იარენი
იარენი (ინგლ. Yaren) — ნაურუს რაიონი და დე-ფაქტო დედაქალაქი. ფართობი — 1,50 კმ², 2005 წლის აღწერის მონაცემებით ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს 820 ადამიანი. იარენის ჩრდილოეთით მდებარეობს ბუადას, აღმოსავლეთით — მენენგის, ხოლო დასავლეთით — ბოეს რაიონები.
რაიონი | |
---|---|
იარენი ინგლ. Yaren | |
ქვეყანა | ნაურუ |
კოორდინატები | 0°32′52″ ს. გ. 166°55′15″ ა. გ. / 0.54778° ს. გ. 166.92083° ა. გ. |
მმართველი | Kieren Keke |
ფართობი | 1,50 კმ² |
მოსახლეობა | 820 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 546,67 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
სატელეფონო კოდი | 674 |
მდებარეობა და მახასიათებლები
რედაქტირებაიარენი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში 0°33′ ს. გ. 166°55′ ა. გ. / 0.550° ს. გ. 166.917° ა. გ., ვულკანური კონუსის მწვერვალზე წარმოშობილ მარჯნის ატოლზე.
კლიმატი ეკვატორული, ცხელი და ტენიანია. საშუალო თვიური ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 28 °C-ს. ატმოსფერული ნალექები წელიწადში შეადგენს დაახლოებით 2000 მმ-ს. არცთუ იშვიათია გვალვები, ზოგჯერ კი წელიწადში 4500 მმ-მდე ნალექი მოდის. ყველაზე ტენიანი სეზონი გრძელდება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, როდესაც ჭარბობს დასავლეთის მუსონები.
ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია ქოქოსის პალმით, პანდანუსით, ფიკუსით, დაფნით და სხვა ფოთლოვანი ხეებით. ასევე გავრცელებულია სხვადასხვა ბუჩქი. ნაურუს ცხოველთა სამყარო ღარიბია. ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობს მხოლოდ ვირთაგვა, ქვეწარმავლებიდან — ხვლიკი. ბევრია ფრინველი და მწერი.
ქალაქის განვითარების ისტორია
რედაქტირებაიარენის რაიონის ტერიტორიაზე პირველი ევროპული დასახლება გაჩნდა XIX საუკუნის 1830-იან წლებში. 1888 წელს იარენი შევიდა გერმანიის პროტექტორატის, მარშალის კუნძულების შემადგენლობაში, ხოლო 1914 წლიდან იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ერთობლივ მმართველობაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1942—1945 წლებში, რაიონი იაპონიის ჯარმა დაიკავა. 1968 წელს ნაურუმ მიიღო დამოუკიდებლობა, მაგრამ იარენი არ გამოცხადდა ქვეყნის ოფიციალურ დედაქალაქად. მენენგის რაიონთან ერთად, სადაც მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია, ის გახდა მხოლოდ ნაურუს ადმინისტრაციული ცენტრი.
ხელისუფლება და ადმინისტრაციული შენობები
რედაქტირებაამ ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი მნიშვნელოვანი ობიექტები:
- პარლამენტის შენობა
- ადმინისტრაციული ოფისები
- პოლიციის განყოფილება
- ნაურუს საერთაშორისო აეროპორტი და საჰაერო ტერმინალი
იარენი (და ზოგჯერ აივოც) ჩვეულებრივ მოიხსენიება, როგორც ნაურუს დედაქალაქი, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარია; რესპუბლიკას ამჟამად არ აქვს დედაქალაქი. იარენი დადგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, როგორც „მთავარი რაიონი“.
მოსახლეობა, ენა, რელიგია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მონაცემებით, იარენის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 747 ადამიანს[1]. რაიონის მოსახლეობას შორის ჭარბობენ ნაურუელები, მიკრონეზიელი ხალხის ჯგუფის წარმომადგენლები. მათი წილი ქალაქის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 90 %-ია. გარდა ამისა, იარენში ცხოვრობს ოკეანეთის სხვა კუნძულების მოსახლეობის დაახლოებით 5 %, ასევე — ჩინელების 3 %, დანარჩენი მოსახლეობა ევროპელია. ოფიციალური ენებია ნაურუული და ინგლისური. მორწმუნეებს შორის 60 %-ზე მეტი პროტესტანტია, დანარჩენი — კათოლიკე.
კულტურა
რედაქტირებაქალაქის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა იაპონური შეიარაღების ორი მუზეუმია და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მრავალრიცხოვანი ბუნკერები და კაპონირები. კუნძული ყველა მხრიდან გარშემორტყმულია ჩაძირული თვითმფრინავებითა და გემებით. ქალაქს აქვს საერთაშორისო აეროპორტი, ღირსშესანიშნაობათა რიცხვს აგრეთვე შეიძლება მივაკუთვნოთ პატარა მიწისქვეშა ტბა მოკუა-ველი.