პანდანუსი (Pandanus) — ერთლებნიან მცენარეთა გვარი პანდანუსისებრთა ოჯახისა. ხისებრი მცენარეებია. მათი დატოტვილი ღეროს სიმაღლე 10-15 (ზოგჯერ 25 მ) აღწევს. ღეროების ქვედა ნაწილიდან დამატებითი ფესვები გამოდის. მთავარი ღეროს ქვედა ნაწილი ზოგჯერ ხმება და მცენარე ამ ფესვებზე არის დაბჯენილი. პანდანუსის ფოთლის სიგრძეა 3-4 მ, ყვავილები შეკრებილია ტარო ან საგველასებრ ყვავილედებად. ნაყოფი კენკრასებრი ან კურკიანაა.

პანდანუსი
Pandanus tectorius
Pandanus tectorius
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  პანდანუსისებრნი
გვარი:  პანდანუსი
ლათინური სახელი
Pandanus

გვარი მოიცავს 600-მდე სახეობას, გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებში, უმეტესად ზღვებსა და მდინარეების ნაპირებზე, ტენიან ტყეებში. ზოგიერთი სახეობის ნაყოფი იჭმება, ფოთლების საწნავ მასალად იხმარება. ზოგი დეკორატიულია და მოჰყავთ ოთახსა და ორანჟერეაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 7, გვ. 661, თბ., 1984