ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია
ხელნაწერები
რედაქტირებაქართულ ხელნაწერთა ფონდი
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდი ათასობით ქართულენოვან ხელნაწერს აერთიანებს. ამ ფონდში არ შედის ის ქართული ხელნაწერები, რომლებიც მათი შინაარსის გამო დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიულ დოკუმენტთა ფონდში. ქართულ ხელნაწერთა ფონდში თავმოყრილი მასალა V საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდით თარიღდება.
ქართულ ხელნაწერთა ფონდი მოიცავს როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის ხელნაწერებს. წარმოდგენილია როგორც ქართული მწერლობის ორიგინალური ნიმუშები, აგრეთვე სხვადასხვა ენიდან ნათარგმნი ლიტერატურაც. ორიგინალური ძეგლებიდან აღსანიშნავია შედარებით გვიანდელ ხელნაწერებში დაცული უძველესი მარტიროლოგიური თხზულებანი, როგორიცაა „შუშანიკის წამება“, „ევსტათი მცხეთელის წამება“, „აბო თბილელის წამება“ და სხვა.
ნათარგმნი ლიტერატურიდან აღსანიშნავია ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწეების, გრიგოლ ნაზიანზელის, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, იოანე სინელის, გრიგოლ ნოსელის, მაქსიმე აღმსარებელისა და სხვათა თხზულებების თარგმანები. ეს თარგმანები ცნობილი ქართველი მწიგნობრების მიერაა შესრულებული, როგორებიც არიან ექვთიმე მთაწმიდელი, გიორგი მთაწმიდელი, ეფრემ მცირე, არსენ იყალთოელი და სხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდი მდიდარია საერო ხასიათის ძეგლებითაც. მათ შორის გამორჩეულია შოთა რუსთაველის პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ნუსხები. მათ გარდა, ფონდი შეიცავს ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველ ხელნაწერებსაც[1].
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდში თავმოყრილი ხელნაწერები განაწილებულია ოთხ ქვეფონდში — A, H, Q და S ფონდებში. ხელნაწერთა განაწილება ძირითადად მათი წარმომავლობის მიხედვით ხდება.
A ფონდი შეიცავს იმ ხელნაწერებს, რომლებიც გაუქმებამდე თბილისის საეკლესიო მუზეუმის კოლექციას შეადგენდა. საეკლესიო მუზეუმი დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით 1889 წელს დაარსდა თბილისში. მისი ხელნაწერთა კოლექცია შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე ივსებოდა. 1921 წელს საეკლესიო მუზეუმი გაუქმდა და მისი ხელნაწერთა კოლექცია გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 1930 წელს — საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას[2], მოგვიანებით კი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების შემდეგ, ეს ხელნაწერები A ფონდის შემადგენლობაში ცენტრის კოლექციაში გაერთიანდა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდის ხელნაწერებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ზატიკი, სვანური მრავალთავი, ალავერდის ოთხთავი, ვანის ოთხთავი, ექვთიმე მთაწმინდელის სვინაქსარი, ასტრონომიული ტრაქტატი, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულება და სხვა[3].
H ფონდი შეიცავს იმ ხელნაწერებს, რომლებიც ყოფილი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციაში შედიოდა. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო 1907 წელს, თბილისში ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით დაარსდა. საზოგადოების ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე. მოგვიანებით მისი კოლექციაც ხელნაწერთა ინსტიტუტს (დღევანდელ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს) გადაეცა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში დაცული ხელნაწერებიდან აღსანიშნავია დავითნი, ჯრუჭის I ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, შიომღვიმის ოთხთავი, თავაქარაშვილისეული ვეფხისტყაოსანი და სხვა[4].
Q ფონდი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი და დღემდე მზარდი ერთადერთი ფონდია. ფონდი 1919 წელს თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფარგლებში შეიქმნა. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე, აგრეთვე, ცნობილი ქართველი მეცნიერების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამოვლენილი ხელნაწერების ნაციონალიზაციის გზით.
Q ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: მოქვის ოთხთავი, ტბეთის II ოთხთავი, წყაროსთავისა და ბერთის სახარებები[5].
S ფონდში თავმოყრილია ის ხელნაწერები, რომლებიც ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექციაში შედიოდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოოება ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა ინიციატივით დაარსდა 1879 წელს, თბილისში. ქართველი პუბლიცისტის, იონა მეუნარგიას წინადადებით 1888 წლიდან საზოგადოება იწყებს ხელნაწერების მოძიებასა და შეგროვებას. თავდაპირველად ფონდი კერძო შემოწირულობების ხარჯზე ივსებოდა, მოგვიანებით კი დაიწყო ხელნაწერების შეძენაც. დღეს ეს კოლექცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, S ფონდშია გაერთიანებული.
S ფონდის ხელნაწერებიდან აღსანიშნავია ვისრამიანი (S-3702)[6].
აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი ძირითადად აერთიანებს სპარსულ, თურქულ და არაბულ ხელნაწერებს, აგრეთვე სომხურ, ებრაულ, სირიულ და ეთიოპიურ ხელნაწერებს.
აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდის ხელნაწერები სამი ლიტერით აღინიშნება. K კოლექცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში მცხოვრები ჯაშიდ არდაშირ აფშარ მაჯდ ოს-სალტანეს პირად კოლექციას აღნიშნავს. L კოლექცია, რომელიც მზარდია, ადგილობრივია და მოიცავს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან და საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონებიდან შემოსულ ხელნაწერებს. ამავე ლიტერით აღინიშნება ის ხელნაწერები, რომელთა შეძენა ხდება კერძო პირებისაგან. AC ანუ შუააზიური კოლექცია მოიცავს დავით ჩხენკელისა და გიორგი წერეთლის მიერ სამარყანდში, ბუხარასა და შუა აზიის სხვა კულტურულ ცენტრებში მოგზაურობის დროს შეგროვილ ხელნაწერებს, რომლებიც 1935 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, დღეს კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული[7].
არაბული ხელნაწერების კოლექცია
რედაქტირებაარაბული ხელნაწერების კოლექცია ათასზე მეტ ერთეულს შეიცავს, რომლებიც სამი ლიტერით აღინიშნება: ArK, ArL და ArAC. ხელნაწერები XIV საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდით თარიღდება. კოლექციაში წარმოდგენილია სხვადასხვა დარგის ხელნაწერები, მათ შორის სასწავლო-სქოლასტიკური, გრამატიკული, ლოგიკური, რიტორიკული, მისტიკური, გეომეტრიული, სამედიცინო და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია იბნ სინას პალეოგრაფიულად XIV საუკუნით დათარირებული „მედიცინის კანონის“ ხელნაწერი (ArK9), აგრეთვე ისმაილ ალ-ჯავჰარის განმარტებითი ლექსიკონის ორი ტომი (ArK1 და ArK2). კოლექცია შეიცავს ცნობილი დაღესტნელი მწერლებისა და სწავლულების შრომათა არაერთ კრებულს (ArL576, ArL460), გრამატიკის, დოგმატიკისა და ლექსიკოგრაფიის შემცველ ხელნაწერებს (ArAC349, ArAC588, ArAC589) და სხვა[8].
თურქულენოვანი ხელნაწერების კოლექცია
რედაქტირებათურქულენოვანი კოლექცია თურქული წარმოშობის სხვადასხვა ენაზე — ოსმალურ, აზერბაიჯანულ, თურქმენულ და უზბეკურ ენებზე შესრულებულ ხელნაწერებს აერთიანებს. ამ ფონდში დაცული ხელნაწერები აღინიშნება ლიტერებით TurL, TurK და TurAC.
ფონდი შეიცავს XV საუკუნის უზბეკი პოეტის და მოაზროვნის, ალიშერ ნავოის თხზულებათა ხელნაწერებს. მათ შორისაა 1519 წელს გადაწერილი ცნობილი მუნშაათი და 1526 წელს გადაწერილი პოემა „ფარჰადი და შირინი“. ამავე ფონდშია დაცული XV-XVI საუკუნეების აზერბაიჯანელი პოეტის, ფუზულის ნაწარმოების — ჰადიკად-ულაუ’ადას უძველესი, 1583, 1586 და 1596 წლებში გადაწერილი ნუსხები, ოსმალო მოხელეების მიერ 1595 წელს ჩატარებული სამხრეთ საქართველოს აღწერის დავთარი და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონღოლური ხელნაწერი, რომელიც ძველი უიღურული დამწერლობითაა შესრულებული. მასში ბუდიზმის მიმდევარი მონღოლი მაღალი რანგის სასულიერო პირების გენეალოგიაა გადმოცემული[9].
სპარსული ხელნაწერების კოლექცია
რედაქტირებასპარსული ხელნაწერების კოლექცია რამდენიმე ასეულ ხელნაწერს ითვლის, რომლებიც XV საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდითაა დათარიღებული. სპარსულ კოლექციაში თავმოყრილი ხელნაწერები აღინიშნება ლიტერებით PL, PK და PAC.
კოლექცია, ძირითადად, როგორც პროზაული, ისე პოეტური ნაწარმოებების შემცველ საერო ხასიათის ხელნაწერებს შეიცავს. ამავე კოლექციაშია დაცული საისტორიო, საღვთისმეტყველო, ასტრონომიული და სამკურნალო ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერები. განსაკუთრებით აღსანიშნავია აზერბაიჯანელი ჰუმანისტის, ნიზამი განჯელის პოეტური კრებულის 1428 წელს გადაწერილი ნუსხა (PAC458), XV საუკუნის ასტროლოგიური ტრაქტატი (PL612), 1698 წელს გადაწერილი „ქალაქ ჰერათის ისტორია“ (PK35/69) და სხვა[10].
სომხური ხელნაწერების კოლექცია
რედაქტირებასომხურ კოლექციაში სამასამდე ხელნაწერია თავმოყრილი. ხელნაწერები აღინიშნება ლიტერებით Arm. სომხურ ხელნაწერთა უმეტესობა შესრულებულია ეტრატზე. გამოყენებულია როგორც ძველი სომხური დამწერლობა (გრაბარი), ისე ახალი სომხური (აშხარაბარი).
ფონდი ძირითადად სასულიერო ხასიათის ხელნაწერებს შეიცავს, როგორიცაა ჰაგოგრაფიული, აპოკრიფული, ასკეტიკური, ჰომილეტიკური, და დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის თხზულებები. აქვე დაცულია საისტორიო, სამედიცინო, ასტრონომიული, გრამატიკული და სხვა საერო შინაარსის ხელნაწერები, როგორც ნათარგმნი, ისე სომხური ლიტერატურის ორიგინალური ძეგლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია IX-X საუკუნეებში გადაწერილი გრიგოლ ნოსელის „განმარტება ქება-ქებათას“ ფრაგმენტი (Arm135), 1382 წელს გადაწერილი იადგარი (Arm173), XIV საუკუნეში გადაწერილი საგალობლების კრებული (Arm216) და სხვა; აგრეთვე ისეთი ორიგინალური სომხური თხზულებების შემცველი ხელნაწერები, როგორებიცაა X საუკუნის პოეტის გრიგოლ ნარეკელის „სიტყვები“ (Arm4), XI საუკუნის ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) თხზულების XVIII საუკუნის ნუსხა (Arm7), ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების მოკლე ისტორიის XIX საუკუნის ნუსხა (Arm98, Arm22) და სხვა[11].
ებრაული ხელნაწერების კოლექცია
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის ებრაულ კოლექციაში თავმოყრილია სრულად ან ფრაგმენტულად მოღწეული ებრაული ხელნაწერები. მათი უმრავლესობა ეტრატზეა შესრულებული. ხელნაწერები X საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდითაა დათარიღებული. აღინიშნება ლიტერებით Hebr.
ებრაული ხელნაწერების ფონდში ძირითადად ბიბლიური ტექსტებია წარმოდგენილი, აგრეთვე სხვა სახის მასალაც; მათ შორის თორები (Hebr. 5, Hebr. 11), ესთერის წიგნის განმარტებები (Hebr. 24), ლოცვები (Hebr. 12) და სხვა. ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ე. წ. ლაილაშის ბიბლია, რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება. ხელნაწერი ნიმუშების გარდა, კოლექციაში წარმოდგენილია XVI საუკუნის ეტრატზე ნაბეჭდი წიგნებიც: ფსალმუნი კომენტარებით (Hebr. 4) და ორი ბიბლია (Hebr. 18 და 19)[12].
სირიული ხელნაწერების კოლექცია
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის სირიული კოლექცია შეიცავს საკმაოდ გვიანდელ ხელნაწერებს, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. სირიული კოლექციის ხელნაწერები აღინიშნება ლიტერებით Syr.
ამ კოლექციაში დაცულ ერთ-ერთ ხელნაწერში (Syr 1) წარმოდგენილია სირიული დამწერლობით გადმოცემული არაბულენოვანი ლიტურგიკული ტექსტები, დანარჩენი ორი ხელნაწერი კი (Syr 2 და Syr 3) ლოცვებს შეიცავს. ამათგან გამორჩეულია Syr 2 ხელნაწერი, რომელიც XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება და შემკულია მახარებლებისა და სხვა წმინდანების მინიატიურებით[13].
ეთიოპიურ ხელნაწერთა კოლექცია
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეთიოპიურ ფონდში ერთადერთი ხელნაწერია წარმოდგენილი. აღინიშნება ლიტერებით Eth. ხელნაწერი X საუკუნეშია გადაწერილი. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. შეიცავს ფსალმუნთა ტექსტს[14].
ბერძნულ ხელნაწერთა ფონდი
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბერძნული კოლექცია შეიცავს 51 ხელნაწერს, რომლებიც აღინიშნება ლიტერით Gr. ხელნაწერები შესრულებულია როგორც ძველ, ისე ახალ ბერძნულ ენაზე. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი ან ქაღალდი. ხელნაწერები IX საუკუნიდან XVIII საუკუნემდე პერიოდით თარიღდება.
ბერძნული ხელნაწერების ფონდი ძირითადად სასულიერო მწერლობის ძეგლებს მოიცავს, როგორიცაა საღვთისმეტყველო თხზულებები, ფსალმუნები, საგალობლები, სჯულის კანონები და სხვა. წარმოდგენილია აგრეთვე სამკურნალო შინაარსის ხელნაწერებიც. კოლექციაში დაცული ძეგლებიდან აღსანიშნავია კორიდეთის სახარება, რომელიც IX საუკუნითაა დათარიღებული. მის აშიებზე მინაწერების სახით დაცულია საინტერესო იურიდიული აქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი წყაროებია სამხრეთი საქართველოს ისტორიისათვის. აგრეთვე IX საუკუნეშია გადაწერილი ამ ფონდში დაცული ბასილი დიდის თხზულებათა კრებული, რომელიც მდიდრული საზედაო ასოებითა და თავსამკაულებითაა მორთული[15].
რუსულ ხელნაწერთა ფონდი
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის რუსულ ხელნაწერთა ფონდი ხუთასზე მეტ ხელნაწერს ითვლის. ისინი XVI საუკუნიდან XIX საუკუნემდე პერიოდითაა დათარიღებული. ფონდის მასალები აღინიშნება ლიტერებით Rus.
ფონდში დაცულია ქართველი მეფეების, მთავრების, მათი ოჯახის წევრების რუსულად ნათარგმნი წერილების პირები; აგრეთვე რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოისა და კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის ავტოგრაფები, სასულიერო ხასიათის ხელნაწერები და სხვა[16].
უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი
რედაქტირებაუცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი შერეულია და მისი სახელწოდებაც პირობითია. იგი აერთიანებს სხვადასხვა ევროპულ ენაზე შესრულებულ ხელნაწერებს, მათ შორის ლათინურ, ძველ გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ და სხვაენოვან მასალებს. ხელნაწერები XV-დან XX საუკუნემდე პერიოდითაა დათარიღებული. ფონდი შეიცავს როგორც სასულიერო, ისე საერო ხასიათის ხელნაწერებს[17].
ისტორიული დოკუმენტები
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართული, არაბული, სპარსული, ოსმალური და სომხური ისტორიული დოკუმენტია დაცული. მათი რაოდენობა ჯამში 30 000-ს აღემატება და X-XIX საუკუნეებით თარიღდება. განსაკუთრებით გამორჩეულია სპარსული და ოსმალური დოკუმენტები, მათ შორის შაჰის ფირმანები და ოქმები.
XVI-XVIII საუკუნეების საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხუთასამდე სპარსულ და რამდენიმე ათეულ ქართულ-სპარსულ დოკუმენტს, რომლებიც მოიცავს შაჰის ფირმანებს, ოქმებს, არზებს, ნასყიდობის სიგელებს და სხვა. ეს საბუთები საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, დაღესტნისა და კავკასიის სხვა რეგიონთა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებას ეხება, აგრეთვე ასახავს რუსეთისა და ირანის დაპირისპირებას კავკასიაში.
ქართული დოკუმენტები
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ დოკუმენტთა კოლექცია ოთხ ფონდად იყოფა და აღინიშნება ლიტერებით Ad, Sd, Hd და Qd. კოლექცია 30 000-ზე მეტ საბუთს ითვლის, რომლებიც IX-დან XIX საუკუნემდე პერიოდითაა დათარიღებული. ფონდში თავმოყრილია როგორც საერო, ისე საეკლესიო ხასიათის (კანონიკური) დოკუმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია XI-XIII საუკუნეების საისტორიო სბუთები, რომლებიც ქართველ მეფეთა, დედოფალთა, მაღალი თანამდებობის სხვა საერო სახელმწიფო მოხელეებისა, კათოლიკოსებისა და ეპისკოპოსების ხელრთვებს შეიცავენ[18].
არაბული დოკუმენტები
რედაქტირებაარაბული დოკუმენტების ფონდი სამასზე მეტ არაბულენოვან საბუთს შეიცავს, რომლებიც აღინიშნება ლიტერებით Arld. ისინი დაღესტნური წარმომავლობისაა, გვიანდელია და XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. წარმოდგენილია როგორც დედნები, ისე პირები. საბუთები 1930-იან წლებშია შეძენილი.
ფონდში წარმოდგენილი მასალა საინტერესოა დაღესტნის ისტორიის კვლევისათვის. მათში დოკუმენტურადაა გადმოცემული XVIII და XIX საუკუნეების ადგილობრივი მთიელების ტრადიციული ყოფა-ცხოვრება. განსაკუთრებით აღსანიშნავია საბუთების ერთი ჯგუფი (Arld 20-85), რომლებიც კავკასიაში შამილის მოძრაობას ეხება. კოლექციაში შედის აგრეთვე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის პირი, რომლებიც დაღესტნისა და საქართველოს ურთიერთობებს ასახავს (Arld 10, 11, 16, 18, 21).[19]
ოსმალური დოკუმენტები
რედაქტირებასომხური დოკუმენტები
რედაქტირებასპარსული დოკუმენტები
რედაქტირებახელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში თავმოყრილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების, მხატვრების, პოლიტიკური, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეების, ემიგრაციის მოღვაწეების, სასულიერო პირების, აგრეთვე საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების და სინოდის კანცელარიის არქივები. ჯამში საარქივო ფონდების რაოდენობა 182-ია; აქედან, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 111 ფონდი. დანარჩენი 71 საარქივო ფონდი დამუშავების პროცესშია[20].
არქივში დაცული მასალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართველი პაპიროლოგის გრიგოლ წერეთლის კუთვნილი კოლექცია, სადაც წარმოდგენილია ძვ. წ. II-XV საუკუნეებით დათარიღებული 170-მდე პაპირუსი.
დანარჩენ ფონდებში დაცულია XIX-XX საუკუნეების ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრება-შემოქმედებასთან დაკავშირებული ქართული, ლათინური, ფრანგული, ინგლისური, იტალიური, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური და სხვა უცხოენოვანი ორიგინალური საბუთები; მდიდარი ეპისტოლარული მემკვიდრეობა; მრავალრიცხოვანი ფოლკლორული ჩანაწერები; უნიკალური ფოტონამუშევრები; სამხრეთ კავკასიის ახალი და უახლესი ისტორიის ამსახველი მასალა პოლიტიკის, ეკონომიკის, საეკლესიო ცხოვრების, ჟურნალისტიკის, თეატრის, მუსიკისა და სხვა სფეროებიდან[21].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი, კოლექცია დაარქივებული 2014-08-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი, ქართულ ხელნაწერთა ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ქსე, ტ. 4, გვ. 611, თბ., 1979
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-24. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
- ↑ არაბულ ხელნაწერთა კოლექცია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თურქულენოვან ხელნაწერთა ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სპარსულ ხელნაწერთა კოლექცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სომხურ ხელნაწერთა კოლექცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ებრაულ ხელნაწერთა კოლექცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სირიულ ხელნაწერთა კოლექცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეთიოპიური ხელნაწერების ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ბერძნულ ხელნაწერთა ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რუსულ ხელნაწერთა ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი[მკვდარი ბმული]
- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართულ დოკუმენტთა ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2013-07-26.
- ↑ არაბული დოკუმენტების ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2013-07-26.
- ↑ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ პირად არქივთა საერთო ნუსხა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2013-06-24.
- ↑ საარქივო ფონდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-08. ციტირების თარიღი: 2013-06-24.