გუსტავ რადე

გერმანული წარმოშობის რუსი ბუნებისმეტყველი, მოგზაური, გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი

გუსტავ ივანეს ძე რადე (გერმ. Gustav Radde; რუს. Густав Иванович Радде; დ. 15 (27) ნოემბერი1831, დანციგი — გ. 3 (16) მარტი1903, თბილისი) — რუსი (წარმოშობით გერმანელი) ბუნებისმეტყველი, მოგზაური, გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

გუსტავ რადე
გერმ. Gustav Ferdinand Richard Johannes von Radde
დაბ. თარიღი 15 (27) ნოემბერი, 1831[1] [2]
დაბ. ადგილი გდანსკი[1]
გარდ. თარიღი 3 (16) მარტი, 1903[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[3]
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მკვლევარი, ორნითოლოგი, ბუნებისმეტყველი, ენტომოლოგი, ფარმაცევტი, ბოტანიკოსი, გეოგრაფი, zoological collector[4] და botanical collector[4]
მუშაობის ადგილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
ჯილდოები კონსტანტინეს მედალი და მფარველის მედალი[5]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ დანციგში, სკოლის მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა წმინდა პეტრე-პავლეს რეალური გიმნაზია. ბავშვობა პრუსიაში გაატარა. პროვიზორის თანაშემწედ მუშაობდა დანციგის ერთ-ერთ აფთიაქში და ოცნებობდა ფარმაცევტის სპეციალობაზე ჩაებარებინა გამოცდები ქალაქ ბერლინში. მას თავიდანვე იტაცებდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. დამოუკიდებლად შეისწავლა ბოტანიკა და ზოოლოგია. განსაკუთრებით მისი ყურადღება მიიპყრო რუსეთმა (ყირიმი) და ესპანეთმა.

1850-იან წლებში პროფესორების ა. მენგესა და კ. კუმის რეკომენდაციით გუსტავ რადეს ყურადღება მიაქცია დაცინგის საბუნებისმეტყველო საზოგადოებამ, რომელმაც შესთავაზა მას საბუნებისმეტყველო კოლექციების შეგროვების მიზნით სამხრეთ რუსეთში გამგზავრება.

1852 წლიდან ცხოვრობდა რუსეთში. მონაწილეობდა მრავალრიცხოვან ექსპედიციებში — აღმოსავლეთ ციმბრიში, ყირიმში, კავკასიაში და სხვ. აგრეთვე თურქეთსა და ირანში. ციმბირში ჩატარებული ექსპედიციის დროს მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა. მოგვიანებით სანქტ-პეტერბურგში დაინიშნა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის მუზეუმის კონსერვატორად. ორჯერ იყო მივლინებაში სამხრეთ რუსეთში: 1860 და 1862 წლებში.

კავკასიაში, მათ შორის საქართველოში ყოფნისას მოინახულა აჭარა, ხევსურეთი, თუშეთი და ფშავი; მდინარეების კოდორის, რიონის, ცხენისწყლისა და ენგურის ხეობები, კოლხეთის დაბლობი და აფხაზეთი, მყინვარწვერი, ნაჰარის უღელტეხილი და მწვერვალ იალბუზის ფერდობები ზღვის დონიდან 1865 მეტრამდე, არარატი; აგრეთვე თალიში (1866, 1870, 1879-1880 წლებში), მდინარე მტკვრის ზემო წელი, მათ შორის დასახლებული პუნქტები არტაანი და ყარსი, არაქსი, ერევანი, სევანის ტბა და სხვ.

1871 წლის 11-16 ივნისს ექსპედიციით იმყოფებოდა ნახიჩევანში[6].

გუსტავ რადე იყო კავკასიის მუზეუმისა და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. შეაგროვა დიდძალი ზოოლოგიური, ბოტანიკური, ეთნოგრაფიული ხასიათის კოლექციები. რადეს შრომების გარკვეული ნაწილი გეოგრაფიული, ნაწილი კი ეთნოგრაფიული ხასიათისაა. 1863 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, სადაც მისი მონაწილეობით 1867 წელს ხელმეორედ შეიქმნა კავკასიის მუზეუმი.

ავტორია მონოგრაფიისა კავკასიის ფრინველებზე: „Ornis Caucasica“ (1884); გარდა ამისა ეკუთვნის კავკასიის მცენარეული სამყაროს დაწვრილებითი აღწერა. აღსანიშნავია მისი გეოგრაფიული ცნობები თოვლის ხაზისა და ფირნის სიმაღლის, მორენების გავრცელების შესახებ.

გუსტავ რადე გარდაიცვალა 1903 წელს ქალაქ თბილისში. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გახდა თირკმლის კიბო. მისი სახელობისაა ფაუნისა და ფლორის მრავალი სახეობა, სოფელი რუსეთში. მინიჭებული ჰქონდა კონსტანტინეს მედალი, დედოფალ ვიქტორიის ოქროს მედალი. დემიდოვის პრემიის ლაურეატი.

თხზულებები

რედაქტირება
  • Предварительный отчет о снаряженной... экспедиции в Закаспийский край и Северный Хорассан в 1886 году, Тифлис. 1886 (совм. с др.);
  • Grundzüge der Pflanzenverbreitung in den Kaukasusländern..., Lpz., 1899 (Die Vegetation der Erde, hrsg. von A. Engler und O. Drude, Bd 3).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #116322055 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Радде Густав Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. 4.0 4.1 Bionomia — 2018.
  5. Royal Geographical Society Gold Medal RecipientsRoyal Geographical Society, 2022.
  6. Радде Г. И., Из путевых заметок Г. И. Радде, წგნ.: Известия Кавказского отдела ИРГО, т. 1, ст. 1-6, Тиф., 1872-1873г.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-07. ციტირების თარიღი: 2020-04-21.