწყეს ჩიპევაიანის შევიწროება.[2]
XVIII საუკუნის დასაწყისში დასავლეთის ტყის კრიებმა მოკავშირე ასინიბოინებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთით, სტეპში დაიწყეს წაწევა (დღევანდელი სასკაჩევანი, ალბერტა), რითაც სათავე დაუდეს სტეპის, იგივე ვაკის კრის (თვითსახელწოდება — ვასკვავიინიუ, პრერიის ხალხი). XVIII საუკუნის შუა ხანებში გადავიდნენ ბიზონებზე ცხენებით ნადირობაზე და შეითვისეს დიდი ვაკეების ინდიელთათვის დამახასიათებელი კულტურა. თემებს მეთაურობდნენ ბელადები (ოკიმავ), თითოეული თემის მებრძოლები ერთიანდებოდნენ მამაკაცთა კავშირში. უმთავრესი ცერემონია იყო მზის ცეკვა. 1876 წლის ხელშეკრულებით სტეპის კრიები რეზერვაციებში დასახლდნენ. ბევრმა მონაწილეობა მიიღო 1885 წლის მეტისების აჯანყებაში ლუი რილის მეთაურობით, რომლის ჩახშობის შემდეგ ნაწილი აშშ-ში გაიქცა, სადაც 1916 წელს მიიღეს რეზერვაცია.[2]
სუბარქტიკის კრიები XX საუკუნის შუა ხანებამდე იყვნენ დაკავებული ბეწვეულის სარეწით (ტრაპერობით), უფროსი ასაკის ხალხი ცხოვრების ტრადიციულ წესს ინარჩუნებს; მუშაობენ აგრეთვე ტურიზმის დარგში, სატყეო მეურნეობაში, სოციალურ სფეროში. 1960-იანი წლების ბოლოს მკვეთრად გაიზარდა პოლიტიკური აქტივობა საკუთარი უფლებებისათვის ბროლისთვის. მთავრობასთან დადებული აქვთ ხელშეკრულებები ინდიელთა მიწებზე ჰიდრომშენებლობასთან დაკავშირებით. კრიებს შორის პოპულარულია ფესტივალი — პაუ-ვაუ.[2]
გალერეა
რედაქტირება-
ქალი და ბავშვები, მანიტობა, 1942
-
ბელადი „ქარის მეფე“
-
ბელადი „მეხის ღრუბელი“
-
ბელადი „იხვზე მონადირე“
-
გოგონა, 1928
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ სახელწოდება მომდინარეობს ფრანგული ენიდან, XVII საუკუნეში ჯეიმზის ყურის სამხრეთით მცხოვრები ინდიელების სახელის მიხედვით — კილისტინონ, კირისტინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Mason, L. (1967). The Swampy Cree: a study in acculturation. Ottawa.
- Clermont, N. (1977). Ma femme, ma hache et mon couteau croche: deux siècles d’histoire а̀ Weymontachie. Québec.
- Turner, D. H. (1977). Wertman P. Shamattawa: the structure of social relations in a Northern Algonkian Band. Ottawa.
- Turner, D. H. (1978). Dialectics in tradition: myth and social structure in two hunter-gatherer societies. London.
- Mandelbaum, D. G. (1978). The Plains Cree: an ethnographic, historical, and comparative study. Regina.
- Preston, R. J. (1981). Handbook of North American Indians, Vol. 6. Washington.
- McNulty, G. E.; Gilbert, L. (2001). Attikamek (Tête de Boule) // Ibid; Honigmann J. J. West Main Cree // Ibid; Smith J. G. E. Western Woods Cree // Ibid; Darnell R. Plains Cree // Ibid, Vol. 13. Pt. 1. Washington.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კრი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)