ომაიანთა სახალიფო
ომაიანთა სახალიფო, დამასკოს სახალიფო — ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც განაგებდნენ ომაიანთა დინასტიის ხალიფები. დედაქალაქის სახელის მიხედვით ეწოდება აგრეთვე დამასკოს სახალიფო. ხალიფებს ეკუთვნოდათ სასულიერო და საერო ხელისუფლება. ომაიანებმა დაიპყრეს ჩრდილოეთი აფრიკა, პირენეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი, მცირე აზია, სინდი, ტაბარისტანი და გორგანი. VI-VII საუკუნეების მიჯნაზე განიმტკიცეს მდგომარეობა ამიერკავკასიაშიც. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს სახალიფოს ადმინისტრაციული ერთეული — თბილისის საამირო.
ომაიანთა სახალიფო الخلافة الأموية | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ომაიანთა სახალიფო მაქსიმალური გაფართოების პერიოდში | |||||||
დედაქალაქი | დამასკო | ||||||
ენა | არაბული (ოფიც.) სპარსული, ბერძნული (ადმინისტრაციულ დაწესებულებებში აბდ ალ-მალიქის ხალიფობამდე) და დაპყრობილი ერების ენა | ||||||
რელიგია | ისლამი | ||||||
ფულის ერთეული | ოქროს დინარი, დირჰემი | ||||||
ფართობი | 15 000 000 კმ² (750 წლისთვის) | ||||||
მოსახლეობა | 62 000 000 (VII საუკუნე) | ||||||
მმართველობის ფორმა | სახალიფო | ||||||
დინასტია | ომაიანები | ||||||
პირველი ხალიფა | |||||||
- 661–680 | მუავია I | ||||||
უკანასკნელი ხალიფა | |||||||
- 744-750 | მარვან II იბნ მუჰამადი | ||||||
მოიცავდა ამჟამინდელ ქვეყნებს (მთლიანად ან ნაწილობრივ): | ავღანეთი, ალჟირი ანდორა, სომხეთი აზერბაიჯანი, ბაჰრეინი ჩინეთი, კვიპროსი ეგვიპტე, ერიტრეა საფრანგეთი, საქართველო საბერძნეთი, ინდოეთი ირანი, ერაყი ისრაელი, იტალია იორდანია, ყაზახეთი ქუვეითი, ყირგიზეთი ლიბანი, ლიბია მავრიტანია, მაროკო ომანი, პაკისტანი პალესტინა, პორტუგალია კატარი, რუსეთი საუდის არაბეთი, სომალი ესპანეთი, სირია ტაჯიკეთი, ტუნისი თურქეთი, თურქმენეთი უზბეკეთი, იემენი არაბთა გაერთიანებული საამიროები დასავლეთი საჰარა | ||||||
ისტორია
რედაქტირებაომაიანთა სახალიფოში მიწები ითვლებოდა სახელმწიფო საკუთრებად. მიწაზე დაწესებული იყო ორი გადასახადი: უშრი (მეათედი) მუსლიმანთა მიწაზე და ხარაჯა არამუსლიმანთა მიწებზე. სახალიფოს ძირითად მოსახლეობას გლეხები შეადგენდნენ, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ. სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მიზნით VII საუკუნის ბოლოს ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის დროს ჩატარდა რეფორმები, რომელთა შედეგად მოწესრიგდა საფოსტო კავშირი სახალიფოს დაშორებულ მხარეებთან, სახელმწიფო ენად არაბული გამოცხადდა, ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან განიდევნა სპარსული და ბერძნული ენები. სასანური და ბიზანტიური მონეტები შეიცვალა ოქროს დინარებით და ვერცხლის დირჰემებით, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას მთელი სახალიფოს მასშტაბით. ომაიანებმა გაადიდეს საგადასახადო განაკვეთები დაპყრობილ ქვეყნებში, რასაც გლეხობამ მიწების მიტოვებითა და ქალაქებში გაქცევით უპასუხა. ხაზინის შემოსავლის შენარჩუნების მიზნით გლეხებს იძულებით აბრუნდებდნენ. ამის გარდა, დაპყრობილ ქვეყნებში ჩასახლებულ არაბთა ზედაფენის მიერ არამუსლიმ მიწათმფლობელთა მიწების მითვისებამ შეამცირა სახარაჯო მიწების რაოდენობა. მეორე მხრივ, დაპყრობილი მოსახლეობის გამუსლიმანებას მოსდევდა არამუსლიმან ქვეშევრდომებზე (ზიმიები) დაწესებული სულადი გადასახადის – ჯიზიის გადამხდელთა რიცხვის შემცირება. ამ ტენდენციების აღსაკვეთად 700 წელს გამოცემული კანონის შესაბამისად გამუსლიმანებული არაარაბი (მავალი) არ გათავისუფლდებოდა ჯიზიისაგან, ხოლო არამუსლიმთა მიწებს დაპატრონებული არაბები კვლავ გადაიხდიდნენ ხარაჯას და არა უშრს. იმის გამო, რომ არაარაბები, გამუსლიმანების მიუხედავად, უფლებრივად ვერ გაუთანაბრდნენ არაბებს, ისლამის გავრცელება დაპყრობილ ქვეყნებში შეფერხდა. ასეთ პოლიტიკას მოჰყვა დაპყრობილი ქვეყნების ექსპლუატატორული კლასების უკმაყოფილების ზრდა, რომლებიც ომაიანებმა ვერ გადააქციეს თავიანთ სოციალურ დასაყრდენად. VIII საუკუნიდან გაძლიერდა ანტიფეოდალური ბრძოლა, რაც შიიტობისა და ხარიჯიტობის ლოზუნგებით მიმდინარეობდა. დაძაბული ვითარების გასანელებლად ხალიფა უმარ II (717-720 წწ.) იძულებული გახდა არაარაბი მუსლიმანები არაბებთან გაეთანაბრებინა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა მალე აღადგინეს 700 წლის კანონი.
ომაიანთა მმართველობის დასასრული
რედაქტირებაარაბთა ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი კერა იყო ამიერკავკასია. 736-738 წლებში ომაიანებმა ამიერკავკასიაში მოაწყვეს დამსჯელი ლაშქრობა მურვან ყრუს მეთაურობით. ომაიანებს ოპოზიციაში ჩაუდგნენ აგრეთვე ირანელი ფეოდალები (დეჰყანები). ისინი დაუკავშირდნენ აბასიანებს, რომლებმაც ფართო მასების ანტიფეოდალური მოძრაობა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს. 750 წელს აბუ მუსლიმის აჯანყების შედეგად ომაიანთა დინასტია დაემხო, ძალაუფლება აბასიანების ხელში გადავიდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 523.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Umayyads დაარქივებული 1997-07-20 საიტზე Wayback Machine.
- Timeline of Islamic caliphs by Happy Books დაარქივებული 2016-03-29 საიტზე Wayback Machine.
- Interactive Family tree of Umayyah ibn Abd Shams by Happy Books დაარქივებული 2012-01-12 საიტზე Wayback Machine.