სკორპიონსი

(გადამისამართდა გვერდიდან Scorpions (ჯგუფი))
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სკორპიონსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სკორპიონსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

სკორპიონსი (ინგლ. Scorpions) — გერმანული როკ-ჯგუფი ჰანოვერიდან. მათ მიერ შესრულებული მუსიკის ძირითადი ჟანრია მძიმე მეტალი[1][2][3][4] და მძიმე როკი[5][6][7]. სკორპიონს პოპულარობა მოუტანა მათმა საუკეთესო სიმღერებმა, რომლებმაც ხალხში უდიდესი მოწონება დაიმსახურა: Rock You Like a Hurricane, Wind of Change, No One Like You, Still Loving You, Humanity, Send Me an Angel და სხვა. ჯგუფი 46-ე ადგილზეა VH1-ის მძიმე როკის საუკეთესო შემსრულებლების სიაში,[8] Rock You Like a Hurricane კი მეთვრამეტეა VH1-ის სიაში 100 საუკეთესო მძიმე როკ სიმღერა.[9] 2010 წლის 24 იანვარს 45 წლიანი აქტიური მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი შვებულებას აიღებენ ახალი ალბომის Sting in the Tail მხარდამჭერი ტურნეს შემდეგ.[10][11] სკორპიონსმა გაყიდა 100-დან[12][13][14] 150-მდე[15][16] მილიონი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ოფიციალური სახელი არის Scorpions, ისინი ხშირად არიან მოხსენიებულნი, როგორც The Scorpions. მათი ოფიციალური საიტის დასახელებაც (the-scorpions.com) ამის ერთ-ერთი მაგალითია.

სკორპიონსი

სკორპიონსი 2014 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ჰანოვერი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, მძიმე მეტალი
აქტიური 1965 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Rhino, RCA, Mercury, EMI, Atlantic, WEA, BMG
წევრები კლაუს მაინე
მათიას იაბსი
რუდოლფ შენკერი
პაველ მონცივოდა
ჯეიმზ კოტაკი
ყოფილი წევრები იხილეთ: ყოფილი წევრების სია
საიტი ოფიციალური საიტი
სკორპიონსი ვიკისაწყობში

დაარსება და ადრეული წლები (1965-1973)

რედაქტირება

რიტმურმა გიტარისტმა რუდოლფ შენკერმა დაიწყო ჯგუფის შექმნა 1965 წელს. თავდაპირველად ჯგუფის ვოკალი თავად რუდოლფი იყო. ჯგუფის მოღვაწეობა დაიწყო 1969 წელს, როდესაც რუდოლფის უმცროსი ძმა, მიხაელ შენკერი და ვოკალისტი კლაუს მაინე მოვიდნენ ჯგუფში.

1972 წელს ჯგუფმა ჩაწერა და გამოუშვა მათი პირველი ალბომი Lonesome Crow, ლოთარ ჰაიმბერგთან ბას-გიტარაზე და დრამებზე ვოლფგანგ ძიონისთან ერთად. Lonesome Crow-ს მხარდამჭერი ტურნეს დროს, სკორპიონსმა დააარსა ჯგუფი UFO. ტურნეს დასასრულისას, UFO-ს წევრებმა მიხაელს შესთავაზეს ჯგუფში მუშაობა მთავარ გიტარისტად. იგი შეთავაზებას მალევე დათანხმდა. ჯგუფმა ტურნეს დასრულებისთვის დროებით მოიწვია გიტარისტი ულრიხ როთი, ძმები შენკერების მეგობარი.

მიხაელ შენკერის წასვლამ ჯგუფში განხეთქილება გამოიწვია. ულრიხ როთს შესთავაზეს სკორპიონსში მისვლა მთავარ გიტარისტად, მაგრამ შემოთავაზებაზე უარი თქვა და არჩია ჯგუფ დაუნ როადში დარჩენა. რუდოლფს გადაწყვეტილი ჰქონდა, ემუშავა ულრიხ როთთან, მაგრამ სკორპიონსის ბოლო შემადგენლობის აღდგენა არ სურდა. რუდოლფი დაესწრო დაუნ როადის რამდენიმე რეპეტიციას და საბოლოოდ გადაწყვიტა ჯგუფში მისვლა. იმ დროისთვის ჯგუფში იმყოფებოდნენ როთი, ფრანსის ბუხჰოლცი (ბას-გიტარა), ახიმ კირშნინგი (კლავიში) და იურგენ როზენთალი (დრამები). ულრიხი და ფრანსისი იყოლიებდნენ რუდოლფს ჯგუფში კლაუს მაინეს მოწვევაზე მთავარი ვოკალის პოზიციაზე, რაც მან გააკეთა კიდეც მალევე. ამ დროისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დაუნ როადის უფრო მეტი წევრი იყო ჯგუფში, ვიდრე სკორპიონსის, მათ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ სკორპიონსის სახელი, რადგან იგი უფრო კარგად იყო ცნობილი გერმანულ მძიმე როკ სცენაზე და ალბომიც იყო გამოშვებული ამ სახელით.

პოპულარობის გაზრდა (1974-1978)

რედაქტირება
 
კლაუს მაინე

1974 წელს სკორპიონსის ახალმა შემადგენლობამ გამოუშვა ალბომი სახელად Fly to the Rainbow. ამ ალბომმა უფრო დიდი მოწონება დაიმსახურა ვიდრე Lonesome Crow-მა. ალბომში შესული სიმღერები Speedy's Coming და Fly to the Rainbow იქცა სკორპიონსის ჰიმნად. ახიმ კირშნინგმა გადაწყვიტა დაეტოვა ჯგუფი ჩაწერის შემდეგ. ჯგუფი მალევე დატოვა იურგენ როზენთალმაც, რადგან არმიაში უნდა წასულიყო. 1976 წელს მივიდა პროგრესულ როკ ჯგუფში, სახელად ელოი და ჩაწერა 3 ალბომი მათთან ერთად. სკორპიონში იგი ჩაანაცვლეს ბელგიელი დრამერით, რუდი ლენერსით.

1975 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი In Trance, რამაც სათავე დაუდო ჯგუფის ხანგრძლივ თანამშრომლობას გერმანელ პროდიუსერ დიტერ დირკსთან. ალბომმა სკორპიონსი, როგორც მძიმე როკ ჯგუფი, წინა პლანებზე წამოწია და პოპულარობა მოუტანა როგორც შინ, ასევე საზღვარგარეთ. ფანების მიერ ალბომში ყველაზე კარგ სიმღერებად დღემდე მიჩნეულია Dark Lady, Robot Man და In Trance.

1976 წელს სკორპიონსმა გამოუშვა მორიგი ალბომი Virgin Killer. ალბომის გაფორმება მოიცავდა შიშველი მოზარდი გოგონას გამოსახულებას დაფარულს გატეხილი შუშით. გარეკანის დიზაინი ეკუთვნის სტეფან ბოულის, რომელიც მუშაობდა RCA Records-ში,[17] ჯგუფის ლეიბლში იმ დროისთვის. ჯგუფი გაკრიტიკებული იქნა გარეკანის გაფორმების გამო და ზოგიერთ ქვეყანაში იგი ჩაანაცვლეს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, თვითონ ალბომმა მნიშვნელოვანი ქება დაიმსახურა მუსიკის გამო კრიტიკოსებისა და ფანების მხრიდან.

მომავალ წელს ჯგუფი დატოვა რუდი ლენერსმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. იგი ჩაანაცვლა ჰერმენ რარებელმა.

1977 წლის ალბომი იყო Taken by Force. RCA Records-მა გარკვეული ძალისხმევა ჩადო ალბომის პოპულარიზაციაში მაღაზიებსა და რადიოში. სინგლი ალბომიდან Steamrock Fever დამატებულ იქნა RCA-ს ზოგიერთ სარეკლამო ჩანაწერში რადიოსთვის. როთი უკმაყოფილო იყო იმ კომერციული მიმართულების გამო, რომელიც ჯგუფს ეკავა. იგი გაჰყვა ჯგუფს იაპონურ ტურნეზე, რის შემდეგაც დატოვა იგი ზუსტად ორმაგი ცოცხალი ალბომის Tokyo Tapes გამოშვების წინ 1978 წელს და ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი Electric Sun. ალბომი გამოვიდა აშშ-სა და ევროპაში მისი იაპონური გამოცემიდან ექვსი თვის შემდეგ. ამ დროისთვის, შუა 1978 წელს, დაახლოებით ას ორმოცი გიტარისტის მოსმენის შემდეგ ჯგუფმა შემოიერთა ახალი გიტარისტი, მათიას იაბსი.

კომერციული წარმატებები (1979-1991)

რედაქტირება
 
მათიას იაბსი

იაბსის დამატების შემდეგ ჯგუფმა შეიცვალა ლეიბლი და RCA-ს მაგივრად კონტრაქტი გააფორმა Mercury Records-თან აშშ-ში, ხოლო ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში Harvest და EMI გახდნენ სკორპიონსის დისტრიბუტორები. სკორპიონსმა მათთან ჩაწერა მომდევნო ალბომი Lovedrive, რომელსაც პროვოკაციული გაფორმება ჰქონდა. ჯგუფს დაუბრუნდა UFO-დან ალკოჰოლიკობის გამო ზუსტად ერთი კვირის წინ გამოგდებული მიხაელ შენკერი მოკლე პერიოდით, ალბომის ჩაწერის განმავლობაში. ჯგუფში აღმოჩნდა სამი გიტარისტი ერთდროულად (თუმცა მიხაელის წვლილი ალბომში საბოლოოდ მხოლოდ სამი სიმღერით შემოიფარგლა). ამ მუშაობის შედეგია ალბომი Lovedrive, რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი ჯგუფის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევს.[18] ალბომი შეიცავდა რა ისეთ სიმღერებს, როგორებიცაა Loving You Sunday Morning, Always Somewhere, Holiday და ინსტრუმენტალს Coast to Coast, მძიმე როკ სიმღერების სკორპიონსის ფორმულა მყარად შეერწყა მელოდიურ ბალადებს. ალბომმა მიაღწია 55-ე ადგილს აშშ-ის ჩარტებში, რამაც დაადასტურა, რომ სკორპიონსი საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ პოპულარული იყო. ალბომის გამოშვების შემდეგ ჯგუფმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა მიხაელი ჯგუფში, რამაც აიძულა მათიას იაბსი, წასულიყო ჯგუფიდან. თუმცა, მიხაელი ვერ შეელია ალკოჰოლს და რამდენიმე კვირის მანძილზე ჩატარებული კონცერტების განმავლობაში ზოგი მათგანი გამოტოვა, ერთ-ერთ კონცერტზე კი სცენაზე წაიქცა. სკორპიონსმა კვლავ იაბსი მიიწვია იმ კონცერტებზე დასაკვრელად, რომლებზედაც მიხაელს არ შეეძლო. 1979 წლის აპრილში ჯგუფის ფრანგული ტურნეს დროს იაბსი მიხაელის პერმანენტული შემცვლელი გახდა.

1980 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი Animal Magnetism, კვლავ პროვოკაციული გაფორმებით. ალბომის საუკეთესო სიმღერად მიჩნეულია The Zoo, Animal Magnetism და Only a Man. ალბომის გამოშვებიდან ცოტა ხანში კლაუს მაინეს ყელთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა. მან მოითხოვა ოპერაცია ხმის იოგებზე, რასაც მოჰყვა ეჭვები, რომ იგი ვეღარასოდეს იმღერებდა.

1981 წელს, სანამ მაინე მკურნალობდა, ჯგუფმა დაიწყო მომდევნო ალბომზე Blackout მუშაობა. მოწვეულ იქნა დონ დოკენი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ხელმძღვანელობა და ბეკ-ვოკალი მაინეს გამოჯანმრთელებამდე.[19] მაინე სრულად გამოჯანმრთელდა და შეძლო დაემთავრებინა ალბომი. Blackout გამოვიდა 1982 წელს და მალე გახდა ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი ალბომი იმ დროისთვის, რამაც სკორპიონს პლატინის ალბომი შესძინა. მაინეს ვოკალში არავითარი სისუსტე იგრძნობოდა და ალბომის კრიტიკული შეფასებაც კარგი იყო. ალბომში შედის სამი ჰიტი: Dynamite, Blackout და No One Like You, ასევე ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორებიცაა: When The Smoke Is Going Down, Can't Live Without You, China White და სხვა.

Blackout-ის წარმატებით პოპულარობამოხვეჭილმა სკორპიონსმა ცოცხალი წარმოდგენა მოაწყო 375 000 ფანის წინაშე სამ დღიანი ფესტივალის მეორე დღეს აშშ-ში. კონცერტი გააშუქა MTV-მ პირდაპირი ეთერით, რამაც ჯგუფის შესანიშნავი ცოცხალი წარმოდგენა კიდევ უფრო მეტ მაყურებელს უჩვენა.

ჯერ კიდევ 1984 წლამდე, ალბომის Love at First Sting გამოშვებამდევე, სკორპიონსი უკვე შერაცხილი იქნა როკის სუპერვარსკვლავად. სინგლები Rock You Like a Hurricane და Love at First Sting ჩარტების სათავეებში მოექცნენ და აშშ-ში ორჯერ გახდა პლატინის გამოშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. სკორპიონსმა კვლავ მოახერხა სკანდალის მოწყობა ალბომის პროვოკაციული გაფორმებით. ზოგიერთმა მაღაზიამ ალბომის გაფორმება მეტისმეტად პროვოკაციულად მიიჩნია და მის გაყიდვაზე უარი განაცხადა. MTV-მ სკორპიონსის ვიდეოებს Rock You Like a Hurricane, Bad Boys Running Wild, Big City Nights და პაუერ ბალადას Still Loving You ეთერის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ალბომის პოპულარიზაციაში. არხმა სკორპიონსი მონათლა კიდეც და როკის ელჩები უწოდა.

ჯგუფი ალბომის მხადრასაჭერად ინტენსიურ ტურნეებს მართავდა და გადაწყვიტა, ჩაეწერა და გამოეშვა მეორე საკონცერტო ალბომი World Wide Live 1985 წელს. მათი პოპულარობის მწვერვალზე ჩაწერეს რა მსოფლიო ტურნე, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ალბომი გამოდგა კიდევ ერთი წარმატება ჯგუფისთვის, აშშ-ის ჩარტებში - მეთოთხმეტე, ხოლო ბრიტანულ ჩარტები მეთვრამეტე ადგილს მიაღწია.

ტურნეების შემდეგ საბოლოოდ ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას და ჩაწერეს მორიგი ალბომი Savage Amusement. გამოშვებული 1988 წელს, ოთხი წლის შემდეგ მატი წინა ალბომიდან, Savage Amusement-ში წარმოდგენილი იყო უფრო პროგრესული როკი, რომელიც წააგავდა იმ სტილს, რომელმაც ჯგუფი დეფ ლეპარდი გახადა პოპულარული. ალბომი კარგად გაიყიდა, თუმცა კრიტიკოსების განაწყენება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ბრიტანულმა მძიმე როკ ჟურნალმა Kerrang! ალბომს ხუთი ვასკვლავიდან ხუთივე მიანიჭა.

 
სკორპიონსის ლოგო

ალბომის მხარდამჭერ ტურნეზე 1988 წელს სკორპიონსი გახდა მეორე დასავლური ჯგუფი, რომელმაც საბჭოთა კავშირში ჩაატარა კონცერტი (პირველი იყო Uriah Heep, 1987 წლის დეკემბერში), კერძოდ კი ლენინგრადში. მომდევნო წელს ჯგუფი კვლავ დაბრუნდა საბჭოთა კავშირში ფესტივალზე Moscow Music Peace Festival დასაკვრელად. 1991 წელს ჯგუფი ოფიციალურ მიღებაზე წარუდგა მიხაილ გორბაჩოვს, ამ შეხვედრას სხვა ჯგუფებიც ესწრებოდნენ, საინტერესოა კლაუს მაინეს სიტყვები, რითაც მან გორბაჩოვს მიმართა:

 
„ჩვენი მშობლები აქ იარაღით მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ მოვედით გიტარებით(კლაუს მაინე)“

ჯგუფმა ჩამოაყალიბა ძლიერი რუსი ფანების ბაზა და დღემდე რეგულარულად ატარებს კონცერტებს რუსეთში.[20]

ჯგუფს სურდა იმ სტილისგან გაქცევა, რომელიც ბოლო ალბომში იყო წარმოდგენილი. ჯგუფი იცვლის საკუთარ პროდიუსერს, დიტერ დირკსს, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებდა და ახალ პროდიუსერად ირჩევს კაით ოლსენს, რის შემდეგაც უბრუნდება სტუდიას. 1990 წელს გამოუშვეს ახალი ალბომი Crazy World, რომელიც დასახელდა 1990 წლის რიგით 21-ე ალბომად. ალბომში ნაკლებადაა წარმოდგენილი პროგრესული როკის ხმა. იგი გახდა ჰიტი, ალბომში შესულია სკორპიონსის ერთ-ერთი საუკეთესო ბალადა Wind of Change, რომლის მასიურმა წარმატებამ დიდი როლი ითამაშა ალბომის პოპულარიზაციაში. სიმღერა ეძღვნება იმ დიდ სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებს 80-იანების მიწურულსა და 90-იანების დასაწყისში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარეობდა და რამაც წერტილი დაუსვა ცივ ომს. 1990 წლის 21 ივლისს სკორპიონსი შეუერთდა როჯერ უოტერსის სტუმართა სიას The Wall-ის მასიური შესრულებისთვის ბერლინში. სკორპიონსმა შეასრულა ორივე ვერსია სიმღერისა In the Flesh ალბომიდან The Wall.

Crazy World-ის მხარდამჭერი ტურნეების შემდეგ ფრანსის ბუხჰოლცმა, ჯგუფის დიდი ხნის ბასისტმა, ჯგუფი დატოვა.

ბოლო წლები (1992-2009)

რედაქტირება
 
ჯეიმზ კოტაკი

1993 წელს სკორპიონსმა გამოუშვა ალბომი Face the Heat. ბას-გიტარის პარტიას ასრულებდა რალფ რიკერმანი. ჩაწერის პროცესისთვის ჯგუფმა დაიქირავა პროდიუსერი ბრიუს ფეარბერნი. ალბომის ჟღერადობა უფრო მეტალური იყო, ვიდრე მელოდიური, რამაც ფანები ორ ბანაკად გაყო. მეტალის მოყვარულები პოზიტიურად შეხვდნენ ალბომს, ჯგუფის დიდი ხნის ფანები კი ნეგატიურად. ვერც მძიმე როკ სინგლის Alien Nation და ვერც ბალადის Under The Same Sun პოპულარობა ახლოსაც ვერ მივიდოდა Wind of Change-ის წარმატებასთან. Face the Heat-ს ჰქონდა საშუალო წარმატება.

1995 წელს გამოვიდა ახალი საკონცერტო ალბომი Live Bites. დისკში აღწერილი იყო კონცერტები Savage Amusement-ს მხარდამჭერი ტურნედან მოყოლებული (1988) Face the Heat ტურნეს ჩათვლით (1994). მიუხედავად იმისა, რომ ალბომს უკეთესი ჟღერადობა ჰქონდა, ვიდრე მათ საუკეთესოდ გაყიდვად ცოცხალ ალბომს World Wide Live, იგი არ იყო წარმატებული.

მეცამეტე სტუდიური ალბომის 1996 წლის Pure Instinct-ის ჩაწერის წინ დრამერმა ჰერმენ რარებელმა დატოვა ჯგუფი ხმისჩამწერი ლეიბლის დასაარსებლად. ჩაწერის პროცესზე მისი შემცვლელი იყო კურტ კრესი, სანამ ამერიკელმა ჯეიმზ კოტაკმა არ დაიკავა ეს პოზიცია. მრავალის აზრით, Pure Instinct იყო პასუხი იმ ჩივილებზე, რომლებიც Face the Heat-მა გამოიწვია. ალბომში შედიოდა ბევრი ბალადა, მათ შორის საუკეთესო სიმღერად მიჩნეულია You And I.

1999 წელს გამოვიდა ალბომი Eye II Eye, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ჯგუფის სტილში. მასში მოხდა ჯგუფის სტილის, პოპისა და ტექნოს შერწყმა. რამდენიმე სიმღერაში ელექტრონული დრამებიც კი იყო წარმოდგენილი. პირველ ევროპულ სინგლზე გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ To Be No. 1, რომელშიც მონიკა ლევინსკის გარეგნობის მქონე გოგონაც მონაწილეობდა, ოდნავ გაზარდა ალბომის პოპულარობა, თუმცა ვოკალისტი კლაუს მაინე 1999 წლის ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ალბომი იყო მათი დიდი მარცხი. მომდევნო წელს ჯგუფს ჰქონდა საკმაოდ წარმატებული კონცერტი ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად, რის შედეგიცაა რიგით მეოთხე ათ სიმღერიანი საკონცერტო ალბომი Moment of Glory. ალბომს დიდი ძალისხმევა დასჭირდა სკორპიონსის რეპუტაციის აღსადგენად Eye II Eye-ის უხეში კრიტიკის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთმა კრიტიკოსმა ჯგუფი დაადანაშაულა მეტალიკის ანალოგიური ფანდების გამეორებაში, რაშიც იგულისხმება ერთი წლის წინანდელი კონცერტი სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრთან ერთად (შედეგად, ალბომი S&M).

2001 წელს სკორპიონმა გამოუშვა ახალი საკონცერტო ალბომი Acoustica, რომელშიც შესული იყო როგორც ჯგუფის ყველაზე წარმატებული ჰიტების აკუსტიკური ვერსიები, ისე ზოგიერთი ახალი სიმღერაც. ალბომი დაფასებული იქნა ფანების მიერ, თუმცა სტუდიური ალბომის არარსებობა იწვევდა ზოგიერთი მათგანის განაწყენებას. ჯგუფისთვის ეს ალბომი ცოტა იყო ყურადღების ცენტრში მოსაქცევად. ალბომთან ერთად ჯგუფმა გამოუშვა კონცერტის DVD ჩანაწერი, რომელშიც, ალბომისგან განსხვავებით, შედიოდა 22 სიმღერა.

 
პაველ მონცივოდა

2003 წელს ჯგუფში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა: რალფ რიკერმანი შეცვალა პაველ მონცივოდამ. 2004 წელს ცოტა ხნით ჯგუფში ბას-გიტარაზე უკრავდნენ ბარი სპარკსი და ინგო პოვიცერიც.

2004 წელს ჯგუფმა გამოუშვა მეთხუთმეტე სტუდიური ალბომი Unbreakable, რომელიც კრიტიკოსების მიერ შეფასებული იქნა, როგორ ფორმაში ჩადგომა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. Unbreakable იყო ყველაზე მძიმე, რაც კი ჯგუფს გამოუშვია ალბომის Face the Heat შემდეგ, და ფანების რეაქციაც იყო პოზიტიური, განსაკუთრებით კი სიმღერების New Generation, Love 'em or Leave 'em და Deep and Dark მიმართ. ალბომიდან განსაკუთრებით გამოირჩევა ბალადა Maybe I Maybe You,[21][22][23] რომლის ტექსტის ავტორიც ტრადიციულად არის კლაუს მაინე, ხოლო მუსიკის ავტორია ცნობილი ირანელი კომპოზიტორი ანუშირვან როჰანი მაინესთან ერთად.[23] ჯგუფის ლეიბლის მხრიდან პასიურობის გამო ალბომის რეკლამირებისას, ან სტუდიურ ალბომებს შორის დიდი ინტერვალის გამო, ალბომს დაეთმო მცირე რადიოეთერი და ჩარტებშიც ვერ მოხვდა. სკორპიონსი მართავდა მასშტაბურ ტურნეებს ალბომის მხარდასაჭერად და დაუკრა განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით Judas Priest-თან ერთად 2005 წლის ბრიტანული ტურნეს დროს - ეს იყო ჯგუფის პირველი ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში 1999 წლის შემდეგ.

ადრეულ 2006 წელს სკორპიონსი უშვებს DVD-ის სახელწოდებით 1 Night in Vienna, რომელიც შეიცავდა 14 ცოცხალ სიმღერას და მთელ დოკუმენტურ ფილმს. ჯგუფმა ოთხი თვე გაატარა ლოს-ანჯელესის სტუდიაში პროდიუსერებთან ჯეიმზ მიხაელთან და დესმონდ ჩაილდთან ერთად მათ ახალ კონცეპტუალურ ალბომზე Humanity: Hour I მუშაობაზე, რომელიც გამოვიდა 2007 წლის მაისის მიწურულს.[24] ალბომის მთავარ სიმღერად Humanity დასახელდა. მას მოჰყვა ალბომის მხარდამჭერი ტურნე.

2007 წელს ჯგუფმა იხილა თავისი ორი სიმღერა პოპულარულ მუსიკალურ ვიდეო თამაშის სერიებში Guitar Hero. No One Like You გამოჩნდა თამაშის Rocks the '80s ვერსიაში, ხოლო Rock You Like A Hurricane - Guitar Hero 3: Legends of Rock-ში.

Humanity - Hour I აშშ-ში ხელმისაწვდომი გახდა 2007 წლის 28 აგვისტოს ლეიბლზე New Door Records და დაიკავა 63-ე ადგილი ბილბორდის ჩარტებში.

2007 წლის სექტემბერში კლაუს მაინემ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ახალი ალბომი არ იყო იმდენად კონცეპტუალური, რამდენადაც სიმღერების კოლექცია ჩვეულებრივი თემის გარშემო.[25]

2007 წელს, როდესაც მას ჰკითხეს, აპირებდნენ თუ არა Humanity - Hour II-ის გამოშვებას, მაინემ უპასუხა:

 
„ამას ყველა კითხულობს. შესაძლოა, ვინ იცის? ამჟამად ჩვენი მსოფლიო ტურნეს დასაწყისში ვართ... ამ წუთას მე არ მინდა ფიქრი Hour II-ზე, რადგან Hour I ასეთი ამაღელვებელია. ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ხედავ, რამდენ ხალხს სიამოვნებს ეს ახალი მუსიკა.“

[26]

2007 წლის 20 დეკემბერს სკორპიონსმა გამართა კონცერტი რუსეთის უშიშროების ძალების ელიტისთვის კრემლში. კონცერტი იყო ჩეკას (რომელიც კგბ-ის წინამორბედი იყო) დაარსებიდან 90 წლისთავის ზეიმი. ჯგუფმა განაცხადა, რომ ასე ეგონათ, თითქოს საშობაო კონცერტზე უკრავდნენ. მათ თქვეს ასევე, რომ მათი კონცერტი არ ეძღვნებოდა არც ჩეკას, არც კომუნიზმს და არც რუსეთის არაადამიანურ წარსულს. მსმენელების რიგებში იყვნენ ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი.[27]

2009 წლის 21 თებერვალს, სკორპიონსმა მიიღო გერმანიის ECHO საპატიო ჯილდო არსებობის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის[28].

ახალი ალბომი და შვებულებაში გასვლა (2010-დან დღემდე)

რედაქტირება
 
შენკერი, მაინე და იაბსი 2010 წლის კონცერტზე ბულგარეთში

2009 წლის ნოემბერში სკორპიონსმა გამოაცხადა, რომ მათი მეჩვიდმეტე სტუდიური ალბომი Sting in the Tail, სავარაუდოდ, 2010 წლის დასაწყისში გამოვიდოდა.[29] CD დისკი ჩაიწერა ჰანოვერის სტუდიაში 2009 წელს შვედ პროდიუსერებთან მიქაელ ნორდ ანდერსონთან და მარტინ ჰანსენთან ერთად.

2010 წლის 14 იანვარს ჯგუფმა გამოაცხადა, რომ Sting in the Tail იქნებოდა მათი ბოლო ალბომი, ხოლო ალბომის მხარდამჭერი ტურნე - მათი ბოლო ტურნე. დოკენი აპირებდა გაეხსნა მათი ტურნე, მაგრამ უთანხმოების გამო უარი განაცხადა.[30] სავარაუდოდ, ტურნე დასრულდება 2012 წლის მიწურულს, ან 2013 წელს.

ჯგუფმა გამოუშვა მათი ახალი ალბომი Sting in the Tail 2010 წლის 14 მარტს საბერძნეთში, ხოლო 23 მარტს აშშ-ში. პირველივე დღეს 18 500-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-ში.

2010 წლის 6 აპრილს სკორპიონსის წევრები მიწვეულნი იქნენ ჰოლივუდის როკის ხეივანში თითების ანაბეჭდების ცერემონიაზე,[31] სადაც ჯგუფის წევრებმა მოათავსეს ხელები სველი ცემენტის გრძელ ფილაში. ფილა განთავსებული იქნა მიწაზე სხვა მუსიკოსთა ხელების ანაბეჭდების გვერდით როკის ხეივანში.

სტილი და გავლენა

რედაქტირება

ჯგუფის სტილი

რედაქტირება
 
რუდოლფ შენკერი თავისი დამახასიათებელი სტილით „შენკერ-როტორი“.

ახალგაზრდობაში რუდოლფ შენკერი აცხადებდა, რომ იგი როლინგ სტოუნზის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო კლაუს მაინეს სიმპატიები უფრო მეტად The Beatles-ისკენ იხრებოდა. ორივე შემთხვევაში ისინი არჩევდნენ, როკი ყოფილიყო ნაკლებად აგრესიული. მრავალი წლის განმავლობაში შენკერი უკრავდა მისთვის დამახასიათებელ განსაზღვრულ სტილს გიტარაზე, რასაც განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩენს მისი სოლოები სიმღერებში Still Loving You და Wind of Change. გარდა ამისა, ჯგუფი საკმაოდ სწრაფად ითავისებდა ამ გავლენებს და ქმნიდა საკუთარ სტილს. მათი სადებიუტო ალბომში Lonesome Crow იგრძნობა კრაუტროკის ძლიერი გავლენა, რომელიც იმ დროისთვის პოპულარული იყო გერმანიაში.[32] მათი შემდგომი ალბომში Fly to the Rainbow უფრო მეტი როკის ჟღერადობის სიმღერაა, ვიდრე პირველში (მაგალითად გამოდგება სიმღერა Speedy's Coming). ჯგუფი შემოიფარგლა მხოლოდ კრაუტროკის დაკვრით შემდგომ ალბომში In Trance. პროდიუსერ დიტერ დირკსის გავლენით ჯგუფის სტილი უფრო ღრმა და ლირიკული გახდა. ამ დროისთვის მუსიკის შექმნაში გიტარაზე შენკერს ეხმარებოდა ულრიხ როთი, რომლის სტილი ხასიათდება ნეო-კლასიციზმით. მასზე დიდი გავლენა იქონია ჯიმი ჰენდრიქსმა. სხვა შემსრულებლები, რომელთაც სკორპიონსის მუსიკალური სტილის ჩამოყალიბებაზე იქონიეს გავლენა, იყვნენ ლედ ზეპელინი და Deep Purple. სკორპიონსი ქმნიდა იმ ჯგუფების სტილის ნარევ მუსიკას, რომლებიც უკრავდნენ მძიმე და მელოდიურ როკს, ხშირად შეთავსებულს პროგრესულ როკთან. საბოლოოდ, ჯგუფის მუსიკა იქმნებოდა კლაუს მაინეს ვოკალით, გამყარებული რუდოლფ შენკერის სოლოებითა და ულრიხ როთის მძიმე რიფებით.

როთის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ სკორპიონსის სტილმა მოდერნიზაცია განიცადა. ეს ცვლილებები აისახა 1979 წლის ალბომში Lovedrive. ჯგუფში მოსული ახალი გიტარისტი მათიას იაბსი უკრავდა უფრო მელოდიურ როკს, ვიდრე როთი. დაკვრის მისეული სტილი ახლოსაა ვან ჰალენის სტილთან, გარდა ამისა, როთის წასვლამ შენკერსა და მაინეს საშუალება მისცა, გაეკონტროლებინათ სიმღერების შექმნის პროცესი.[18] ხმის ეს ჟღერადობა განვითარდა და გახდა ჯგუფის საერთაშორისო წარმატების სინონიმი. 1988 წლის ალბომი Savage Amusement გათვლილი იყო უფრო მეტად კომერციული მიზნებისთვის: ალბომში თავმოყრილი იყო ნაკლები როკი და მეტი იმ დროისთვის თანამედროვე ჟანრი. ეს ალბომი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მისი გამოსვლის წინ ჯგუფმა დაითხოვა მათი პროდიუსერი დიტერ დირქსი, მაგრამ უმნიშვნელო მოვლენა იყო შემდეგი ალბომის წარმატების ფონზე. 1990 წელს გამოშვებული ალბომით Crazy World სკორპიონსი დაუბრუნდა თავის კლასიკურ ჟღერადობას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ეს ალბომი უფრო მეტად ახლოსაა Guns N' Roses-ის სტილთან, კომპოზიციებს ამ ალბომიდან ახასიათებთ უხეში მძიმე საგიტარო რიფები, რომლებიც ალბომების Blackout და Love at First Sting ჟღერადობის მსგავსია. ალბომის Crazy World დიდი წარმატების შემდეგ სკორპიონსის, როგორც მელოდიურმა როკ-ჯგუფის, პოპულარობამ კლება დაიწყო გრანჟის შემსრულებელი ჯგუფების სასარგებლოდ. მომდევნო წლებში ჯგუფმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სტილი. კლაუს მაინეს მიერ დაწერილი ათიდან რვა სიმღერის ტექსტი სიყვარულს უკავშირდება.[33]

1993 - 2001 წლებში გამოშვებული ალბომებით სკორპიონსი შეეცადა, შეექმნა როკისთვის ნაკლებად დამახასიათებელი მრავალი სტილის მუსიკა, თუმცა ამან ვერ შეუშალა ხელი იმ პერიოდის ალბომებს, Face the Heat, Pure Instinct, Moment of Glory და Acoustica, მიეღოთ ოქროსა და პლატინის სტატუსები. ალბომის Unbreakable გამოშვებით 2004 წელს ჯგუფი დაუბრუნდა თავის თავდაპირველ სტილს. როკ სცენაზე დაბრუნება განაგრძეს ალბომით Humanity: Hour I, მიუხედავად იმისა, რომ ამ ალბომში იგრძნობა ზოგიერთი თანამედროვე სტილის გავლენა, მაგალითად, როგორიცაა ნიუ მეტალი. 2010 წლის დასაწყისში გამოდის ჯგუფის ბოლო ალბომი Sting in the Tail, რომლის ჟღერადობა სრულად ემთხვევა ჯგუფის მუსიკის ჟღერადობას 1980-იან წლებში.[34]

გავლენა და მემკვიდრეობა

რედაქტირება

სკორპიონსი ითვლება ერთ-ერთ პიონერად როკ-მუსიკაში, გაყიდული 100-დან[12][13][14] 150-მდე[15][16] მილიონი ალბომით მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 10,5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში.[35] სკორპიონსი ითვლება ყველაზე პროდუქტიულ გერმანულ როკ-ჯგუფად კონტინენტური ევროპიდან.[36] სკორპიონსი იყო პირველი არა ანგლოსაქსური ჯგუფი, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია და ნიადაგი მოუმზადა ჯგუფების გამოსვლას ისეთი ადგილებიდან, როგორებიცაა გერმანია, სკანდინავია და ბრაზილია. გერმანიაში ჩამოყალიბდა მრავალი ჯგუფი. მათმა მუსიკამ, სიმღერებმა, რომლებშიც რიფები იქმნება ელექტრო გიტარაზე, გავლენა მოახდინა ისეთ შემსრულებლებზე, როგორებიც არიან: მეტალიკა, The Smashing Pumpkins, დოკენი, Def Leppard, აირონ მეიდენი, ბონ ჯოვი, ალექს სკოლნიკი[37] და Guns N' Roses.[33] მეტალიკა, ვან ჰალენი, ბონ ჯოვი, Def Leppard და აირონ მეიდენი მათი კარიერის დასაწყისში ხშირად გამოდიოდნენ სცენაზე სკორპიონსის კონცერტების გამხსნელ ჯგუფებად.[38] ზოგიერთი ცნობილი შემსრულებელი, რომელთაც სკორპიონსის ქავერები აქვს შესრულებული, არიან: რობ ჰალფორდი (Blackout), System of a Down (Coming Home), ბრიუს დიკინსონი (The Zoo), ჰელუინი (He´s A Woman – She´s A Man), Children of Bodom (Don't Stop at the Top), ინგვი მალმსტინი (The Sails of Charon), თერიონი (Polar Nights), გრინ დეი (Rock You Like a Hurricane), მოტლი კრიუ (Another Piece of Meat), სონატა არკტიკა (Still Loving You), სტრატოვარიუსი (Blackout) და კლაუს ვუნდერლიხი (Send me an Angel). სკორპიონსის სიმღერების წერის ფორმულა ერთმანეთს უთავსებს როკსა და ბალადებს, შედეგად ვიღებთ მძლავრ და წარმატებულ როკ-ბალადას.

უდიდეს მეტალ ჯგუფებს შორის სკორპიონს ოცდამეექვსე ადგილი უკავია DigitalDreamDoor-ის მიერ გამოქვეყნებულ ასი საუკეთესო მეტალ ჯგუფის სიაში.[39] მუსიკალურმა ტელეარხმა VH1 ჯგუფი განათავსა ორმოცდამეექვსე ადგილზე ას საუკეთესო მძიმე როკ ჯგუფს შორის.[8] იგივე ტელევიზიამ ჯგუფის სიმღერას Still Loving You ოცდამეორე ადგილი მიუჩინა საუკეთესო როკ-ბალადებს შორის,[40] ხოლო სიმღერას Rock You Like a Hurricane — მეთვრამეტე ადგილი ას საუკეთესო მძიმე როკ სიმღერას შორის.[9]

სიმღერები No One Like You, Rock You Like a Hurricane, Still Loving You და Rythme of Love შესულია ბილბორდის 1980-იანი წლების ას საუკეთესო მძიმე როკ სიმღერას შორის,[41] I'm Leaving You მოხვდა Buzzle-ის მიერ შედგენილ სიაში,[42] ხოლო სიმღერებმა Rock You Like a Hurricane და Blackout, DigitalDreamDoor-ის მიხედვით, დაიკავეს სამოცდამეოთხე და ოთხმოცდამეთვრამეტე პოზიციები მძიმე მეტალ სიმღერების საუკეთესო ასეულში, შესაბამისად.[43] სიმღერას Rock You Like a Hurricane უკავია მეოთხე ადგილი ყველა დროის საუკეთესო საგიტარო რიფების ათეულში[44] და ოცდამეთერთმეტე ადგილი VH1-ის მიერ 2006 წელს შედგენილ მეტალ სიმღერების საუკეთესო ორმოცეულში.[45] საიტის Squidoo შედგენილ 1980-იანი წლების საუკეთესო როკ სიმღერების ათეულში სკორპიონსის ორი სიმღერა მოხვდა: Rock You Like a Hurricane და Still Loving You მერვე და მეექვსე ადგილებზე, შესაბამისად.[46] Metal-Rules-ს მიერ შედგენილ საუკეთესო მძიმე მეტალ ალბომების ასეულში ალბომებმა Blackout და Love at First Sting დაიკავეს სამოცდამესამე და ოთხმოცდამეთხუთმეტე ადგილები, შესაბამისად.[47] Fast'n'bolbous-ის მიერ შედგენილ საუკეთესო მეტალ ალბომების სიაში სკორპიონსი წარმოდგენილია შემდეგი ალბომებით: Lovedrive (მეთხუთმეტე ადგილი), Virgin Killer (მეოცე ადგილი), In Trance (ოცდამეექვსე ადგილი), Tokyo Tapes (ოცდამერვე ადგილი), Animal Magnetism (255-ე ადგილი), Blackout (284-ე ადგილი) და Taken By Force (450-ე ადგილი),[48] ამ საიტის სხვა რეიტინგი, სადაც სკორპიონსის ალბომები მოხვდა, არის საუკეთესო მძიმე როკ ალბომები - Tokyo Tapes (სამოცდამეშვიდე ადგილი), Fly to the Rainbow (236-ე ადგილი) და Lonesome Crow (423-ე ადგილი).[49] საიტის საერთო რეიტინგში, ათასი საუკეთესო ალბომი გამოსული 1965 წლის შემდეგ, მოხვდნენ ალბომები: Lovedrive (622-ე ადგილი) და Virgin Killer (830-ე ადგილი).[50]

მათი ზოგიერთი პოპულარული სიმღერა უცვლელ შემადგენლად იქცა სამახსოვრო ალბომებისთვის, კომპილაციებისა და კრებულებისთვის გრიფით „საუკეთესო“. გამოშვებულია ასევე კრებულები, სადაც სკორპიონსის შემოქმედება განთავსებულია სხვა შემსრულებელთა სიმღერების გვერდით, ზოგიერთი მათგანია: Best of 1980-1990, Masters of Metal: It's Alive!, Today's Hottest Hard Rock, 80's Greatest Rock Hits Vol. 9: Hard Rock, World Cup 94, Power and the Glory, Soft Rock: 36 Classic Rock Ballads, Youth Gone Wild: Heavy Metal Hits of the '80s, Vol. 1, Finest of Hard Rock Vol. 3, Best of 80's Metal, Billboard Top Album Rock Hits 1982, Power Ballads, VH1: The Big 80's Big Hair, Pure 80's Rocks.[51]

სკორპიონსის მრავალი ალბომის გარეკანი, რომელიც მათ გარკვეულ პრობლემებსაც კი უქმნიდა წლების მანძილზე, მოხვდა არაერთ ჩარტში. მაგალითად: ალბომის ყველა დროის ათი ყველაზე საკამათო გარეკანი - Lovedrive (მეხუთე ადგილი),[52] ალბომის ყველა დროის ყველაზე ცუდი გარეკანი - Virgin Killer (პირველი ადგილი) და Lovedrive (მეთორმეტე ადგილი),[53] ალბომის ყველა დროის საუკეთესო გარეკანი - Virgin Killer (4-ე ადგილი).[54]

სკორპიონსმა თავისი ალბომებით, კომპილაციებითა და სინგლებით მინიმუმ 2416 კვირა გაატარა თვრამეტი ქვეყნის ჩარტებში.[55]

ჟურნალმა როლინგ სტოუნმა ჯგუფს მძიმე მეტალის გმირები უწოდა.[56] 1990-იანი წლების დასასრულს ჩატარებულმა ამერიკულმა კვლევამ როგორც გამოავლინა, სკორპიონსი მეორე ჯგუფია აეროსმითის შემდეგ, რომელთა მუსიკასაც წყვილები უსმენენ მანქანაში სექსის დროს, სახელდობრ, მათ ბალადებს.[57] Queen-თან ერთად სკორპიონსი პირველი ჯგუფი იყო, რომელმაც მიიღო ეჰოს საპატიო ჯილდო წლის შემსრულებლისთვის 1992 წელს.[58]

ცნობილი ავტორი პაულო კოელიო გამოცხადდა ჯგუფის თაყვანისმცემლად[33] ისევე, როგორც მსახიობი ბენ სტილერი და ცნობილი უკრაინელი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო. ყინულის ჰოკეის პროფესიონალურმა კლუბმა ჰანოვერიდან Vedemark (დაარსდა 1975 წელს) ოფიციალურად შეიცვალა სახელი 1996 წელს, მისი ახალი სახელია „Hannover Scorpions“ მუსიკოსთა პატივსაცემად.[33]

სხვა პროექტები

რედაქტირება

მუსიკალური თეატრი

რედაქტირება

სკორპიონსის სიმღერა Wind of Change მოხვდა ოფ-ბროდვეის პროდუქციაში Power Balladz.[59]

ციფრული მხარე

რედაქტირება

2007 წელს კომპანიამ Activision გამოუშვა ვიდეო თამაში Guitar Hero Encore: Rocks the 80s, რომელშიც საუნდტრეკის სახით იყო წარმოდგენილი სკორპიონსის სიმღერა No One Like You.[60] 2008 წელს იგივე სიმღერა გამოჩნდა Konami-ს თამაშში Rock Revolution.[61] სიმღერა Rock You Like a Hurricane ფართოდ გავრცელდა რამდენიმე თამაშში, მათ შორის: Grand Theft Auto: Vice City Stories,[62] Guitar Hero III: Legends of Rock,[63] The Simpsons Game[64] და NHL 10.[65] სიმღერა Wind of Change გახდა თამაშის SingStar Rocks! საუნდტრეკი 2006 წელს.[66]

კინო და ტელევიზია

რედაქტირება

სიმღერა Rock You Like a Hurricane რჩება ჩრდილოეთ ამერიკის პოპ კულტურის ნაწილად და გამოიყენება მრავალ შოუებსა და ფილმებში, მათ შორის: Aqua Teen Hunger Force, სიმფსონები, Trailer Park Boys, Jawbreaker, Knocked Up, Little Nicky, The Cleveland Show და Role Models.[67][68] ასევე ხშირად გამოიყენება სატელევიზიო რეკლამებსა და პრომოუშენებში, მათ შორის Blades of Glory, The Iron Giant, Human Weapon და Monsters vs. Aliens.

სკორპიონსის შემდეგი სიმღერები და ალბომები მუდმივად გამოიყენება ფილმებში; სიმღერები: Rock You Like a Hurricane (ფილმებში Knight and Day, Bait & Switch, Spring Breakdown, Role Models და Race the Sun), Wind of Change (ფილმებში Gentlemen Broncos, Manta Manta და Willkommen Österreich ep.1), Loving You Sunday Morning (ფილმში Spun), No One Like You (ფილმში Ash Wednesday), Send Me An Angel (ფილმში Lancelot: Guardian of Time), Under the Same Sun (ფილმში On Deadly Ground), Hit Between the Eyes (ფილმში Freejack) და Still Loving You (ფილმში Bordello of Blood);[69] ალბომები: Lonesome Crow (ფილმში Das kalte Paradies) და Animal Magnetism (ფილმში The Wrestler).[70]

1990 წელს Coca-Cola იყენებდა სიმღერას Wind of Change მის სარეკლამო რგოლში ავსტრალიაში.

Rock You Like a Hurricane რეგულარულად გამოიყენება სპორტულ შეჯიბრებებზე, როგორც არაოფიციალური ჰიმნი რამდენიმე გუნდისთვის, მათ შორის: University of Tulsa, Miami Hurricanes, Carolina Hurricanes, Buffalo Sabres (რომელიც იყენებს 2000 წლის ვერსიას ორკესტრთან ერთად) და JYP. 2006 წელს სიმღერამ გამოიწვია კამათი, როდესაც იგი გამოყენებული იქნა Tampa Bay Buccaneers-ის გულშემატკივრების მიერ მატჩზე New Orleans Saints-ის წინააღმდეგ პირველი ტაიმის შემდგომ შესვენებაზე. ეს ფაქტი შეფასებული იქნა, როგორც ცუდი გემოვნება იმ დიდი ზარალის გათვალისწინებით, რომელიც ქარიშხალმა „კატრინამ“ მიაყენა ახალ ორლეანს. ჩიკაგოს უნივერსიტეტი, Scavenger Hunt იყენებდა სიმღერას 2006 წელს საკუთარ დევიზად.

ჯგუფის წევრები

რედაქტირება

ახლანდელი წევრები

რედაქტირება

ყოფილი წევრები

რედაქტირება

მენეჯერი

რედაქტირება
  • სტიუარტ იანგი (1995–დან დღემდე)

სკორპიონსის შემადგენლობა წლების მიხედვით

რედაქტირება
რუდოლფ შენკერი კლაუს მაინე მათიას იაბსი პაველ მონცივოდა
       
ჯეიმზ კოტაკი მიხაელ შენკერი ფრანსის ბუხჰოლცი ულრიხ როთი
       

დისკოგრაფია

რედაქტირება

სტუდიური ალბომები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. კრის ინგჰემი (2002). The Book of Metal. Thunder's Mouth Press, გვ. 104. ISBN 978-1560254195. 
  2. დინა უეინშტეინი. Heavy Metal: The Music and its Culture. DaCapo, 2000. ISBN 0-306-80970-2, გგ. 29, 36.
  3. იან ქრაისტი. Sound of the Beast. Allison & Busby, გვ. 2. ISBN 0749083514. 
  4. რობერტ უასლერი. Running with The Devil. Wesleyan უნივერსიტეტის პრესა, გვ. 2. ISBN 0819562602. 
  5. მ.ს. სტრონგი (1998). The great rock discography. Giunti, გვ. 722. ISBN 8809215222. 
  6. პილიპ დოდი (2005). The Book of Rock: from the 1950s to today. Thunder's Mouth Press. ISBN 1560257296. 
  7. სკორპიონის ბიოგრაფია. www.bighairmetal.com. ციტირების თარიღი: 2008-04-12.
  8. 8.0 8.1 საუკეთესო: მძიმე როკის 100 საუკეთესო შემსრულებელი (40 - 21) დაარქივებული 2011-08-21 საიტზე Wayback Machine. .VH1.com
  9. 9.0 9.1 VH1. (2009-01-05) 100 საუკეთესო მძიმე როკ სიმღერა VH1-ის ვერსიით. stereogum.com. ციტირების თარიღი: 2010-02-15.
  10. სკორპიონსი გეგმავს შვებულებაში გასვლას. TheGauntlet.com (24 იანვარი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2010.
  11. სკორპიონსის ოფიციალური საიტი. The-scorpions.com (2010-04-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-10. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  12. 12.0 12.1 Scorpions – höchstpersönlich! - Pressemitteilungen: Fernsehen - Radio Bremen. Radiobremen.de (2009-11-05). ციტირების თარიღი: 2010-05-19.
  13. 13.0 13.1 hier einfügen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2010-08-25.
  14. 14.0 14.1 HIT RADIO FFH - Musik - Der HIT RADIO FFH - Ticketshop. Ffh.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-15. ციტირების თარიღი: 2010-05-19.
  15. 15.0 15.1 'Sting in the Tail' - Video - FoxNews.com. Video.foxnews.com (2010-04-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-09. ციტირების თარიღი: 2010-05-19.
  16. 16.0 16.1 Scorpions Forsee Fantastic Future Following Farewell. billboard.com. ციტირების თარიღი: 2010-01-29.
  17. მარკო სირჯელე. ინტერვიუ ულრიხ როთთან. Metal-rules.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-17. ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2008.
  18. 18.0 18.1 ბარი ვებერი. ალბომის Lovedrive მიმოხილვა. Allmusic. ციტირების თარიღი: 2007-05-18.
  19. ინტერვიუ დონ დოკენთან დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine. (classicrockrevisited.com)
  20. ინტერვიუ კლაუს მაინესთან (metal-rules.com)
  21. ალბომის Unbreakable მიმოხილვა. metal-rules.com (ივლისი, 2004). ციტირების თარიღი: 2011-03-14.
  22. ალბომის Unbreakable მიმოხილვა. cduniverse.com. ციტირების თარიღი: 2011-03-14.
  23. 23.0 23.1 ჯეიმზ კრისტოფერ მონგერი. ალბომის Unbreakable მიმოხილვა. Allmusic. ციტირების თარიღი: 2011-03-14.
  24. სკორპიონსის ახალი ალბომის სახელწოდება და გაფორმება ცნობილი გახდა დაარქივებული 2010-01-07 საიტზე Wayback Machine. (bravewords.com)
  25. კლაუს მაინეს ინტერვიუ. Stuck in the 80s (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-19. ციტირების თარიღი: 2007-11-26.
  26. ინტერვიუ კლაუს მაინესთან. Classic Rock Revisited (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-14. ციტირების თარიღი: 2007-11-17.
  27. ნიკოლაუს ფონ ტვიკელი. ; ფრანჩესკა მერეუ და კევინ ოფლინი (2007-12-24) Scorpions Give Spies a Perestroika Ballad. Moscow Times. ocnus.net. ციტირების თარიღი: 2010-10-18.
  28. „სკორპიონსი შეასრულებს გერმანიის ECHO დაჯილდოების ცერემონიაზე“. Blabbermouth.net. 22 თებერვალი, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-25. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  29. სკორპიონსის ახალი ალბომის სახელწოდება გამოცხადდა. Roadrunnerrecords.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-26. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  30. სკორპიონსის სიახლეები - მნიშვნელოვანი შეტყობინება ჩვენს ფანებს. The-scorpions.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-15. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  31. Guitar Center's Hollywood Rockwalk. წაკითხვის თარიღი: 2010-10-28
  32. მიჩკა ასაიესი. Dictionnaire du rock, ტომი 2 - M-Z, Collection Bouquins, Р. ლაფონტი, 2000
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 რუდოლფ შენკერი; და სხვები (2009). Rock Your Life. მიუნჰენი, გერმანია: FinanBuch Verlag GmbH. ISBN 3868820191. 
  34. ტომ იურეკი. ალბომის Sting in the Tail მიმოხილვა. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-11-15.
  35. RIAA. ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლები. riaa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-25. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  36. ბარი ვებერი. სკორპიონსის ბიოგრაფია. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-10-26.
  37. უილი მოსლი. (2006-09-06) ალექს სკოლნიკი სკორპიონსის შესახებ. vintageguitar.com. ციტირების თარიღი: 2010-07-02.[მკვდარი ბმული]
  38. სკორპიონსის ბიოგრაფია. laut.de. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  39. ასი საუკეთესო მეტალ ჯგუფი. DigitalDreamDoor. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  40. VH1. 25 უდიდესი პაუერ ბალადა VH1-ის ვერსიით. home.pon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-11. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  41. ბილბორდი. 1980-იანი წლების ასი საუკეთესო მძიმე როკ სიმღერა. angelfire.com. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  42. დიიპა კართა. (2010-02-26) საუკეთესო მძიმე როკ სიმღერები. Buzzle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-24. ციტირების თარიღი: 2010-11-06.
  43. ასი საუკეთესო მძიმე მეტალ სიმღერა. DigitalDreamDoor (2005-04-10). ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  44. მაიკლ რაიტი. (2010-11-15) ყველა დროის ათი საუკეთესო საგიტარო რიფი. gibson.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 2010-12-07.
  45. VH1. (2006-05-01/-04) 40 საუკეთესო მეტალ სიმღერა. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-03. ციტირების თარიღი: 2010-12-08.
  46. 1980-იანი წლების საუკეთესო როკ სიმღერების ათეული. squidoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  47. ასი საუკეთესო მეტალ ალბომი. Metal-Rules.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2010-11-07.
  48. ვან დორტსონი. საუკეთესო მეტალ ალბომები. fastnbulbous.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  49. საუკეთესო მძიმე როკ ალბომები. fastnbulbous.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-28. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  50. ათასი საუკეთესო ალბომი გამოსული 1965 წლის შემდეგ. fastnbulbous.com. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  51. კრებულები გრიფით „საუკეთესო“ სკორპიონსის სიმღერებით. AllMusic. ციტირების თარიღი: 2011-01-11.
  52. ალბომის ყველა დროის ათი ყველაზე საკამათო გარეკანი. alternativereel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-12. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  53. ბენ დენისონი. (2008-11-08) ალბომის ყველა დროის ყველაზე ცუდი გარეკანი. cracked.com. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  54. ალბომის ყველა დროის საუკეთესო გარეკანი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-31. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
  55. იხილეთ სკორპიონსის დისკოგრაფია და სკორპიონსის სიმღერები
  56. ვაკენის არქივები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-12. ციტირების თარიღი: 2010-07-03.
  57. მაცნე ტელეგრაფი გვ.21 წაკითხვის თარიღი: 2010-10-23
  58. ეჰოს დაჯილდოების არქივები. Echo Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-02. ციტირების თარიღი: 2010-07-03.
  59. Best of Off Broadway. (2010-08-05) Power Balladz დაიწყება 2010 წლის 8 აგვისტოს. bestofoffbroadway.com. ციტირების თარიღი: 2010-08-06.[მკვდარი ბმული]
  60. Activision. (2007-06-28) Guitar Hero Encore: Rocks the 80s - Soundtrack. destructoid.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-11. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  61. Konami. Rock Revolution - Soundtrack. videogamesblogger.com. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  62. Rockstar Games. (2006-10-29) Grand Theft Auto: Vice City Stories - Soundtrack. palgn.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-14. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  63. Activision. Guitar Hero III: Legends of Rock - Soundtrack. ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-23. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  64. Electronic Arts. (2008-01-27) The Simpsons Game - Soundtrack. mp3base.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-28. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  65. EA Sports. (2009-07-28) NHL 10 - Soundtrack. easports.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-18. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  66. SingStar Rocks!. SingStar Rocks! - Soundtrack. IMDb. ციტირების თარიღი: 2010-11-08.
  67. ბილ ოკლი. (2005). კომენტარი Sideshow Bob's Last Gleaming-სთვის, DVD-ზე სიმფსონები: მეშვიდე სეზონი სრულად 20th Century Fox.
  68. ჯეფ რუბინი. (2006-09-29) ინტერვიუ სპაიკ ფორესტერთან. College Humour. ციტირების თარიღი: 2009-01-02.
  69. ჯეისონ ანკი. Bordello of Blood - Original Soundtrack. Allmusic. ციტირების თარიღი: 2010-11-28.
  70. IMDb. კლაუს მაინე - სკორპიონსის ბიოგრაფია და ფილმოგრაფია. IMDb. ციტირების თარიღი: 2010-09-09.


  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.