ქართველთა ეთნოგენეზი

ქართველთა ეთნოგენეზიქართველთა წარმოშობის ისტორია. არსებობს მოსაზრება, რომ ამ თემაზე დაახლოებით 3500 ნაშრომია დაწერილი.

ცნების განმარტება

რედაქტირება

ძველად ტერმინი „ქართველი“ ეთნოგრაფიული „ქართლის“ მკვიდრს აღნიშნავდა. საუკუნეების განმავლობაში ეთნოგენეტიკური პროცესის შედეგად წარმოქმნილ რეალურ კულტურულ-პოლიტიკურ ვითარებას აღარ შეესაბამებოდა ქვეყნის „ქართლის“ სახელწოდებით არსებობა. X საუკუნიდან მას საქართველო ეწოდება, მის მკვიდრს - ქართველი. ეთნოგენეზის პროცესში ყალიბდება ქართული ეთნოსისათვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორც მატერიალურ და სულიერ კულტურაში, ისე ყოფასა და ეთნოფსიქიკაში. XI-XII საუკუნეებში უკვე ჩამოყალიბებულია ქართველი ხალხი და ქვეყანა ერთიანი სახელმწიფო ენით, ტერიტორიით, ინტენსიური ეკონომიკური კავშირებით.

IV საუკუნიდან საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებამ, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის კონსოლიდაციის, კულტურული და სამოქალაქო განვითარების საქმეში.

ურთიერთობა ძველი აღმოსავლეთის ხალხებთან

რედაქტირება

ქართველთა წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ქართველებს ინდოევროპელებად მიიჩნევს, სხვანი - უძველესი ხალხების: შუმერების, ხეთების, სუბარელებისა (ხურიტების) და ა.შ. შთამომავლებად.

ისტორიულ წყაროებში მრავალი აღმოსავლური თუ დასავლური ქართველური ტომის სახელწოდებაა შემონახული (იბერ-ივერიელები, გუგარები, შავშ-კლარჯები, ტაოელები, მაკრონები, ხალდ-ხალიბები, სკვითინები, მარგველები, მისიმინიალები, პენიოხები და სხვ.), რომლებიც მონაწილეობდნენ ქართველი ერის წარმოქმნაში. აღიარებული მოსაზრებით, ეთნოგენეზის მრავალსაუკუნოვან პროცესში, უძველეს დროშივე, მოხდა ცალკეულ ქართველ ტომთა მიგრაცია სამხრეთით - მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და სამხრეთ-აღმოსავლეთით - შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. ვარაუდობენ, აგრეთვე, რომ ქართველურმა ტომებმა მოახდინეს ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემქმნელი, სამხრეთში მცხოვრები ხალხების (ხურიტების, ხეთებისა და სხვ.) გარკვეული ნაკადის, ადგილობრივი ჩეჩნურ-ვაინახური, დაღესტნური ტომების ნაწილისა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ინდოევროპული ეთნოსის ასიმილირება, რასაც ლინგვისტური მონაცემებიც უჭერს მხარს.

არქეოლოგიური მასალების საფუძველზე დგინდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ხალხებმა განვლეს კაცობრიობის განვითარების ყველა საფეხური, რადგან უძველესი დროიდან ნათლად ჩანს კულტურის განვითარების უწყვეტი ჯაჭვი. საქართველო უძველესი ადამიანის სამშობლოა. დმანისის ფეოდალური ხანის ნაქალაქარზე აღმოჩნდა უძველესი ადამიანების ნაშთები, რომლებიც მილიონ რვაასი ათასი წლით თარიღდება. დმანისელი ადამიანი, მორფოლოგიური მონაცემებით, აფრიკის ადამიანის ფორმებს უახლოვდებოდა. ვარაუდობენ, რომ წინარეისტორიული ადამიანი საქართველოს ტერიტორიის განვლით განსახლდა ევროპასა და აზიაში. ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში ამიერკავკასიაში ყალიბდება საერთო-ქართული ენის მატარებელი დიდი ეთნიკური ერთობა ინდივიდუალური სახით, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული ძველი აღმოსავლეთის კულტურულ წრეში.

ფიზიკური მონაცემები

რედაქტირება

XVII საუკუნის ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის დახასიათებით, ქართველები არიან „შუენიერნი, ჰაეროვანნი... წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვიათ სქელნი, მხნენი, მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენთა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი... სალაშკროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი, სტუმართა და უცხოთა მოყუარენი; მხიარულნი, უკეთუ ორნი ანუ სამნი არიან, არარაის შეიჭირვიან; უხურნი, არცა თვისსა და არცა სხვისსა კრძალვენ; საუნჯეთა არა მმესველნი, გონიერნი, მსწრაფლ მიმხდომნი, მჩემებელნი, სწავლის მოყუარენი“.

სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები

რედაქტირება

წერილობითი წყაროების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები ძვ. წ. XII საუკუნიდან დასტურდება: დიაოხი, კოლხა და სასპერები. ძვ. წ. VII-VI საუკუნეებიდან დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ეგრისის სამეფო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე - ქართლის სამეფო (ძვ.წ IV-III სს.) სატახტო ქალაქით მცხეთა.

ძვ. წ. III საუკუნიდან ეგრისი ახლადწარმოქმნილი ქართლის სამეფოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა, რამაც ხელი შეუწყო ქართველ ტომთა კონსოლიდაციას და საფუძველი ჩაუყარა ერთიანი ქართული ეროვნების ჩამოყალიბებას. ქართული საისტორიო მწერლობა პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნას (ერთი ენითა და დამწერლობით, კულტით, სახელმწიფო-სამოხელეო აპარატითა და საგადასახადო სისტემით) მეფე ფარნავაზს უკავშირებს, რომელმაც სათავე დაუდო ფარნავაზიანთა დინასტიას (ძვ. წ. III ს.) და გააერთიანა აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველო.

საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვახტანგ I-მა გორგასალმა (V ს-ის II ნახ.), რომლის სახელთან ქვეყნის გაძლიერებასთან ერთად დაკავშირებულია ქვეყნის დედაქალაქ თბილისის დაარსება.

X-XII საუკუნეები გარდამტეხი ეპოქაა ქვეყნის ისტორიაში - პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის ხანა. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობის პერიოდში დაწყებული ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა დასრულდა დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) მიერ საქართველოს გაერთიანებით, ქვეყნის განმტკიცებითა და სამეფო ხელისუფლების გაძლიერებით. სახელმწიფოებრივ და კულტურულ აყვავებას საქართველომ თამარ მეფის (1184-1213) მეფობის წლებში მიაღწია.

ეთნოგრაფიული ჯგუფები და მხარეები

რედაქტირება

შუა საუკუნეებში, პოლიტიკურმა დაქუცმაცებულობამ და მცირე ფეოდალური სამთავროების წარმოშობამ ხელი შეუწყო ცალკეული ისტორიულ-გეოგრაფიული ტერიტორიული ერთეულების შექმნას, როგორიცაა აღმოსავლეთ საქართველოში - ქართლი, კახეთი, საინგილო, ქიზიყი; აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში - თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი-გუდამაყარი, ხევი; დასავლეთ საქართველოში - იმერეთი, გურია, სამეგრელო; დასავლეთ საქართველოს მთიანეთში - რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი; სამხრეთ საქართველოში - სამცხე, ჯავახეთი, აჭარა. ამ რეგიონებში მცხოვრები ქართველები იწოდებიან რეგიონის სახელწოდების მიხედვით: თუშეთში თუშები ცხოვრობენ, ხევსურეთში - ხევსურები, ფშავში - ფშავლები, სამეგრელოში - მეგრელები, სვანეთში - სვანები, კახეთში - კახელები და ა.შ.

XIX საუკუნის II ნახევარში კაპიტალიზმის განვითარების შედეგად წარმოიქმნა თანამედროვე ქართველი ერი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართველები, რომელთაც აერთიანებდათ საერთო ისტორიული ბედი, კულტურა, ეკონომიკა, ძირითადი ფსიქოლოგიური თვისებები და ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება