ქართული ხელნაწერი სახარებები
სახარების ქართულენოვანი ხელნაწერები მოღწეულია V საუკუნიდან ძირითადად ოთხთავების ანუ ოთხივე კანონიკური — მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების შემცველი წიგნების სახით; ძირითადად ადრეული პალიმფსესტების სახით გვხვდება ცალკეულ სახარებათა ფრაგმენტებიც. ოთხივე სახარების ტექსტს შეიცავს აგრეთვე ხელნაწერი ბიბლიები.
ქართლში ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპზე ეკლესია უპირატესად მრევლის განათლებისა და ღვთისმსახურებაში წიგნიერი ჩართვისაკენ იყო მოწოდებული; ამ მიზნისათვის განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ბიბლიას, უპირველესად კი სწორედ სახარებებს ახალი აღთქმიდან. მკვლევართა დიდი ნაწილის მოსაზრებით სწორედ ოთხთავია ის წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ამ მოსაზრებას მხარს უმაგრებს V-VII საუკუნეებით დათარიღებული პალიმფსესტები, რომელთა ქვედა ფენებზეც სახარების ტექსტებია მოცემული. ამ ეპოქის სახარების ქართულენოვანი ტექსტი საინტერესოა ენის თავისებურებებით და ხანმეტ ძეგლებს წარმოადგენს. ევანგელე („ევანგელჱ“, ბერძ. εὐαγγέλιον, სახარება) ნახსენებია ქართული ორიგინალური მწერლობის დღემდე მოღწეულთაგან უძველეს ძეგლში, „შუშანიკის წამებაში“, რაც აგრეთვე სახარების ქართულ ენაზე ქრისტიანობის ადრეულ ეტაპზე არსებობას მიუთითებს[1][2].
სახარებები სხვადასხვა ეპოქაში გადაწერილია სხვადასხვა სკრიპტორიუმებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს გარეთ აღსანიშნავია პალესტინისა[3] და ბიზანტიის[4] ქართული მონასტრები, რომლებიც აქტიურ სამწიგნობრო კერებს წარმოადგენდნენ; აგრეთვე შავი მთის მონასტერი სირიაში[5]. არაერთი ხელნაწერი ოთხთავია მოღწეული ტაო-კლარჯეთის სკრიპტორიუმებიდან[6].
მას შემდეგ, რაც თბილისში 1708-1709 წლებში ვახტანგ VI-ის მიერ პირველი სტამბა დაარსდა, ხელნაწერზე მოთხოვნილებამ იკლო, თუმცა ხელნაწერი ოთხთავები XX საუკუნის დასაწყისამდე ინარჩუნებდნენ არსებობას[7]. უახლეს პერიოდში კი, 1984-2004 წლებში თბილისის სამების საკათედრო ტაძრისათვის ხელით გადაიწერა სამების ოთხთავი, თუმცა მისი გამოყენება ყოველდღიურ ღვთისმსახურებაში არ ხდება[8].
ხელნაწერ სახარებათა დიდი ნაწილი დღეს დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
რედაქციები
რედაქტირებაოთხთავის (ოთხი სახარების) ქართულენოვანი ტექსტის რამდენიმე რედაქცია არსებობს. უძველესია ე. წ. ხანმეტი რედაქცია, რომელიც V საუკუნის პალიმფსესტებზე ფრაგმენტების სახითაა დღემდე მოღწეული და ასახავს იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ქართული ენის თავისებურებას — ხანმეტობას.
უძველესია აგრეთვე საბაწმინდური რედაქცია, რომელიც ხანმეტური რედაქციისაგან, სავარაუდოდ მხოლოდ ფონეტიკური ნიშნით განირჩევა, კერძოდ ხანმეტობა გარდაქმნილია ჰაემეტობად. ადრეული პერიოდიდანაა და უძველეს რედაქციებს შეიცავს ადიშის, ჯრუჭისა და პარხლის ოთხთავები; ამათგან ადიშის ოთხთავის ტექსტი განცალკევებით დგას და დამოუკიდებელ რედაქციას წარმოადგენს.
X საუკუნიდან საქართველოში ჩნდება ტენდენცია ქართული საღვთისმსახურო წიგნების ტექსტის ორიგინალთან, ბერძნულთან უფრო მეტად დაახლოებისაკენ. ამ მიზნით ხელახლა ითარგმნა ოთხთავის ტექსტიც; ეს ახალი რედაქციები ათონის მთაზე მოღვაწე ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების შექმნილია[9]. ექვთიმეს რედაქცია, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, წინაათონური წარმოშობის უნდა იყოს. იგი მოღწეულია ურბნისისა და პალესტინურ ხელნაწერებში, გიორგი მთაწმიდელის ტექსტს კი ვანის, ეჩმიაძინისა და გელათის ოთხთავები შეიცავს[1].
გიორგი მთაწმიდელის რედაქცია ყველაზე გავრცელებული და დღეგრძელი აღმოჩნდა; მას დღემდე არ აქვს დაკარგული თავისი მნიშვნელობა. გიორგი მთაწმიდელის შემდეგ სახარების ახალი რედაქციის შექმნა სცადეს ეფრემ მცირემ და იოანე პეტრიწმა, თუმცა მათ გიორგი მთაწმიდელისეულ სახარებას მეტოქეობა ვერ გაუწიეს, რადგან ისინი ვიწრო მეცნიერული, ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიზნით იყო შესრულებული. ეს რედაქციები საყოველთაოდ ვერ გავრცელდა. დღემდე მათი მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარია მოღწეული[10].
შედგენილობა
რედაქტირებასაინტერესოა დღემდე მოღწეული ქართული ხელნაწერი სახარებების შედგენილობა. დროთა განმავლობაში ოთხთავის ძირითად ტექსტს ემატებოდა მუხლების საძიებლები, აგრეთვე დღესასწაულებთან დაკავშირებული მონაკვეთების საძიებლები. მაგალითად, ადიშის ოთხთავს თანდართული აქვს „კანონები“, რომლებიც მისი შემდგომი პერიოდის თითოეულ ხელნაწერშია გამეორებული. უცნობია, „კანონები“ იყო თუ არა მოცემული ადიშის ოთხთავზე ადრეულ ხანმეტი რედაქციის სახარებებში, რადგან ისინი მხოლოდ ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი.
ოთხთავის ტექსტები მუხლებად და თავებადაა დაყოფილი. მუხლები დანომრილია ქართული ანბანის ასოთა შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობების მიხედვით. ეს დაყოფა მიეწერება ამონიოს ალექსანდრიელს; მის მიხედვით შეადგინა ესვები კესარიელმა ცნობილი ათი კანონი, ამიტომ ყველა ოთხთავს ახლავს ეპისტოლე ევსებიოსისა კარპიანეს მიმართ. გვიანდელ შუა საუკუნეებში ტექსტის მუხლებად დაყოფის მანამდე მიღებული სისტემა შეიცვალა. იყო შემთხვევები, როდესაც ძველი ხელნაწერის რესტავრაციისას ახალი წესის შესაბამისად ცვლიდნენ დამუხვლის ძველ სისტემას (ასეთია, მაგალითად, პარხლის ოთხთავი, რომლის რესტავრაციაც XVIII საუკუნეში ჩაუტარებიათ).
XI საუკუნის ოთხ ხელნაწერს თან ერთვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ისტორიასთან დაკავშირებული თხრობა „ავგაროზის ეპისტოლე“. პირველად იგი ალავერდის ოთხთავში გვხვდება[10].
გაფორმება
რედაქტირებასახარების ხელნაწერები საინტერესოა მხატვრული გაფორმების მხრივ. ადრეული პალიმფსესტური ხელნაწერები ასომთავრულითაა გადაწერილი და ჯერ კიდევ არაა გაფორმებული საზედაო ასოებითა და სხვა ორნამენტული სამკაულებით. დეკორის ფუნქციას ამგვარ წიგნებში მხოლოდ მუხლის დასაწყისში დაწერილი მონუმენტური, მოზრდილი საზედაო ასო ასრულებს.
სახარებების მხატვრული გაფორმება შედარებით მოგვიანებით, IX-X საუკუნეებიდან იწყება[2]. მოხატული ხელნაწერების რაოდენობა თანდათანობით იზრდება, რასაც მატერიალური, ფინანსური შესაძლებლობების ზრდა განაპირობებდა. თანდათან იხვეწება საზედაო დეკორირებული ასოების სისტემა, რაზეც ბიზანტიური მხატვრული მოტივები ახდენს გავლენას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სწორედ ოთხთავების გაფორმებას; ამ პერიოდში შეიქმნა მდიდარი მინიატიურების შემცველი „საზეიმო“ წიგნები, აგრეთვე სამონასტრო დანიშნულების ეგზემპლარები, რომლებიც ორნამეტირებულ საწინამძღვრე ჯვრებს შეიცავს[11].
XIII-დან XVI საუკუნემდე ქართული ხელნაწერის გაფორმება მეტ-ნაკლბად ინარჩუნებს წინა საუკუნეებში ჩამოყალიბებულ და დამკვიდრებულ ტრადიციულ სტილს, თუმცა ამ კულტურის დაცვა სპარსეთისა და ოსმალეთის ზეწოლის პირობებში მიმდინარეობა[7].
მდგომარეობა იცვლება XVII-XVIII საუკუნეებიდან, როდასაც ქართველთა კულტურული ურთიერთობის ფარგლები ფართოვდება; კავშირები მყარდება რუსეთთან და ევროპასთან. მაშინ, როცა ამ პერიოდში გადაწერილი საერო ძეგლების გაფორმება აღმოსავლური სტილისაა, სასულიერო ძეგლების, მათ შორის სახარებათა მხატვრული გადაწყვეტა სცილდება საქართველოში გაბატონებულ ბიზანტიურ მოტივებს და ევროპული კულტურის ძრიერ ზეგავლენას განიცდის[7].
-
საწინამძღვრე ჯვარი ალავერდის ოთხთავიდან, XI საუკუნე
-
მინიატიურით, თავსამკაულითა და საზედაო ასოებით გაფორმებული გვერდი ალავერდის ოთხთავიდან
-
მარტვილის ოთხთავი, საზედაო ასო, XI საუკუნე
-
მინიატიურები, თავსამკაული და საზედაო ასოები ჯრუჭის II ოთხთავიდან, XII საუკუნე
-
თავსამკაული ვანის ოთხთავიდან, XII საუკუნე
-
მთავრული ასო გელათის ოთხთავიდან, XII საუკუნე
ხელნაწერთა სია
რედაქტირება სრული სახით მოღწეული ოთხთავი;
ხელნაწერის ფრაგმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტს სახარებიდან;
ბიბლია, რომელიც შეიცავს ოთხივე კანონიკური სახარების ტექსტს, ოთხთავს
ფოტო | ხელნაწერი | თარიღი | გადაწერის ადგილი | გადამწერი | დამკვეთი/მომგებელი | მოკლე აღწერა | რედაქცია | ამჟამად ინახება |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხანმეტი ოთხთავი, A 89[12] | VI-VII საუკუნე | პალიმფსესტის ქვედა ფენა, ნაწერია ეტრატზე ასომთავრულით, ორ სვეტად. | ხანმეტი რედაქცია | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||||
ადიშის ოთხთავი[13] | IX საუკუნე, 897 წელი | კლარჯეთი, შატბერდი | ნაწერია ეტრატზე ასომთავრულით, ორ სვეტად. ახლავს მინიატიურები. | არ მიეკუთვნება არცერთ ცნობილ რედაქციას | სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი | |||
პარხლის ოთხთავი, A 1453[14] | X საუკუნე, 973 წელი | კლარჯეთი, შატბერდი | იოვანე ბერა | პარხლის მონასტერი | ეტრატი, ქაღალდი. ნაწერია ასომთავრულითა და ნუსხურით ორ სვეტად. | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||
ჯრუჭის I ოთხთავი, H 1660[15] | X საუკუნე, 936-940 წლები | გაბრიელი, მომხატველი: თევდორე | გრიგოლ მირდატის ძე | ეტრატი. ნაწერია ასომთავრულით, შავი მელნით, სათაურები და საზედაო ასოები სინგურით. ახლავს მინიატიურები | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | |||
წყაროსთავის I ოთხთავი, A 98[16] | X საუკუნის მიწურული | ტაო-კლარჯეთი | გაბრიელ პატარაი | ეტრატი. ახლავს მინიატიურები | ძველი ოპიზური რედაქცია | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||
მარტვილის ოთხთავი, S 391[17] | XI საუკუნე, 1050 წელი | მარტვილი | იოანე მესვეტე და არსენი ეშისძე | ივანე ფარჯანიანი | ტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით, მნიშვნელოვანი ადგილები სინგურით; ახლავს საზედაო ასოები და მინიატიურები | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||
ალავერდის ოთხთავი, A 484[18] | XI საუკუნე, 1054 წელი | შავი მთის კალიპოსის ღვთისმშობლის ლავრა | გიორგი და იოანე დვალი | მაღალი ხარისხის ეტრატი. ტექსტი ნაწერია ნუსხურითა და ასომთავრულით ორ სვეტად. ახლავს მინიატიურები, გაფორმებულია საზედაო ასოებითა და თავსამკაულებით | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | |||
გელათის ბიბლია, A 1108[19] | XII საუკუნე | გელათის მონასტერი | ქაღალდი. გადაწერილია მხედრულზე გარდამავალი ნუსხურით. ახლავს განმარტებები | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||||
ჯრუჭის II ოთხთავი, H 1667[20] | XII საუკუნე | გადამწერი და მხატვარი: მიქაელი | ეტრატი. ნაწერია ნუსხურით, ორ სვეტად. გაფორმებულია თავსამკაულებით, მინიატიურებითა და საედაო ასოებით | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||||
გელათის ოთხთავი, Q 908[21] | XII საუკუნე | მაღალი ხარისხის ეტრატი. ნაწერია ნუსხურად. შემკულია მდიდრული ორნამენტული თავსამკაულებით, საზედაო ასოებითა და მინიატიურებით. | გიორგი მთაწმიდელის რედაქცია | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||||
ბიჭვინთის ოთხთავი, H 2120[22] | XII საუკუნე | დასავლეთი საქართველო | ეტრატი. ნაწერია ნუსხურად ყავისფერი მელნით, სათაურები ასომთავრულად სინგურითა და ოქრომელნით, ახლავს მარკოზ და ლუკა მახარებლების პორტრეტები. | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||||
წყაროსთავის II ოთხთავი, Q 907[23] | XII საუკუნე, 1195 წელი | იოანე ფუკარალისძე, გიორგი სეთაისძე | იოანე საფარელი-მტბევარი ეპისკოპოსი | ეტრატი. ნაწერია კლასიკური ნუსხურით, ყავისფერი მელნითა და სინგურით. ახლავს მახარებელთა პორტრეტები | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | |||
ვანის ოთხთავი, A 1335[24] | XII-XIII საუკუნეები | რომანას მონასტერი, კონსტანტინეპოლი | იოვანე; მხატვარი: მიქაელ კორასელი | თამარ მეფე | მაღალი ხარისხის ეტრატი. ნაწერია ნუსხურად, ორ სვეტად. შემკულია მდიდრული ორნამენტული თავსამკაულებით, საზედაო ასოებითა და მინიატიურებით. | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||
ვარძიის ოთხთავი, Q 899[25] | XII-XIII საუკუნეები | თამარ მეფე | მაღალი ხარისხის ეტრატი. ნაწერია ნუსხურად, სათაურები ასომთავრულად. ორ სვეტად. გამორჩეულია მდიდრული და ორიგინალური გაფორმებით. | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||||
მოქვის ოთხთავი, Q 902[26] | XIV საუკუნე, 1300 წელი | მოქვის ტაძარი | გადამწერი და მხატვარი: ეფრემი | დანიელ მოქველი ეპისკოპოსი | ეტეატი. ნაწერია ნუსხურად ორ სვეტად. გამორჩეულია გაფორმებით: 10 კამარა, 152 მინიატიურა, 531 საზედაო ასო. | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ||
მცხეთური ხელნაწერი (ბიბლია), A 1108[27] | XVII-XVIII საუკუნეები | სულხან-საბა ორბელიანი, ლაზარე | ქაღალდი. გადაწერილია ნუსხურით, სათაურები ასომთავრულით, რედაქტირებულია მხედრულით. | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ოთხთავი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007, გვ. 699
- ↑ 2.0 2.1 ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 16
- ↑ Geomanuscript.Ge, სამწიგნობრო კერები, პალესტინა
- ↑ Geomanuscript.Ge, სამწიგნობრო კერები, ბიზანტია
- ↑ Geomanuscript.Ge, სამწიგნობრო კერები, შავი მთა
- ↑ Geomanuscript.Ge, სამწიგნობრო კერები, საქართველო
- ↑ 7.0 7.1 7.2 ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 70
- ↑ Orthodoxy.Ge, ბიბლია საქართველოში
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 38
- ↑ 10.0 10.1 Geomanuscript.Ge, ქართული ხელნაწერი წიგნი, სასულიერო ხელნაწერები, ბიბლიური, სახარება-ოთხთავები
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 28
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 15
- ↑ იმნაიშვილი ი., ქსე, ტ. 1, გვ. 96-97, თბ., 1975
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 33
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 34
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 35
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 40-41
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 58-59
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 37
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 43
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 66
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 69
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 68
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 50
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 75
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 79
- ↑ ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 88