ლარი

(გადამისამართდა გვერდიდან ქართული ლარი)
ტერმინს „ლარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ლარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქართული ლარი ( — ქართული ლარის სიმბოლო[1]) — გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა 1995 წლის 2 ოქტომბრიდან[2]. ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები[2].

ქართული ლარი
კოლაჟი
კოლაჟი
კოდი ISO 4217 GEL
ქვეყანა საქართველო
ოფიციალური
მომხმარებლები
საქართველოს დროშა საქართველო
შედგება 100 თეთრისგან
სიმბოლო
მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 50 თეთრი; 1 და 2 ლარი
ბანკნოტები 5, 10, 20, 50, 100, 200, 500 ლარი; 1 და 2 ბანკნოტები ამოღებულია მიმოქცევიდან
ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკი
საიტი [1]
გაცვლითი კურსი
(13 აგვისტო 2022 თვის)
1 USD = 2.7089 GEL
1 EUR = 2.7880 GEL
1 GBP = 3.2829 GEL

სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.

ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება[2].

საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება[2].

საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურად[2] ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.

1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.

 
ლარის სიმბოლო

ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. კომისიამ გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენისას პრიორიტეტი ქართული მხედრული დამწერლობიდან ერთ თაღიანი „ლასი-სთვის“ ორი ვერტიკალური ხაზის არასრულად ჩამოსმის კონცეფციით წარმოდგენილ ნიმუშებს მიანიჭა. გამარჯვებული სიმბოლოს ავტორი პროფესიით მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა.[3][4]

2014 წლის 18 ივლისს, ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა Unicode Consortium-ს გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა, ლარის სიმბოლოს Unicode Standard-ის ვალუტების ბლოკში დასარეგისტრირებლად. ქართული ლარის სიმბოლოს მახასიათებელია U+20BE GEORGIAN LARI SIGN.[5]

2015 წლის 17 ივნისს, Unicode Consortium-მა გამოუშვა[6] Unicode V8.0 განახლება, რომელიც ლარის სიმბოლოს — „₾“-ს შეიცავს[7]. სიმბოლოს ბეჭდვის დროს გამოძახება შესაძლებელია ორი ღილაკის შეთავსებით Shift + ლ.

ბანკნოტები

რედაქტირება

1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, ხოლო 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები.

1995 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ემისიით გამოუშვა 500 ლარიანი კუპიურის უკიდურესად შეზღუდული რაოდენობა საკოლექციო მიზნით, რომელიც მიმოქცევაში არ ჩაეშვა. ანალოგიური მიზნით ადგილი ჰქონდა მეორე ემისიას 2011 წელს, ასევე უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით, რომელიც ანალოგურად არ ჩაეშვა მიმოქცევაში.

ყველა ნომინალის ბანკნოტის ავერსზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: „საქართველო“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, თარიღი და შვიდმკლავიანი ბორჯღალის გამოსახულება, ხოლო რევერსზე — ინგლისური ენოვანი წარწერები: „GEORGIA“ და ნომინალის დასახელება.

ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან:

2007 წლის აპრილში მიმოქცევაში შემოვიდა ახალი 200 ლარიანი კუპიურა. ბანკნოტის ერთ მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი, მეორე მხარეს კი — სოხუმის ხედი. კუპიურას ფონად ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები აქვს.

2021 წლის ბოლოდან 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა[8].

1995-2006 წლის სერია

რედაქტირება
ფოტო ნომინალი
(ლარი)
ზომები
(მმ)
აღწერა გამოშვების თარიღი
ავერსი რევერსი
    1 115×61 ავერსი: ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) პორტრეტი წარწერით „ფიროსმანი 1862–1918“.
რევერსი: საქართველოს დედაქალაქის – თბილისის პანორამა და ირემი ფიროსმანის ნახატიდან.
1995, 1999, 2002, 2007
    2 115×61 ავერსი: ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი წარწერით „ზაქარია ფალიაშვილი 1871–1933“, ხოლო მარცხენა მხარეს – მისი ოპერის – „აბესალომ და ეთერის“ უვერტიურის ნოტები.
რევერსი: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, წარწერა: „თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887 წ.“.
1995, 1999, 2002
    5 115×61 ავერსი: ქართველი აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876–1940“.
რევერსი: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, მის ქვემოთ – გადაშლილი წიგნი და მცენარეული დეკორი, მარცხენა მხარეს – ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ. III ათასწლეულის ყორღანიდან და საქართველოს სიტუაციური რუკა.
1995, 1999, 2002, 2008, 2011, 2013
    10 125×63 ავერსი: ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით „აკაკი წერეთელი 1840–1915“, მერცხალი და აყვავებული რტო.
რევერსი: დედის პორტრეტი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ფერწერული ტილოდან „იმერეთი – დედაჩემი“ და ვაზის ლერწები.
1995, 1999, 2002, 2007, 2008, 2012
    20 131×65 ავერსი: ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837–1907“, მის მიერ დაარსებული ჟურნალები „საქართველოს მაცნე“, „ივერია“ და პირადი ნივთები.
რევერსი: თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის ქანდაკება. XVIII ს–ის თბილისის გეგმა (შედგენილია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ) და ძველი თბილისის პანორამა ნარიყალას გამოსახულებით.
1995, 1999, 2002, 2008, 2011, 2013
    50 135×66 ავერსი: თამარ მეფის პორტრეტი წარწერით „თამარ მეფე. XII ს.“, ხოლო მარცხენა მხარეს – გრიფონის გამოსახულება სამთავისის ტაძრის ფასადის მორთულობიდან.
რევერსი: ზოდიაქოს ნიშანი – „მშვილდოსანი“ – XII ს–ის ქართული მინიატურული ხელნაწერიდან.
1995, 1999, 2004, 2008, 2011, 2013
    100 140×67 ავერსი: ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გრაფიკული პორტრეტი წარწერით „შოთა რუსთაველი. XII ს.“, მარცხენა მხარეს – ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების კომპოზიცია.
რევერსი: კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით – „დანიელი ლომთა ხაროში“ – მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე“.
1995, 1999, 2004, 2008, 2012
    200 146×72 ავერსი: საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები.
რევერსი: სოხუმის ხედი და გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი.
2006
    500 მმ×მმ ავერსი: ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის პორტრეტი.
რევერსი: ძველი ქართული ბოლნური წარწერები — „ბოლნისის რელიეფური სტელა, ასომთავრული V ს.“
1995, 2011

ლარის დიზაინის განახლება

რედაქტირება
 
განახლებული კუპიურები.

2016 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის — ლარის განახლებული ბანკნოტები გამოუშვა. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვიდა და მიმოქცევაშია წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ეს ცვლილება 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლებაა. ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით „ლარის განახლება რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღთან, მოვლენასათან და ფაქტორთან დაკავშირებით მოხდა: უპირველეს ყოვლისა, ეს არის ლარის 20 წლისთავის საიუბილეო თარიღი; მეორე - გაცვეთილი და დაზიანებული ფულის ნიშნების ახალი ბანკნოტების მარაგებით შევსების აუცილებლობა და მესამე - საერთაშორისო პრაქტიკა და ტექნოლოგიური პროგრესი რომელიც ლარს მსოფლიო ვალუტებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება“. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.[9]

განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის, ხოლო 2017 წლის 1 სექტემბრიდან - 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები როგორიცაა „Giesecke & Devrient“ (გერმანია), „Oberthur Fiduciaire“ (საფრანგეთი) და „De La Rue“ (ინგლისი).[9]

2019 წლის 1 ოქტომბრიდან მიმოქცევაში ჩაეშვა განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.[10]

2016/2017-2019 წლის სერია

რედაქტირება
ფოტო ნომინალი
(ლარი)
ზომები
(მმ)
აღწერა გამოშვების თარიღი
ავერსი რევერსი
    5 122×62 ავერსი: ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რევერსი: ნიკო ფიროსმანის ნახატები.
2017
    10 127×64 ავერსი: აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით „აკაკი წერეთელი 1840–1915“, ნაწყვეტი მისი ლექსიდან „გაზაფხული“, ავტოგრაფი, აყვავებული რტო და მერცხალი.
რევერსი: ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ტილო „იმერეთი - დედაჩემი“.
2019
    20 132×66 ავერსი: ილია ჭავჭავაძის პორტრეტი; ჟურნალი „საქართველოს მაცნე“ და გაზეთი „ივერია“.
რევერსი: თბილისის პანორამა, ვახტან გორგასლის ძეგლი.
2016
    50 137×68 ავერსი: თამარ მეფის პორტრეტი; ვარძია.
რევერსი: საუკუნის მანუსკრიპტიდან მშვილდოსანის გამოსახულება.
2016
    100 142×70 ავერსი: შოთა რუსთაველის პორტრეტი.
რევერსი: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
2016

მონეტები

რედაქტირება

1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა — ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“.

2006 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 და 2 ლარის ნომინალისა და მოდიფიცირებული 50 თეთრის ღირებულების მონეტები გამოუშვა. ახალი მონეტები დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით ავსტრიის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის ზარაფხანებში. 50-თეთრიანი ახალი მოდიფიკაციის მონეტა მიმოქცევაში იქნა გაშვებული ანალოგიური ნომინალის ძველი მონეტის პარალელურად, ერთ და ორ ლარიანი მონეტები კი შესაბამისი ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნებთან ერთად.[2]

2015 წლის 2 ნოემბერს ეროვნული ბანკის მიერ 1995 წელს მიმოქცევაში გაშვებული 50 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოსცა დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს 50 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადას 2017 წლის ბოლომდე, შემდგომში მათი გამოცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით განხორციელდება.[11]

2018 წლის 5 ოქტომბერს 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოსცა დადგენილება. რომელიც განსაზღვრავს 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადას 2020 წლის ბოლომდე. შემდგომ, 2021 წლის ბოლომდე, მათი გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან — მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. ეს დადგენილება ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან.[12]

1993 წლის მონეტების სერია

რედაქტირება
1993 წლის სერია
გამოსახულება ნომინალი ზომა (მმ) წონა
(გრ)
გამოშვების
თარიღი
შემადგენლობა აღწერა
ავერსი რევერსი დიამეტრი სისქე ავერსი რევერსი
    1 თეთრი 15,0 1,25 1,38 1993 უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი ზედა ნაწილი — ციფრი „1", მის ქვეშ წარწერა — „თეთრი" და ვაზის ლერწი. კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია. შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – „1993“. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს ქართულ-ინგლისური წარწერა — „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA".
    2 თეთრი 17,5 1,25 1,9 1993 უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი ზედა ნაწილი — ფრთებაწეული ფარშავანგი, მის ქვეშ წარწერა — „თეთრი" და ციფრი „2". კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია. შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – „1993“. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს ქართულ-ინგლისური წარწერა — „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA".
    5 თეთრი 20,0 1,32 2,5 1993 უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი ზედა ნაწილი — ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ–ის III ათასწლეულის ყორღანიდან, მის ქვეშ — ციფრი „5" და წარწერა „თეთრი". კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია. შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – „1993“. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს ქართულ-ინგლისური წარწერა — „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA".
    10 თეთრი 22,0 1,27 3,0 1993 უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი ზედა ნაწილი — ლომზე ამხედრებული წმ. მამაი გელათის მონასტრის XI საუკუნის მოოქროვილი ვერცხლის ტონდოდან. ფიგურის მარჯვენა მონაკვეთში გამოსახულია ციფრი „10", ხოლო ქვემოთ წარწერა – „თეთრი". კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია. შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – „1993“. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს ქართულ-ინგლისური წარწერა — „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA".
    20 თეთრი 25,0 1,62 5,0 1993 უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი ზედა ნაწილი — გამოჩენილი ქართველი მხატვრის ფიროსმანის სურათის დეტალი – ხარ–ირემი, რომლის მარცხნივ გამოსახულია ციფრი „20“, ხოლო ქვეშ წარწერა – „თეთრი“. კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია. შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – „1993“. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს ქართულ-ინგლისური წარწერა — „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA".
    50 თეთრი 19,0 1,4 2,5 1993 სპილენძის შენადნობი – ოქროსფერი ზედა ნაწილი — XI საუკუნის სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე განთავსებული გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ გამოსახულია ციფრი „50“ და წარწერა – „თეთრი“. კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია. შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – „1993“. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს ქართულ-ინგლისური წარწერა — „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA".

2006 წლის მონეტების სერია

რედაქტირება
2006 წლის სერია
გამოსახულება ნომინალი ზომა (მმ) წონა
(გრ)
გამოშვების
თარიღი
შემადგენლობა აღწერა
ავერსი რევერსი დიამეტრი სისქე ავერსი რევერსი წიბო
    50 თეთრი 24,0 1,9 6,5 2006 სპილენძ-ნიკელი – ვერცხლისფერი გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელსაც გარს არტყია მზის სხივების სიმბოლური გამოსახულება. გერბის ქვეშ არის წარწერა „საქართველო“ და მონეტის მოჭრის თარიღი – „2006“. გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „50“ და წარწერა „თეთრი“. მონეტის ორივე მხარეს დატანილია მიკროელემენტი, ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავი. მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფვრულია ქართულ–ინგლისური წარწერა „საქართველო Georgia“ და მათ შორის გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.
    1 ლარი 26,2 1,95 7,8 2006 სპილენძ-ნიკელი – ვერცხლისფერი შესრულებულია ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, ზედა მარცხენა მხარეს - წარწერა „საქართველო", ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს - მონეტის მოჭრის თარიღი – „2006". შესრულებულია ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „1" და წარწერა „ლარი". მონეტის ორივე მხარეს დატანილია მიკროელემენტი, ძველი კოლხური თეთრის ანალოგი - ლომის თავი. მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველო Georgia" და მათ შორის გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.
    2 ლარი 27,0 2,15 8,0 2006 შიდა რკალი: სპილენძი-ალუმინი-ნიკელი - ოქროსფერი. გარე რკალი: სპილენძ-ნიკელი - ვერცხლისფერი. გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელსაც კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველო" და მონეტის მოჭრის თარიღი – „2006". გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „2" და წარწერა "ლარი". ვერცხლისფერი ზედაპირი ორიგინალური დაღარვითაა შესრულებული და წარმოადგენს მზის სხივის ცენტრიდანულ სიმბოლურ გამოსახულებას. მონეტის ორივე მხარეს დატანილია მიკროელემენტი, ძველი კოლხური თეთრის ანალოგი - ლომის თავი. მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველო Georgia" და მათ შორის გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

საკოლექციო მონეტები

რედაქტირება

რაგბის ოქროსა და ვერცხლის მონეტები

რედაქტირება

2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, რომლის დიზაინის ავტორები არიან მამუკა გონგაძე და ნიტა გონგაძე. მონეტები მოიჭრა ლიეტუვას ზარაფხანაში.

რაგბის ოქროს 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა (შემადგენლობა: ოქრო Au 900)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    5 ლარი 30×20 მმ 11,0 გ პრუფი ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში, ბორჯღალი - საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო; რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე, „2019“ და „5 ლარი“. რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის - ლელობურთის საწყისი მომენტი - ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები „ლელო“, „LELO“, „Georgia“, „საქართველო“. 100 ც.
რაგბის ვერცხლის 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
    5 ლარი 42×28 მმ 15,5 გ პრუფი ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მორაგბე ბურთით ხელში, ბორჯღალი - საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო; რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე, „2019“ და „5 ლარი“. რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის - ლელობურთის საწყისი მომენტი - ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები; წარწერები „ლელო“, „LELO“, „Georgia“, „საქართველო“. 3000 ც.

„ქართული ეროვნული საფოსტო მარკა“

რედაქტირება

2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქართულ ეროვნულ საფოსტო მარკის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა, რომლის დიზაინის ავტორია ნიტა გონგაძე.

„ქართული ეროვნული საფოსტო მარკა“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი ზომა მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    5 ლარი 33×27 მმ 15,5 გ პრუფი გლუვი მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1919 წელს გამოცემული 10 კაპეიკის ნომინალის პირველი ქართული საფოსტო მარკა და ასევე, ამავე სერიის კიდევ ოთხი ნომინალის (40 კ; 50 კ; 60 კ; 70 კ.) მარკის ფრაგმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ინკრუსტირებული კიდეებით. მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დალუქული კონვერტი, როგორც გზავნილი საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ასევე, წერტილებით სტილიზებული მსოფლიო რუკა. კონვერტის ლუქის ბეჭედზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად „5₾“. მონეტაზე დატანილია, ასევე, წარწერები „საქართველო“, „Georgia“; „1919–2019“, „5 ლარი“. 1500 ც.

„დამფუძნებელი კრება (პარლამენტი) 100“

რედაქტირება

2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 100 წლის წინ საქართველოს დამფუძნებელი კრების შექმნის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

„დამფუძნებელი კრება 100“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    5 ლარი 33 მმ 15,5 გ პრუფი გლუვი ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებში შესრულებული ცენტრიდანული სხივებით დალაგებული არათანაბარი რგოლები, რაც სიმბოლურად გამოსახავს პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტარების რიცხვს. მონეტის ცენტრში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად „5₾“, თარიღები „1919-2019“ და წარწერა „საქართველოს დამფუძნებელი კრება“. რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მონეტაზე დატანილია წარწერები „საქართველო“, „ხუთი ლარი“ და „Georgia“. 2000 ც.

„ქართული წიგნი“

რედაქტირება

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იყო. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა — „ქართული წიგნი“ გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ირაკლი ფაღავა. მონეტა მოიჭრა ლიეტუვას ზარაფხანაში.

„ქართული წიგნი“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი ავერსი რევერსი
    5 ლარი 33 მმ 15,5 გ პრუფი გელათის ოთხთავი, ლუკა მახარებელი, ქართული ნუსხური ხელნაწერი ტექსტი, წარწერები - „Romae MDCXXIX“ და „ႲႴႨႪႨႱႨ ႹႶႧ“, „საქართველო 2018 Georgia“ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „5“, ლარის სიმბოლო — „₾“, ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა „ლარი“, წარწერა ლათინური ასოებით: „Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018“ 1500 ც.
  • აღწერა
    • ავერსი: კომპოზიცია ეფუძნება გელათის ოთხთავის (XII საუკუნე) ერთ-ერთ მინიატურას, სადაც ლუკა მახარებელია გამოსახული. სივრცის მარჯვენა ნაწილი ქართული ხელნაწერი წიგნის ნუსხური ტექსტის სტილიზებულ ფრაგმენტს უკავია, რომლის პირველი, საზედაო ასო წითელი და ლურჯი ფერებითაა გაფორმებული. ტექსტის ქვემოთ მითითებულია ლათინური და ასომთავრული წარწერები - „Romae MDCXXIX“ და „ႲႴႨႪႨႱႨ ႹႶႧ“, რაც პირველნაბეჭდი ქართული წიგნების გამოცემის ადგილსა და დროს აღნიშნავს (შესაბამისად, „რომი 1629“ და „ტფილისი 1709“). მონეტას მარცხნივ წრიულად გასდევს წარწერა: „საქართველო 2018 Georgia“.
    • რევერსი: კომპოზიციას ერთად კრავს ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „5“, რომლის ქვედა ნაწილში ლარის სიმბოლოა „₾“ დატანილი, ცენტრში კი — სტილიზებული ასოებით შესრულებული ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა „ლარი“. მონეტას წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს წარწერა ლათინური ასოებით: „Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018“ („ანბანით მოთხრობილი საქართველო, საპატიო სტუმარი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018“).

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“

რედაქტირება

2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე. მონეტა მოიჭრა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში.

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    10 ლარი 33 მმ 15,5 გ პრუფი გლუვი 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები: მოფრიალე დროშა და გერბი, წარწერები: „26 მაისი“, „1918“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ და „10 ₾“ საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოები: მოფრიალე დროშები და გერბი. წარწერები: „საქართველო“, „10 ლარი“, „2018“ და „GEORGIA“ 1500 ც.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“

რედაქტირება

2018 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ნინო გონგაძე. მონეტა მოიჭრა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    5 ლარი 33 მმ 15,5 გ პრუფი გლუვი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი, 7 მნათობი რომელსაც ვხვდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბზე და წარწერა „ხუთი ლარი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარწერები: „საქართველო“, „GEORGIA“, „1918“, „2018“ და „5 ₾“ 1500 ც.

„ქართული ვაზი“

რედაქტირება

2017 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ქართული ვაზის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ნინო გონგაძე. მონეტა მოიჭრა იაპონიის ზარაფხანაში.

„ქართული ვაზი“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    5 ლარი 33 მმ 15,5 გ პრუფი გლუვი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით, მუქი წითელი ფერის ღვინო ქვევრში, ვაზის გამოსახულება, წარწერები: „საქართველო“, „2017“, „GEORGIE“ („საქართველო“ ფრანგულ ენაზე), „5 ლარი“ საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, წარწერები: „5 ₾“, ფრანგულ ენაზე „LA GÉORGIE — PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX“ (საქართველო — ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი) 1500 ც.

„ლარის იუბილე“

რედაქტირება

2015 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ლარის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია ბაჩა მალაზონია. მონეტა მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში.

„ლარის 20 წლის იუბილე“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    20 ლარი 38,61 მმ 28,28 გ პრუფი გლუვი მზე (სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერის და სიმამაცის ფერი), ლარის გრაფიკული ნიშანი, წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი“, „1995-2015“ საკასო ცენტრის შენობა, რომელიც არის თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის — ლარის შენახვის და უსაფრთხოების სიმბოლოს, ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი „20“ და წარწერა „ლარი“ ქართულ ენაზე და ინგლისურ ენაზე წარწერა „National bank of Georgia“ 1500 ც.

„ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“

რედაქტირება

2015 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა. მონეტის დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე. მონეტა მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში.

„ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“ (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    10 ლარი 33,00 მმ 15,5 გ პრუფი გლუვი დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა ფერში და სპორტის ოლიმპიური სახეობები პიქტოგრამების სახით. მონეტის მარჯვენა რკალში, წრიულად გასდევს წარწერა „ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“. მონეტის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია ოლიმპიური კომიტეტის ლოგო, ოლიმპიური ჩირაღდანი და ევროპის რუკა, ხოლო მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი „10“ და წარწერა „ლარი“ ქართულ ენაზე. ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, განთავსებულია ლარის სიმბოლო. მონეტას მარცხენა რკალში, წრიულად გასდევს წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ხოლო მარჯვენა რკალში გამოსახულია ევროპის 12 ხუთქიმიანი ვარსკვლავური სიმბოლოდან 9 ვარსკვლავი, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ოლიმპიური თამაშების 9 სახეობას. 3000 ც.

2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ილორის შუაგულში XII საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სალოცავ ადგილს წარმოადგენს. ეკლესიის კედლებზე განთავსებულია რამდენიმე ძველი ქართული წარწერა, სხვადასხვა თაობის მართლმადიდებელი ქართველების მიერ შესრულებული.

მონეტის დიზაინის ავტორები არიან: მამუკა გონგაძე (რევერსი) და თემურ აფხაძე (ავერსი). მონეტები მოიჭრა 2009 წელს ფინეთის ზარაფხანაში. გამოშვების ლიმიტი: 3000 ცალი.

„ილორი“ - 10 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა (შემადგენლობა: ვერცხლი Ag 925)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    10 ლარი 38,61 მმ 28,28 გ პრუფი გლუვი იტალიელი ბერის ქრისტოფორო დონ კასტელის მიერ XVII საუკუნეში გაკეთებული ჩანახატები - ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი ილორი, მხედრები. ფონად - კავკასიონის ქედი. დაბლა, მარჯვენა ნაწილში განთავსებულია წარწერა „საქართველო“ და გამოშვების წელი „2009“ მონეტის შუაგულში - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღევანდელი სახით, ქვედა ცენტრალურ ნაწილში - ეკლესიის აშენების თარიღი რომაული ციფრით „XI–ს“. მონეტის წრის მარცხენა ნაწილში - ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “10” და წარწერა „ლარი“, წრის ზედა ნაწილში - საქართველოს გერბი და წარწერა „ილორი“. 1500 ც.

„ოლიმპიადა, პეკინი 2008“

რედაქტირება

2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ლარის ნომინალის ვერცხლისა ოქროს საკოლექციო მონეტბი გამოუშვა, რომლებიც ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. მონეტების დიზაინის ავტორია მამუკა გონგაძე.

„ოლიმპიადა, პეკინი 2008“ - 20 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა (შემადგენლობა: ოქრო 900)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    20 ლარი 25 მმ 8,5 გ პრუფი დაღარული მონეტაზე გამოსახულია: ცენტრში — კომპოზიცია, შედგენილი ოლიმპიური ცეცხლის ალის კონტურული ნახაზით, როგორც ძველი ოლიმპიური მოძრაობის სიმბოლო და ძველი ბერძნული გრაფიკული გამოსახულება — ორი მორბენალი სპორტსმენი. ზედა ნაწილში რკალის გასწვრივ წარწერა — „საქართველო“. ამოტვიფრული სახელმწიფო გერბი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ემბლემა. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „20“ და შესაბამისი წარწერა „ლარი“. მონეტის ქვედა რკალის გასწვრივ გასდევს ოლიმპიური მოძრაობის დევიზი ლათინურ ენაზე: „Citius, Altius, Fortius“. მონეტაზე გამოსახულია: ოლიმპიური ცეცხლის ალი და პეკინის ახალი უნიკალური ოლიმპიური სტადიონის კოლაჟები. მონეტის ზედა ნაწილში ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის დასახელება — „პეკინი“, ხოლო ქვედა ნაწილში მოთავსებულია მონეტების ემისიის თარიღი. 1000 ც.
„ოლიმპიადა, პეკინი 2008“ - 20 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა (შემადგენლობა: ვერცხლი 925 (92,5% AG; 7,5% Cu)
    20 ლარი 38,61
+/-0,2 მმ
28,28
+/-2,5% გ
პრუფი დაღარული მონეტაზე გამოსახულია: ცენტრში — კომპოზიცია, შედგენილი ოლიმპიური ცეცხლის ალის კონტურული ნახაზით, როგორც ძველი ოლიმპიური მოძრაობის სიმბოლო და ძველი ბერძნული გრაფიკული გამოსახულება — ორი მორბენალი სპორტსმენი. ზედა ნაწილში რკალის გასწვრივ წარწერა — „საქართველო“. ამოტვიფრული სახელმწიფო გერბი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ემბლემა. ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „20“ და შესაბამისი წარწერა „ლარი“. მონეტის ქვედა რკალის გასწვრივ გასდევს ოლიმპიური მოძრაობის დევიზი ლათინურ ენაზე: „Citius, Altius, Fortius“. მონეტაზე გამოსახულია: ოლიმპიური ცეცხლის ალი და პეკინის ახალი უნიკალური ოლიმპიური სტადიონის კოლაჟები. მონეტის ზედა ნაწილში ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის დასახელება — „პეკინი“, ხოლო ქვედა ნაწილში მოთავსებულია მონეტების ემისიის თარიღი. 1500 ც.

„2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში“

რედაქტირება

2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2004 წელს 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტბი გამოუშვა, რომლებიც პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა. მონეტის ავერსის დიზაინის ავტორი ვიქტორია ქუთათელაძე, რევერსის - რობერტ კოტოვიჩი.

„2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში“ - 1 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა (შემადგენლობა: ვერცხლი 925°)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    1 ლარი 38,61 მმ 28,28 გრ პრუფი წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე „საქართველოს ეროვნული ბანკი“ და „National bank of Georgia“, მათ შორის გამოსახულია ვარსკვლავები. ცენტრში საქართველოს ტერიტორიის რუკის კონტურისა და მასზე გაშლილი ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულებებია დატანილი, რომელსაც ფონს უქმნის ნახევრადრკალისებრი ფორმის დეკორი წაწვეტებული ბოლოებით. ზედა ცენტრალურ ნაწილში დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 1 და ქართულ-ინგლისური წარწერა „ლარი“ და „LARI“. ქვედა ნაწილში მითითებულია გამოშვების წელი 2004 და ასევე ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველო“ და „GEORGIA“. დიზაინი შემუშავებულია ფიფას მიერ. ცენტრში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თასის გამოსახულებაა, რომლის ორივე მხარეს ფეხბუთელების ფიგურებია. ზედა მხარეს მოთავსებულია ინგლისურენოვანი წარწერა „2006 FIFA WORLD CUP GERMANY“, რომელიც აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წელსა და ქვეყანას. 50 000 ც.

„ოქროს მემორიალური მონეტა“

რედაქტირება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1995 წელს 500 ლარის ნომინალის ოქროს საკოლექციო მემორიალური მონეტები გამოუშვა, რომლის დიზაინის ავტორია მხატვარი ნოდარ მალაზონია.

„ოქროს მემორიალური მონეტა“ - 500 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა (შემადგენლობა: ოქრო 920° (22K))
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა მოჭრის რაოდენობა
ავერსი რევერსი დიამეტრი მასა ხარისხი წიბო ავერსი რევერსი
    500 ლარი 31 მმ 17,0 გრ პრუფი გამოშვებული მონეტების რაოდენობა, შესაბამისად დანომრილი 0001/2000-დან 2000/2000-მდე. მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია ბორჯღალი და დამზადების წელი 1995. ცენტრში ამოტვიფვრულია რიცხვი 500, რომლის ქვემოთ იკითხება წარწერა „ლარი“ - „LARI“, ხოლო პერიმეტრზე (ქვედა ნაწილში) - წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“ – „REPUBLIC OF GEORGIA“. ანტიფაშისტური კოალიციის სახელმწიფოთა მეთაურების სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის და დე გოლის ბარელიეფური გამოსახულებები, რომლის ქვემოთ ამოტვიფვრულია მეორე მსოფლიო ომის დამთავრების წელი 1945, ხოლო პერიმეტრზე (ქვედა ნაწილში) - მათი გვარები „STALINE - ROOSEVELT - CHURCHILL - DE GAULLE“. 2 000 ც.

ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები

რედაქტირება

2000 წლის 10 აგვისტოს მიმოქცევაში გაშვებული იქნა ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიმოქცევაშია 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ბიმეტალური მონეტების შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი — ოქროსფერი.

ბიმეტალური მონეტები
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა
რევერსი ავერსი დიამეტრი მასა შემადგენლობა ავერსი რევერსი წიბო
  10 ლარი 26,0 მმ 10,6 გ შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი. გარე რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი. მონეტის შუაგულში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მასზე დატანილი ჯვრებითა და ქრისტეს კვართით. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „ქრისტეშობიდან 2000 წელი“. მონეტის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „10“ წარწერით „ათი“ და „ლარი“, ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი 2000“. დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა „Georgia“ და „Ten Lari“, წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.
  10 ლარი 26,0 მმ 10,6 გ შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი. გარე რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი. მონეტის შუაგულში გამოსახულია XI საუკუნის ღირშესანიშნავი ტაძრის, სვეტიცხოვლის არწივისა და ლომის ცნობილი ბარელიეფები (როგორც სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოები). მოცემულ კომპოზიციას კრავს ფოთლოვანი ორნამენტი და შვიდი ვარსკვლავი. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი“. მონეტის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „10“ და წარწერა „ლარი“, ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა „საქართველოს ეროვნული ბანკი 2000“. მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა „Georgia“ და „Ten Lari“, წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.

საინვესტიციო მონეტების სერია — „ოქროს საწმისი“

რედაქტირება

ოქროს საწმისის გამოსახულებით შექმნილი ოქროს საინვესტიციო მონეტები დამზადებულია უმაღლესი 999.9 სინჯისა და ექვსი სხვადასხვა წონით შემადგენლობით (1/10‚ 1/4-‚ 1/2-‚ 1, 5 და 10-უნციიანი) მონეტების დამზადება ხდება პერიოდულად, მათზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რა დროსაც, მონეტის დიზაინში იცვლება მხოლოდ ემისიის წელი.

1000, 300, 100, 50, 25 და 10 ლარის ნომინალის მონეტების სარეალიზაციო ფასს საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზარზე ვაჭრობის წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) ოქროზე აშშ დოლარით დაფიქსირებული ფასისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსის მიხედვით.

„ოქროს საწმისის“ სერია (შემადგენლობა: AU 999.9)
გამოსახულება ნომინალი პარამეტრები აღწერა ფასი
რევერსი ავერსი დიამეტრი მასა გურთი ავერსი რევერსი
  10 ლარი 16 მმ 1,5 გ გლუვი ოქროს საწმისი ნომინალი 417.85
(11.06.2019)
  25 ლარი 22 მმ 7,7 გ გლუვი ოქროს საწმისი ნომინალი 1,276.85
(04.10.2019)
  50 ლარი 28 მმ 15,5 გ გლუვი ოქროს საწმისი ნომინალი 2,553.71
(04.10.2019)
  100 ლარი 37 მმ 31,1 გ გლუვი ოქროს საწმისი ნომინალი 4,477.07
(19.07.2019)
  300 ლარი 50 მმ 155,5 გ გლუვი ოქროს საწმისი ნომინალი 23,316.46
(04.10.2019)
  1000 ლარი 60 მმ 311,0 გ გლუვი ოქროს საწმისი ნომინალი 37,690.86
(31.05.2019)

კოდების ცხრილი

რედაქტირება
მახასიათებლები ვალუტის სიმბოლო
გამოსახულება  
სახელწოდება lari sign
Unicode Code Point U+20BE
HTML Entity (Decimal) ₾
HTML Entity (Hexadecimal) ₾

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლარი&oldid=4716394“-დან