ქართული ფილმი — მხატვრული ფილმების კინოკონცერნი თბილისში. დაარსდა 1921 წელს. 1923 წლიდან საქართველოს „სახკინმრეწვი“ („Госкинпром“), 1953 წლიდან ამჟამინდელი სახელით.

კინოსტუდია „ქართული ფილმი“

ისტორიარედაქტირება

ქართული კინოფილმების წარმოება იწყება 1908 წლიდან. ვასილ ამაშუკელმა და ალექსანდრე დიღმელოვმა გადაიღეს პირველი დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ძირითადად ასახავდნენ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით“, „ბაქოს ბაზრები“, „ქუთაისის პეიზაჟები“ და სხვ. 1908 წელი ოფიციალურადაა მიჩნეული ქართული კინოს ისტორიის დასაწყისად. 1912 წელს ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში” შედგა პრემიერა ვასილ ამაშუკელის ფილმისა „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი, პირველი ფილმი. ეს იყო მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. 1916 წელს გერმანე გოგიტიძის თაოსნობით რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი სრულმტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

1918 წელს ბელგიური კინოფირმა „ფილმეს“ მეშვეობით თბილისში დაარსდა პირველი კინოსტუდია. 1923 წელს ზემოაღნიშნული სტუდიის ბაზაზე დაარსდა „სახკინმრეწვი“. 1928 წელს შეიქმნა კინოქრონიკის სექტორი. ამ პერიოდისთვის საქართველოში უკვე გადაღებული იყო 200 მდე მხატვრული და ქრონიკალური ფილმი. 1938 წელს „სახკინმრეწვს“ ეწოდა „თბილისის კინოსტუდია“. 1947 წელს გაიხსნა სტერეოკინოს სტუდია, სადაც გადაღებულ იქნა პირველი საბჭოთა სრულმეტრაჟიანი სტერეოსკოპული ფილმი. 1951 წლიდან თბილისის კინოსტუდიამ დაიწყო ფერადი ფილმების წარმოება. 1953 წელს თბილისის კინოსტუდიას ეწოდა „ქართული ფილმი“ („Грузия-фильм“). 1956 წლიდან, როდესაც საქართველოს ტელევიზიამ დაიწყო მაუწყებლობა, გაიხსნა სატელევიზიო ფილმების სტუდია.

ქართული კინოს ასათწლიანი ისტორიის მანძილზე შექმნილია 800-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 1600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული, 600-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმი. კინოსტუდიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი რეჟისორები: ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, რეზო გაბრიაძე, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, სერგო ფარაჯანოვი, გიგა ლორთქიფანიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, თენგიზ აბულაძე, ნანა ჯორჯაძე, თემურ ბაბლუანი და სხვები.

„ქართული ფილმის“ მიერ გამოიცა: ორი საიუბილეო წიგნი („ქართული კინო-110“ და „ქართული ანიმაცია-90“), 15 საბავშვო წიგნი 4 ენაზე, 7 კინოსცენარი 3 ენაზე.[წყარო არ არის მითითებული 37 დღე]

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ეტაპობრივად განხორციელდა რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნების პროცესი. XX საუკუნის 20-იან წლებში „სახკინმრეწვის“ ბაზაზე შექმნილი 200 მხატვრული და ქრონიკალური ფილმიდან რუსეთის საცავში მხოლოდ 54 ინახებოდა, რომელთა ნაწილი უკვე დაბრუნდა საქართველოში. მათ შორისაა მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარი „მათი სამეფო“ (1928), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულ ფილმად ითვლებოდა. იგი პირველი ქართველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის სადებიუტო ნამუშევარიცაა. ფილმში უნიკალური ქრონიკალური მასალაა გამოყენებული. დაბრუნებულ ფილმებს შორის არის აგრეთვე: რეჟ. ალექსანდრე წუწუნავას ფილმები „ხანუმა“ (1926), „ორი მონადირე“ (1927) და „ჯანყი გურიაში“ (1928); რეჟ. კოტე მარჯანიშვილის „კრაზანა“ (1928) და „კომუნარის ჩიბუხი“ (1929); რეჟ. ნ.შენგელაიას „გიული“ (1927); რეჟ. გ.მაკაროვის „ქალი ბაზრობიდან“ (1928); რეჟ. კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია“ (1928. ძველი ვერსია); რეჟ. მ.ჭიაურელის „საბა“ (1929); რეჟ. თენგიზ აბულაძის „მონანიება“ (1986) და სხვ.[1]

 
კინოსტუდიის ფირსაცავი

კინოსტუდიის განახლებულ ფირსაცავში ინახება 50000-მდე კოლოფი ფირი, რომელთაგან 25000-მდე მარტო დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ სრული არქივია. ცალკე აღსანიშნავია საკოსტუმერო-სარეკვიზიტო, სადაც უნიკალური ნივთები ინახება.

110 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო გამოფენა, რომელზეც მოწვეული იყო თითქმის ყველა ქართველი კინემატოგრაფისტი და დიპლომატიური კორპუსი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 70-მდე ისტორიული კოსტუმი და კინოფილმებში გამოყენებული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იარაღი, ასევე კინოსტუდიაში მოღვაწე ხელოვანთა ისტორიული ფოტოები, 200-მდე კინოესკიზი (კოსტიუმების, ანიმაციების და სხვა), კინოკამერები და გადამღები ტექნიკა. სტუმრებს შეეძლოთ რეკვიზიტებთან მწვანე ფონზე გადაეღოთ სურათები.[წყარო არ არის მითითებული 37 დღე]

კინოსტუდია ეროვნულ არქივთან ერთად აქტიურად მუშაობს ანიმაციური ფილმების აღდგენაზე.

ცნობილი ფილმებირედაქტირება

ჯილდოები და პრემიებირედაქტირება

ქართულ კინოს მონაწილეობა აქვს მიღებული 400-ზე მეტ კინოფესტივალზე და ფორუმზე, სადაც აღებული აქვს 300-ზე მეტი გრან პრი

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. „17 ქართული ფილმი საქართველოში ბრუნდება“. mes.gov.ge. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)