საქართველოს სახელმწიფო დროშა

საქართველოს დროშა
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს დროშა)

საქართველოს სახელმწიფო დროშასაქართველოს ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველო

ხუთჯვრიანი დროშა
მიღებულია 14 იანვარი, 2004
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
თეთრი მართკუთხა ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი
სიმბოლიკა იესო ქრისტე და ოთხი მახარობელი

ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. იგი ადგენს საქართველოს სახელმწიფო დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის №31 ბრძანებულებით.

დროშის აგების წესი, სქემა

საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება: საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და სხვა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებზე, აგრეთვე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე, საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა.

დროშის შესახებ

რედაქტირება
 
თბილისი და „ხუთჯვრიანი“ დროშა, ანჯელინო დულჩერის 1339 წლის პორტულანი.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: გოდფრუა ბუიონელის გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირდა ანჯელინო დულჩერის პორტულანზე (1339წ.) და ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანზე (1367წ).

 
თბილისი და „ხუთჯვრიანი“ დროშა, ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების 1367 წლის პორტულანი.

დროშის დღე

რედაქტირება

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება იანვრის თვის 14 რიცხვში, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს.[1]

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა.[2] ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს.[3]

ადრეული საქართველოს დროშები

რედაქტირება

ადრეული საქართველოს დროშები სხვადასხვაგვარი იყო. ცალ-ცალკე არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის. სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა (სხვაგვარად სეფე-დროშა). XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან უნდა მოდიოდეს და თეთრი ფერისა უნდა ყოფილიყო, მიმაგრებული წითელ ჯვრიან ბუნზე. სომეხ ისტორიკოსთა ცნობით თეთრ დროშაზე რაღაც ნიშანი იყო დატანილი, თუმცა უცნობია კონკრეტული გამოსახულება. არსებობს სხვა ცნობაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით. გადმოცემით, „გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა მე-19 საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს გაუტაციათ.

XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც, მასზე თეთრი ტოლმკლავიანი ჯვრით. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.

დამოუკიდებელი საქართველო (1918-1921, 1990-2004)

რედაქტირება

პეტერბურგში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელშიც სხვადასხვა ფენის წარმომადგენელი გაერთიანდა. წამოიჭრა დროშის, როგორც ქართველი ხალხის თვითმყოფადობის, თვითშეფასებისა და პატრიოტიზმის სიმბოლოს აუცილებლობა. საქართველოს ეროვნული დროშის ესკიზის შექმნას ხელი მოჰკიდა ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ 40 წლის იაკობ ნიკოლაძემ. დროშის ესკიზი მარტში უკვე მზად იყო, ხოლო 1917 წლის 25 მარტს ქუთაისში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიტინგზე შეკრებილთ პირველად აღმართეს ახალი ეროვნული დროშა. მეორედ იმავე წლის 9 აპრილს გამოჩნდა მცხეთაში, სადაც გაიმართა სახალხო დღესასწაული, მიძღვნილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართველი ხალხის სუვერენიტეტის აღდგენის გზაზე.

ამ საზოგადოებრივ მოვლენებში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ ისინი არ იყვნენ ეროვნული დროშის შექმნის ინიციატორები. ხოლო მაშინდელ პოლიტიკურ ძალას — საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას საერთოდ არავითარი კავშირი არ ჰქონდა დროშასთან. იგი შედიოდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენლობაში, რომელსაც ვ. ლენინი მეთაურობდა და დემოკრატიულ პრინციპებზე რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის შენარჩუნების იდეას იცავდა, დროშა კი ეწინააღმდეგებოდა ამ დებულებას.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ თბილისში შეიქმნა ქართული ეროვნული კონგრესი, რომლის წამყვან ძალას სოციალ-დემოკრატები წარმოადგენდნენ. ნოემბერში კონგრესმა წამოაყენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შემდგომი განვითარების კონცეფცია. წარმოიშვა ეროვნული დროშის მიღების აუცილებლობაც. ამასთან დაკავშირებით გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო მოდელზე. კონგრესზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით ორი ათეული პროექტი, მაგრამ გაიმარჯვა იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილმა უკვე არსებულმა დროშამ. ავტორს მიენიჭა პრემია — 3 ათასი მანეთი.

დროშები დამზადდა 1918 წლის აპრილში და გაიგზავნა ქალაქებსა და სოფლებში, რათა 22 აპრილს გამოეკიდათ იგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელიც ამ დღეს გახდა ნაწილი დამოუკიდებელი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკისა. ერთი თვის შემდეგ ფედერაცია დაიშალა და 1918 წლის 26 მაისს შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც ოფიციალურად მიიღო შინდისფერ-წითელი დროშა შავი და თეთრი ზოლებით. მთავრობის განკარგულებით იგი აღიმართა ყველა სამთავრობო შენობაზე, სამხედრო და სავჭრო გემებზე.

სპეციალურ კანონში დროშების შესახებ, რომელიც 1918 წლის 10 სექტემბერს მიიღეს, დაზუსტდა უკვე გამოყენებული ემბლემის ზოგიერთი დეტალი. შავმა და თეთრმა ზოლებმა ერთად დაიკავეს შინდისფერ-წითელი ქსოვილის არა მეოთხედი, როგორც ადრე, არამედ მხოლოდ ის ნაწილი მარცხანა კუთხეში, რომელიც რჩება იქ, თუ დროშას წარმოდგენით სიგანეზე დავდებთ მისი სიგანის 1,5 სიგანის მქონე ჯვარს ამასთან დროშის სიგანე აღარ არის სიგრძეზე 2-ჯერ ნაკლები, პროპორცია ასე შეიცვალა 2:3, ასეთი დროშის ნახვა შესაძლებელია 1918-1921 წლებში გამოშვებული ფულის კუპიურებზე. ტარი, რომელზედაც მაგრდებოდა სახელმწიფო დროშის ქსოვილი, უნდა ყოფილიყო თეთრი და შუბივით წამახვილებული წვერით.

მხოლოდ სამსახურებრივმა დროშამ, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები აღმართავდნენ, შეინარჩუნა პირველადი სახე და პროპორციები, მაგრამ აქ მარჯვენა ნაწილის შუაში განთავსებული იყო სახელმწიფო გერბის გამოსახულება. იგი შედგებოდა შინდისფერი საგერბო ფარისაგან, რომელზეც განთავსებული იყო ქართველთა მფარველის თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულება: ცხენი ახტება შავად გამოსახულ იალბუზს, კავკასიონის ქედის ყველაზე მაღალ მთას. ზემოთ რკალად გამოსახული იყო ოქროსფერი მზე, თეთრი მთვარე და ხუთი რვაქიმიანი ვარსკვლავი. ციური სხეულები წარმოადგენდნენ იმ უძველესი 7 სამეფოსა და სამთავრობოს სიმბოლოს, რომლებიც მთლიანად შეადგენდნენ ქვეყანას. გერბი სამსახურებრივ დროშასთან ერთად მიიღეს 20 სექტემბერს, ზოგიერთი დაზუსტებანი შეტანილ იქნა 1918 წლის 27 დეკემბერს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა დატვირთულია სიმბოლიზმით. შინდისფერი ქსოვილი აღნიშნავდა ქართული მიწის დიდებულ ისტორიას, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე მორწყული იყო ბრძოლის ველზე დაღვრილი სისხლით, შავი და თეთრი ზოლები ქვეყნის ერთობის სიმბოლოს წარმოადგენდა. იაკობ ნიკოლაძეს იგი შემთხვევით არ ჰქონდა არჩეული. პარიზში ყოფნის დროს, 1899-1901 წლებსა და 1904-1910 წლებში, მას შეეძლო საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაცნობოდა ძველებურ წიგნს დროშების შესახებ (1375). მასში წარმოდგენილი ქართული დროშა შავ ქსოვილზე ხუთი თეთრი ჯვრით, იგი ეკუთვნოდა გიორგი V ბრწყინვალის ეპოქას.

დროშა 1921 წლის 20 მაისს საქართველოს რევკომმა სამფეროვანი დროშა და გერბი №36 დეკრეტით გააუქმა[4]. ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით[5][6].

საბჭოთა საქართველო (1921-1990)

რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში საქართველოში წითელი საბჭოთა დროშის რამდენიმე ვარიანტი იყო მიღებული, რომელზეც ან საქართველოს სსრ-ის სახელი იყო აღბეჭდილი, ან წითელი ნამგალი და ურო ვარსკვლავით ლურჯ მზესა და ლურჯ ზოლზე დროშის ზედა ნაწილში (მარჯვნივ). ეს დროშა 1990 წლის 28 ოქტომბერს პირველი მრავალპარტიული არჩევნებით არჩეულმა უზენაესმა საბჭომ იმავე წლის ნოემბერში გააუქმა.[7]

         

„გულებიანი დროშის“ პრობლემა

რედაქტირება

2013 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროშა აღიმართა, რომელიც პარტიამ 5 ნოემბერს მიიღო.[8] „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროშის აღმართვას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა, რომლის განცხადებით „საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა და დაუშვებელია ქვეყნის სიმბოლოების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან. მივმართავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე“.[9] მოგვიანებით მთავრობის პოზიციას დაეთანხმა პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, რომელმაც გაავლო პარალელი ავლაბრის რეზიდენციასა და თეთრს სახლს შორის და პრეზიდენტს ძველი დროშის დაბრუნებისკენ მოუწოდა.[10] მოგვიანებით ავლაბრის რეზიდენციის გუმბათზე აღმართული დროშის პრობლემას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კანდელაკი, რომელმაც ახალი დროშის განმარტება გააკეთა. მისი მოსაზრებით, „[...] პოლიტიკაში მთავარი არის კონტექსტი. კონტექსტი სწორედ ეს არის, რომ ჩვენი დაპირისპირება და შუღლი მტერს აძლევს ხელს. ჩვენ უნდა გადავაბიჯოთ ამ ყველაფერს და უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესით. ეს არის არსი“.[11] დღის ბოლოს დროშასთან დაკავშირებით კომენტარი გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინსტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა. მისი განმარტებით „დროშა აღმართულია მხოლოდ ერთი დღით, სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით.“[12] 10 ნოემბერს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც განაცხადა:„არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის“.[13] 2013 წლის 10 ნოემბრის შუადღეს ავლაბრის რეზიდენციის გუმბათზე საქართველოს სახელმწიფო დროშა ისევ აფრიალდა.[14]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ს. გამსახურდია, ნ. შოშიაშვილი, ზ. ხიდურელი: „საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები“, თბილისი, 1990.
  • გიორგი მაჭარაშვილი: „დროშა გორგასლიანი“, თბ. 2011.
  • „საქართველოს დროშები და გერბები ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით“, საქ. რესპ. მეცნ. აკად., გეოგრაფიისა და გეოეკოლოგიის ინ-ტი ; [შემდგ.: ნარგიზა გამცემლიძე, თამაზ კიკნაძე]. - თბ.: სამშობლო, 1991.
  • „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები : აღწერილობა, გამოსახვა, გამოყენება.“ - თბ. : [ბონა კაუზა], 2005. ISBN 99928-844-2-8.
  • რუსუდან შელია. (2017) როგორ იქმნებოდა ქართული დროშა. პოლიტიკა. კვირის პალიტრა. ციტირების თარიღი: 2019-08-03.
  1. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“. მუხლი მე-6. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-25. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
  2. "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
  3. სახელმწიფო დროშის დღე. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 2015-01-14.
  4. გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №125 (12991), 1 ივლისი, 1989
  5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. (1990) საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ”. კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ საიტი. ორგინ.:საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №11 (30/11/1990). ციტირების თარიღი: 2011.
  6. საქართველოს პარლამენტი. (1997) საქართველოს ორგანული კანონი „'საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ' საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. კანონი. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ საიტი. ორგინ.:საქართველოს პარლამენტის უწყებანი №46, (03/12/1997). ციტირების თარიღი: 2011.
  7. ბლუაშვილი, უ. (2012). ეროვნული მოძრაობა და პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოში (1987-1993). თბილისი. გვ. 90.
  8. პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად „ნაციონალების“ დროშაა აღმართული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-11-10.
  9. მთავრობა სააკაშვილს პრეზიდენტის რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის დაუყოვნებლივ აღმართვისკენ მოუწოდებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-10. ციტირების თარიღი: 2013-11-10.
  10. იმერლიშვილი პრეზიდენტს ურჩევს "გონს მოეგოს". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2013-11-10.
  11. გიორგი კანდელაკი - პრეზიდენტის სასახლეზე ახალი დროშა შემრიგებლურ სიგნალად უნდა აღვიქვათ
  12. ანდრო ბარნოვი - პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდება
  13. სააკაშვილი: არავინ ისე არ ამაყობს ხუთჯვრიანი დროშით, როგორც მე[მკვდარი ბმული]
  14. პრეზიდენტის სასახლეზე კვლავ სახელმწიფო დროშა ფრიალებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-11-10.