ისქანდერნამე ("ალექსანდრე მაკედონელის წიგნი"), ალექსანდრე მაკედონელის შესახებ ფსევდოკალისთენეს რომანის აღმოსავლური რედაქციები. ფალური, სირიული და არაბული ქრონიკები საფუძვლად დაედო ახლ სპარსულ ენაზე შექმნილ მრავალრიცხოვან ვერსიებს (ბალამი, ფირდოუსი, ხალხური რომანები). პირველი ვრცელი პოემა "ისქანდერნამე" ეკუთვნის ნიზამი განჯევის (XII ს.), რომელსაც წერილობითი წყაროების გარდა გამოუყენებია ამიერკავკასიაში გავრცელებული ზეპირი გადმოცემები. პოემაში ნახსენებია აფხაზთა (ქართველთა) სამეფოც. შემდგომში შექმნილ ვერსიათაგან აღსანიშნავია ხოსროვ დეჰლევის (XIII ს.), ჯამის (XV ს.) და ნავოის (XV ს.) პოემები. ქართულად ჯერ კიდევ XI საუკუნემდე უნდა არსებულიყო უშუალოდ ბერძნულიდან გადმოღებული ვერსია ("ალექსანდრეს რომანი"). XVIII საუკუნეში შექმნილი ქართული "ალექსანდრიანის" პროზაული (არჩილის) და პოეტური (პეტრე ჩხატარაისძის) ვერსიები სერბიულ-რუსულ წყაროებს უკავშირდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958
  • Бертелье Е. Э., Роман об Александре и его главные версии на Востоке, М. -Л., 1948
  • გვახარია ა., ქსე, ტ. 5, გვ. 252, თბ., 1980