ხარაჯა (არაბ. خراج) — მიწაზე დაწესებული გადასახადი ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. არაბებს ეს გადასახადი მათ მიერ დაპყრობილი სასანური ირანის ტერიტორიაზე დახვდათ, სადაც იგი კავად I - ხოსრო I ანუშირვანის რეფორმების შედეგად შემოიღეს. სახალიფოში ხარაჯა სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა: იგი აღნიშნავდა ზოგადად ხარკს არამუსლიმანებისაგან (როგორც მიწის გადასახადს, ისე სულად გადასახადსაც), კონკრეტულად კი მიწის გადასახადს. სახალიფოში ხარაჯის 2 სახე არსებობდა: ხარაჯა მუკასამა — გადასახადი მოსავლის რაოდენობის მიხედვით (იღებდნენ ნატურით) და ხარაჯა მისაჰა — გადასახადი ფართობის მიხედვით (იღებდნენ ფულს, ან შერეული სახით — ნატურა, ფული). ხარაჯას თავდაპირველად იხდიდნენ მხოლოდ არამუსლიმანები, შემდგომში კი — მუსლიმანი მიწათმფლობელებიც. ოსმალეთის იმპერიაში XVIII საუკუნის დასასრულიდან ხარაჯა ჯიზიას შეერწყა, ეგვიპტეში კი 1907 წელს ხარაჯა საშემოსავლო გადასახადით შეიცვალა.

ტერმინი ხარაჯა გარკვეული დროიდან ქართულშიც დამკვიდრდა. აქაც იგი რამდენიმე მნიშვნელობით იხმარებოდა: აღნიშნავდა დაპყრობილ ხალხებზე დადებულ ხარკს, მიწაზე დაწესებულ გადასახადს. XII საუკუნეში კი საერთოდ გადასახადის აღმნიშვნელ ცნებად იქცა.

ლიტერატურა

რედაქტირება