მიკრონეზია (ძვ. ბერძნ. μικρός νῆσος – მცირე კუნძული) – კუნძულების ჯგუფების ერთობლიობა წყნარ ოკეანეში. შედის ოკეანეთის შემადგენლობაში. მიკრონეზიის ხმელეთის საერთო ფართობი საკმაოდ მცირეა, ასევე მცირერიცხოვანია მისი მოსახლეობაც. სამაგიეროდ აქ ძალიან დიდი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონებია.

მიკრონეზიის რუკა

გეოგრაფია რედაქტირება

მიკრონეზია შედგება შემდეგი კუნძულების ჯგუფისაგან:

მიკრონეზია ძირითადად შედგება ატოლებისაგან. არსებობს რამდენიმე დიდი ვულკანური კუნძული.

გეოგრაფიულად მიკრონეზია იყოფა მარშალის, კაროლინის, მარიანას, კირიბატის კუნძულებად (ყოფილი გილბერტის და ელისის, კირიბატი — ადგილობრივ მანერაზე დამახინჯებული ინგლისური გილბერტი) და კუნძულ ნაურუდ. მათგან დასავლეთ კაროლინები და მარიანას არქიპელაგი — ვულკანური კუნძულებია. მარიანას არქიპელაგში ყველაზე დიდი კუნძულია გუამი, ამას გარდა არქიპელაგი იყოფა ჩრდილოეთის და სამხრეთის კუნძულთა ჯგუფებად. მარშალის კუნძულების არქიპელაგს ადგილობრივი მოსახლეობა ყოფს ორ ნაწილად — რალიკის (მზის ჩასვლის კუნძულები) და რატაკის (მზის ამოსვლის კუნძულები) ჯაჭვებად.

ყველაზე დიდი ატოლებია: ბიკინი, რონგელაპი, მალოელაპი, მაჯურო, ენივეტოკი, ულიტი, ტარავა და სხვები, ასევე სენიავინის კუნძულები (მათგან ყველაზე დიდია — პონპეის კუნძული), ჩუუკის კუნძულები და კუნძული კოსრაე.

მიკრონეზიის კუნძულები იყოფა დაბალი მარჯნის (3—5 მეტრი ზღვის დონიდან) კუნძულებად და უფრო მაღალ ვულკანურ (იაპის კუნძულები, ჩუუკი, პონპეი, კოსრაე) კუნძულებად.

ისტორია რედაქტირება

მიკრონეზიელები მიკრონეზიაში დასახლდნენ რამდენიმე ათასი წლის წინ. XVI საუკუნეში თითქმის მთელი მიკრონეზია გახდა ესპანეთის კოლონია. XIX საუკუნეში ნაურუ გახდა გერმანიის კოლონია, ხოლო გილბერტის კუნძულები — დიდი ბრიტანეთის. 1898 წელს, ესპანეთ-აშშ-ის ომის შემდეგ, კუნძული გუამი გადაეცა აშშ-ს, ხოლო ესპანეთის მიკრონეზიის დანარჩენი ნაწილი — გერმანიას. 1914 წელს გერმანიის მიკრონეზია დაიპყრო იაპონიამ (მხოლოდ კუნძული ნაურუ, რომელიც ადმინისტრაციულად ეკუთვნოდა გერმანიის ახალ გვინეას, დაიპყრო ავსტრალიამ). მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ყველა იაპონელი გაასახლეს მიკრონეზიიდან; იაპონიის ყოფილი სამფლობელოები გახდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამანდატო ტერიტორიები აშშ-ის მმართველობის ქვეშ. 1950-იან წლებში აშშ აქ ატარებდა ბირთვულ გამოცდებს. დღეისათვის მიკრონეზიის დიდი ნაწილი დამოუკიდებელი ქვეყნებია.

პოლიტიკური დაყოფა რედაქტირება

დამოუკიდებელი ქვეყნები რედაქტირება

მიკრონეზიაში მდებარეობს 5 დამოუკიდებელი ქვეყანა. ამას გარდა კირიბატის გილბერტის კუნძულები და კუნძული ბანაბა მდებარეობენ მიკრონეზიაში, რომლებშიც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ხოლო ფენიქსის კუნძულები და ლაინის კუნძულები მდებარეობენ პოლინეზიაში.

სახელმწიფო ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2002 წლის 1 ივლისის შეფასების მიხედვით)
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
დედაქალაქი ვალუტა
1   მარშალის კუნძულები 181 73 630 406,8 მაჯურო USD (USA Dollar)
2   მიკრონეზიის ფედერაციული შტატები 702 135 869 193,5 პალიკირი USD (USA Dollar)
3   ნაურუ 21 12 329 587,1 არა აქვს[1] AUD (Australian Dollar)
4   პალაუ 458 19 409 42,4 ნგერულმუდი[2] USD (USA Dollar)
5   კირიბატი[3] 811 96 335 118,8 სამხრეთი ტარავა[4] AUD (Australian Dollar)
სულ 2173 337 572 155,35

დამოკიდებული ტერიტორიები რედაქტირება

მიკრონეზიაში მდებარეობს აშშ-ის კუთვნილი ტერიტორიები (სულ 3 დამოკიდებული ტერიტორია).

ტერიტორია მეტროპოლია ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2002 წლის 1 ივლისის შეფასების მიხედვით)
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
დედაქალაქი ვალუტა
1   გუამი აშშ 541 160 796 292,9 ჰაგატნა USD (USA Dollar)
2   ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები აშშ 463,63 77 311 162,1 საიპანი USD (USA Dollar)
3   უეიკი ([5]) აშშ 7,4 [6]
სულ 1012,03 238 107 235,28

მიკრონეზიის სახელმწიფოები და ტერიტორიები რედაქტირება

დღეისათვის მიკრონეზია დაყოფილია რამდენიმე სახელმწიფოდ.

მარშალის კუნძულები — წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში, აშშ-თან ასოცირებული სახელმწიფო. მოსახლეობა — 53 158 კაცი[7][8][9] (2011, მოსახლეობის აღწერა). დედაქალაქი — მაჯურო, 27 797 ადამიანი (2011). ოფიციალური ენებია — მარშალური, ინგლისური. რელიგია — პროტესტანტიზმი და კათოლიციზმი. ექსპორტი: კოპრა, ქოქოსის ზეთი, თევზი, მარჯანი, კუსტარული ნაწარმი. 1529 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ა. საავედრამ, შემდეგ გამოკვლევებს აწარმოებდნენ გილბერტი და მარშალი. 1 მაისი კომსტიტუციის დღეა.

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები — მდებარეობს კაროლინის კუნძულებზე და შედგება 4 შტატისგან: იაპი, ჩუუკი (ყოფილი ტრუკი), პონპეი (ყოფილი პონაპე) და კოსრაე (ყოფილი კუსაე). მოსახლეობა — 102 843 ადამიანი[10] (2010). დედაქალაქი — პალიკირი კუნძულ პონპეიზე (ყოფილი პონაპე), 6647 ადამიანი (2010 წელი). ოფიციალური ენა — ინგლისური. აშშ-თან აქვს „ასოცირებული ქვეყნის“ სტატუსი. ხდება კოპრის, წიწაკის, თევზის, ქოქოსის ზეთის, ექსპორტი. 3 ნოემბერი დამოუკიდებლობის დღეა.

ნაურუ — ცალკე მარჯნის კუნძული, ამოწეული ატოლი. ფართობი — 21 კმ². მოსახლეობა — 10 084 ადამიანი[11] (2011). ოფიციალურად დედაქალაქი არ აქვს, ქვეყნის მთავრობა მდებარეობს იარენის რაიონში. ოფიციალური ენებია — ინგლისური და ნაურუული. უახლოეს პერიოდამდე ეკონომიკის საფუძველი იყო — ფოსფატების მოპოვება. 26 ოქტომბერი ანგამის დღეა.

პალაუ (ბელაუ) — აშშ-თან ასოცირებული კუნძულოვანი სახელმწიფო. ქვეყანა შედგება 16 შტატისაგან. მდებარეობს 328 კუნძულზე, საერთო ფართობით 458 კმ², ყველაზე დიდი კუნძულია — ბაბელდაობი, ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — 217 მეტრი. ცხოველთა სამყარო წარმოდგენილია პატარა მღრღნელებით, ხვლიკებით, ფრინველებით და მწერებით. 2005 წლის აღწერის მონაცემებით, პალაუს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 19 907 ადამიანს[12][13]. დედაქალაქი — ნგერულმუდი კუნძულ ბაბელდაობზე. ოფოციალური ენა — ინგლისური, პალაუ. რელიგია — კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. 200-დან მოსახლეობა მხოლოდ 8 კუნძულზე ცხოვრობს. ევროპელთაგან კუნძულებზე პირველები მოხვდნენ ესპანელები XVII საუკუნეში. 1889 წელს კუნძულები მათ გერმანელებს მიჰყიდეს. ექსპორტი — კოპრა და თინუსი. 1 ოქტომბერი — დამოუკიდებლობის დღეა.

კირიბატი — 33 მარჯნის კუნძული 5 მილიონ კმ² აკვატორიაზე. ეს გილბერტის, ფენიქსის, ლაინის კუნძულების ჯგუფებია და კუნძული ბანაბაა (ყოფილი ოშენი). აქედან მიკრონეზიაში მდებარეობს მხოლოდ გილბერტის კუნძულები და კუნძული ბანაბა, რომლებზეც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ფენიქსის კუნძულები და ლაინის კუნძულები მდებარეობს პოლინეზიაში. კირიბატის მოსახლეობაა — 103 058 ადამიანი.[14] (2010, აღწერა). დედაქალაქი - სამხრეთი ტარავა, 40 311 ადამიანი (2010 წელი), ატოლ ტარავაზე. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — 81 მეტრი კუნძულ ბანაბაზე. ოფიციალური ენა — ინგლისური, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს კირიბატულ ენაზე. რელიგია — პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი. პირველმა კუნძულები აღმოაჩინა პედრო ფერნანდო კიროსმა 1606 წელს, ხოლო გამოკვლევები ჩაატარეს დ. ბაირონმა, დ. გილბერტმა და დ. მარშალმა. კუნძულებს გილბერტის პატივსაცემად სახელი დაარქვა კრუზენშტერნმა. ცხოველთა სამყარო წარმოდგენილია მხოლოდ ფრინველებით და მწერებით. ექსპორტი: კოპრა, თევზი. 21 ივლისი — დამოუკიდებლობის დღე.

გუამი — ყველაზე დიდი კუნძული მარიანას არქიპელაგში. წარმოადგენს პლატოს სიმაღლით 405 მეტრამდე. აშშ-ის სამფლობელო. მოსახლეობა — 159 358 ადამიანი[15] (2010 წელი). დედაქალაქი — ჰაგატნა, 1051 ადამიანი (2010). ოფიციალური_ენები — ჩამორო, ინგლისური ენა. აშშ-ის ხელისუფლებას კუნძულზე წარმოადგენს გუბერნატორი. რელიგია — კათოლიციზმი. ექსპორტი: ტანსაცმელი, სასმელები, თამბაქო, ელექტრონიკა. კუნძული აღმოაჩინა მაგელანმა 1521 წლის 6 მარტს. 1565 წლიდან — ესპანეთის კოლონიაა, 1898 წლიდან — აშშ-ის სამფლობელოა. მარტის პირველი ორშაბათი — გუამის დღეა, 21 მარტი — განთავისუფლების დღეა.

ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები — ორგანიზებული და შეუერთებელი სტატუსის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფლად ასოცირებული ტერიტორია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე მარიანას არქიპელაგზე. იგი შედგება თხუთმეტი კუნძულისაგან. ამ ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 463,63 კმ²-ს. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა შეადგენს 53 883 ადამიანს[16] (2010). მოსახლეობის 90 % ცხოვრობს კუნძულ საიპანზე. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აგრეთვე ცხოვრობს ორ კუნძულზე, ტინიანზე და როტაზე. დანარჩენი კუნძულები დაუსახლებელია. ადმინისტრაციული ცენტრია — საიპანი, 48 220 ადამიანი (2010). ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი მარიანას კუნძულების კუნძულ აგრიხანზე აღწევს 965 მეტრს. ოფიციალური ენაა — ინგლისური. რელიგია — კათოლიციზმი. აღმოჩენილია მაგელანის მიერ, XIX საუკუნის დამთავრებამდე. თავიდან ესპანეთის კოლონია იყო, 1899 წელს მიყიდეს გერმანიას, დღეისათვის — აშშ-ის სამფლობელოა. ექსპორტი: სახალხო მოხმარების საქონელი, კვების პროდუქტები.

უეიკი — დაუსახლებელი ატოლი, მდებარეობს წყნარი ოკეანის (ოკეანეთი) ჩრდილოეთ ნაწილში. ამერიკის შეერთებული შტატების არაორგანიზებული და შეუერთებელი ტერიტორია (ანუ, ფორმალურად არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მაგრამ მისი სამფლობელოა). ადმინისტრაციულად ექვემდებარება აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმართება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ. საერთო ფართობია — 7,4 კმ². ატოლის შემადგენლობაში შედიან თვითონ კუნძული უეიკი სიმაღლით ზღვის დონიდან 6 მეტრამდე, ასევე უფრო მომცრო კუნძულები უილკსი და პილი, რომელიც უეიკთან შეერთებულია ხიდით. ატოლი აღმოაჩინა 1568 წლის 20 ოქტომბერს ესპანელმა მოგზაურმა ალვარო მენდანია დე ნეირამ. ადგილობრივი მოსახლეობა აქ არ არსებობდა. არავითარ ფასეულობას ატოლი არ წარმოადგენდა და მის შესახებ ყველამ დაივიწყა. 1796 წელს ატოლი ხელახლა აღმოაჩინა ინგლისელმა კაპიტანმა უ. უეიკმა. მხოლოდ 1899 წყლის იანვარში მოხდა ატოლის ანექსია აშშ-ის მიერ, როგორც არავის ტერიტორია. აშენდა საკაბელო კავშირგაბმულობის სადგური. სამხედრო ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენაა ბრძოლა კუნძულ უეიკისათვის, რომელიც გაიმართა 1941 წლის დეკემბერში მეორე მსოფლიო ომის დროს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ატოლზე აშენდა ახალი ამერიკული ავიაბაზა. პერსონალის და ოჯახის წევრების რაოდენობა შეადგენდა 1600-მდე ადამიანს. 2006 წლის აგვისტოში მოხდა ბაზის ევაკუაცია განსაკუთრებით ძლიერი ტაიფუნის მოახლოების გამო. ტაიფუნის შემდეგ ატოლზე მუშაობს სამხედროების და სამოქალაქო პირების მცირე ჯგუფი (150 ადამიანი 2009 წელს). ატოლ უეიკზე პრეტენზიას აცხადებს მარშალის კუნძულები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. კუნძულზე ოფიციალური დედაქალაქი და ქალაქები არ არსებობენ. მთავრობის რეზიდენცია მდებარეობს მენენგის რაიონში, ხოლო სამთავრობო დაწესებულებები და პარლამენტი — იარენის რაიონში.
  2. 2006 წლის 7 ოქტომბრამდე ქვეყნის ოფიციალური დედაქალაქი იყო ქალაქი კორორი.
  3. მიკრონეზიაში მდებარეობს მხოლოდ გილბერტის კუნძულები და კუნძული ბანაბა, რომლებზეც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ფენიქსის კუნძულები და ლაინის კუნძულები მდებარეობს პოლინეზიაში.
  4. ზოგიერთ რუკებზე დედაქალაქად უფრო ხშირად მოიხსენება ბაირიკი, რომელიც სამხრეთ ტარავის ერთ-ერთი საქალაქო მუნიციპალიტეტია.
  5. ატოლზე პრეტენზიას აცხადებს მარშალის კუნძულები.
  6. მუდმივი მოსახლეობა კუნძულზე არ არსებობს: იქ იმყოფებიან მხოლოდ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები (1980 წელს — 302 ადამიანი), რომლებიც ემსახურებიან სამხედრო ბაზას.
  7. მოსახლეობის აღწერა (Economic Policy, Planning, and Statistics Office). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-14. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  8. მოსახლეობის აღწერა (geohive — 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-19. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  9. მოსახლეობის აღწერა (Statoids — 2011)
  10. მოსახლეობის აღწერა (Citypopulation-2010)
  11. მოსახლეობის აღწერა NATIONAL REPORT ON POPULATION AND HOUSING (census 2011)
  12. მოსახლეობის აღწერა (2005)
  13. პალაუს მოსახლეობა (Geohive-2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-06. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  14. მოსახლეობის აღწერა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 2015-05-03.
  15. გუამის მოსახლეობა (2010)
  16. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების მოსახლეობა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-05-03.