ტბეთის მრავალთავი
ტბეთის მრავალთავი, სვანური მრავალთავი — X საუკუნის ქართული ხელნაწერი მრავალთავი, სამონასტრო დანიშნულების კრებული. გადაწერილია ტაო-კლარჯეთში ტბეთის მონასტრისათვის. ხელნაწერის მომგებლები არიან მამფალი მტბევარი იოვანე და მამა თეოდორე.
შინაარსობრივად ხელნაწერი ჰომილეტიკური, აგიოგრაფიული, ეგზეგეტიკური და აპოკრიფული 74 თხზულების ადრეული, პალესტინური ტექსტების თარგმანს წარმოადგენს.
ნაწერია ეტრატზე, შეიცავს 242 ფურცელს. ფურცლის ზომებია 38,5X30 სანტიმეტრი.
ტექსტი ძირითადად ასომთავრულითაა გადაწერილი, მხოლოდ ერთი თავია შესრულებული ნუსხური დამწერლობით. გამოყოფილია საზედაო ასოები, რომლებიც ტექსტის წითელი მელნითა და სინგურითაა შესრულებული. ზოგიერთი გვერდის არშიაზე სხვადასხვა ფიგურაა მიხატული.
ტბეთის მრავალთავი დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული (ფონდი: A-19).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 20