ბიჭვინთის ოთხთავი
ბიჭვინთის ოთხთავი ანუ სახარება — XII საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. გადაწერილია დასავლეთ საქართველოში; მოგვიანებით ხელნაწერი მიეკუთვნა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიას, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, ძირითადი ტექსტი გადაწერილია ნუსხურით, ყავისფერი მელნით, ხოლო სათაურები — ასომთავრულით, ოქრომელნითა და სინგურით. ხელნაწერის მორთულობას წარმოადგენს მახარებელთა გამოსახულებანი, თავსამკაულები და მხატვრული ინიციალები. ხელნაწერში შემორჩენილია ორი მინიატიურა, მარკოზ და ლუკა მახარებლების პორტრეტები. მარკოზ მახარებლის გამოსახულება მთელ გვერდს იკავებს. იგი ჩართულია დეკორატიულ ჩარჩოში. ჩარჩოს ზემოთ შუაში არწივია გამოსახული. იგი მარკოზ მახარებლის სიმბოლური გამოსახულებაა, რომელიც ჩვეულებრივ ბერძნულსა და ქართულ ხელნაწერებში მახარებლის მინიატურაზე ჩარჩოს შიგნითაა მოთავსებული.
თავსამკაულით იწყება ლუკას სახარების ტექსტი. იგი ჩართულია ტექსტის მარცხენა სვეტში. მხატვრული ინიციალი ებმის თავსამკაულის ნახატს. ორნამენტი მცენარეულ მოტივს წარმოადგენს. მთლიან კოლორიტში ლურჯი ფერი ჭარბობს. წიგნის მხატრვობა ქართული მინიატიურული მხატვრობის თვითმყოფადობაზე მეტყველებს.
დღეს ბიჭვინთის ოთხთავი ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H 2120).
სახარება ერთი პერიოდი გატანილი იყო სანქტ-პეტერბურგში, სადაც 1888 წელს გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა ივანე ბარშჩევსკიმ.
-
სახარების გარეყდა (თავი)
-
სახარების გარეყდა (ზურგი)
-
სახარების ფურცლები
-
სახარების ფურცლები
-
სახარების ფურცლები
-
სახარების ფურცლები
-
სახარების ფურცლები
-
სახარების ფურცლები
-
სახარების ფურცლები
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 69
- კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში, თბ., 2015