ალექსი მესხიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსი მესხიშვილი (დ. XVII ს.-ის ბოლო XVIII ს.-ის დასაწყისი, თბილისი ― გ. 1766, იქვე) ― ქართველი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, დეკანოზი, ანჩისხატის დინასტიური კალიგრაფიული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მინიატიურისტი, კალიგრაფი.

ალექსი მესხიშვილი
დაბადების თარიღი XVIII ს.
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 1766
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა კალიგრაფი, მინიატიურისტი
ენა ქართული
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ჟანრი სასულიერო მწერლობა
შვილ(ებ)ი დავით მესხიშვილი, სოლომონ მესხიშვილი, გიორგი მესხიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამოღვაწეო ასპარეზზე მესხიშვილები XVI საუკუნის დასასრულს გამოჩნდნენ და ამ დროიდან მოყოლებული საქართველოსთვის მრავალმხრივ და საინტერესო მოღვაწეობას ეწეოდნენ. ისინი იყვნენ შესანიშნავი კალიგრაფები, ხელნაწერთა მომხატავნი, მთარგმნელები, ხელნაწერთა გამმართავნი, პოეტები და ამავე დროს მდიდარი და საინტერესო წიგნთსაცავის მფლობელნი. მესხიშვილთა გვარმა, ქართულ მწერლობას მისცა მთელი რიგი გამოჩენილ მოღვაწეთა, რომელთაც შექმნეს შესანიშნავი კალიგრაფიული სკოლა და ხელი შეუწყეს ჩვენი ლიტერატურის გამდიდრებას.[1]

ალექსი მესხიშვილი ანჩისხატის დეკანოზი იყო, სწორედ ისაა კალიგრაფთა დინასტიის ნამდვილი მეთაური. მის მიერ გადაწერილ წიგნებში არსებულ ანდერძ-მინაწერებში თავის თავს იგი ყოველთვის „მხატვრის ძეს“ უწოდებს, საიდანაც ვიგებთ, როგორც მისი მამის — გრიგოლ მესხიშვილის, ისე დედის — თამარის სახელებს: „იესო ტკბილო, უოხე სულსა ჩემსა ფრიად ცოდვილსა მწერალსა ამისსა მხატვრის ძესა ალექსის“; „...წერად ხელვყავ ტფილურთა მოქალაქე ქმნილის მხატვრის გრიგოლ მღუდლის, დეკანოზის ძემან... მღდელ-დეკანოზმან ალექსი...“; „ჴელოან მხატურის მღვდლის ძე...“ და სხვ.[2] „მეუფეო ისეო ქრისტე, შეიწყალე მამა ჩემი გრიგოლ მხატვარი და დედა ჩემი თამარი და მე მათი ძე, დიაკონი ალექსი, დავწერე მე წლისა იე.“[3] ბოლო ანდერძიდან ვიგებთ, რომ 15 წლის ალექსი, უკვე პროფესიონალი კალიგრაფი იყო. სამწუხაროდ წიგნის გადაწერის თარიღი არ არის მითითებული, რაც დაგვეხმარებოდა ალექსის დაბადების ზუსტი თარიღის დადგენაში; პ. კარბელაშვილის ცნობით, ალექსი „მიიცვალა 1766 წ. და დასაფლავდა ანჩისხატის ტაძრის დასავლეთის კარების წინ“.[4]

იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ მის შესახებ შემდეგია ნათქვამი: „ესე იყო მეცნიერი კაცი, მოძღვარი სულიერი ანტონი კათალიკოზისა, მწერალი ხუცურისა და მხედრულისა, რომელიცა ღირს ქებისა არს ნაწერებისაგან. ამან მრავალნი საღმრთო წერილნი და ისტორიანი გარდასწერნა. და ამან კეთილად აღზარდა შვილნი თვისნი გიორგი, სოლომონ და დავით, რომელთაც ასწავლნა სამეცნიერო წერილნი, საღმრთონი და მგალობლობაცა.“

კალიგრაფიული ღვაწლი

რედაქტირება

დეკანოზ ალექსი მესხიშვილის უდიდეს კალიგრაფიულ ღვაწლს, გამოეხმაურნენ და ნაშრომები მიუძღვნეს ჩვენმა თანამედროვე მეცნიერებმა: ვახტანგ ბერიძემ — „ძველი ქართველი ოსტატები“, მიხეილ ქავთარიამ — „დავითგარეჯის ლიტერატურული სკოლა“, ია გაჩეჩილაძემ — „ქართულ ხელნაწერთა ამაგდარნი“, ლილი ქუთათელაძემ — „სულხან-საბა ორბელიანის პორტრეტის შესახებ“; ასევე სხვა ნაშრომებშიც ვხვდებით მესხიშვილთა დინასტიის კალიგრაფიული სკოლის წარმომადგენელთა სახელებს, მიუხედავად გამოქვეყნებული ლიტერატურისა, ალექსი მსეხიშვილის ღვაწლი ჯერ კიდევ არ არის სრულად შესწავლილი. ხელოვნებათმცოდნე როსტომ კაჭახიძის მიერ, ალექსის გადაწერილი ხელნაწერების მხატვრული გაფორმების საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, ალექსის მამის, გრიგოლ მესხიშვილის დღემდე უცნობი მხატვრული ხელი.

 
ტიპიკონი A-399. ალექსი მესხიშვილის მიერ გადაწერილი ხელნაწერის ფრაგმენტი, 1756 წ. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ ალექსის მიერ გადაწერილ ოცდაათზე მეტ ხელნაწერს შორის, მრავლად ვხვდებით ტექსტის სტრიქონების სოლისებურ, ჯვრისებურ, რომბულ და სხვადასხვა ფორმის დაბოლოებებს, ტექსტის შემკობას სადა თავსამკაულებითა და მოხატული საზედაო ასოებით, დაწერილი სვეტების მწვანე და ოქროსფერ ჩარჩოებში მოთავსებას; ეს უკანასკნელი კი, გარდა მხატვრულ-დეკორაციული დატვირთვისა, პრაქტიკულსაც ითავსებდა, რადგან როგორც ცნობილია, დეკანოზი ალექსი შესანიშნავი მწიგნობარი და კალიგრაფი იყო, — მისი ნაწერი გვერდები გამოირჩევა მისსავე თანადროულ კალიგრაფ-ოსტატთა შორის, რაც უკვე თავისთავად საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამავე დროს გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იგი პირველ რიგში სასულიერო პირი იყო და კარგად იცოდა თუ რა დაბრკოლებები შეიძლებოდა შეექმნა ღვთისმსახურების დროს საკითხავ ლიტურგიკული ხასიათის კრებულებს. მის მიერ გადაწერილი წიგნების კითხვისას, მკითხველს თვალი არ ეღლება, ალექსი თითოეულ ასოს გამოსახავს „კალმის მძიმე დაჭირებით“, რაც ასოებს უფრო მკვეთრს და ადვილად ამოსაკითხს ხდის.[5]

თითქმის არცერთ ხელნაწერში (რომელთა შორის უმეტესი ლიტურგიკული ხასიათისაა: ჟამნი, ოთხთავი, თუენნი, ლოცვანი, ფსალმუნნი, დაუჯდომელი საგალობელნი და სხვ.), ხუცურსა თუ მხედრულში არ გვხვდება ასოთა გადაბმა, ორნამენტებით გადატვირთულ გაფორმება, ამ მხრივ იგი მეტად ზომიერი და წინდახედულია. ალექსი ფიქრობდა არა მარტო ტექსტის შინაარსზე, არამედ შემდგომში მის მკითხველზეც. ტექსტის ჩარჩოებში ჩასმა, ოქრომელნის ჩარჩოებზე გაყოლება, თავსამკაულები და სინგური დასაწყისი ასოები არამარტო წიგნისა და ტექსტის მხატვრული გაფორმების ელემენტებს წარმოადგენს, არამედ ფერთა გარკვეული გრადაციით ტექსტში სიცხადე შემოაქვს და თვალისთვის უფრო ადვილი ამოსაკითხი ხდება, ვიდრე მონოტონურად, ერთ ფერში შესრულებული სტრიქონები. ეს წიგნები კი ღვთისმსახურების დროს საათობით იკითხება, დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში სანთლის ნათების ქვეშ, ხოლო ტექსტში და ტექსტის გარშემო მსგავს მხატვრულ გაფორმებას შეუძლია აირეკლოს სანთლის შუქი და ტექსტი უფრო გაამკვეთროს და გაანათოს, მსგავს თვისებებს ავლენს სინგური ფერიც.

ალექსი მესხიშვილის მიერ გადაწერილი წიგნების სია

რედაქტირება
ფონდის № წიგნის სათაური[] გვერდები წიგნის ზომა თარიღი
H-2077 წმიდათა ცხოვრება 335 29.8X20.05 სმ 1736 წ. []
H-1114 სახარება მათესი და მარკოზის 93 5.5X4 სმ XVIII ს.
Q-264 სახარება ლუკასი 58 5.5X4.5 სმ XVIII ს.
S-2715 ოთხთავი III ფ.+406 გვ. 15X10.3 სმ XVIII ს.
H-1666 ოთხთავი 170 25X17.5 სმ 1743 წ. []
A-459 ტიპიკონი 441 21X15 სმ 1758-1760 წწ.
A-399 ტიპიკონი 537 21x16 სმ 1756 წ.
A-478 მცირე სჯულის კანონი 156 16X10 სმ 1761 წ.
A-344 სჯულის კანონი 01+70 გვ. 16.5X10.5 სმ XVIII ს.
H-1671 ხრონოგრაფი 321 30X20 სმ 1752 წ.
A-1093 თვენი 728 19.5X14.8 სმ 1758 წ.
Q-295 ჟამნი და ლოცვანი 405 15.3X10.3 სმ 1754-1763 წწ.
S-3630 ლოცვანი და დაუჯდომელი 129 9.5X6.7 სმ XVIII ს.
S-1096 ჟამნი 334 13.8X92 სმ XVIII ს. []
S-5004 ქილილა და დამანა II+268 გვ. 20X31 სმ 1747 წ.
S-4748 სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი 03+242 გვ. 22X16.5 სმ 1730 წ. []
S-3533 მეფე თეიმურაზ II-ის განზრახვანი და ვედრებანი 22X19.5 სმ XVIII ს.
Sd-786 გრაგნილი — სასახლის ნასყიდობის წიგნი[] 140 სმ 1751 წ.
  1. ყველა მათგანი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში
  2. მოხატული
  3. მოხატული
  4. მოხატული
  5. მოხატული
  6. მიცემული დავით ავალიშვილის მიერ, ნიკოლოზ ალავერდელისათვის

ალექსის მიერ მოხატული ოთხი ხელნაწერი

რედაქტირება

მხატვრული თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ზემოთ მოცემულ ცხრილში აღნიშნული ის ოთხი ხელნაწერი, რომლებიც მინიატიურებითაა შემკული და როგორც გადამწერად, ისე მომხატველად ალექსი მესხიშვილი მოიაზრება. მათ შორის ყველაზე ადრეულია ჟამნის S-1096 მოხატულობა, რომელიც ალექსის მხედრული ტექტით გადაუწერია 17 წლის ასაკში.

ჟამნი, S-1096 მოხატულობა

რედაქტირება

ჟამნის S-1096 ტექსტს ერთვის ორი ანდერძი: 1. „ღმერთო, შემიწყალე ცოდვილი კერძო დიაკვანი ალექსი“. 2. „ღმერთო, შემიწყალე ცოდვილი ალექსი, მხატვრის შვილი. მე, ალექსიმ დიაკონმან ჩვიდმეტის წლისამან დავჩხაბე ჟამნი ესე“. როგორც ვიცით ალექსი თავის გადაწერილ ოცდაათამდე ხელნაწერის ანდერძებში მამამისის სახელს — გრიგოლს ყველგან იხსენიებს მხატვრის ეპითეტთან ერთად, ხოლო ამ ხელნაწერში იგი გრიგოლს საერთოდ არ ახსენებს და მხოლოდ „მხატვრის შვილს“ ამბობს — ხომ არ არის ალექსი კონკრეტულად ამ ხელნაწერის მომხატველის შვილი? თუ გავითვალისწინებთ ალექსის ასაკსა და ამ დროისთვის მის მიერ გადაწერილ ხელნაწერთა რაოდენობას, აშკარაა, რომ იგი დამწყები კალიგრაფია; ხოლო ჟამნის S-1096-ის მხატვრობა საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული, ვიდრე ამას დამწყები კალიგრაფი და მით უმეტეს მხატვარი შეძლებდა.[6]

ია გაჩეჩილაძე თვლის, რომ ალექსი მესხიშვილი კალიგრაფიაში, მამას — გრიგოლს გაუწვრთნია.[7] წიგნში მრავლადაა მოხატული გვერდები, აქ ვხვდებით როგორც გრაფიკულ მხატვრობას — ზოდიაქოს ნიშნები, ისე ფერწერასაც — მინიატიურა, რასაც მთელ წიგნში მთლიანად — 32 გვერდი უჭირავს, აქედან 12 — გაფიკულად შესრულებული ზოდიაქოს ნიშნებია, ხოლო დანარჩენი 20 კი — უფლის ბრწყინვალე აღდგომას, 12 საუფლო დღესასწაულს, გარდამოხსნას, იესოს გამოცხადებას, მოციქულთა კრებას და ყოველთა წმიდათა კომპოზიციებს ეთმობა.

დახვეწილ-დახელოვნებული ტექნიკური სტილი, ფერთა შეხამება, ზოგ ადგილას ოქროს ფონი და წვრილ-წვრილი ოქროს ასისტები, ხასიათის სათანადოდ გადმოცემა, მინიატიურათა მცირე ზომების მიუხედავად ყველა ფიგურის მოძრაობაში მოყვანა, კომპოზიციური ინდივიდუალობა, მიგვითითებს არა დამწყები კალიგრაფის მხატვრული გაფორმებისკენ, არამედ უკვე კარგად დახელოვნებული მხატვრის ხელსა და პროფესიონალიზმზე; ზოდიაქოს ნიშნების მხატვრული მოდელირება საკმაოდ უცხო და ინდივიდუალურია, რადგან სტილიზირებულად ასე გადაწყვეტილი ზოდიაქოს გამოსახულებანი დღესდღეობით არსად არ გვხვდება.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე ჩნდება კითხვა: თუ ვინ შეიძლება იყოს დამწყები კალიგრაფის, ალექსი მესხიშვილის ხელნაწერის მომხატველი? ვინ, ვინ და რაღა თქმა უნდა სხვა ვინ იზრუნებდა 17 წლის კალიგრაფის ასე წახალისებაზე, თუ არა მისი მამა „ხელოანი მხატვარი“ გრიგოლ მესხიშვილი.

მეტად მნიშვნელოვანია თითქმის შეუმჩნეველი მინაწერი, იუდას ფეხებთან და მის ზურგს უკან „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციის მარჯვენა ქვედა კუთხეში. მინაწერის ნაწილი დაზიანებულია და შეუძლებელია მისი ამოკითხვა, მაგრამ გარკვევითაა შემორჩენილი „გ“-ში ჩაწერილი „ი“-ს ქარაგმა — რაც შესაძლებელია გამოითქვას, როგორც „გიორგი“ ისე „გრიგოლი“, „გ“ და „ი“ ქარაგმის გიორგად მოაზრება, ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა... არ იქნება აზრს მოკლებული ის ვარაუდიც, რომ ამ ქარაგმის წინ დაზიანებული სიტყვა „მხატვარი“ ან „მომხატველი“ უნდა იყოს.

მაშასადამე, 17 წლის ალექსის მიერ გადაწერილი ხელნაწერის — ჟამნის (S-1096) მხატვრობა მიეკუთვნება, ალექსის მამას გრიგოლ მესხიშვილს. აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ ალექსის მიერ გადაწერილი ყველა ხელნაწერის ანდერძ-მინაწერებში ნახსენები „ხელოვანი მხატვარი გრიგოლი“-ს მხატვრული ხელი და მიმდინარეობა დღემდე უცნობი იყო. აღმოჩნდა, რომ გრიგოლ მესხიშვილი შესანიშნავი მინიატიურისტი ყოფილა, თუმცა მისი კალიგრაფიული ხელი ჯერ კიდევ უცნობია.[8]

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, S-4748 მოხატულობა

რედაქტირება

ალექსის მიერ გადაწერილი რიგით მეორე ხელნაწერი, რომელიც მინიატიურითა და სათაური ასოებითაა შემკული, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონია,

 
სულხან-საბა ორბელიანის პორტრეტი, შესრულებული ალექსი მესხიშვილის მიერ, S-4748, 7v-8r, 1730 წ.

გადაწერილია 1730 წ. ფიქრი იმის შესახებ, რომ ალექსი შესაძლოა სულაც არ ყოფილიყო მინიატიურისტი და მის მიერ გადაწერილი ხელნაწერების მომხატველი სხვა ყოფილიყო, გამოირიცხება მისივე ანდერძით, რომელიც სულხან-საბას ლექსიკონს ერთვის: „დაიწერა ხელითა მხატვრის ძის ალექსისითა, მონისა ღვთისა ხელოვანისა, მწერალ-მწიგნობარ-მგალობელისა“, ეს არის ერთადერთი ხელნაწერი სადაც ალექსი თავის თავს ხელოვანსა და მხატვარს უწოდებს.

წიგნს დართული აქვს ავტორის — სულხან-საბა ორბელიანის მთლიანი გამოსახულება. საბას ამგვარი გამოსახულება ერთადერთია, დღემდე არსებულ პორტრეტთა შორის. ამ კუთხითაც ფრიად მნიშვნელოვანია ალექსის შემოქმედება, რადგან მან მომავალ თაობას შემოუნახა ისეთი გამოჩენილი მეცნიერის გამოსახულება, როგორიც სულხან-საბა ორბელიანია. ლექსიკონში წარმოდგენილი თითოეულ მხედრულ სათაურ ასოთა გაფორმება საკმაოდ საინტერესოა და უნდა აღინიშნოს, რომ ალექსის მიერ უბადლოდ შესრულებული საბას ლექსიკონის სათაური ასოები, გამხდარა მიბაძვისა და შთაგონების წყაროდ მესხიშვილთა კალიგრაფიული სკოლის წარმომადგენელთათვის; მაგ. მიხეილ მესხიშვილის 1784 წელს ორ ცალად გადაწერილ ლექსიკონში გამოყენებულია ალექსის მიერ შექმნილი სათაური ასოების მოტივები.[9]

წმიდათა ცხოვრება H-2077 მოხატულობა

რედაქტირება

ხელნაწერი 335 ქაღალდის ფურცლისგან შედგება და ორმოცდაათამდე ქართველი წმიდანის ცხოვრებას მოიცავს. ეს წიგნი ჰაგიოგრაფიული თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწარმოები ყოფილა, რის შესახებაც კორნელი კეკელიძე უფრო დაწვრილებით ამბობს: „ყველაზე უფრო საყურადღებოა ამ ხანაში კოდიფიკაციური მუშაობა ქართული ჰაგიოგრაფიის დარგში. ეს მუშაობა ვფიქრობთ შთაგონებული იყო ვახტანგ VI-ის საკოდიფიკაციო მუშაობით ... ქართლის ცხოვრების მიხედვით, იწყება ჩვენში შედგენა ქართული ჰაგიოგრაფიის კორპუსისა, ესეიგი ისეთი კრებულისა, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა ქართველ წმიდანთა „ცხოვრებანი“ და შევსება მისი იმ წმიდანთა თავგადასავლით, რომელთა ცხოვრება მანამდე არ დაწერილა. ამგვარი კრებული XVIII საუკუნემდე არ ყოფილა“.[10]

მხატვრულ-მინიატიურული გაფორმება, წიგნის შუაგულში 6 გვერდზე ერთადაა თავმოყრილი 226r-დან 231r ჩათვლით, თითოეული გვერდი ოთხ მოჩარჩოებადაა დაყოფილი და ოთხ-ოთხი წმიდანის გამოსახულება ამშვენებს, სულ — 24. 24-ვე წმიდანი ქაღალდის თეთრ ფონზეა გამოსახული და მწვანე ბალახით დაფარულ, პატარა ბორცვებზე დგანან. მათ რიგითობაში გარკვეული იერარქია იკითხება: პირველი სამი გვერდი 12 ასურელი მამის გამოსახულებას ეთმობა (226r-დან-228r-ჩათვლით), მეოთხე გვერდის (229r) მხატვრული თემატიკა ორად იყოფა, ზედა ნაწილი ისევ სასულიერო პირებს — წმიდა ილარიონ ქართველს და პეტრე ქართველს აქვთ დაკავებული, ხოლო ქვედა ნაწილი საერო პირებს — წმიდა მეფეებს არჩილს და ლუარსაბს; მეხუთე გვერდი (230r), წმიდა მოწამეებს — ელიზბარს, შალვას, ბიძინას და აბო თბილელს ეთმობა, წმიდა მოწამეთა გამოსახულებები მეექვსე გვერდის (231r) ზედა მორჩარჩოებამდე გრძელდება, სადაც წმიდა კონსტანტინე და წმიდა დავითია, ხოლო ქვემოთ დედოფალნი — წმიდა შუშანიკი და წმიდა ქეთევანია.

ეს მინიატიურები ქართული მართლმადიდებლური ტრადიციისთვის, სრულიად უცხოდაა მოხატული, ოცდაოთხივე წმიდანი ფრონტალურად არის წარმოდგენილი, თითოეული ნახატი ერთმანეთს ტყუპისცალივით ჰგავს, მხოლოდ სამოსის ფერებშია სხვაობები. ყოველ წმიდანს, ძალიან პირობითად, მისი იკონოგრაფიისათვის დამახასიათებელი სამოსი მოსავს და ატრიბუტი უპყრია ხელთ.

მხატვრულ-სტილისტური თვალსაზრისით მინიატიურები მკვეთრადაა რუსული ზეგავლენის ქვეშ მოქცეული. მეტად საინტერესოა, თუ რა გაგრძელება ჰპოვა ალექსის მიერ მოხატულმა მინიატიურებმა შემდეგ თაობებში. მაგალითისთვის, ალექსის მოხატულ „წმიდანთა ცხოვრებიდან“ პარალელის გავლება შეიძლება, მიხეილ საბინინის წიგნის — „საქართველოს სამოთხის“ ილუსტრაციებთან. აშკარაა, რომ საბინინი, აბსოლუტურად ევროპული გავლენის მქონე გამოსახულებების შექმნისას, დეტალებისთვის — ამ და სხვა მსგავსი ხელნაწერებით ხელმძღვანელობდა.

დასტურად იმისა, რომ „საქართველოს სამოთხის“ ავტორს ხელთ ჰქონდა ალექსი მესხიშვილის ეს ხელნაწერი H-2077, ამავე ხელნაწერზე არსებული მინაწერები გამოდგება: „წარვიკითხე მე ცოდვილმან გობრონ მ. საბინინმან, აქ მოსკოვს ჩემს ექსორიობას...“[11]

საბინინის „საქართველოს სამოთხის“ ილუსტრაციები კი, რომლის მეტი წილი ალექსის „წმიდანთა ცხოვრების“ მაგალითზეა შექმნილი, გამოუყენებიათ თბილისში, მთაწმიდაზე „მამა დავითის“ ტაძრის მოხატულობისათვის, მოხატულობა კი იმეორებს „საქართველოს სამოთხის“ ილუსტრაციის — სქემატურ და მხატვრულ თანმიმდევრობას; რაც იმას ნიშნავს, რომ ალექსი მესხიშვილის შემოქმედებამ მხატვრული თვალსაზრისითაც, შემდგომ თაობებშიც ჰპოვა გაგრძელება.

ოთხთავი H-1666, მოხატულობა

რედაქტირება

ოთხთავი H-1666, ალექსის მიერ გადაწერილ ხელნაწერთა შორის, ყველაზე ძვირფასი და მდიდრულად მორთულად არის მიჩნეული. ტექსტი 170 მაღალ დონეზე დამუშავებულ ეტრატის ფურცელზეა განაწილებული. ოთხივე სახარების ტექსტს წინ უძღვის მახარებელთა: მათეს (4v), მარკოზის (41v), ლუკას (68v) და იოანეს (119v) გამოსახულებანი, ხოლო უშუალოდ ტექსტების დასაწყისს კი ხასხასა ფერებით გადატვირთული მძიმე თავსამკაული გუმბათებივით ადგას.

ოთხთავის (H-1666) მხატვრული გაფორმების შეხედვისთანავე თვალს ჯერ მკვეთრი ფერადოვნება ხვდება და შემდეგ მხატვრულ-ტექნიკური მოდელირების ეფექტები იწევს წინ. კარგად დამუშავებული ეტრატი, ფერთა სიმკვეთრე, შუქ-ჩრდილები, შესამოსლების ტალღოვანი დრაპირება, მოძრაობა და თავსამკაულებს დათმობილი გვერდის დიდი ნაწილი, მთლიანობაში, თითქოს ხავერდოვანი მატერიის შთაბეჭდილებას ქმნის, რასაც კიდევ უფრო ამკვეთრებს ეტრატზე მოხვედრილი შუქის მონაცვლეობა.

ოთხთავში გამოსახულ მახარებელთაგან, სამი — მათე, მარკოზი და ლუკა გარკვეული ინტერიერის, ხოლო იოანე პეიზაჟის ფონზეა წარმოდგენილი. ოთხივე მახარებელი, თავიანთ ბიბლიურ სიმბოლოებთან ერთად არიან გამოსახულნი: მათე — ანგელოზთან, მარკოზი — ლომთან, ლუკა — ხართან და იოანე — არწივთან ერთად. ასევე მახარებელთა მინიატიურების მოჩარჩოების ქვედა ნაწილში გვხვდება კალიგრაფიულ-ჩახვეული ასომთავრულით შესრულებული წარწერა — „შემამკობელი ამისა ყოვლადსანატრელი პატრიარქი ნიკოლოზ მრავალჟამიერ ყოსა უფალმან“.

სტილისტურად ასე გადაწყვეტილი ნახატები, ევროპული ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მხატვრისკენ მიგვითითებს, რომელიც მხატვრულ შემოქმედებაში მრავლად იყენებს დასავლეთევროპული ხელოვნების ელემენტებს, რასაც მოწმობს ბაროკულ-კლასიკური არქიტექტორული ფონი, რომელზეც მახარებელნი არიან გამოსახულნი; ასეთი სტილი საქართველოში ზოგადად ამ ეპოქას ახასიათებს, გამოსახულებებში შემოდის სივრცე და პერსპექტივა, კონკრეტულ ინტერიერში ჩასმული რეალისტური ფორმები, მოძრაობა, შუქ-ჩრდილების მრავალფეროვნება და სხვ. აქ წარმოდგენილ მახარებელთა გამოსახულებებიც ასეა მოდელირებული და თითქოს ლამაზად ნახატი სურათის შთაბეჭდილებას და გარკვეულ ავანგარდს ქმნის.

ყურადღებას მახარებელთა შარავანდების უცნაური მოდელირებაც იქცევს, წმიდა მათე, მარკოზი და ლუკა მახარებლები ორ-ორი შარავანდით არის გამოსახული, წრიულ შარავანდებს ზემოდან, მეორე უფრო მცირე ზომის და ოვალური ფორმის შარავანდები გვირგვინებივით ადგას, ხოლო წმიდა იოანე მახარებელი ჩვეულებრივ „უგვირგვინო“ შარავანდითაა გამოსახული; როგორც მახარებელთა ცხოვრებიდან ვიგებთ მათ ამ ქვეყანაზე გარდა მოციქულებრივი ღვაწლისა, მოწამეობრივი აღსასრულიც უტვირთავთ ქრისტესთვის და ასე აღესრულნენ. საფიქრებელია, რომ შარავანდების ასეთი იკონოგრაფია გამოსახავს მათ ამქვეყნიურ ორმაგ ღვაწლს — მოციქულებრივს და მოწამეობრივს ერთად. წმიდა იოანე მახარებელი კი ღრმად მოხუცებული გარდაცვლილა, ვინაიდან მას არ უტვირთავს მოწამეობრივი აღსასრული, იგი როგორც მოციქული, ერთი — „უგვირგვინო“ შარავანდით არის გამოსახული.

ლიტერატურა

რედაქტირება