საქართველოს სამოქალაქო ომი

საქართველოს სამოქალაქო ომი
თარიღი 21 დეკემბერი, 19916 ნოემბერი, 1993
მდებარეობა საქართველო
შედეგი კანონიერი ხელისუფლების დამხობა
მხარეები
საქართველოს დროშა გამსახურდიას მთავრობა
საქართველოს დროშა ეროვნული გვარდია
მხარს უჭერდა:
იჩქერია
საქართველოს დროშა სამხედრო საბჭო
საქართველოს დროშა სახელმწიფო საბჭო
საქართველოს დროშა დროებითი მთავრობა
მხედრიონი
საქართველოს დროშა ეროვნული გვარდია
მხარს უჭერდა:
დსთ-ის დროშა დსთ
მეთაურები
საქართველოს დროშა ზვიად გამსახურდია 
საქართველოს დროშა აკაკი ელიავა
საქართველოს დროშა ლოთი ქობალია
საქართველოს დროშა ვალტერ შურღაია
საქართველოს დროშა ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს დროშა ჯაბა იოსელიანი
საქართველოს დროშა თენგიზ სიგუა
საქართველოს დროშა თენგიზ კიტოვანი
რუსეთის დროშა ბორის ელცინი
რუსეთის დროშა ედუარდ ბალტინი
ძალები
~ 1000-3000 ადამიანი ~ 1000-3000 ადამიანი
დანაკარგები
2000-მდე დაღუპული[1]
საქართველოს სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

საქართველოს სამოქალაქო ომი — შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში 1991-1993 წლებში, მიმდინარეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიის მომხრეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. ომი დასრულდა სამხედრო გადატრიალებით, კანონიერი ხელისუფლების დამხობით და საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სიკვდილით. ომმა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა ქვეყანას და დედაქალაქ თბილისს.

წინაპირობები

რედაქტირება

1970-იანი წლებისთვის საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა რესპუბლიკების მსგავსად, გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს საბჭოთა კავშირისგან გამოყოფას. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელის, მიხეილ გორბაჩოვის მიერ საჯაროობის პოლიტიკის გამოცხადებასთან ერთად, ეროვნულმა მოძრაობამ მასობრივი სახე მიიღო. 1987 წლიდან ეროვნული მობილიზაცია გამოვლინდა საპროტესტო ტალღაში. უკვე 1988 წლის ნოემბერში, ეროვნულმა მოძრაობამ 200 ათასი ადამიანის მობილიზება მოახერხა დემონსტრაციებზე, რათა გაეპროტესტებინათ შემოთავაზებული კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც საბჭოთა კავშირის ხალხთა დეპუტატთა კონგრესს მისცემდა უფლებას, სსრკ-ს საკავშირო კანონი დაედგინა რესპუბლიკურ კანონებზე მაღლა. პარალელურად, ძლიერდებოდა სეპარატისტული ტენდენციები ეთნიკურ ავტონომიებში, 1988 წლის ივნისში 58 აფხაზმა კომუნისტმა გააგზავნა წერილი მეცხრამეტე პარტიულ კონფერენციაში მოსკოვში, სადაც მოითხოვდნენ აფხაზეთის განცალკევებას საქართველოს სსრ-სგან. 1989 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაცია მოეწყო აფხაზეთის სოფელ ლიხნში, სოხუმის მახლობლად, სადაც ხელი მოეწერა ლიხნის დეკლარაციას, რომლითაც ხელმომწერნი მოითხოვდნენ აფხაზეთი გამხდარიყო საქართველოსგან განცალკევებული საკავშირო რესპუბლიკა ან შეერთებოდა რუსეთის ფედერაციას. დეკლარაცია აფხაზურ გაზეთებში გამოქვეყნდა 1989 წლის 24 მარტს. საპასუხოდ, ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ მოაწყო მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი თბილისის ისტორიაში და დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიტინგებში გადაიზარდა. 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა დაარბია დამოუკიდებლობის მოთხოვნით დემონსტრაცია თბილისში, რა დროსაც დაიღუპა 19 ადამიანი, ხოლო ასობით დაიჭრა. ამ მოვლენის შედეგად საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ საბოლოოდ დაკარგა ლეგიტიმაცია და სახალხო მხარდაჭერა. 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად შეიცვალნენ კომუნისტური პარტიის ფუნქციონერები, პარტიის პირველ მდივნად დაინიშნა გივი გუმბარიძე. ახალი ხელმძღვანელობა დათმობებზე წავიდა: 9 აპრილს დაკავებული ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გიორგი ჭანტურია ციხიდან გათავისუფლდნენ. 1989 წლის აგვისტოში საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი ქართული ენის შესახებ. 1989 წლის ნოემბერში უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა, რომ არ აღიარებდა საბჭოთა კავშირის კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ ინტერესებს. ამის მიუხედავად, ეროვნული მოძრაობა უფრო ძლიერდებოდა და საბჭოთა ნომენკლატურის მიერ დაარსებული შოთა რუსთაველის საზოგადოებაც, რომელიც ასევე ეროვნული მოძრაობის დისკურსს იმეორებდა დამოუკიდებლობის მოთხოვნის გარდა, საბოლოო ჯამში ეროვნული მოძრაობის მონაწილე დისიდენტების კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

დაპირისპირება, რომელიც გახდა სამოქალაქო ომის წინაპირობა, დაიწყო ჯერ კიდევ ეროვნულ მოძრაობაში, 1990 წლის გაზაფხულზე. 1990 წლის 13 მარტს თბილისში გაიხსნა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა გაერთიანებული კონფერენცია. კონფერენციამ აირჩია მაკოორდინირებელი ორგანო - ეროვნული ფორუმი, რომელშიც შევიდნენ: საქართველოს ჰელსკინკის კავშირი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი. ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები ერთიანად გამოდიოდნენ 1990 წლის 25 მარტს დანიშნული საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინააღმდეგ. ბოიკოტის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ კომუნისტური პარტიის გარდა არჩევნებში სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ, მათ მხოლოდ იმის საშუალება ჰქონდათ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების მეშვეობით გაეყვანათ დეპუტატები.

კომუნისტური პარტია, ოპოზიციასთან გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, დათანხმდა არჩევნების ოქტომბრამდე გადატანაზე. 1990 წლის მარტში საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მოახდინა ყველა პოლიტიკური პარტიის ლეგალიზება და მათ მიანიჭა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 1990 წლის 9 მარტს მან 1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს დაკავებაც კი „ოკუპაციად“ გამოაცხადა.

თავდაპირველი ერთიანობის მიუხედავად, ეროვნული მოძრაობის პარტიებს შორის განხეთქილებამ თავი იჩინა ტაქტიკის თაობაზე. ეროვნული ფორუმის ახალგაზრდა წევრები გია ჭანტურიას ხელმძღვანელობით გამოდიოდნენ 28 ოქტომბრისთვის დანიშნული არჩევნების ბოიკოტის ინიციატივით და ითხოვდნენ ალტერნატიული ეროვნული ყრილობის ჩატარებას, რომელიც მოიწვევდა ეროვნულ კონგრესს და ჩამოაყალიბებდა პარალელურ მთავრობას დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ისინი ოფიციალურ არჩევნებში გამარჯვების გზით დამოუკიდებლობის მოპოვებას შეუძლებლად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ პირველ რიგში აუცილებელი იყო საბჭოთა არმიის გაყვანა საქართველოდან. ამისთვის უნდა არჩეულიყო ალტერნატიული ორგანო, ეროვნული კონგრესი, რომელიც იქნებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი ერთადერთი ორგანო და საბოლოოდ, მას უნდა დაესვა საქართველოს დეოკუპაციისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“. ეროვნული მოძრაობის ზომიერ ნაწილი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ემხრობოდა, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მაგალითის გათვალისწინებით მოუწოდებდა დამოუკიდებლობაზე მშვიდობიანი გადასვლისაკენ ოფიციალურ არჩევნებში გამარჯვებით და „გარდამავალი პერიოდით“ უკვე არსებული ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენებით. აპრილში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის გარე პერიმეტრზე მომხდარი სროლა ზვიად გამსახურდიას და ე.წ. შეურიგებლების (გიორგი ჭანტურია, ირაკლი წერეთელი) შეიარაღებულ მხარდამჭერებს შორის ქუჩებში გადავიდა. 7 მაისს ეროვნული ფორუმი დატოვა რამდენიმე პოლიტიკურმა გაერთიანებამ: საქარველოს ჰელსინკის კავშირმა, წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოებამ, მონარქისტულ-კონსერვატიულმა კავშირმა. ამ ორგანიზაციებმა შექმნეს პოლიტიკური ბლოკი - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.

„შეურიგებლებმა“ მაისში ჩაატარეს „ეროვნული ყრილობა“ და 30 სექტემბერს გამართეს ალტერნატიული არჩევნები, თუმცა მათი ტაქტიკა წარმატებული არ აღმოჩნდა. „მრგვალმა მაგიდამ - თავისუფალმა საქართველომ“ მიიღო მონაწილეობა 1990 წლის შემოდგომაზე დანიშნულ ოფიციალურ არჩევნებში, რომელშიც ბლოკმა გაიმარჯვა და მოიპოვა უმრავლესობა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს.

1991 წლის 28 თებერვალს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე 17 მარტისთვის დაგეგმილი საკავშირო რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უნდა ჩატარებულიყო. ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ საკავშირო რეფერენდუმის სანაცვლოდ 31 მარტს დანიშნა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე. რეფერენდუმზე დასმული იყო კითხვა: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“, რომელზეც მონაწილეთა 97 %-მა დადებითი პასუხი გასცა. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ხოლო 14 აპრილს ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია. 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო კანონი პრეზიდენტის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა ფრანგულ საპრეზიდენტო სისტემას და პრეზიდენტს ფართო ძალაუფლებას ანიჭებდა. უზენაესი საბჭოს თანხმობით (გაურკვეველია, დაშვებული იყო პარლამენტის ვეტო თუ არა) მას შეეძლო დაენიშნა და გაეთავისუფლებინა პრემიერ-მინისტრი, მისი კაბინეტი, სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები და წამყვანი დიპლომატები. პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ყოფილიყო კაბინეტის სხდომების თავმჯდომარე (ანუ განესაზღვრა დღის წესრიგი) და გაეუქმებინა მისი გადაწყვეტილებები. საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევა პარლამენტის ორ მესამედს შეეძლო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება ჰქონდა დაეთხოვა პარლამენტი და მოეწყო რეფერენდუმი. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი აკონტროლებდა შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო პირთა დანიშვნას. მას, პარლამენტის დაუყოვნებელი თანხმობის გარეშე, შეეძლო გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა და ამ პერიოდში გამოეცა დეკრეტები. პრეზიდენტის არჩევა დასაშვები იყო შეუზღუდავი ვადით, ხოლო მისი იმპიჩმენტისთვის პარლამენტს დეპუტატების ხმათა სამი მეოთხედი სჭირდებოდა.

ახლადარჩეულ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგა „ეროვნული კონგრესი“. კონგრესმა მოახერხა თავის მხარეს გადმოებირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით.

გასამხედროებული ჯგუფები

რედაქტირება

კონფლიქტური კერების სიმრავლის გამო, რაც გამოწვეული იყო მოსკოვიდან ძალისმიერ ინტერვენციის საფრთხითა (განსაკუთრებით 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ) და ეთნიკურ ავტონომიებში მზარდი დაპირისპირებით, იზრდებოდა ქვეყანაში მოქმედი გასამხედროებული ჯგუფების რაოდენობა. 1988-1991 წლებში მსგავსი ჯგუფები შედარებით მცირე ზომის იყვნენ და ასრულებდნენ შეიარაღებული დამცავი დანამატების როლს პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის. მათი შეიარაღების წყარო იყო პოლიციის სადგურები და ბლოკპოსტები (1991 წლის შუიდან - საქართველოში მდგარი საბჭოთა სამხედრო გარნიზონები, საიდანაც ხდებოდა იარაღის მოპარვა ან ყიდვა). გასამხედროებული ჯგუფები აქტიურად გამოჩნდნენ 1989 წლის 23 ნოემბერს ეროვნული მოძრაობის მიტინგისას, რომლის გამართვაც იგეგმებოდა ცხინვალში ქართველთა უფლებების დასაცავად სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების სეპარატისტული ტენდენციების წინააღმდეგ. მიტინგი არ იყო შეიარაღებული და საბჭოთა შინაგანმა ჯარებმა დაბლოკეს ის ცხინვალის მისასვლელებთან, თუმცა მოხდა შეტაკება და იყვნენ დაშავებულები. ქართულმა გასამხედროებულმა ორგანიზაციებმა, როგორიც იყო მერაბ კოსტავას საზოგადოება, დაიკავეს რამდენიმე ქართული სოფელი სამაჩაბლოში ქართველების დასაცავად.

ამ წლებში ჰქონდა ადგილი ორ მცდელობას, შექმნილიყო გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებიც ჩაფიქრებული იყო როგორც ეროვნული არმიები. პირველი იყო „საქართველოს მხედრიონი“. „მხედრიონს“ ჰქონდა შენაერთები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მას ჰქონდა კავშირები კრიმინალურ სამყაროსთან საბჭოთა კავშირში. ის შექმნა ჯაბა იოსელიანმა, კანონიერმა ქურდმა, რომელიც რამდენჯერმე იყო ნასამართლევი ლენინგრადში ბანკის ძარცვისა და მკვლელობისთვის, შემდგომ კი გახდა დრამატურგი. „მხედრიონმა“ 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მოუწოდა ყველას დაეცვათ ქართული მოსახლეობა საბჭოთა ჯარის თავდასხმებისგან, რასაც ბევრი მოხალისე გამოეხმაურა. მეორე იყო საქართველოს ეროვნული გვარდია, რომელიც შეიქმნა „ეროვნული თავდაცვის ჯგუფების“ გაერთიანებით, რომლებსაც ჯამში რამდენიმე ას კაცზე მეტი წევრი არ ჰყავდათ. ეროვნული გვარდია შეიქმნა 1989 წლის გვიანდელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში დაძაბულობის ფონზე. ის განხილული იყო როგორც პოტენციური ბაზისი მომავალი ეროვნული არმიისთვის.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „მრგვალი მაგიდის“ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო 1990 წლის 15 ნოემბერს ქართველების საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში გაწვევის უკანონოდ გამოცხადება. ამან მოამზადა საფუძველი პროტო-ჯარის შესაქმნელად. 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნულ გვარდიას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა. ეროვნული გვარდია არსებობის საწყის ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა. გვარდიის სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა თენგიზ კიტოვანი. შესაბამისი კანონმდებლობა ძალაში შევიდა 1991 წლის იანვრის მეორე ნახევარში და მან უფლებამოსილად გამოაცხადა გაწვევის ხარჯზე 12 ათას კაციანი სამხედრო ძალის შექმნა.

1991 წლის შუაში, ეროვნულ გვარდიას და „მხედრიონს“ თითოს ჰყავდა 10 ათასამდე მებრძოლი. „მხედრიონმა“ მხარდაჭერა გამოუცხადა ეროვნულ კონგრესს, რომლის პრეზიდიუმის წევრიც გახდა ჯაბა იოსელიანი.

1991 წლის თებერვალში ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში თან ახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. ოპერაციების დაწყების წინ, 1991 წლის 28 დეკემბერს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება „კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ“. დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ რადგანაც ოფიციალურად შეიქმნა საქართველოს ეროვნული გვარდია და მოქალაქეებს შეეძლოთ მასში გაწევრიანებით მოეხადათ ვალი სამშობლოს წინაშე, კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებები უნდა დაშლილიყო, მათ ეძლეოდათ ერთი თვის ვადა იარაღის ჩასაბარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის შემთხვევაშიც მათ მიმართ არ იქნებოდა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები. საპასუხოდ, „მხედრიონის“ ლიდერმა ჯაბა იოსელიანმა განაცხადა, რომ ისინი დაემორჩილებოდნენ „მხოლოდ ისეთ ორგანოს, რომელიც იქნება მთელი ქართველი ხალხის ნებისა და ინტერესების გამომხატველი [ეროვნულ კონგრესს]. პირადად ვინმეს, თუნდაც ზვიად გამსახურდიას ან სხვას, ჩვენ არ დავემორჩილებით“.[2] 16 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში ცეცხლი დაუშინეს პრეფექტურის შენობას და დაჭრეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მილიციამ ამ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა „მხედრიონის“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრი. 20 თებერვალს „მხედრიონის“ კახეთის სადროშოს წევრებმა გელა გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით სროლა აუტეხეს ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ საქართველოს შს სამინისტროს და საგარეჯოს შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, რაზეც მათ სროლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ როგორც მილიციის, ასევე „მხედრიონის“ წევრები. სხვაგან იარაღის ჩამორთმევის ოპერაციები შეიარაღებული შეტაკებების გარეშე განხორციელდა. მილიციამ „მხედრიონის“ წევრებს ჩამოართვა ავტომატები, კარაბინები, სხვადასხვა სისტემის რევოლვერები, პისტოლეტები, გადაჭრილი თოფები და სხვა იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, ასევე „მხედრიონის“ წევრების მიერ გატაცებული რამდენიმე მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა და ჯავშანტრანსპორტიორები. ოპერაციების მსვლელობის დროს დააკავეს ჯაბა იოსელიანი და „მხედრიონის“ სხვა ლიდერები.

პოლიტიკური კრიზისი

რედაქტირება

თბილისში კრიზისის სიმპტომებმა თავი ჯერ კიდევ 1991 წლის აგვისტოში იჩინეს. მოხდა განხეთქილება „მრგვალი მაგიდის“ შიგნით, კერძოდ, „მერაბ კოსტავას საზოგადოებასა“ და „მრგვალი მაგიდის“ სხვა წევრებს შორის, რაც 9 აგვისტოს უზენაესი საბჭოს სხდომაზე თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის თავმჯდომარეს, „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ მეთაურს, ვაჟა ადამიასა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შორის დაპირისპირებაში გამოიხატა. დაპირისპირების მიზეზი, გარკვეული შეფასებით, იყო ვაჟა ადამიას და თენგიზ კიტოვანს შორის კონკურენცია და პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ ამ უკანასკნელის მხარის დაჭერა.[3] 1991 წლის 18 აგვისტოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ხოშტარიამ დატოვეს თანამდებობები პრეზიდენტთან უთანხმოების გამო და ოპოზიციას შეუერთდნენ. საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში მოეწყო პუტჩი, რომლის დროსაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო ხუნტამ, საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა. მასში შედიოდნენ წითელი არმიის გენერლები, სუკ-ის და ცენტრალური კომიტეტის წევრები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის შეჩერება განიზრახეს. იმავე დღეს თბილისში ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ ვ. შურავლიოვი და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი. მათ გამსახურდიას ეროვნული გვარდიის დაშლა მოთხოვეს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის #1 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა „ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრ კავშირის კონსტიტუციას და კანონებს“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით დაიმუქრნენ. არსებობის საწყის ეტაპზე ეროვნული გვარდია არ იყო სათანადოდ მომზადებული და შეიარაღებული, ამიტომაც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მას ცხადია გაუჭირდებოდა კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს არც საერთაშორისო მხარდაჭერა გააჩნდა, რადგან მის დამოუკიდებლობას არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა. აღნიშნულ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა კომპრომისზე წასულიყო პუტჩისტებთან, თუმცა მას გვარდია არ დაუშლია: მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათში გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეროვნული გვარდია გახდა სპეციალური დანიშნულების მილიციის რაზმის (ომონის) ქვედანაყოფი, გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დაეკისრა.

ამ გადაწყვეტილებამ გვარდიის რიგებში განხეთქილება გამოიწვია. გვარდიის სარდალმა თენგიზ კიტოვანმა გამსახურდია პუტჩისტებთან გარიგებაში და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა, რადგან, მისი თქმით, გამსახურდიას გადაწყვეტილება იყო უკან დახევა და დამოუკიდებლობაზე უარის თქმა. გვარდიის ნაწილი მისი მეთაურობით 24 აგვისტოს რკონის ხეობაში დაბანაკდა და პრეზიდენტს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. საპასუხოდ გამსახურდიამ სუკ-ის ადგილობრივი განყოფილება გადააკეთა ეროვნული უშიშროების დეპარტამენტად, მოგვიანებით სექტემბერში კი - სამინისტროდ. სექტემბერში მან შექმნა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ძალოვანი ორგანოები და მასთან დაახლოებული მრჩევლები.[4] 26 აგვისტოს უზენაესი საბჭომ დაადასტურა უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს კომუნისტური პარტიის აკრძალვა მოსკოვის პუტჩის მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც მის 64 წარმომადგენელს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდა.

თბილისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო 2 სექტემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზებით რუსთაველის ძეგლთან გამართული მიტინგის დროს დემონსტრანტებსა და მილიციას შორის შეტაკების შედეგად, რომლის დროსაც ტყვიით დაიჭრა სამი ადამიანი. ამან გააძლიერა ოპოზიცია და გააღრმავა ხალხის იმედგაცრუება. „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ“ დაიწყო შიმშილობა „იმელის“ შენობასთან, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის გამზირზე. 11 სექტემბერს 27 პოლიტიკური პარტია, რომლებიც მანამდე ერთმანეთს ექიშპებოდნენ, გაერთიანდა გამსახურდიას გადაგომის მოთხოვნით. იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. სექტემბერში გამსახურდიამ შექმნა ეროვნული თავდაცვის საბჭო და განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭა მას. 1991 წლის შემოდგომაზე ის რეალურად მართავდა თბილისის ცენტრალურ უბნებს და რამდენიმე რაიონს ერთგული პრეფექტების მეშვეობით. მის წინააღმდეგ გაერთიანდა ქართული პოლიტიკური ოპოზიცია. გამსახურდიას ბლოკ „მრგვალ მაგიდას“ გამოეყო ჯგუფი „ქარტია - 91“. უზენაეს საბჭოში ოპოზიცია ითხოვდა საპრეზიდენტო სისტემის საპარლამენტოთი ჩანაცვლებას. პოლიტიკური დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ყველა რაუნდი ჩაიშალა. 16 სექტემბერს დააკავეს ედპ-ის ლიდერი გიორგი ჭანტურია მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე ბარიკადების აღმართვისთვის, რაც ედპ-ს წევრების თქმით ჭანტურიას არ გაუკეთებია. ის გადმოსვეს თვითმფრინავიდან, რომელიც მოსკოვში უნდა გაფრენილიყო. 17 სექტემბერს დააკავეს გოგა ხაინდრავა მასობრივი არეულობისკენ მოწოდებისთვის მასობრივ მედიაში (სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლით, რომელიც გამსახურდიას ინიციატივით დაემატა კოდექსს). მისი ცოლის თქმით, ხაინდრავა სავარაუდოდ დააკავეს 2 სექტემბრის მოვლენების გადაღებისთვის. ამას მოჰყვა სხვა დაპატიმრებები. 21 სექტემბერს მოხდა კიდევ ერთი სისხლიანი შეტაკება ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის.

სამხედრო გადატრიალება

რედაქტირება
 
გამსახურდიას მომხრე მებრძოლები.

პრეზიდენტის და ხელისუფლების თხოვნით მთავრობის სახლთან რეგიონებიდან თავი მოიყარა ათიათასობით ადამიანმა, 22 სექტემბერს ღამის 3 საათისათვის ისინი გაემართნენ რუსთაველის პროსპექტზე ოპოზიციის ბარიკადების ასაღებად. ბარიკადების დაშლის დროს შეჯახების შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული პირი. რუსთაველის გამზირი ბარიკადებისგან გაიწმინდა. 23 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა ეროვნული გვარდიის ის ნაწილი, რომელიც თენგიზ კიტოვანს ექვემდებარეობდა. გვარდიის ბატალიონის მეთაურის, გიორგი ჯორჯიაშვილის თქმით, მათი მიზანი იყო ოპოზიციის დაცვა და მათთვის საშუალების მიცემა თავისუფლად გამოეთქვათ აზრი. პრეზიდენტმა მოუწოდა შეიარაღებულ ოპოზიციას იარაღის დაყრისკენ და დაპირდა ხელშეუხებლობას. ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელმა ნაწილებმა წამოაყენეს მოთხოვნები: პრეზიდენტის გადადგომა, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმების შეწყვეტა, ინტელიგენციის წარმომადგენლებზე დაპატიმრების სანქციების გაუქმება, რაიონის მოსახლეობის დაბრუნება შინ.

24 სექტემბერს ეროვნული უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით თბილისში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. შეჩერდა უზენაესი საბჭოს მუშაობა. ქალაქის სამხედრო კომენდანტად პოლკოვნიკი ჯემალ ქუთათელაძე დაინიშნა, გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. გამსახურდიამ განაცხადა, რომ თბილისში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც სჩადიოდნენ მრავალ უკანონობას და ხელისუფლების დამხობას ისახავდნენ მიზნად. პრეზიდენტის თქმით, თუ მათთან კავშირში მყოფი პარლამენტის დეპუტატები არ გაემიჯნებოდნენ მათ, ის დაითხოვდა პარლამენტს და შემოიღებდა საპრეზიდენტო მმართველობას.

 
თბილისის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცი.

ოპოზიცია აკონტროლებდა თბილისის ელიტარულ უბნებს, ვერესა და ვაკეს. მისი შტაბ-ბინები იყო „იმელის“ შენობაში, ფილარმონიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსსა და ჭადრაკის სასახლეში. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი კიტოვანის მეთაურობით. სამთავრობო ძალები აკონტროლებდნენ რუსთაველის გამზირს და მთავრობის სასახლეს. გაჩაღდა ბრძოლები ტელესტუდიებზე კონტროლის მოსაპოვებლად. შეტაკებები ორ მხარეს შორის პერიოდულად ხდებოდა თბილისში ოქტომბრისა და ნოემბრის პერიოდში. 4 ოქტომბერს, სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკებების დროს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცენტრალურმა მთავრობამ მოახერხა დროებითი გამარჯვების მოპოვება, რის შემდეგაც კიტოვანი და მას დაქვემდებარებული ეროვნული გვარდიის ნაწილები განდევნილ იქნენ თბილისის გარეთ, სადაც ისინი იმყოფოდნენ დეკემბრამდე. 8 ოქტომბერს უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიის სხდომაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელშიც 4 ოქტომბრის მოვლენებს მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაცია. სხდომაზე გამოსვლისას გამსახურდიამ საქართველოს მმართველობის სისტემაზე მსჯელობისას განაცხადა, რომ ქართველი ერი ფრანგი ერის მსგავსად მისი ეროვნული ხასიათისა და ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე საჭიროებდა ძლიერ საპრეზიდენტო ხელისუფლებას, რათა მომხდარიყო ერის კონსოლიდაცია პრეზიდენტის გარშემო და იწინასწარმეტყველა, რომ მისი გადაგომის შემთხვევაში მოხდებოდა საქართველოს სახელმწიფოს სრული დეზინტეგრაცია, მის ადგილზე პარალელური მთავრობების და რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ტოტალური ანარქია, თბილისი გადავიდოდა შეიარაღებული ბანდების ხელში, დაიწყებოდა მოსახლეობის მასობრივი ძარცვა-რბევა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საქართველოს არსებობა. მან ასევე განაცხადა, რომ თუ საპარლამენტო ოპოზიცია არ ამოუდგებოდა მხარში წესრიგის დასამყარებლად, იძულებული გახდებოდა დაეთხოვა პარლამენტი და თვითონაც გადამდგარიყო.[5] 5 ნოემბერს უზენაესმა საბჭომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დროებით შეაჩერა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მოქმედება. წინასწარი პატიმრობის ვადა ბრალის წარუდგენლად სამიდან ცხრა თვემდე გაიზარდა. გია ჭანტურიას სასამართლო არაერთხელ გადაიდო, სხვა მიზეზებთან ერთად „არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის“ გამო.

სამოქალაქო ომში მონაწილე მამუკა არეშიძის მოგონებით, იარაღით მხარეებს რუსეთის შენაერთები საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით ამარაგებდნენ. კერძოდ, არეშიძის განცხადებით, როდესაც სასტუმრო „თბილისი“ იწვოდა, ის თვითმხილველი იყო, თენგიზ კიტოვანის პუტჩისტებთან ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა როგორ იცლებოდა „იმელის“ შენობასთან, რომლის დაცვაში იყვნენ რუსული სპეცდანიშნულების რაზმ „ღამურების“ წევრები, რაზეც მათი განმასხვავებელი ნიშანი მიუთითებდა:

 
„როცა სასტუმრო „თბილისი“ იწვოდა, კიტოვანის მომხრეები „იმელში“ იყვნენ გადასული. მეც იქ ვიყავი, იმიტომ, რომ იმხანად ოპოზიციაში ვიყავი. სამწუხაროდ, ჩართული ვიყავი იმ პროცესში. ჩართულობას იმიტომ კი არ ვნანობ, რომ პოლიტიკური გემოვნება შემეცვალა, არამედ იმიტომ, რომ ძმათა მკვლელი ომის მონაწილე ვიყავი. იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე, ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა როგორ იცლებოდა

„იმელის“ შენობასთან. იმ ავტომობილის დაცვაში იყვნენ რუსული სპეცდანიშნულების რაზმ

„ღამურების“ წევრები. ამას განმასხვავებელი ნიშნით მივხვდი, რომელიც ეკეთათ. ნახევარი მანქანა რომ ჩამოცალეს, ვკითხე, რატომ არ ცლით ბოლომდე-მეთქი, და მიპასუხეს, დანარჩენი იქითა მხარისთვის მიგვაქვსო. თუ არ ვცდები, ეს იყო 1992 წლის იანვრის დასაწყისი.“
(მამუკა არეშიძე, ინტერვიუ კვირის პალიტრასთან[6]. 29 აპრილი, 2024)

საგულისხმოა, რომ ღამურის ნიშანი არის რუსეთის შიარაღებული ძალების გენერალული შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (რუს. Главное управление Генерального штаба ВС РФ — ГРУ) ემბლემაა.

5 დეკემბერს რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის მიერ ე. წ. ბელოვეჟის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად დაიშალა საბჭოთა კავშირი. 1991 წლის ბოლოს საქართველო იყო ერთადერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა, რომელსაც არ ჰქონდა მიღებული დე-იურე აღიარება. ეს კიდევ უფრო ძაბავდა სიტუაციას. 19 დეკემბერს გაიმართა ოპოზიციის მიტინგი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო ხელისუფლების მომხრეებისა - მთავრობის სასახლესთან. ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ხელისუფლება მთავრობის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწიოდებდა თავის მომხრე ძალებს და ოპოზიციისგან მორჩილებას და განიარაღებას მოითხოვდა. ოპოზიციის მომხრეები მთავრობის სასახლისკენ გაემართნენ. ეროვნული თანხმობის ორმხრივი ლოზუნგების მიუხედავად, შეთანხმება მაინც არ მოხდა.

 
რუსთაველის გამზირი თბილისის ომის შემდეგ.
 
სასტუმრო „თბილისი“ ოპოზიციის მიერ პარლამენტის აღების შემდეგ. 1992 წლის იანვარი.

დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას 21 დეკემბერს მიაღწია. იმავე დღეს ალმა‑ათაში 15 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის (ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და საქართველოს გარდა) ლიდერებმა ხელი მოაწერეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ შეთანხმების ოქმს. გარკვეული ცნობებით, ზვიად გამსახურდიას მიეცა დრო 22 დეკემბრის 7 საათამდე რათა დაკონტაქტებოდა ბორის ელცინს და თანხმობა განეცხადებინა საქართველოს წევრობაზე დსთ-ში, თუმცა გამსახურდიამ უარი თქვა. პრეზიდენტის ბევრი მომხრე, რომელიც შემდგომ დღეებში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვიდან ინსცენირებულ პროცესებად თვლის, მიიჩნევს, რომ სწორედ ეს იყო კონფლიქტის მთავარი წყარო. ეს ვერსია ზვიად გამსახურდიამაც დაადასტურა. 22 დეკემბერს თბილისში შემოვიდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი თენგიზ კიტოვანის მეთაურობით და გაერთიანდა „მხედრიონთან“ გამსახურდიას წინააღმდეგ. მოხდა სისხლიანი შეტაკება სამთავრობო ძალებთან. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა. 27 დეკემბერს ციხიდან გაიქცნენ ჯაბა იოსელიანი და გიორგი ჭანტურია და აჯანყებულებს შეუერთდნენ. განადგურდა დედაქალაქის ცენტრის ნაწილი, დაიწვა ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები შენობები თბილისის კლასიკური გიმნაზია, სასტუმრო „თბილისი“, „ინტურისტი“ (მხატვრის სახლი) საცხოვრებელი სახლები. სერიოზულად დაზიანდა მთავრობის სასახლე, კავშირგაბმულობის სახლი.

ოპოზიციამ შეძლო პრეზიდენტის მომხრეთა ბლოკირება მთავრობის სასახლის ქვედა სართულში. მთავრობის ცდა ჩაეხშო ამბოხება მარცხით დამთავრდა. ძალაუფლება ხელში აიღო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ, რომელსაც თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და თენგიზ სიგუა ჩაუდგნენ სათავეში. 2 იანვარს სამხედრო საბჭომ ტელევიზიით გაავრცელა განცხადება, რომ დათხოვნილი იყო უზენაესი საბჭო, პრეზიდენტი, თბილისში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. 1992 წლის 5 იანვარს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ზვიად გამსახურდია თბილისს დატოვებდა. ომში დაიღუპა 107, დაიჭრა 527 ადამიანი. სამხედრო საბჭომ შექმნა დროებითი მთავრობა, რომლის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა დაინიშნა.

სამოქალაქო ომი

რედაქტირება

1992 წლის ზამთრის ბრძოლები დასავლეთ საქართველოში

რედაქტირება
 
მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა თბილისში, 3 იანვარი, 1992 წ.

1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვარში თბილისში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობამ ერთბაშად დაძაბა პოლიტიკური ვითარება მთელ საქართველოში და ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა. კონფრონტაციის ეპიცენტრმა დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოს (ძირითადად სამეგრელოს) რაიონებში გადაინაცვლა. სერიოზულად გამწვავდა ვითარება აფხაზეთში, სადაც დევნილ პრეზიდენტს მხარი დაუჭირა რეგიონის ქართული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. პუტჩის შემდეგ არ წყდებოდა მრავალათასიანი შეკრებები და საპროტესტო აქციები. გამსახურდიას შეიარაღებულმა მომხრეებმა დაიკავეს რამდენიმე ქალაქი დასავლეთ საქართველოში და აფერხებდნენ თბილისის მომარაგებას. ქარხნები, აეროპორტები და რკინიგზები დაიხურა გაფიცვების გამო. გამსახურდიას მომხრეების კონტროლქვეშ გადავიდა სოხუმის აეროპორტი. მათი საკოორდინაციო ცენტრი ქალაქი ზუგდიდი გახდა, სადაც გამსახურდიას მომხრეებმა ჩამოაყალიბეს „ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტი“. 1992 წლის 6 იანვარს, ღამით იზოლაციაში მოქცეული ზვიად გამსახურდია სამი ჯავშნოსანი ავტომობილით, ორი ავტობუსითა და რამდენიმე ავტომობილით თბილისიდან გავიდა. მათი გეგმები თავიდან ითვალისწინებდა დასავლეთ საქართველოში გადასვლას, თუმცა გზაზე პუტჩისტებთან შეტაკების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს საქართველოს დატოვება. 1992 წლის 6 იანვარს, დილის 9 საათზე, გამსახურდიამ და მასთან ერთად მიმავალმა კოლონამ გადაკვეთეს წითელი ხიდი და შევიდნენ აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში. გამსახურდია ხუთი საათის განმავლობაში მართავდა მოლაპარაკებებს მობილური ტელეფონით. აზერბაიჯანის პრეზიდენტ აიაზ მიუტალიბოვის განცხადებით, აზერბაიჯანი გამსახურდიას მიანიჭებდა უსაფრთხო გასასვლელს, თუმცა არა პოლიტიკურ თავშესაფარს. ამის შემდეგ კოლონამ ყაზახის რაიონიდან გადაკვეთა საზღვარი და შევიდა სომხეთში, რომელმაც წინა კვირას და შემდგომ კიდევ ერთხელ 5 იანვარს შესთავაზა გამსახურდიას თავშესაფარი თბილისში დაპირისპირების შესაჩერებლად. გამსახურდიამ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი სომხეთში. კოლონა გააჩერეს იჯევანში. სომხეთის სახელმწიფო პირებმა ერევანში გააკეთეს განცხადება, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ახალ რეჟიმთან თბილისში „პოზიციების კოორდინირებისთვის“. სომხეთის სახელმწიფო პირებმა განაცხადეს, რომ თბილისიდან შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, არ იყო გამორიცხული დროებითი თავშესაფარი მიენიჭებინათ გამსახურდიასთვის იჯევანში. ჯაბა იოსელიანმა განაცხადა, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო გამსახურდია, ისინი მოითხოვდნენ მის გადმოცემას, ხოლო ახალი გენერალური პროკურორის, ვახტანგ რაზმაძის ინფორმაციით, გამსახურდიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის „პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობის შეუსრულებლობისთვის, დაეცვა ყველა ქართველის სიცოცხლე“.[7] გამსახურდიას კოლონის იჯევანში შეჩერების საპასუხოდ, ზუგდიდში გამსახურდიას მომხრეებმა მძევლად აიყვანეს სომხების ავტობუსი და განაცხადეს, რომ გაცვლიდნენ მათ „სომხეთში იძულებით დაკავებული ზვიად გამსახურდიას სანაცვლოდ“. სომხეთის მთავრობამ გამსახურდიას მიანიჭა სომხეთზე გავლის უფლება, თუმცა არა პოლიტიკური თავშესაფარი.

სამხედრო საბჭომ ვერ მოახერხა თავისი ძალაუფლების კონსოლიდაცია დასავლეთ საქართველოში, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც გამსახურდიას მომხრეები აკონტროლებდნენ. 15 იანვარს გამსახურდია და მისი თანმხლები პირები გაემგზავრნენ ერევანში, საიდანაც ჩეჩნეთ-ინგუშეთის გავლით ჩაფრინდნენ სოხუმში, იქიდან კი 16 იანვარს ჩავიდნენ ზუგდიდში, სადაც გაიმართა გამსახურდიას მხარდასაჭერი დემონსტრაცია. გამსახურდიას ზუგდიდში ახლდა 4000-5000 შეიარაღებული მხარდამჭერი. დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ თენგიზ კიტოვანის გვარდიის ნაწილები და „მხედრიონი“ ჯაბა იოსელიანის თაოსნობით.

19 იანვარს სამხედრო საბჭოს ძალებმა შეუტიეს აბაშას და ფოთს. 20 იანვარს, ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტის წარმომადგენლის, რენე კალანდიას ცნობით, მათ მოიგერიეს სამხედრო საბჭოს შეტევა. დაშავდა რამდენიმე პირი და გამსახურდიას მომხრეებმა დაკარგეს ორი ჯავშანმანქანა.[8]

21 იანვარს მარტვილში გაიმართა ჯაბა იოსელიანისა და ზუგდიდის სამხედრო რწმუნებულის გია ყარყარაშვილის შეხვედრა უზენაესი საბჭოს დეპუტატთან ვალტერ შურღაიასთან და ზუგდიდის ყოფილ პრეფექტთან ა. ქობალიასთან. საუბრისას ჯაბა იოსელიანმა მხარეებს წაუყენა ულტიმატუმი, რომ 21 იანვრის ბოლომდე ზუგდიდში განლაგებულმა სამხედრო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაყარონ იარაღი და უზრუნველყონ ზუგდიდის უმსხვერპლოდ გათავისუფლება.[9]

27 იანვარს გაიმართა ბრძოლა ფოთის ჩრდილოეთით ხიდთან სამხედრო საბჭოს ძალებსა და გამსახურდიას მომხრეებს შორის, დაიღუპა 6 ადამიანი. ამის შემდეგ, 28 იანვარს სამხედრო საბჭოს ძალები ჯაბა იოსელიანის მეთაურობით ბრძოლის გარეშე შევიდნენ ფოთში.[10] სამხედრო საბჭოს ძალებმა იმავე დღეს აიღეს ზუგდიდი, რომლისთვისაც ბრძოლაში 7 ადამიანი დაიღუპა. გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგობის კერა რჩებოდა მხოლოდ სოხუმში. გამსახურდიას ერთ-ერთმა მომხრემ განაცხადა, რომ იარაღის უკმარისობის გამო ისინი დღისით ვერ ეომებოდნენ პუტჩისტებს, ამიტომ გადავიდოდნენ ღამით პარტიზანული ომის წარმოებაზე.[11]

გამსახურდიამ დატოვა საქართველო და გაემგზავრა ჩეჩნეთში, სადაც ის მიიღო ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა.

1992 წლის 4 თებერვალს, აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ეროვნული გვარდიის ნაწილები გიორგი ყარყარაშვილის მეთაურობით აფხაზეთში შევიდნენ. ოჩამჩირეში გაიმართა მოლაპარაკებები აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დელეგაციას, გამსახურდიას მომხრეების მიერ შექმნილ გაფიცვის კომიტეტსა და სამხედრო საბჭოს შენაერთის ხელმძღვანელობას შორის, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ შეკრებები შეწყდებოდა 5 თებერვლიდან და რკინიგზაზე ბლოკადა მოიხსნებოდა. 6 თებერვალს ეროვნული გვარდიის ნაწილები შევიდნენ სოხუმში, შემდეგ კი ჩავიდნენ მდინარე ფსოუმდე. 1992 წლის 15 თებერვალს ეროვნული გვარდიის ნაწილები აფხაზეთიდან გამოვიდნენ.

შევარდნაძის ჩამოსვლა

რედაქტირება

დედაქალაქში გამსახურდიას მომხრეებმა დაიკავეს თბილისის ცენტრალური სადგური და მართავდნენ მიტინგებსა და დემონსტრაციებს. 2 თებერვალს იარაღის გამოყენებით დაარბიეს გამსახურდიას მომხრეების მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა თბილისში. საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, მოკლული იქნა 23 და დაჭრილი 183 მშვიდობიანი დემონსტრანტი. გროზნოში ზვიად გამსახურდიამ დაგმო სამხედრო საბჭოს მიერ მიტინგის დარბევა. 11 თებერვალს მან განაცხადა: „სანამ არსებობს ხუნტა და მის მიერ შეკოწიწებული უკანონო მთავრობა, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა განაგრძონ აქტიური ბრძოლა ხუნტის წინააღმდეგ. მათი ნაწილი უნდა გადავიდეს იატაკქვეშეთში, ხოლო ნაწილმა უნდა იმოქმედოს ღია, ლეგალური მეთოდებით“.[12] სამხედრო საბჭოს გააჩნდა თავისი ძალაუფლების ლეგიტიმიზირების სერიოზული პრობლემა, ასევე რესურსების ნაკლებობა ამცირდებდა ეროვნული გვარდიის და მხედრიონის მდგრადობას - ამასთან ერთად, ის ნიადაგს ქმნიდა ახალი პოტენციური შეტაკებისთვის, ამჯერად გვარდიასა და მხედრიონს შორის. 1992 წლის მარტში პუტჩისტებმა ძალაუფლების ხელში ასაღებად მოიწვიეს ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს სსრ-ს ყოფილი ლიდერი (1972-1985) და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-1990), რომელიც თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა. შევარდნაძეს გააჩნდა ინტელიგენციის მხარდაჭერა. ზვიად გამსახურდია მიუთითებდა, რომ შევარდნაძე პუტჩისტებთან ჯერ კიდევ 1991 წლის სექტემბრიდან იყო კავშირში და სწორედ ის ხელმძღვანელობდა სამხედრო გადატრიალებას მოსკოვიდან. შევარდნაძის ჩამოსვლასთან ერთად სამხედრო საბჭომ ხელისუფლება გადააბარა სახელმწიფო საბჭოს, რომლის შემადგენლობაც გაცილებით ფართო იყო: მასში შედიოდნენ პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი იყო ედუარდ შევარდნაძე. სამხედრო ლიდერებს (კიტოვანსა და იოსელიანს) შორის მოქცეულმა ედუარდ შევარდნაძემ ფორმალური ლეგიტიმაციის შესაძენად დანიშნა საპარლამენტო არჩევნები 1992 წლის ოქტომბერში. მან სცადა დაეკავშირებინა გასამხედროებული ორგანიზაციები სახელმწიფოსთვის, ეროვნული გვარდია „ოფიციალურ ჯარად“ გამოაცხადა და 1992 წლის მაისში თენგიზ კიტოვანი თავდაცვის მინისტრად დანიშნა, ხოლო მხედრიონი - შინაგან ჯარებად. თეიმურაზ ხაჩიშვილი, იოსელიანის ერთ-ერთი ლეიტენანტი, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. დასავლეთ საქართველოზე კონტროლის შენარჩუნება დაევალა მხედრიონს, რომელიც სამეგრელოში დაკავდა მარადიორობით და გადაწვა რამდენიმე სოფელი.

1992 წლის 13 მარტს, გროზნოში შეიკრიბა გამსახურდიას დროს მოქმედი საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტაცია, რომლებმაც ჩაატარეს უზენაესი საბჭოს სესია და მიიღეს „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება 1991 წლის 22 დეკემბერს რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ“, რომლითაც თბილისში მოქმედი ხელისუფლება უკანონოდ და არალეგიტიმურად შეფასდა.

1992 წლის გაზაფხულის ბრძოლები დასავლეთ საქართველოში

რედაქტირება

1992 წლის 9 მარტს გამსახურდიას მომხრეებმა გააქტიურეს თავიანთი კამპანია დასავლეთ საქართველოში. ქალაქ ზუგდიდში ეროვნული გვარდიის ადგილობრივი ბატალიონი გადავიდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტის მხარეს, რომელიც გამსახურდიას მომხრეებმა ჩამოაყალიბეს. აჯანყებულები თავს დაესხნენ სამთავრობო ჯარის და მილიციის პოსტებს, მოკლეს 6 ჯარისკაცი. 30 მარტისთვის გამსახურდიას მომხრეების ხელში გადავიდა მთელი სამეგრელო. 1 აპრილს სახელმწიფო საბჭოს ძალები გადავიდნენ შეტევაზე და ორ დღეში აიღეს ზუგდიდი. მათ დაამყარეს კონტროლი სამეგრელოზე. 3 აპრილს მდინარე ენგურზე განლაგდნენ აფხაზეთის შინაგანი ჯარები. 5 აპრილს მათსა და სახელმწიფო საბჭოს ძალებს შორის მოხდა სროლა, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა. 7 აპრილს გაიმართა მოლაპარაკებები სოხუმში ქართულ დელეგაციასა და ვლადსილავ არძინბას შორის, რომლის დროსაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქართული სამხედრო ძალები არ შევიდოდნენ აფხაზეთში, ხოლო აფხაზეთის მთავრობა სატრანსპორტო კვანძების შეუფერხებელი მუშაობისა და გამსახურდიას მომხრეების შეკრებების არდაშვების გარანტიას გასცემდა.[13]

1992 წლის ზაფხულის მოვლენები

რედაქტირება

1992 წლის 24 ივნისს, განთიადისას, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის სოჭში გამგზავრებამდე დაგომისის შეთანხმების დასადებად, ზვიად გამსახურდიას 200-მა შეიარაღებულმა მომხრემ ვალტერ შურღაიას მეთაურობით დაიკავა საქართველოს ტელერადიო დეპარტამენტის შენობა და მოუწოდა მოსახლეობას საყოველთაო გამოსვლისაკენ საქართველოს დროებითი მთავრობის წინააღმდეგ. ისინი დამარცხდნენ ეროვნული გვარდიის ძალებთან ბრძოლაში, რომლის დროს დაიღუპა სამი ამბოხებული. 24 ივნისს თბილისში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ვლადისლავ არძინბას განკარგულებაში მყოფმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შინაგანი ჯარის პოლკმა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტი ძალით დაატოვებინა გივი ლომინაძეს, ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ფიგურას ქართულ ნომენკლატურაში, რომელიც უარს ამბობდა დამორჩილებოდა გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. ქართული მხარე ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ თვლიდა. ლომინაძის მაგივრად კაბინეტში შეიყვანეს აფხაზი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც მის მაგივრად დაინიშნა პოსტზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზური დეპუტაციის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქართველი კოლეგების ბოიკოტის ფონზე.[14] ვლადისლავ არძინბას მიერ გადადგულმა ნაგიჯმა უკიდურესად გაამწვავა ვითარება აფხაზეთში, განსაკუთრებით სოხუმში.

13 ივნისს იყო ჯაბა იოსელიანზე თავდასხმის და მოკვლის მცდელობა. სამეგრელოში „მხედრიონი“ სასტიკად ებრძოდა გამსახურდიას მომხრეებს, ძარცვავდა და ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას. მასშტაბური ბრძოლა გაიმართა 1992 წლის 6 ივლისს წალენჯიხის მახლობლად ეროვნული გვარდიის გამსახურდიას მომხრე ნაწილებსა და მხედრიონს შორის. გამსახურდიას დაახლოებით 300-მა მომხრემ მხედრიონის შენაერთი, მათ შორის ჯაბა იოსელიანი, ალყაში მოამწყვდიეს ინტერნატში, თუმცა მხედრიონმა გაარღვია ალყა ფოთიდან, ხობიდან და ქუთაისიდან დამხმარე შენაერთების, კიტოვანს დაქვემდებარებული ეროვნული გვარდიის ნაწილებისა და შინაგანი ჯარების ხელშეწყობით. საქართველოს მთავრობის მონაცემებით, დაიღუპა 12, ხოლო დაშავდა 60 ადამიანი. Associated Press-ს მონაცემით უშუალოდ კონტრშეტევისას დაიღუპა როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი და რამდენიმე დაშავდა. მეორე დღეს მხედრიონმა და ეროვნულმა გვარდიამ მიიტანეს შეტევა ზუგდიდზე და საგრძნობი ზიანი მიაყენეს გამსახურდიას მომხრე ძალებს.[15]

გამსახურდიას მომხრეები აწარმოებდნენ პარტიზანულ ბრძოლებს, რასაც თან ახლდა მთავრობის წევრების გატაცება და თავდასხმები რკინიგზაზე. მთავრობა ვერ უმკლავდებოდა დევნილი პრეზიდენტის მომხრე შეიარაღებული ჯგუფების ამ მოქმედებებს. 9 ივლისს თავს დაესხნენ საქართველოს დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე კავსაძის მანქანას და დაატყვევეს ის. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შელახა საქართველოს ახალი ხელისუფლების ავტორიტეტი. 2 აგვისტოს სახელმწიფო საბჭომ გამოაქვეყნა „შერიგების მანფესტი“ და ამნისტიით გაათავისუფლა 1992 წლის იანვრიდან ივნისამდე დაპატიმრებული ყველა ოპოზიციონერი, თუმცა ამან ვერ ჩააცხრო კონფლიქტი. სამეგრელოში გამსახურდიას მომხრეებს დაპატიმრებული და მძევლად აიყვანილი ჰყავდათ სახელმწიფო საბჭოს 12 წევრი, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი რომან გვენცაძე, მისი მოადგილე ზიბერტ ხაზალია და შევარდნაძის მრჩეველი უშიშროების საკითხებში დავით სალარიძე. 12 აგვისტოს შევარდნაძემ სამხედრო ნაწილები გააგზავნა თენგიზ კიტოვანის მეთაურობით სამეგრელოში მძევლების გასათავისუფლებლად და რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად.

სამეგრელოს რაიონებში შექმნილ ვითარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზეთში განვითარებული პროცესებისთვის. აფხაზეთში ამ დროისთვის ხელისუფლების კრიზისმა აპოგეას მიაღწია. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული აფხაზეთი“ (რომელიც ძირითადად ქართველი დეპუტატებისგან შედგებოდა) განაგრძობდა უმაღლესი საბჭოს სესიის სხომების ბოიკოტირებას. 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კვორუმის არარსებობის პირობებში მიიღო დადგენილება აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აფხაზი დეპუტატები ამ გადაწყვეტილების ახსნისას ეყრდნობოდნენ 1989-1990 წლებში საქართველოს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული სამართლებრივი დოკუმენტებით 1921 წლის 25 თებერვლიდან საქართველოში შექმნილი ყველა სახელმწიფოებრივი სტრუქტურის უკანონოდ ცნობასა და ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტების ბათილად გამოცხადებას, ასევე 1992 წლის თებერვალში დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებას აღედგინა 1921 წლის კონსტიტუცია, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული აფხაზეთის ასსრ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ აქტებით საქართველოს სსრ-მ, რომელთანაც სამართლებრივ კავშირში იყო აფხაზეთის ასსრ, არსებობდა შეწყვიტა და წარმოიქმნა ახალი სახელმწიფო - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელთანაც აფხაზეთის ასსრ-ს არანაირ ურთიერთობა არ ჰქონდა. თუმცა სამხედრო საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი იყო არა სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, არამედ დეკლარაცია, და მასში მითითებული იყო, რომ 1921 წლის კონსტიტუცია უნდა ამოქმედებულიყო „საქართველოს რესპუბლიკის დღეს არსებული საზღვრებისა და ეროვნული სახელმწიფოებრივი მოწყობის (აფხაზეთის და აჭარის დღევანდელი სტატუსის) შეუცვლელად“. ამავე დროს მათ აღადგინეს აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუცია. ამ აქტით აფხაზეთი ცხადდებოდა სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც ახორციელებდა სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე სხვა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად და რომელიც მიისწრაფოდა საქართველოსთან „მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის“ დამყარებას. აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა დამყარებული მხოლოდ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე. 25 ივლისს სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით ეს გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა. 28-30 ივლისს შეიკრიბა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „დემოკრატიული აფხაზეთის“ კონტრსესია, რომელმაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თვითდათხოვნა გამოაცხადა. ამ დროისთვის ვითარება აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული იყო, გადაიწურა მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევის ყველანაირი იმედი.

თენგიზ კიტოვანის მეთაურობით საქართველოს სამხედრო ნაწილების სამეგრელოში შესვლიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძევლები იყვნენ აღმოსავლეთ აფხაზეთის მეგრელებით დასახლებულ რაიონებში. 14 აგვისტოს დილით შედგა სატელეფონო საუბარი ვალდისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გადაადგილების თაობაზე. თბილისისა და სოხუმის შეთანხმებით აფხაზებს არ უნდა შეეშალათ ხელი ქართული სამხედრო ნაწილების სამძებრო ქმედებებისთვის, თუმცა რა ითქვა ზუსტად სატელეფონო საუბრისას სადავოა. 13-14 აგვისტოს მდინარე ენგურის სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს, სავარაუდოდ გამსახურდიას მხარდამჭერმა პარტიზანებმა (ვინ ააფეთქა ხიდი დღემდე სადავოა), რითაც ჩაიჭრა საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთი პირდაპირი რკინიგზის ხაზი. საფრთხე დაემუქრა საავტომობილო ხიდსაც.

14 აგვისტოს ქართული ჯარი აფხაზეთში შევიდა. მაშინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარის პირველი კოლონა მიუახლობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურხეისთან განლაგებულ „აფხაზური გვარდიის“ ბლოკ-პოსტს, ადგილი ჰქონდა სროლას. მეორე შეტაკება უკვე გულრიფშის რაიონში, აგუძერასთან მოხდა. ამის შემდეგ ქართული სამხედრო ნაწილები სოხუმისკენ დაიძრნენ. ვალადისლავ არძინბამ განაცხადა, რომ ხდებოდა „აფხაზური სახელმწიფოებრიობის ხელყოფა“ და აფხაზურ მოსახლებას „ქართველი ოკუპანტებისა და აგრესორების წინააღმდეგ სამამულო ომისაკენ“ მოუწოდა. დაიწყო აფხაზეთის ომი.

გამსახურდიას დაბრუნება და სიკვდილი

რედაქტირება

1993 წლის აგვისტოს ბოლოს ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მნიშვნელოვნად განიმტკიცეს პოზიციები. 28 აგვისტოს, დილაადრიან, გამსახურდიას მომხრე ეროვნული გვარდიის ნაწილებმა აიღეს ხობი, სენაკი და აბაშა. 31 აგვისტოს ზუგდიდში შეიკრიბა გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოქმედი უზენაესი საბჭოს 62 დეპუტატი. მათ განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ბრძოლის მექნიზმები. 2 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დევნილი მთავრობის მოქმედების განახლების შესახებ ბესარიონ გუგუშვილის მეთაურობით დასავლეთ საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებდნენ გამსახურდიას მომხრეები. 7 სექტემბერს გამსახურდიას 200-მა მომხრემ დაიკავა ქალაქი გალი.[16] 15 სექტემბერს გამსახურდიას მომხრე ძალები კვლავ შეტევაზე გადავიდნენ და შევიდნენ ლანჩხუთის რაიონში. 24 სექტემბერს საქართველოში ჩეჩნეთიდან დაბრუნდა ზვიად გამსახურდია (თვითმფრინავით ჩაფრინდა სენაკში, საიდანაც ჩავიდა ზუგდიდში). მისი მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები მოეწყო სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში. ზვიად გამსახურდია გაემგზავრა ოჩამჩირეში და გამოაცხადა გაერთიანებული ფრონტის შექმნის შესახებ აფხაზეთის დასაცავად, ის ამბობდა, რომ მისი მიზანი იყო შეეშალა ხელი შევარდნაძისთვის ჩაებარებინა აფხაზეთი. აფხაზეთის ომში ქართული ძალების დამარცხების შემდეგ, გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა დატოვეს აფხაზეთი.

აფხაზეთის ომის შემდგომ, გამსახურდიას მომხრეებმა გააქტიურეს მოქმედება ედუარდ შევარდნაძის და მისი მთავრობის დასამხობად. 2 ოქტომბერს გამსახურდიას მომხრეებმა წამოიწყეს შეტევა ფოთზე. შევარდნაძის მთავრობის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ სოსო მარგიშვილის ცნობით, იერიში დაიწყო დილა ადრე სარაკეტო შეტევებით. გამსახურდიას მომხრეებმა ტანკებით ქუჩებში ბრძოლებით გაიკვალეს გზა და ნაშუადღევს მთელი ქალაქი აიღეს. ბრძოლისას დაიღუპა სამთავრობო ჯარების 10 ჯარისკაცი, გამსახურდიას მომხრეების დანაკარგები უცნობია. გამსახურდიას მომხრეების ხელში გადავიდა დიდძალი შეიარაღება, რომელიც ევაკუირებული იყო აფხაზეთიდან.[17][18] ამის შემდეგ ისინი სამეგრელოდან დაიძრნენ და გვიან 2 ოქტომბერს ტანკებით და არტილერიით შევიდნენ ხონში. 3 ოქტომბერს მათ ხელში გადავიდა ვანი და ხონი. 4 ოქტომბრისთვის ისინი უკვე 9 ქალაქს და რაიონს აკონტროლებდნენ დასავლეთ საქართველოში.[19][20] 4 ოქტომბერს შევარდნაძის სამთავრობო ჯარებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დაიბრუნეს ხონი.[21] გამსახურდიამ მიმართა შევარდნაძეს გადადგომის მოთხოვნით, საპირისპირო შემთხვევაში კი განუცხადა, რომ „ნაწილ-ნაწილ“ დაკარგავდა კონტროლს ქვეყანაზე. სამთავრობო ჯარებმა გამსახურდიას მომხრეებს ფოთის დატოვებისკენ მოუწოდეს და ქალაქის აღებით დაემუქრნენ. 11 ოქტომბერს გამსახურდიას მომხრეებმა მოშალეს სატელევიზიო ანძრა ფოთში, რათა შეეჩერებინათ შევარდნაძის მთავრობის მაუწყებლობა, რომელიც, მათი თქმით, დეზინფორმაციას ავრცელებდა.[22] ფოთი წარმოადგენდა სტრატეგიული ქალაქს, სადაც მდებარებოდა პორტი. ფოთის აღების შემდეგ, შევარდნაძის მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა, რომლებისთვისაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო აჯანყების შეწყვეტა და ფოთის პორტზე ტვირთის შეუფერხებელი ბრუნვა. ედუარდ შევარდნაძემ მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამის შესახებ შევარდნაძემ განცხადება გააკეთა 8 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინთან, სომხეთის პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევთან შეხვედრისას. 17 ოქტომბერს გამთენიისას გამსახურდიას მომხრეებმა გადალახეს მდინარე ცხენისწყალი და ტანკებისა და არტილერიის დახმარებით აიღეს სამტრედია, მნიშვნელოვანი საგზაო და სარკინიგზო კვანძი თბილისსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. ის აკავშირებდა თბილისს ქალაქ ბათუმთან, რომელიც ერთადერთი შავიზღვისპირა პორტი იყო შევარდნაძის მთავრობის ხელში. სამთავრობო ჯარების წინააღმდეგობა მალე ჩამოიშალა და მათ უკან დაიხიეს, გამსახურდიას მომხრეებმა კი რამდენიმე საათში მიაღწიეს ქალაქის ცენტრს. ბრძოლაში დაიღუპა სამთავრობო ჯარების 40 ჯარისკაცი, გამსახურდიას მომხრეების დანაკარგები უცნობია. შევარდნაძე ქუთაისში გაფრინდა. გამსახურდიას მომხრეებმა ასევე აიღეს ხონი, რომელიც მანამდე დაატოვებინეს მათ სამთავრობო ჯარებმა.[23][24][25][26] სამტრედიაზე იერიშის მიტანამდე 12 საათით ადრე, გამსახურდიამ დასავლელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შევარდნაძის „უკანონო რეჟიმმა საშინელი ანარქია გამოიწვია მთელ ტერიტორიაზე“. მან თქვა, რომ ეს იყო არა სამოქალაქო ომი, არამედ ბრძოლა შევარდნაძის არალეგალური გასამხედროებულ ჯგუფებთან.[27] 18 ოქტომბერს შევარდნაძემ სთხოვა რუსეთს სამხედრო დახმარება. თუმცა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას შევარდნაძის მთავრობას, რადგან საქართველო ჯერ არ იყო დსთ-ს წევრი; მან დაამატა, რომ ამგვარი ქმედება შეიძლება აღქმულიყო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად. 19 ოქტომბერს თბილისში პარლამენტმა 219 კაცის შემადგენლობით მხარი დაუჭირა საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას.[28] ამის შემდეგ გრაჩევმა განაცხადა, რომ რადგანაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა დსთ-ს წევრობას, რუსეთი გააგზავნიდა ჯარს მთავარი სარკინიგზო ხაზების დასაცავად. 20 ოქტომბერს რუსეთის საჯარისო ნაწილები რკინიგზისკენ დაიძრნენ. მათი გადაადგილების ოფიციალურ მიზნად რკინიგზის დაცვა სახელდებოდა, ხოლო რუსეთი უარყოფდა სამოქალაქო ომში მონაწილეობას.[29] შევარდნაძის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო სომხეთისა და აზერბაიჯანისგან. ამ დროს გამსახურდიას მომხრეებს მიტანილი ჰქონდათ იერიში ქუთაისზე. გამსახურდიას მომხრეები ქუთაისს დაახლოებით 11 კილომეტრში მიუახლოვდნენ.[30] თეიმურაზ შაშიაშვილმა, ქუთაისის მერმა, განაცხადა, რომ ქუთაისიდან დაიძრნენ რუსეთის ტანკები და ბრონეტექნიკა რკინიგზაზე კონტროლის დასამყარებლად. საქართველოში ამ დროს 10 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა, რკინიგზის დაცვა 2 ათას ჯარისკაცს დაევალა. ქართველი დიპლომატების თქმით, სამთავრობო ჯარი იღებდა მძიმე შეიარაღებას რუსეთისგან გამსახურდიას მომხრეების წინსვლის შესაჩერებლად.[31][32] შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ლანჩავას ცნობით, ქუთაისში მდგარი 35-ე სამხედრო კორპუსისგან შევარდნაძის სამთავრობო ჯარებმა მიიღეს 5 T-72 ტანკი და 14 ჯავშანტრანსპორტიორი ქვემეხებით. ტანკებს მართავდნენ რუსები, უკრაინელები და ერთი სომეხი.

აჯანყების ბედი სწორედ ამ ფაქტმა გადაწყვიტა და ამის შემდეგ იგი მალევე დამარცხდა.[33] სამთავრობო ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ჯაბა იოსელიანის განცხადებით, 2 საათიანი შეტაკებისას ქუთაისის ჩრდილოეთში დაიღუპა გამსახურდიას მომხრე 25 ჯარისკაცი და ერთი მხედრიონელი. 20 ოქტომბერს სამთავრობო ჯარებმა შეაჩერეს გამსახურდიას მომხრეების იერიში წყალტუბოზე, სადაც წინსვლა მათ გზას უხსნიდა ქუთაისისკენ. წყალტუბოსთვის ბრძოლაში დაიღუპა 20 გამსახურდიას მომხრე, ხოლო 40 დაიჭრა. მათ დაკარგეს ორი ტანკი, საარტილერიო და ჯავშანმანქანა.[34] 20 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამთავრობო ჯარებმა აიღეს აიღეს ხონი და ლანჩხუთი. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ვალერიან გოგოლაშვილის ცნობით, სამთავრობო ჯარები წინ მიიწევდნენ ფოთისკენაც. საქართველოს უშიშროების წარმომადგენლის ვლადიმირ ჩიქოვანის ცნობით, 20 ოქტომბერს ბრძოლებისას 50 გამსახურდიას მომხრე და 10 სამთავრობო ჯარისკაცი დაიღუპა.[30][35] ედუარდ შევარდნაძეს წერილი გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და მხარდაჭერა გამოუცხადა მას, ასევე დაპატიჟა ის ვაშინგტონში.[36]

22 ოქტომბერს შევარდნაძემ ხელი მოაწერა საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას. იმავე დღეს შევარდნაძის სამთავრობო ჯარებმა იერიში მიიტანეს სამტრედიაზე. ქუჩის ბრძოლების შემდეგ, სამთავრობო ჯარებმა აიღეს ქალაქი, რომელიც გამსახურდიას მომხრეების ხელში სულ 5 დღის განმავლობაში იყო.[37] 22 ოქტომბერს გამსახურდიას 200 მომხრე და 5 ტანკი ოზურგეთში შევიდა და წინააღმდეგობის გარეშე აიღო ის. სამტერდიის აღების შემდეგ, სამთავრობო ჯარებმა დაახლოებით 5 კილომეტრით დასავლეთით წინ წაიწიეს მდინარეზე, რომელიც გახდა ფრონტის ხაზი ბრძოლაში თეიმურაზ შაშიაშვილის განცხადებით. სამთავრობო ჯარები დაიმუქრნენ შტურმით აეღოთ ქალაქი სენაკი, თუ გამსახურდიას მომხრეები არ დანებდებოდნენ.[38] 24 ოქტომბერს სამთავრობო ჯარებმა მიიტანეს იერიში მარტვილზე და აიღეს პირველი ქალაქი სამეგრელოში. ამით მათ გზა გაეხსნათ პოტენციური მეორე მარშრუტით სენაკისკენ, რომელიც გამსახურდიას მომხრეების მასშტაბურ სამხედრო ცენტრს წარმოადგენდა.[39] სამთავრობო ჯარებმა იმავე დღეს ასევე აიღეს აბაშა. 24 ოქტომბერს გამსახურდიას მომხრეებმა უკან დაიხიეს ოზურგეთიდან. 25 ოქტომბერს სამთავრობო ჯარებმა აიღეს ფოთი. შევარდნაძემ განაცხადა, რომ გამსახურდიას მომხრეებს ჰქონდათ ორი გზა: იარაღის დაყრა ან განადგურება.[40][41][42] ფოთში შემოვიდა შავი ზღვის ფლოტი, რომლის მფლობელობაც ამ დროს სადავო იყო - მასზე პრეტენზიას აცხადებდა როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი, 1993 წლის ივნისიდან კი რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკის ხელშეკრულებით საერთო რუსულ-უკრაინული ხელმძღვანელობის ქვეშ იყო. უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკის ოფიციალური თანხმობით, ფლოტი ფოთში შევიდა, რის შემდეგაც გამსახურდიას მომხრეებმა უკან დაიხიეს.

 
ბრძოლები სენაკში.

27 ოქტომბერს სამთავრობო ჯარებმა იერიში მიიტანეს სენაკზე ორი მხრიდან ტანკების დახმარებით. სამთავრობო ჯარებმა ასევე გამოიყენეს ავიაცია და დაბომბეს ქალაქი. მთელი დღე ბრძოლების შედეგად, სამთავრობო ჯარებმა აიღეს სენაკი. ბრძოლაში დაიღუპა 20 გამსახურდიას მომხრე და 5 სამთავრობო ჯარისკაცი.[43][44] ამის შემდეგ სამთავრობო ჯარებმა 27 ოქტომბერს აიღეს ხობი, უკანასკნელი დიდი ქალაქი ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე.[45] 27 ოქტომბერს შევარდნაძის მთავრობამ გამოსცა გამსახურდიასა და მისი მთავრობის მოწინავე პირების დაპატიმრების ორდერები.[28] 28 ოქტომბერს, მთავრობის განცხადებით, მათი ჯარები სოფელ ცაცხვს მიუახლოვდნენ.[46]

29 ოქტომბერს გამსახურდიას მომხრეებმა მოიგერიეს სამთავრობო ჯარების შეტევა და კონტრშეტევაზე გადავიდნენ. იმავე დღეს მათ დაიბრუნეს ქალაქი ხობი.[47] გვიან 29 ოქტომბერს გამსახურდიას მომხრეებმა „გრადის“ ტიპის და სხვა სახის საარტილერიო დანადგარიდან ცეცხლი მიიტანეს სენაკზე და უკან დაახევინეს სამთავრობო და რუს ჯარისკაცებს. 30 ოქტომბერს ადრიანად გამსახურდიას მომხრეებმა დაიბრუნეს სენაკი. სენაკიდან უკან დახევამ ჩაშალა სამთავრობო ჯარების გეგმა აეღოთ ზუგდიდი. ბრძოლაში დაიღუპა 20 სამთავრობო ჯარისკაცი.[48][49][50]

შევარდნაძის მთავრობამ გამსახურდიას მომხრეები აფხაზებთან და კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. 29 ოქტომბერს გვიან თბილისში მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ წინა დღით ათობით ავტობუსი შეიარაღებული მებრძოლებით აფხაზეთიდან ზუგდიდში ჩამოვიდა. თბილისში მთავრობა ამტკიცებდა, რომ გამსახურდიას მომხრეებს 800 მებრძოლი ეხმარებოდა აფხაზეთიდან და ჩეჩნეთიდან. როგორც აფხაზებმა, ასევე კონფედერაციის წარმომადგენლებმა ეს ბრალდებები უარყვეს.[49]

31 ოქტომბერს, სენაკის დაბრუნების შემდეგ, გამსახურდიამ მოუწოდა რუსეთს გაეყვანა თავისი ჯარი საქართველოდან და შეეწყვიტა შევარდნაძის მთავრობის მხარდაჭერა.

31 ოქტომბერს მოხდა პირველი შეტაკება რუს ჯარისკაცებსა და გამსახურდიას მომხრეებს შორის. რუსი გენერალ-მაიორი ბორის ძიუკანოვის ინფორმაციით, შეტაკება მოხდა ორ ადგილას და რუსებმა მოკლეს რამდენიმე გამსახურდიას მომხრე, თუმცა თვითონ არ ჰქონიათ დანაკარგები.[51][52]

1 ნოემბერს ადრიანად სამთავრობო ჯარებმა კვლავ აიღეს სენაკი.[53] 2 ნოემბერს, რუს ჯარისკაცებსა და გამსახურდიას მომხრეებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა.[54] 2 ნოემბერს გამსახურდიას მომხრეები და სამთავრობო ჯარები ერთმანეთს შეებრძოლენ ქალაქ ხობთან.[55] 3 ნოემბერს ბრძოლები კვლავ ხობთან მიმდინარეობდა, რა დროსაც ორივე მხარე ამტკიცებდა, რომ წინ მიიწევდა.

4 ნოემბერს, 9 რუსული სამხედრო გემი შემოვიდა ქართულ პორტებში, გეგმის თანახმად ამ ქალაქებში კიდევ უფრო მეტი რუსული სამხედრო პერსონალი უნდა განლაგებულიყო. იმავე დღეს, სამთავრობო ჯარებმა გაარღვიეს გამსახურდიას მომხრეების დამცავი ზღუდეები და ორი დღის შემდეგ, 6 ნოემბერს უბრძოლველად დაიკავეს ზუგდიდი, გამსახურდიას მომხრეების მთავარი საყრდენი პუნქტი, სადაც განლაგებული იყო დევნილი მთავრობის შტაბ-ბინა.

გამსახურდიამ თავი შეაფარა ჯერ აფხაზეთს, ხოლო შემდგომ სამეგრელოს ტყეებს.[54][56] სხვებმა ქვეყნიდან გაქცევით უშველეს თავს ან ჩაბარდნენ. სოსო ჟღენტის და აკაკი ელიავას მეთაურობით მყოფმა ჯგუფებმა დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ შევარდნაძის სამთავრობო ჯარებს. ზვიად გამსახურდიას მომხრე ძალების მეთაურმა ლოთი ქობალიამ უკრაინას შეაფარა თავი, თუმცა 1994 წელს იგი კიევში დააკავეს და მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა სოფელ ჯიხაშკარში. ზოგიერთი მისი მხარდამჭერი არ იჯერებდა ამ ცნობას 1994 წლის 15 თებერვალს მისი ცხედრის პოვნამდე. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვალს გროზნოში დაასაფლავეს.

მოვლენათა შემდგომი განვითარება

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად, სამოქალაქო ომმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს. რეტროსპექტულად დათვლილი მშპ-ს კლება 1990 წლიდან 1995 წლამდე შეფასებულია 70%-ის ფარგლებში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მშპ 1990 წლიდან 1995 წლამდე ყოველ წელს საშუალოდ 26,9%-ით მცირდებოდა. ეკონომიკის მცირე აღდგენა დაიწყო 1995 წელს, მას შემდეგ რაც შევარდნაძემ გაიმყარა ძალაუფლება, ხელი მოაწერა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლას და არჩევნების შედეგად გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. 1996-1998 წლებში მშპ იზრდებოდა საშუალოდ 11,2%-ით, თუმცა, 1999 წელს ზრდა შემცირდა მხოლოდ 3%-მდე და 2000 წელს 1,8%-მდე. სამოქალაქო ომის შემდგომ „აღურიცხველი აქტივობა“ ზოგიერთი გათვლებით მშპ-ს 80%-ს შეადგენდა. ოფიციალური ეკონომიკის თითქმის მთლიანი გაქრობა უკავშირდებოდა მძიმე მრეწველობის და ტურიზმის, ორი ძირითადი სექტორის თითქმის მთლიან გაქრობას.

პირველი ეროვნული ვალუტა შემოღებულ იქნა 1993 წლის გაზაფხულზე კუპონის სახით, თუმცა მან ყოველთვიური 100%-იანი ინფლაცია გაინაცა საშუალოდ წლის ბოლოსთვის. მეორე მცდელობა იყო ლარის შემოღების სახით 1995 წლის შემოდგომაზე, რაც უფრო წარმატებული იყო, ლარის სტაბილურობა თითქმის მთლიანად უცხოური სესხის ფუნქცია იყო. უცხოურმა სესხმა 1,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (2000 წლისთვის მშპ-ს 40%-ს). 1994 წლის შუაში საშუალო ყოველთვიური ხელფასი იყო 0,5 დოლარი.

1993 წლის ბოლოდან შევარდნაძემ დაიწყო თავისი ძალაუფლების კონსოლიდაცია. გასამხედროებული ორგანიზაციების რესურსების ამოწურვამ მას ხელი შეუწყო ამაში, ახალი ომების საფრთხის გაქრობასთან ერთად. რუსეთიდან დახმარებით, შევარდნაძემ დაიწყო უშიშროების ძალების შექმნა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ახალი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის წინაშე და მალე დაიწყეს უფრო მტკიცე ნაბიჯების გადადგა. 1994 წლის თებერვალში, დასუსტებული მხედრიონი ფორმალურად გარდაიქმნა მაშველთა კორპუსად. 1995 წლის მაისში ორგანიზაციამ მიიღო ბრძანება განიარაღებულიყო. 1995 წლის აგვისტოში მოეწყო ტერაქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ, რომელშიც დადანაშაულებულნი იყვნენ მხედრიონის ლიდერები და ისინი დაპატიმრებულ იქნენ, მათ შორის ჯაბა იოსელიანი. კიტოვანი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულ იქნა 1993 წლის 5 მაისს, აფხაზეთის ომის დროს. 1995 წლის იანვარ-თებერვალში კიტოვანმა 700 მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლით მოაწყო მარში აფხაზეთის დასაბრუნებლად, რომელიც სავარაუდოდ პროვოცირებული იყო უშიშროების ძალების მიერ. ეს მარში გამოცხადებულ იქნა ამბოხებად და კიტოვანი დააპატიმრეს უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნის ბრალდებით. ამგვარად, როგორც კიტოვანი, ასევე იოსელიანი ჩამოცილებულ იქნენ, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ შევარდნაძემ შეიწყალა ისინი და მისცა მათ საშუალება დაბრუნებოდნენ ცხოვრებას როგორც კერძო პირები. 1995 წლის შემოდგომაზე შევარდნაძემ ჩამოიცილა გიორგაძეც, რის შემდეგაც ძალაუფლების სტრუქტურის ცენტრში აღმოჩნდა, რამდენადაც სუსტი არ უნდა ყოფილიყო ის. შევარდნაძემ მოახერხა შეექმნა ისეთი პოლიტიკური ვითარება, სადაც ის უალტერნატივო ლიდერი იყო. ის ემყარებოდა კორუფციული და ნახევრად-კრიმინალური ქსელების სისტემას. საქართველო გაიბლანდა პოლიტიკური ლიდერების მცირე ლეგიტიმაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნდამენტური არაეფექტურობის მანკიერ წრეში, სადაც კორუფცია იყო მთავარი პრობლემა.

საქართველოს სამოქალაქო ომი საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე წარიმართა, როგორც სხვადასხვა მადესტაბილიზებელი ფაქტორის შედეგი. პოლიტიკური მეცნიერი და უსაფრთოხების საკითხებთან დაკავშირებით მკვლევარი პაველ ბაევის თქმით, ეკონომიკისთვის საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის დამანგრეველ ეფექტთან ერთად, მოსკოვში საბჭოთა ხელისუფლებასთან მკვეთრი კონფლიქტის გამო, საქართველოს მთავრობას ძალიან შეზღუდული რესურსები ჰქონდა ხელთ. 1980-იანი წლები საბჭოთა კავშირში, და განსაკუთრებით საქართველოში, „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ ზრდის პერიოდი იყო. 1980-იანი წლებიდან უფრო მეტი სიმდიდრე იყო წარმოებული „არაფორმალურად“ ვიდრე ოფიციალურ ანგარიშებში იყო აღრიცხული. ქართული მრეწველობა დაკავშირებული იყო რთული კოოპერატიული კავშირებით სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან, ხოლო ამ სისტემის დეზინტეგრაციის შედეგი იყო მძიმე მრეწველობის უეცარი გაქრობა. ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხილი და ბოსტნეული, ჩაი და თამბაქო, ღვინო და მინერალური წყლები აღმოჩნდნენ ღრმა კრიზისში, რადგან რუსულ ბაზრებზე ისინი ვეღარ კონკურირებდნენ დიდი სატრანსპორტო ხარჯების გამო. ბაევის თქმით, რესურსების ნაკლებობის გამო, ეკონომიკური დაღმასვლის მიზეზით ეროვნული გვარდიისთვის მხოლოდ მცირე სახელმწიფო სახსრების გამოყოფა მოხერხდა, რის გამოც გაწვევის ნაცვლად, ეროვნულ გვარდიას მოუწია დაყრდნობოდა მოხალისეებს, რომლებიც ხშირად საკუთარი იარაღით ირიცხებოდნენ და ამ იარაღზე იყვნენ დამოკიდებული შემოსავლის საშოვნელად. თენგიზ კიტოვანმა, რომელიც 1970-იან წლებში ნასამართლევი იყო შეიარაღებული თავდასხმისთვის და ციხეში დაუკავშირდა ეროვნული მოძრაობის მონაწილე დისიდენტებს, თვითონ მოიძია თანხები ეროვნული გვარდიისთვის, თუმცა ეს ხდებოდა „ჩრდილოვანი ბიზნესებიდან“, რომლებიც ეკონომიკის დიდ ნაწილს შეადგენდნენ და სახელმწიფოს მიერ აღრიცხვას არ ექვემდებარებოდნენ, სახსრების მოკრებვით. ამგვარად, ბაევის თქმით, ამან განსაზღვრა შეიარაღებული ძალების კრიმინალიზებული ხასიათი და მას ბევრი წევრი შეუერთდა ანგარებითი მოტივით. რესურსების სიმცირის გამო, გვარდია დამოკიდებული იყო „ჩრდილოვანი ეკონომიკიდან“ სახსრების გამოძალვაზე. როგორც ის, ასევე ჭარბი რაოდენობით არსებული სხვა გასამხედროებული ჯგუფები, მიდრეკილი იყვნენ კონფლიქტებისკენ, რომლებიც თანხების მოკრებვის და შემოსავლის წყარო ხდებოდა.[57] პაველ ბაევის შეფასებით, „მხედრიონისა“ და ეროვნული გვარდიის მოტივები სამხედრო გადატრიალების შედეგად პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისას ეკონომიკური იყო: მათ სურდათ ახალი შემოსავლის წყაროების გამონახვა. ერთმანეთს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მათ გაიყვეს კონტროლის სფეროები: „მხედრიონმა“ მონოპოლია მოიპოვა საწვავის დისტრიბუციაზე, ხოლო ეროვნულმა გვარდიამ იარაღით ვაჭრობაზე, თუმცა სტაბილური შემოსავლის წყარო ვერცერთმა გამონახა და ისინი კვლავ რჩებოდნენ კონფლიქტისკენ მიდრეკილებად, ასევე თავიანთი ლიდერების ერთგულებად.[58]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Baev, Pavel K. (2003). „Civil wars in Georgia: corruption breeds violence“, Potentials of Disorder: Explaining Conflict and Stability in the Caucasus and in the Former Yugoslavia. Manchester University Press, გვ. 132. ISBN 9780719062414. 
  2. შველიძე, დ., „პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992 წ.წ)“, თბილისი : უნივერსალი, 2008, გვ. 156-157
  3. შველიძე, დ., „პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში (1987-1992 წ.წ)“, თბილისი : უნივერსალი, 2008
  4. SSSRUSU, 1991, N9, გვ. 12
  5. საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები : ტომი II, (რედაქტორი მზია ხოსიტაშვილი), პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება, ირიდა, თბ., 2013, გვ. 319-329
  6. „ვიცი, ჩემი ნათქვამი გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეს ხალხმა, ამას პირველად ვამბობ“. კვირის პალიტრა (29 აპრილი 2024). დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.05.2024.
  7. „Georgia Rebels Oust President : Upheaval: Azerbaijan and Armenia refuse asylum to Gamsakhurdia. Tbilisi opposition proclaims authority in former Soviet republic and vows elections in April“. Los Angeles Times. 1992-01-07. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  8. „Gamsakhurdia Loyalists Continue Fight“ (ინგლისური). Los Angeles Times. 1992-01-20. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  9. „საქართველოს რესპუბლიკა“, №10, 22 იანვარი, 1992
  10. „Stronghold Falls in Another Blow to Gamsakhurdia“ (ინგლისური). Los Angeles Times. 1992-01-29. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  11. „Ex-President's Strongholds Seized in Georgia“ (ინგლისური). Washington Post. 1992-01-29. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  12. გაზ. „ქართული აზრი“, №6, გვ. 1, 26 თებერვალი, 1992 წ.
  13. Hewitt, B. G. (2013). Discordant Neighbors: A Reassessment of the Georgian-Abkhazian and Georgian-South Ossetian Conflicts. Leiden: Brill, გვ. 121. ISBN 9789004248939. OCLC 840887419. 
  14. პაპასქირი, ზ., „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“, ტ. II, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, 2007, გვ. 350
  15. Georgia: Violent events in Sukhumi and Tsalenjikha between April and August 1992; persons in charge of Georgian national security and law enforcement; roles of Colonels Kalandia and Maisuradze in Sukhumi and Tsalenjikha // Refworld.org
  16. „Ousted president's supporters capture another Georgian town“ (ინგლისური). United Press International. 1993-09-10. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  17. „Port seized in 2nd front in Georgia“ (ინგლისური). Washington Post. 1993-10-02. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  18. „Black Sea Port Falls to Rebels in a Disintegrating Georgia : Unrest: Thousands flee east as web of civil wars racks the former Soviet land. Shevardnadze’s losses mount“ (ინგლისური). Los Angeles Times. 1993-10-03. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  19. „Georgian Rebels seize 2 more towns“ (ინგლისური). Washington Post. 1993-10-03. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  20. „Georgia Rebels Advance Out of Ethnic Area Toward Capital“ (ინგლისური). Los Angeles Times. 1993-10-04. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  21. „Separatists Seize Most of Georgia's Abkhazia Region“. Stanford University (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  22. „Georgia Rebels Defy Order, Down TV Tower“ (ინგლისური). Desert News. 1993-10-11. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  23. „Georgia Rebels Defy Order, Down TV Tower“ (ინგლისური). Tampa Bay Times. 1993-10-18. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  24. „Georgia Rebels Defy Order, Down TV Tower“ (ინგლისური). Greensboro News and Record. 1993-10-18. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  25. „Shevardnadze Dealt a Major Blow as Georgian Rebels Seize Key Town“ (ინგლისური). Los Angeles Times. 1993-10-18. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  26. „Rebels close in on Shevardnadze“ (ინგლისური). The Independent. 1993-10-18. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  27. „Georgia Seeks Russian Military Aid“ (ინგლისური). Washington Post. 1993-10-19. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  28. 28.0 28.1 „Georgia: C.I.S. Membership Decreed; Other News“ (PDF). 1993-11-04. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  29. Human Rights Watch. VIOLATIONS OF THE LAWS OF WAR AND RUSSIA'S ROLE IN THE CONFLICT. p. 44
  30. 30.0 30.1 „Chicago Tribune from Chicago, Illinois • Page 44“ (ინგლისური). Chicago Tribune. 1993-10-21. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  31. „Georgia Leader Appeals for Russian Peacekeeping Force“ (ინგლისური). Los Angeles Times. 1993-10-19. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  32. „Georgia Seeks Russian Military Aid“ (ინგლისური). Washington Post. 1993-10-19. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  33. „Shevardnadze’s Comeback Credited to Russia“ (ინგლისური). Washington Post. 1993-10-27. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  34. „Government forces strike back in western Georgia“ (ინგლისური). United Press International. 1993-10-20. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  35. „Russia Sends Army to Protect Railway in Georgia : Civil war: The Caucasus nation’s forces beat back an assault by rebels on its second-largest city. Moscow says it will not intervene in the fighting“ (ინგლისური). Los Angeles Times. 1993-10-21. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  36. „Briefing on Current Situation in Georgia and Implications for U.S. Policy Commission on Security and Cooperation in Europe“. OoCities.org (ინგლისური). 1993-10-25. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  37. „Rebels ousted“ (ინგლისური). The Independent. 1993-10-22. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  38. „Georgians Say Rebels Have Left Two Towns“. The New York Times. 1993-10-24. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  39. „Georgian Soldiers Capture Key Town, Close in on Rebels“. Greensboro News and Record. 1993-10-24. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  40. „Georgia Troops Warn of Destruction for Rebels“. Greensboro News and Record. 1993-10-25. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  41. „Georgia Troops Retake Port City“. Washington Post. 1993-10-25. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  42. „Shevardnadze Demands Foes Surrender or Face Destruction“. Deseret News. 1993-10-25. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  43. „Troops in Georgia, Gaining, Attack Stronghold of Rebels“. The New York Times. 1993-10-27. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  44. „Georgia beats back rebels but makes mistake bombing on Russians“. United Press International. 1993-10-27. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  45. „Georgian Forces Retake 2 Towns Held by Rebels“. Los Angeles Times. 1993-10-28. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  46. „Rebels Fight to Turn Back Georgia Troops“. Deseret News. 1993-10-28. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  47. „Georgian Rebels Go On Offensive, Retake Town“. Tulsa World. 1993-10-29. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  48. „Rebels Retaje Rail Junction in W. Georgia“. Desert News. 1993-10-31. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  49. 49.0 49.1 „Rebels drive government troops out of west Georgian town“. United Press International. 1993-10-30. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  50. „Georgian Rebels Retake Rail Junction“. Washington Press. 1993-10-30. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  51. „Russian troops caught in crossfire in Georgia“. United Press International. 1993-11-02. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  52. „Russian Units Kill Georgian Rebels in Clash“. The New York Times. 1993-11-02. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  53. „Russian Troops Attacked in Georgia, Kill Rebels“. The Buffalo News. 1993-11-02. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  54. 54.0 54.1 Russian Troops to Land at Georgian Ports (1993-04-11). ციტირების თარიღი: 2023-02-10
  55. „Shevardnadze Encourages Countrymen to Fight Rebels“. Greensboro. 1993-11-02. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  56. „Rebels Retreating in Georgia“. Washington Press. 1993-11-08. ციტირების თარიღი: 2023-02-10.
  57. Baev, Pavel K. (2003). „Civil wars in Georgia: corruption breeds violence“, Potentials of Disorder: Explaining Conflict and Stability in the Caucasus and in the Former Yugoslavia. Manchester University Press, გვ. 128-132. ISBN 9780719062414. 
  58. Baev, Pavel K. (2003). „Civil wars in Georgia: corruption breeds violence“, Potentials of Disorder: Explaining Conflict and Stability in the Caucasus and in the Former Yugoslavia. Manchester University Press, გვ. 132-133. ISBN 9780719062414.