საქართველოს წყალსაცავები
საქართველოს წყალსაცავები — საქართველოს ტერიტორიაზე არის 44 წყალსაცავი, რომელთა საერთო ფართობია 163 კმ², ხოლო მოცულობა 3,3 მლნ. მ³.[1] წყალსაცავების წყალი ძირითადად გამოყენებულია ჰიდროელექტროსადგურების ასამუშავვებლად და საირიგაციოდ. იყენებენ აგრეთვე თევზის მეურნეობის ობიექტებად. საქართველოს წყალსაცავები წარმოდგენილია კასკადების (გალი-ჯვარის, შაორი-ტყიბულის, სამგორის) ან წყალსატევების (წალკის, ჟინვალის) სახით. დასავლეთ საქართველოს კაშხლიანი წყალსაცავები მხოლოდ ენერგეტიკაში, ჰიდროელექტროსადგურებისთვის წყლის რესურსების დასაგროვებლადაა შექმნილი. მათ შორის უდიდესი — ჯვრის წყალსაცავი — სპეციალურად ენგურჰესისთვის აშენდა. წყალსაცავების დიდი ნაწილი მდინარის ხევებშია განლაგებული, ზოგი მეორეული მდინარეების შესართავებთან.[1]
ფართობით საქართველოში უდიდესია წალკის წყალსაცავი (33,7 კმ²), რომელიც გაშენებულია მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ქცია-ხრამი. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: — ხრამჰეს I, ხრამჰეს II. განვითარებულია თევზის რეწვა.[2]
დასავლეთ საქართველოში უმნიშვნელოვანესია ჯვრის წყალსაცავი, რომლის ზედაპირის ფართობია 13,5 კმ². წყლის მოცულობა 1100 მლნ. მ³. შეიქმნა მდინარე ენგურის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნებისათვის. წარმოადგენს საქართველოში ყველაზე ღრმა წყალსაცავს (226 მ). მიეკუთვნება გალი-ჯვრის წყალსაცავების კასკადს. მნიშვნელოვანია აგრეთვე რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე შაორის წყალსაცავი, რომელიც შექმნილია მიწაყრილის კაშხალით. წყლის მოცულობა 90,6 მლნ მ³.[3]
მდინარე ივრის შუა წელში გაშენებულია სიონის წყალსაცავი, რომელსაც უკავია სიონის ქვაბულის ფსკერი. წყლის საერთო მოცულობა 325,4 მლნ. მ³. სასარგებლო მოცულობა 290 მლნ. მ³. განკუთვნილია მდინარე ივრის ჩამონადენის მრავალწლიური რეგულირებისათვის. იყენებენ სარწყავად. სიონის ჰიდროკვანძი მცირე ჰესების კასკადის მოქმედებასაც განაპირობებს.[4]
ქალაქ თბილისთან აღსანიშნავია თბილისის წყალსაცავი, ანუ „თბილისის ზღვა“, რომლის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 45 მ. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით.[5]
საქართველოს მნიშვნელოვანი წყალსაცავებირედაქტირება
წყალსაცავების სია | მკვებავი მდინარე | ფართობი კმ² | მოცულობა მ³ (მლნ.) | სამრეწველო გამოყენება |
---|---|---|---|---|
წალკის წყალსაცავი | ქცია/ხრამი | 33,7 | 312 | ენერგეტიკა |
ჯვრის წყალსაცავი | ენგური | 13,5 | 1100 | ენერგეტიკა |
შაორის წყალსაცავი | შაორა | 13,2 | 71,0 | ენერგეტიკა |
სიონის წყალსაცავი | იორი | 12,8 | 325,4 | ენერგეტიკა |
ტყიბულის წყალსაცავი | ტყიბულა | 12,1 | 84 | ენერგეტიკა |
თბილისის წყალსაცავი | იორი | 11,6 | 308 | კომპლექსური |
ჟინვალის წყალსაცავი | არაგვი | 11,5 | 520 | კომპლექსური |
გალის წყალსაცავი | ერისწყალი | 8,2 | 145 | ენერგეტიკა |
ვარციხის წყალსაცავი | ყვირილა | 5,1 | 4,6 | ენერგეტიკა |
გუმათის წყალსაცავი | რიონი | 2,4 | 39 | ენერგეტიკა |
ალგეთის წყალსაცავი | ალგეთი | 2,3 | 65 | მელიორაცია |
ლაჯანურის წყალსაცავი | ლაჯანურა | 1,6 | 50 | ენერგეტიკა |
ნადარბაზევის ტბა | ლიახვი | 1,18 | 8,2 | მელიორაცია |
ზონკარის წყალსაცავი | პატარა ლიახვი | 1,4 | 40,0 | მელიორაცია |
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 საქართველოს წყალსაცავები. მონაცემები[მკვდარი ბმული]
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 289.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 685.
- ↑ გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 380.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 617.