ნიზამი განჯევი

(გადამისამართდა გვერდიდან ნიზამი განჯელი)

ნიზამი განჯევი[18] (სპარს. نظامی گنجوی, აზერ. Nizami Gəncəvi;‎ დ. 1141, განჯა, სელჩუკთა სახელმწიფო (ახლანდელი აზერბაიჯანი) — გ. 1203/ 1209, იქვე), სრული სახელი ნიზამ ად-დინ აბუ მუჰამედ ილიას იბნ-იუსუფ იბ-ზაქი იბნ-მუაიდისპარსელი პოეტი და ჰუმანისტი, წერდა სპარსულ ენაზე. სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ნიზამი განჯევი
სპარს. نظامی گنجوی
დაბადების თარიღი 1141[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი განჯა[11]
გარდაცვალების თარიღი 1209[1] [2] [12] [3] [5] [7] [13] [8] [9] [10] [14] [15]
გარდაცვალების ადგილი განჯა
დასაფლავებულია განჯა
ფსევდონიმი نظامی
საქმიანობა პოეტი[16] , მწერალი[17] და ფილოსოფოსი
ენა სპარსული ენა
მოქალაქეობა ქესრანიდები
Seljuk dynasty
Magnum opus Khamsa

ცხოვრება

რედაქტირება

დაიბადა ხელოსნის ოჯახში, განჯაში, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა. დედამისი, რაისა, წარმოშობით ქურთი იყო, მამამისის სახელი, იუსუფი, ერთხელ ნახსენებია მის პოეზიაში, თუმცა მასზე სხვა ცნობები არ არსებობს. ნიზამი ადრე დაობლებულა და ბიძასთან ცხოვრობდა. მისი ცხოვრების დეტალებზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

ნიზამმა სამჯერ იქორწინა. მისი პირველი მეუღლე აფაქი, ყივჩაღელი მონა ქალი, დარუბანდის მმართველმა ფაქირ ალ-დინ ბაჰრამშაჰმა მიუძღვნა, დიდ საჩუქართან ერთად. ის გახდა ნიზამის პირველი და ყველაზე საყვარელი ცოლი. მისი ერთადერთი ვაჟი მუჰამედიც მასთან გაუჩნდა. აფაქი გარდაიცვალა ”ხოსროვ და შირინის” დასრულებისას. მუჰამედი იმ დროს შვიდი წლისა იყო. აღსანიშნავია, რომ მისი დანარჩენი ცოლებიც ნაადრევად გარდაიცვალნენ—თითოეული მათგანის სიკვდილი მისი ეპოსის დასრულებას დაემთხვა, რამაც პოეტს ათქმევინა "ღმერთო, რატომ მაიძულებ, რომ ყოველ მესნევის თითო ცოლი შევწირო!" (თარგმანი პირობითია).

შემოქმედება

რედაქტირება
 
ლეილი და მეჯნუმი

XII საუკუნის სპარსული პოეზია საკარო ხასიათისა იყო, თუმცა ნიზამი განჯელი არ დასდგომია მეხოტბეობის გზას და სიკვდილამდე შეინარჩუნა შემოქმედებითი თავისუფლება.

ნიზამი განჯევის ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული (დივანი) და "ხამსე" (ხუთეული) – 5 პოემა: "საიდუმლოებათა საგანძური" (1179), "ხოსროვ და შირინი" (1181), "ლეილი და მაჯნუნი" (1188), "შვიდი მზეთუნახავი" (1197) და "ისქანდერნამე" (დაახლ. 1200), რომელსაც ორ ნაწილად ჰყოფენ: "დიდების წიგნი" და "ბედნიერების წიგნი".

ნიზამი განჯევის თხზულებების პერსონაჟთა გალერეა მრავალფეროვანია: ცნობილი სასანიანთა შაჰების – ხოსრო ანუშირვანის, ხოსრო ფარვიზის, ბაჰრამ–გურის და სხვათა გვერდით მოქმედებენ უბრალო ადამიანები – ქვისმთლელი ფარჰადი, მხატვარი შაფური, მწყემსი და ა. შ. პოეტის მიზანია ადამიანურ გრძნობათა გამოჩინება, მისი მორალური გარდაქმნის გზების ძიება, სწრაფვა პიროვნების ასამაღლებლად.

„საიდუმლოებათა საგანძური“ 20 დიდაქტიკური ხასიათის, სიუჟეტურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი საუბრისაგან შედგება, ამიტომ თხზულებას პირობითად შეიძლება პოემა ეწოდოს. მისი ამოცანაა ავტორის ფილოსოფიურ–რელიგიური შეხედულებათა მხატვრული ფორმით გადმოცემა. შესავალი შეიცავს ნიზამი განჯევის პოეტურ შეხედულებებს.

მომდევნო სამმა პოემამ მთელი ეპოქა შექმნა ეპიკურ–რომანტიკული მიმართულების განვითარებისათვის აღმოსავლელ ხალხთა ლიტერატურაში.

 
ნიზამი განჯევის ძეგლი კახში
ჯაბა ლაბაძის ფოტო

პოემა "ხოსროვ და შირინი" რეალისტური ნაწარმოებია, ზღაპრული და ფანტასტიკური ელემენტების გარეშე, რაც იშვიათია აღმოსავლურ ლიტერატურაში. ნიზამი განჯელის მიზანია დაარწმუნოს მკითხველი სიყვარულის განმაკეთილშობილებელ, ამამაღლებელ ძალაში, რასაც აღწევს დიდი მხატვრული დამაჯერებლობით. ხოსროვისა და ფარჰადის – შაჰისა და მუშაკაცის დაპირისპირებით ავტორი ხაზს უსვამს მათ თანასწორუფლებიანობას სიყვარულში.

პოემაში "შვიდი მზეთუნახავი" მოთხრობილია მაჰრამ–გურის ცხოვრება. როგორც თავისი დროის შვილი, ნიზამი განჯევი სამართლიანი შაჰის იდეას ქადაგებს.

ნიზამი განჯევის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოემა "ისქანდერნამეს". მას საფუძვლად უდევს სპარსული და არაბული ქრონიკები, ქრისტიანული და ებრაული წყაროების მიხედვით ისქანდერი (იგივე ალექსანდრე მაკედონელი) იდეალური მეფეა, რომელიც სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას ეძებს, ცდილობს ამოხსნას ადამიანის არსებობის არსი. ნიზამი განჯელმა აღმოსავლელ პოეტთაგან პირველმა უმღერა ამ პოემაში თბილისის მშვენიერ ბუნებასა და მეგობრობას კავკასიელი ხალხის მეგობრობას, რომლებიც გაერთიანებული ძალით აღუდგნენ ალექსანდრე მაკედონელის ამიერკავკასიაში შემოსვლას. პოეტმა შექმნა პერსონაჟთა კოლორიტული სახეები: დედოფალი ნუშაბე, ქართველი მეფე და მხედართმთავარი მელიქ დავალი, რომლებიც პოეტმა ერთმანეთს შეაუღლა, და სომეხთა სარდალი შარვე.

ნიზამი განჯევის შემოქმედებას დიდი რეზონანსი ჰქონდა აღმოსავლურ ლიტერატურაში. მისი პოემების მიბაძვით შეიქმნა ათეულობით იმავე სახელწოდების თხზულება. გავლენა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასაც გადაწვდა. ნიზამი განჯევის შემოქმედებას კარგად იცნობდა XII-XIII სს. ქართველი მკითხველი საზოგადოება. მისდამი ინტერესი შემდეგაც არ შენელებულა. XVIII საუკუნეში გაჩნდა ნიზამი განჯევის პოემის ახალი ქართული რედაქციები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 British Museum person-institution thesaurus
  3. 3.0 3.1 Nationalencyklopedin — 1999.
  4. IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  8. 8.0 8.1 AlKindi
  9. 9.0 9.1 CONOR.SR
  10. 10.0 10.1 Bibliografie dějin Českých zemí — 1905.
  11. Gershevitch I., Yarshater E., Frye R. N. et al. The Cambridge History of IranCambridge University Press, 1968. — Vol. 5. — P. 578.
  12. Encyclopædia Britannica
  13. NUKAT — 2002.
  14. MAK
  15. https://www.biografiasyvidas.com/biografia/n/nizami.htm
  16. The Fine Art Archive — 2003.
  17. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  18. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989. — გვ. 253.