კავკასიური რასა (კავკასოიდური[1], ანუ ევროპეიდული) — ტაქსონომიური ტერმინი რომელიც გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება ევროპის, ჩრდილოეთი აფრიკის, სომალის ნახევარკუნძულის, დასავლეთ, ცენტრალური და სამხრეთ აზიის მაცხოვრებელთა ტიპოლოგიური გაერთიანების აღსანიშნავად. ცნება იხმარებოდა ფიზიკური ანთროპოლოგიის დარგში ამ რეგიონების ხალხების ფიზიკურ ნიშანთვისებათა აღსაწერად. მსაგვსი ტერმინი პირველად შემოღებულ იქნა ადრეულ რასოლოგიაში და ანთროპომეტრიაში, კაცობრიობის სამ ძირითად რასათაგან (კავკასოიდური, მონღოლოიდური, ნეგროიდული) ერთ-ერთის აღსანიშნავად[2]. თუმცაღა მისი კანონიერება და დასაბუთებულობა დღესაც დავის საგანია ანთროპოლოგისტებს შორის.

ცნების წარმოშობა

რედაქტირება
 
1795 წელს, ბლუმენბახის მიერ აღმოჩენილი ქართველი ადამიანის "მშვენიერი" თავის ქალა, რომლის მიხედვითაც მან ევროპელთა კავკასიიდან წარმოშობა ივარაუდა.

ტერმინი „კავკასიური რასა“ პირველად იხმარა გერმანელმა ფილოსოფოსმა კრისტოფერ მეინერსმა თავის წიგნში სახელწოდებით „კაცობრიობის ისტორიის კონტურები“, რომელიც გამოსცა 1785 წელს. მეინერსის ტერმინი განავრცო და გაავრცელა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა, გერმანელმა პროფესორმა მედიცინის დარგში და ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრმა, რომელიც ითვლება ანთროპოლოგიის სამეცნიერო დისციპლინის ფუძემდებლად.[3]

მეინერსის ნაშრომი მალევე გავრცელდა იმ დროის გერმანიის ინტელექტუალურ წრეებში. მეინერსმა წამოაყენა იდეა რომ კაცობრიობა იყოფოდა ორ რასად (Rassen): კავკასიელები და მონღოლები. ის თვლიდა რომ კავკასიელები გამოიყურებოდნენ უკეთესად ვიდრე მონღოლები და ამის მნიშვნელოვანი მიზეზი ღია ფერის კანი იყო; ასევე მიიჩნევდა რომ კავკასიელები იყვნენ უფრო მგრძნობიარენი და სათნონი ვიდრე მონღოლები.

მეცნიერმა სახელწოდება „კავკასიური“ აიღო ამიერკავკასიის რეგიონის და ზოგადად კავკასიის სახელიდან, ვინაიდან იგი მიიჩნევდა რომ აქ მცხოვრები ხალხი წამროადგენდა ევროპეიდული ჯგუფის არქეტიპს.

მეინერსის თავდაპირველი კლასიფიკაცია ნაკლებად ეფუძნებოდა მეცნიერულ კრიტერიუმებს. მეტი მეცნიერული სანდოობა და შესაბამისად მსმენელთა მეტი აუდიტორიაც ამ კლასიფიკაციას მოუტანა ბლუმენბახმა, რომელმაც იგი ახალ თვისობრივ მეთოდზე, კეფალომეტრიაზე დააფუძნა. ბლუმენბახმა არ მიუთითა მეინერსის წვლილი ამ კვლევაში და აცხადებდა, რომ იგი თვითონ განავითარა. მიუხედავად ამისა, ტაქსონომის მისეული ახსნა ცხადად მიუთითებს მეინერსის ესთეტიკური შეხედულებების კვალზე:

„კავკასიური სახეობა — ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო. იმიტომ რომ მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას, ვგულისხმობ ქართველებს; და იმიტომ რომ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზებს, მივყავართ იქამდე, რომ თუკი სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი წევრების) საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ.“[4]

ფიზიკური ანთროპოლოგია

რედაქტირება

პეტრუს კამპერის სახის კუთხის თეორიის ნახაზების მიხედვით ბლუმენბახმა და ანთროპოლოგისტმა ჟორჟ კიუვიემ მოახდინეს რასების კლასიფიკაცია. მათ გამოიყენეს თავიანთი თავის ქალების კოლექციის ნიმუშების ნიშანთვისებები და ანთროპომეტრული საზომები. კავკასიური რასის წარმომადგენლების მახასიათებლებად აღიარებული იქნა შემდეგი ნიშნები: ვიწრო ცხვირი, მცირე ზომის პირი, 100°–90° სახის კუთხე.[5] შემდგომი, XIX და XX საუკუნეების ანთროპოლოგისტებმა (პეშელი, ბროკა და სხვები) მიიღეს გადაწყვეტილება ამ მორფოლოგიური ნიშნებისათვის დაემატებინათ შემდეგნი: წარბების გამოკვეთილი ქედი და ცხვირის ბასრი რაფა.

XX საუკუნის ანთროპოლოგიაში და სამეცნიერო ლიტერატურაში, ტერმინი „კავკასიური“, ჩაანაცვლა ტერმინმა „კავკასოიდური“ რისი მიზეზიც პირველის მოძველება და შეუხამებლობა იყო.[6]

კავკასოიდური თავის ქალის დამახასიათებელი ნაკვთები თანამედროვე ანთროპოლოგიაში აღიარებულია როგორც მკვეთრად განსხვავებული ნეგროიდული და მონღოლოიდური რასების თავის ქალებისაგან. კავკასოიდურად თავის ქალა მიიჩნევა მაშინ როცა მას გააჩნია ამ ნიშნების 95% მაინც. ესენია:

  • ორთოგნათიული პროფილი — ქვედა ყბა რაც შეიძლება მინიმალურად ანდა სულაც არ უნდა იყოს გამოწეული.
  • შეწეული ყრიმალის ძვლები.
  • ვიწრო ცხვირის აპარატი.

კავკასოიდების სხვა ფიზიკური მახასიათებლები მოიცავს თმის ტექსტურას რომელიც მერყეობს სწორიდან დახვეულ (ხუჭუჭ) თმამდე.[7] კანის ფერი მოიცავს ვრცელ დიაპაზონს რომელშიც შედის ღია თეთრი ფერის, მოვარდისფრო, მოყავისფრო და მუქი ყავისფერი კანის ტონები.[7]

კლასიფიკაცია

რედაქტირება
 
ეთნოგრაფიული რუკა, მეიერის ენციკლოპედიური ლექსიკონი (1885–90).
კავკასიური რასა:
ნეგროიდული რასა:
განუსაზღვრელი:
მონღოლოიდური რასა:

1885-1890 წლების მეიერის ენციკლოპედიური ლექსიკონის (ინგლ.) მიხედვით მონღოლოიდურ და ნეგროიდულ რასებთან ერთად, კავკასოიდური იყო კაცობრიობის სამ რასათაგან ერთ-ერთი. ტაქსონი მოიცავდა ქვეჯგუფებს. კავკასოიდური ხალხები, ეთნოგრაფიული და ენობრივი საფუძვლების მიხედვით, ძირითადად იყოფოდნენ სამ ჯგუფად: არიელებად (შედის ინდოევროპული, იბეროკავკასიური და ბასკური ენები), სემიტები (სემიტური ენები), ქამიტები (ქამიტური ე.ი ბერბერულ-ქუშიტურ-ეგვიპტური ენები).[8]

შემოთავაზებული ქვერასები დამოკიდებულია ავტორებზე და მათში შედის ხმელთაშუაზღვისპირული, ატლანტიდური, ნორდიული, აღმოსავლეთი ბალტიური, ალპური, დინარული, ტურანიდული, არმენოიდული, ირანიდული, არაბიდული რასები.[9]

XIX საუკუნეში ინდოეთის სამხრეთში მცხოვრები დრავიდები ავსტრალოიდური რასის ნაწილად, ან სულაც ცალკე „დრავიდულ რასად“ მიაჩნდათ, ინდოეთის მოსახლეობა კი მაღალი კასტის ინდოელი არიელებისა და მკვიდრი დრავიდების ნაჯვარად.[10]

იმ ანთროპოლოგისტთა შორის, რომლებიც ცდილობდნენ მოეხდინათ ადამიანთა რასების კლასიფიკაცია, არ ყოფილა რაიმე სახის კონსენსუსი ტერმინი „კავკასოიდურის“ გამართლებულობის შესახებ. ტომას ჰენრი ჰაქსლი იყო პირველი, რომელმაც 1870 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში სახელწოდებით „დასახელება 'კავკასოიდურის' აბსურდულობა“ წარმოადგინა თეორია, რომ სინამდვილეში კავკასიელები ორ დამოუკიდებელ რასად, ქსანტოქროებად და მელანოქროებად იყოფოდნენ.[11]

1920 წელს, ჰერბერტ ჯორჯ უელსმა ხმელთაშუაზღვისპირულ რასას „იბერიული რასა“ უწოდა. მან იგი მიიჩნია როგორც კავკასოიდური რასის მეოთხე ქვერასა, არიული, სემიტური და ქამიტური ქვერასების შემდგომ. მან დაწერა რომ ბასკები იყვნენ ხალხი, რომლებიც ყველაზე მეტად წარმოაჩენდნენ იბერიული რასის სახეს. მას ასევე მიაჩნდა, რომ ბასკები კრომანიონელების პირდაპირი შთამომავლები იყვნენ.[12]

ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის და დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე ათასობით წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კავკასოიდები, რომლებიც იყოფიან ორ ან სამ ქვეჯგუფად: ჩრდილოელები ანუ ნორდიული რასა, გარდამავალი ანუ ალპური რასა და სამხრეთელთა ხმელთაშუაზღვისპირული ანუ იბერიული რასა.[12]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "მონღოლოიდურთან" და "ნეგროიდულთან" შეხამებისათვის. იხ. კრისტოფერ ბექსვიტი (2009). "აბრეშუმის გზის იმპერიები: ცენტრალური ევრაზიის ისტორია ბრინჯაოს ხანიდან დღევანდელ დღემდე." Princeton and Oxford: Princeton University Press. ISBN 978-0-691-13589-2
  2. რობერტ პიკერინგი (2009). "სამართლებრივი ანთროპოლოგიის გამოყენება". CRC press. გვ. 82 ISBN 1-4200-6877-6
  3. Luigi Marino, I Maestri della Germania (1975) OCLC 797567391;
  4. ბლუმენბახი, De generis humani varietate nativa (მე-3 გამოცემა 1795), ინგლისური თარგმანი. Bendyshe (1865). ციტატა ართურ ქეითის, "ბლუმენბახის ასწლეული"-ში, ჟურნალი "Man" (დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი), v.40, გვ.82-85 (1940).
  5. "Miriam Claude Meijer, Race and Aesthetics in the Anthropology of Petrus Camper", 1722–1789, ამსტერდამი: როდოპი, 1999, გვ. 169–174.
  6. "People and races", Alice Mossie Brues, Waveland Press, 1990, მასში განხილულია თუ როგორ ჩაანაცვლა „კავკასოიდურმა“ „კავკასიური“.
  7. 7.0 7.1 Grolier Incorporated, Encyclopedia Americana, Volume 6: Cathedrals to Civil War, (Grolier Incorporated, 2001), გვ.85. OCLC 615043106.
  8. Meyers Konversations-Lexikon, მე-4 გამოცემა, 1885-90.
  9. Grolier Incorporated (2001). Encyclopedia Americana, Volume 6. Grolier Incorporated. გვ. 85. ISBN 0-7172-0134-1.
  10. The Veddoid periphery, Hadhramaut to Baluchistan
  11. T. H. Huxley, On the Geographical Distribution of the Chief Modifications of Mankind, ლონდონის ეთნოლოგიული საზოგადოების ჟურნალი (1870).
  12. 12.0 12.1 Wells, H. G. The Outline of History New York:1920 Doubleday & Co. Volume I, XI თავი "The Races of Mankind" გვ. 131–144 See Pages 98, 137, and 139