თოვლის ხაზი, თოვლის მიჯნა — სიმაღლითი დონე, რომლის ზემოთ მყარი ატმოსფერული ნალექების დაგროვება ჭარბობს მათ მოდნობას ან აორთქლებას. განასხვავებენ კლიმატურ (ჭეშმარიტ) და სეზონურ (დროებით) თოვლის ხაზს.[1]

თოვლის ხაზი (ალპები)
თოვლის ხაზი, ჩო-ოიუი

დაბალი ტემპერატურებისას, მაგალითად, პოლუსების სიახლოვეს თოვლის ხაზი საკმაოდ დაბლა მდებარეობს; იქ, სადაც ტემპერატურა მაღალია, მაგალითად, ეკვატორზე, თოვლის ხაზი ძალიან მაღალია.[2]

ცივსა და ნოტიო მხარეებში თოვლის მიჯნა დაბლა ეშვება, ცხელსა და გვალვიანში კი მაღლა იწევს. მუდმივი თოვლნარის ქვედა საზღვარია ოროგრაფიული თოვლის ხაზი, რომელიც ზოგან ჭეშმარიტ თოვლის ხაზზე ბევრად დაბლაა.[1]

მყინვარის ზედაპირზე მდებარე ჭეშმარიტ თოვლის ხაზს, ფირნის ხაზს უწოდებენ. თოვლის ხაზის სიმაღლე დამოკიდებულია ტემპერატურულ რეჟიმზე, მყარი ატმოსფერული ნალექების რაოდენობაზე, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია გეოგრაფიულ განედსა და ოროგრაფიულ პირობებზე (მათ შორის ექსპოზიციაზე).[1]

ეკვატორულ განედებზე თოვლის ხაზის სიმაღლე 4600 მ, ტროპიკებში — 5000–6000 მ, ალპებში — 2200–3100 მ, კავკასიონზე — 3500–3700 მ შეადგენს. არქტიკაში იგი 500–200 მ-მდე ეშვება, ხოლო ანტარქტიდაზე ზღვის დონემდე.[3]

თოვლის ხაზის ყველაზე მაღალი სიმაღლეები გადის მშრალ ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში, მაშასადამე ტიბეტის მთიანეთსა და ანდებში, სადაც სიმაღლის ნიშნული 6,5 კმ-მდე ადის. თოვლის ხაზის შესწავლის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ალექსანდერ ჰუმბოლდტმა, ჰანს ალმანმა, სტანისლავ კალესნიკმა, მიხეილ ტრონოვმა და სხვა.[3]

დაახლოებითი დონეები

რედაქტირება
კავკასიონი 43°N 2,700–3,800 მ
ალპები (ჩრდილო კალთები) 48°N 2,500–2,800 მ
ცენტრალური ალპები 47°N 2,900–3,200 მ
ალპები (სამხრეთ კალთები) 46°N 2,700–2,800 მ
პირენეები 43°N 2,600–2,900 მ
ყარაყორუმი 36°N 5,400–5,800 მ
ჰიმალაი 28°N 6,000 მ
ანდები ბოლივიაში 18°S 6,000–6,500 მ
გრენლანდია 70°N 0100–500 მ
ანტარქტიდა 70°S 0000–400 მ

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тронов М, В., Вопросы горной гляциологии, М., 1954;
  • Тушинский Г. К., Ледники, снежники, лавины Советского Союза, М., 1963;
  • Гляциологический словарь / Под ред. В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 527 с
  1. 1.0 1.1 1.2 გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
  2. Snow line | Encyclopedia Britannica
  3. 3.0 3.1 Снеговая линия | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-30. ციტირების თარიღი: 2021-01-26.