აბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერი — ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ოთხ მოქმედებად ორი შესვენებით. ლიბრეტოს ავტორი პეტრე მირიანაშვილი. პრემიერა გაიმართა თბილისში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1919 წლის 21 თებერვალს. ოპერა ეფუძნება ძველ ქართულ რომანსს — ეთერიანი.
ისტორია
რედაქტირებაზაქარია ფალიაშვილმა თავისი შემოქმედების ცენტრალურ ოპერაზე “აბესალომ და ეთერზე” მუშაობა 1910 წელს დაიწყო. ხალხური თქმულების “ეთერიანის” სიუჟეტზე ნაწარმოების შექმნის იდეა კომპოზიტორს ცნობილმა პედაგოგმა და ლიტერატორმა პეტრე მირიანაშვილმა მიაწოდა, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის “აბესალომ და ეთერის” შექმნაში. მან არა მარტო შეადგინა ლიბრეტოს ტექსტი, არამედ მხარში ედგა კომპოზიტორს იმ წლების მანძილზე, როდესაც იგი ამ ოპერაზე მუშაობდა. ოპერის ლიბრეტო ხალხური თქმულების მთლიანი სახით წარმოდგენის საინტერესო ცდაა.
პირველად იგი 1908 წელს დაიბეჭდა ჟურნალ “ფასკუნჯში”. პეტრე მირიანაშვილმა ხალხური თქმულების ტექსტის გარდა ლიბრეტოში გამოიყენა ვაჟა-ფშაველას პოემის ცალკეული სტროფები, ხალხური “ვეფხისტყაოსნისა” და ილია ჭავჭავაძის ლექსის ფრაგმენტები. ოპერის მეორე მოქმედების ტექსტის ნაწილი ალექსანდრე წუწუნავას ეკუთვნის, ხოლო ოპერის ერთ-ერთი გმირის მარიხის კანცონეტის ტექსტი თავად პეტრე მირიანაშვილის დაწერილია. “აბესალომ და ეთერის” III მოქმედება ჯერ კიდევ 1913 წლის 27 აპრილს ფილარმონიული საზოგადოების ინიციატივით დაიდგა ქართულ თეატრში, ხოლო საბოლოო სახით 1918 წელს დასრულდა.
ოპერის პირველი წარმოდგენა 1919 წლის 21 თებერვალს გაიმართა. ოპერას დირიჟორობდა ზაქარია ფალიაშვილი. დადგმა ეკუთვნოდა ა. წუწუნავას, რეჟისორი იყო, ბელინსკი, მხატვარი – ა. ზალცმანი, ცეკვები დადგა ს. ვაკარეცმა, სოლოს “ლეკურში” ელო ანდრონიკაშვილი ასრულებდა.
დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. ოპერის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ კომპოზიტორს უკვე მეორე მოქმედების შემდეგ დიდი ოვაციები გაუმართეს. საოპერო თეატრის, თბილისის კონსერვატორიის, ქართული დრამის და სხვა დაწესებულებათა წარმომადგენლებმა კომპოზიტორს გვირგვინები და ძვირფასი საჩუქრები მიართვეს.
უნდა ითქვას, რომ პრემიერის სრულყოფილ წარმატებას საგრძნობლად შეუშალა ხელი სასცენო ტექნიკის დაბალმა დონემ. მეტისმეტად გაჭიანურებულმა ანტრაქტებმა, ოპერის, დრამატურგიულად გაუმართლებელი მუსიკალური სცენებით გადატვირთვამ გამოიწვია სპექტაკლის უჩვეულო, ყურადღების მომქანცველი გაჭიანურება. “აბესალომ და ეთერის” პირველი ვარიანტი 5 მოქმედებისა და 6 სურათისგან შედგებოდა. ოპერა საღამოს 8 საათზე დაიწყო და ღამის 2 საათამდე გასტანა.
კომპოზიტორმა გარკვეული კრიტიკული შენიშვნაც დაიმსახურა. ფალიაშვილმა გაითვალისწინა შენიშვნები და ოპერა ერთი მოქმედებით შემოკლდა. საბოლოოდ ოპერამ “აბესალომ და ეთერი” ქართული საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა ჰპოვა. დიდი ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ამ ოპერის დადგმასთან დაკავშირებით წერდა: “დიდი დღესასწაულია! დღესასწაული ნამდვილი ხელოვნებისა! დღესასწაული კულტურული გამარჯვებისა!სარკმელია ევროპისკენ! გასაოცარი ლეგენდაა, სამშობლო ქვეყნის ჰანგებით მოსევდიანებული, ევროპული ოსტატობით შემუშავებული”. ხოლო ცნობილი ქართველი მსახიობი მარიამ საფაროვა-აბაშიძე კომპოზიტორის მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერდა – “აბესალომი” უნდა განასახიერებდეს საქართველოს უკვდავ სულს, რომელშიც ტანჯვა და სიხარული ერთმანეთში გადახლართულა, ვით სიმბოლო აზრისა და მშვენიერებისა”. თავად კომპოზიტორს ოპერაზე მუშაობისას არაერთხელ უთქვამს – “მე პრეტენზიები არა მაქვს, რათა ჩემზე სთქვან ოპერა დასწერაო. ჩემი მუშაობის აზრია – მე ვიძლევი მასალას, ვკრებ და ვაყალიბებ მას, გამოვიტან საზოგადოებაში, შემდეგ, ალბათ გამოჩნდება ვინმე უფრო ნიჭიერი და ოპერას დასწერს”.
ფალიაშვილი საკუთარ დამსახურებად ოპერაში უფრო ეროვნული და ევროპული მუსიკის თავისებურებების სინთეზს მიიჩნევდა. იგი წერდა – “მე ის (იგულისხმება “აბესალომ და ეთერი”) მიყვარს და ვეტრფი არა მარტო ისე, როგორც ჩემს პირმშოს, არა-ვიმეორებ, ისე როგორც საუკეთესო ნიმუშს ქართული ხალხური სიმღერებისას ევროპული თეორიის კანონებზედ დამყარებულს”.
ოპერის საერთო კონცეფციაში ძირითადი თემა – სიყვარული წარმოსახულია როგორც დიადი, უძლეველი ძალა, რომელიც გადალახავს არა მარტო სოციალურ უთანასწორობას, არამედ თვით სიკვდილსაც. სიყვარულისა და სიკვდილის ამაღლებული პოემა ფალიაშვილმა მუსიკალური ტრაგედიის მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა.
როლები
რედაქტირება- აბესალომი – პ. ზალიბსკი
- ეთერი – ო. ბახუტაშვილი–შულგინა
- მურმანი – ს. ინაშვილი
- აბიო მეფე – გ. ქურხული
- ნათელა – ო. მოროზოვა
- მარიხი – გრანელი
- ნაანა – ს. მანდენოვა
- დედინაცვალი – თ. გურჯი
- ბელიარ–ეშმაკი – ვ. ლორთქიფანიძე
- თანდარუხი – ა. ჭუმბურიძე
შინაარსი
რედაქტირებაპირველი მოქმედება
რედაქტირებატყეში განმარტოებით ზის ავი დედინაცვლისგან გამოქცეული გლეხის გოგო ეთერი და თავის ობლობას დასტირის. შორიდან მოისმის მონადირეთა სიმღერა. უფლისწული აბესალომი და მისი ვეზირი მურმანი ამალასთან ერთად ნადირობენ. ეთერი სიმღერის ხმას გაჰყვება და გზად მურმანს გადაეყრება. მოულოდნელი შეხვედრისგან დამფრთხალი ეთერი სხვა მხარეს გარბის. აქ კი მას გზას აბესალომი გადაუღობავს. ეთერის სილამაზით მოჯადოებული უფლისწული მარადიულ სიყვარულს ეფიცება მას. ეთერის მიმართ სიყვარულის გრძნობა მურმანსაც დაეუფლება, მაგრამ იგი ვეზირია და აშკარად ამის გამოხატვას ვერ ბედავს. მურმანი გულში ბოროტ ზრახვას ჩაიდებს და ფიცს დებს, რომ აბესალომს ეთერს წაართმევს.
მეორე მოქმედება
რედაქტირებასასახლეში ქორწილია. სამეფო ამალის თანხლებით შემოდიან აბესალომი და ეთერი. მეფე ლოცავს ჯვარდაწერილებს. აბესალომი და ეთერი ერთგულების ფიცს დებენ. მურმანი ეთერს საჩუქრად პატარა ზარდახშას მიართმევს, რომელშიც მოჯადოებული ყელსაბამი დევს. ამ სამკაულმა საშინელი სენი უნდა შეჰყაროს ეთერს და მხოლოდ მურმანს შეუძლია ამ სენისგან მისი დახსნა. ეთერი შეუძლოდ ხდება. აბიო მეფე ცდილობს გაამხიარულოს სტუმრები და მარეხს სთხოვს სიმღერას. იმართება მხიარული ცეკვა-თამაში.
მესამე მოქმედება
რედაქტირებასასახლეს უბედურება დაატყდა თავს – ეთერი უკურნებელი დაავადებით დაავადდა. ამ ამბავს მთელი სასახლე გლოვობდა.აბესალომი კი იძულებული იყო დაეთმო ეთერი. მურმანმა კი მიზანს მიაღწია და ეთერი მან წაიყვანა თავის კოშკში
მეოთხე მოქმედება
რედაქტირებამურმანის კოშკში ეთერი განიკურნა, კვლავ დაიბრუნა სილამაზე. მურმანის დედა და დები თავს ევლებიან მას, მაგრამ ეთერი კვლავ აბესალომზე ფიქრობს. ისმის საყვირების ხმა. ვერ აიტანა აბესალომმა ეთერთან განშორება და მურმანის კოშკს თავად ეწვია, რათა თვალი მაინც შეავლოს სატრფოს. იმისთვის, რომ მურმანი ეთერს დააშოროს, აბესალომი ვეზირს უკვდავების წყლის მოსატანად გზავნის. დედოფალი ნათელა ეთერს აბესალომის ნახვას თხოვს, მაგრამ ეთერი უარზეა – მას აღარ სწამს ფიცის გამტეხისა!.. დედოფალი ნათელას თხოვნა გულს ულბობს ეთერს და მზადაა შეხვდეს სატრფოს, თუკი ეს აბესალომის ტანჯვას შეამსუბუქებს. ხანმოკლე გამოდგა მათი შეხვედრა. დასუსტებული აბესალომი ეთერის მკლავზე კვდება. ეთერი თავს იკლავს იმ დანით, რომელიც ოდესღაც აბესალომმა აჩუქა ერთგული სიყვარულის ნიშნად.
ეკრანიზაცია
რედაქტირება1967 წელს რეჟისორმა ლეო ესაკიამ ოპერის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.მთავარ როლებს ასრულებენ: არჩილ მეტონიძე (აბესალომი), ლალი ხაბაზაშვილი (ეთერი), ნუგზარ შარია (მურმანი), ნანა ყიფიანი (მარეხი), ალექსანდრე ომიაძე (აბიო), მეგი წულუკიძე (დედოფალი ნათელა), გივი ტორონჯაძე (თანდარუხი), დათო დანელია (რაინდი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფოტო გალერეა დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine.
- სტატია ზაქარია ფალიაშვილის შესახებ დაარქივებული 2016-03-08 საიტზე Wayback Machine.
- ზაქარია ფალიაშვილის უცნობი დოკუმენტები