გრიგოლ მესხიშვილი

დეკანოზი, ქართველი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, ანჩისხატის დინასტიური კალიგრაფიული სკოლის წ
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრიგოლ მესხიშვილი (დ. XVII საუკუნე, თბილისი ― გ. XVIII საუკუნე) ― დეკანოზი, ქართველი საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, ანჩისხატის დინასტიური კალიგრაფიული სკოლის წარმომადგენელი, მხატვარი, მინიატიურისტი, კალიგრაფი, ვახტანგ VI-ის დაარსებულ სტამბის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი[1].

გრიგოლ მესხიშვილი
დაბადების თარიღი XVII საუკუნე
დაბადების ადგილი საქართველო
გარდაცვალების თარიღი XVIII საუკუნე
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
ფსევდონიმი „გრიგლო მხატვარი“, „ხელოანი მხატვარი“
საქმიანობა კალიგრაფი, მინიატიურისტი
ენა ქართული
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ჟანრი სასულიერო მწერლობა
შვილ(ებ)ი ალექსი მესხიშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრიგოლ მესხიშვილი ანჩისხატის დეკანოზი იყო. სამწუხაროდ გრიგოლ მესხიშვილის კალიგრაფიული ხელი საუკუნეების მანძილზე უცნობი იყო, ზუსტად არ ვიცოდით იყო თუ არა კალიგრაფი, თუმცა დაზუსტებით ვიცით, რომ გრიგოლი შესანიშნავი მხატვარი ყოფილა, ამის შესახებ არაერთხელ გვაწვდის ცნობას გრიგოლის შვილი, ასევე ანჩისხატის დეკანოზი ალექსი მესხიშვილი, მის მიერ გადაწერილი წიგნების ანდერძ-მინაწერებში თავის თავს იგი ყოველთვის

 
„მხატვრის ძეს“

უწოდებს, საიდანაც ვიგებთ, მისი მამის - გრიგოლ მესხიშვილის სახელს:

 
„ იესო ტკბილო, უოხე სულსა ჩემსა ფრიად ცოდვილსა მწერალსა ამისსა მხატვრის ძესა ალექსის“
 
„...წერად ხელვყავ ტფილურთა მოქალაქე ქმნილის მხატვრის გრიგოლ მღუდლის, დეკანოზის ძემან... მღდელ-დეკანოზმან ალექსი...“
 
„ხელოან მხატვრის მღვდლის ძე...“

და სხვ.[2]

 
„მეუფეო ისეო ქრისტე, შეიწყალე მამა ჩემი გრიგოლ მხატვარი და დედა ჩემი თამარი და მე მათი ძე, დიაკონი ალექსი, დავწერე მე წლისა იე.“

[3] ბოლო ანდერძიდან ვიგებთ, რომ 15 წლის ალექსი, უკვე პროფესიონალი კალიგრაფი იყო. სამწუხაროდ წიგნის გადაწერის თარიღი არ არის მითითებული, რაც დაგვეხმარებოდა ალექსის დაბადების ზუსტი თარიღის დადგენაში; პ. კარბელაშვილის ცნობით, ალექსი ,,მიიცვალა 1766 წ. და დასაფლავდა ანჩისხატის ტაძრის დასავლეთის კარების წინ.[4]

ჰყავდა თუ არა გრიგოლს სხვა ძე ან ასული, არც ამის შესახებ მოგვეპოვება ცნობები. სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით კ. კეკელიძე ,,ქართული მწერლობის ისტორია", ვ. ბერიძე ,,ძველი ქართველი ოსტატები", ი. გაჩეჩილაძე ,,XVIII—XIX სს. ქართველ კალიგრაფთა მოღვაწეობა, მესხიშვილთა კალიგრაფიული სკოლა და მათი წიგნთსაცავი", რ. კაჭახიძე, ,,დეკანოზ ალექსი მესხიშვილის მოხატული ხელნაწერი წიგნები" და სხვა, იკვეთება გრიგოლ მესხიშვილის შემდეგი გენეალოგიური ხაზი:[5]

 
მესხიშვილთა გენეალოგიური შტო. მესამე წევრი ალექსი მესხიშვილია, საიდანაც იწყება გვარის ალექსი-მესხიშვილების ისტორია

გრიგოლ მესხიშვილის მხატვრული ხელის აღმოჩენა

რედაქტირება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვადასხვა ფონდში დაცულია გრიგოლის შვილის, XVIII ს.-ის თვალსაჩინო მოღვაწის, ალექსის მიერ გადაწერილი ხელნაწერები, მათ შორისაა ჟამნი S—1096, რომელსაც ერთვის ორი ანდერძი: 1

 
„ ღმერთო, შემიწყალე ცოდვილი კერძო დიაკვანი ალექსი. 119r, 146r.“

და 2

 
„ ღმერთო, შემიწყალე ცოდვილი ალექსი, მხატვრის შვილი. მე, ალექსიმ დიაკონმან ჩვიდმეტის წლისამან დავჩხაბე ჟამნი ესე“

216r როგორც ვიცით, ალექსი მის მიერ გადაწერილ ხელნაწერების ანდერძებში მამამისის სახელს — გრიგოლს ყველგან იხსენიებს მხატვრის ეპითეტთან ერთად -

 
„...ხელოანი მხატვრის ძე ...გრიგოლ მხატვრის შვილი“

და სხვა, ხოლო ამ ხელნაწერში იგი გრიგოლს საერთოდ არ ახსენებს და მხოლოდ „მხატვრის შვილს“ ამბობს — ამის გაგება შესაძლებელია ასე, ალექსი გულისხმობს რომ კონკრეტულად ამ ხელნაწერის მომხატველის შვილია. გარდა ამისა, ხელნაწერის მხატვრობის შესწავლის პროცესში შეიქმნა შემდეგი, მეტად დამაფიქრებელი გარემოება: ამავე ანდერძიდან ვიგებთ, რომ ეს ხელნაწერი (ჟამნი S-1096) მას 17 წლის ასაკში გადაუწერია; მის მიერ გადაწერილ ხელნაწერთაგან, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ ეს ჟამნი რიგით მეორეა, მას 15 წლის ასაკში გადაუწერია ოთხთავი (S—2715)

 
„ მეუფეო იესუ ქრისტე შეიწყალე მამა ჩემი გრიგოლ მხატვარი და დედაჩემი თამარ და მათი ძე დიაკონი ალექსი, დავწერე მე წლისა იე“

(15 წლის) 401v. თუ გავითვალისწინებთ ალექსის ასაკსა და მის მიერ გადაწერილ ხელნაწერთა რაოდენობას, აშკარაა, რომ იგი ამ დროისათვის დამწყები კალიგრაფია; ხოლო ჟამნის S—1096-ის მხატვრობა საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული, ვიდრე ამას დამწყები კალიგრაფი და მით უმეტეს მხატვარი შეძლებდა. ქალბატონი ია გაჩეჩილაძე თვლის, რომ ალექსი მესხიშვილი კალიგრაფიაში, მამას გრიგოლს გაუწვრთნია[6]. ვინაიდან ეს ხელნაწერი 17 წლის ალექსის კალიგრაფიული კარიერის დასაწყოისს განეკუთვნება, არ არის ძნელი მისახვედრი, რომ იგი თვითონვე ეცდებოდა წიგნის მხატვრულად გაფორმებას და არა ვინმე საგანგებოს „მოწვეული მხატვარი“.

წიგნში მრავლადაა მოხატული გვერდები, აქ ვხვდებით როგორც გრაფიკულ მხატვრობას - ზოდიაქოს ნიშნები, ისე ფერწერასაც - მინიატიურა, რასაც მთლიანად 32 გვერდი უჭირავს მთელს წიგნში, აქედან 12 გაფიკულად შესრულებული ზოდიაქოს ნიშნებია, ხოლო დანარჩენი 20 კი — უფლის ბრწყინვალე აღდგომას, 12 საუფლო დღესასწაულს, ლაზარეს აღდგინებას, საიდუმლო სერობას, ჯვარცმას, გარდამოხსნას, იესოს გამოცხადებას, მოციქულთა კრებას და ყოველთა წმიდათა კომპოზიციებს ეთმობა. დახვეწილ-დახელოვნებული ტექნიკური სტილი, ფერთა შეხამება, ზოგ ადგილას ოქროს ფონი და წვრილ-წვრილი ორქოს ასისტები, ხასიათის სათანადოდ გადმოცემა, მინიატიურათა მცირე ზომების მიუხედავად ყველა ფიგურის მოძრაობაში მოყვანა, კომპოზიციური ინდივიდუალობა, მიგვითითებს არა დამწყები კალიგრაფის მხატვრული გაფორმებისკენ, არამედ უკვე კარგად დახელოვნებული მხატვრის ხელსა და პროფესიონალიზმზე; ზოდიაქოს ნიშნების მხატვრული მოდელირება საკმაოდ უცხო და ინდივიდუალურია, რადგან სტილიზირებულად ასე გადაწყვეტილი ზოდიაქოს გამოსახულებანი დღესდღეობით არსად არ გვხვდება.

 
საიდუმლო სერობა, ჟამნი S-1096, გრიგოლ მესხიშვილი, XVIII ს.
 
ფრაგმენტი, საიდუმლო სერობა, გრიგოლ მესხიშვილი, ფრაგმენტზე ჩანს ქარგმა - ,,გ" და ,,ი"ჟამნი S-1096XVIII ს.

გრიგოლის მხატვრობის დასამტკიცებლად, მეტად მნიშვნელოვანია თითქმის შეუმჩნეველი მინაწერი, იუდას ფეხებთან და მის ზურგს უკან „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციის მარჯვენა ქვედა კუთხეში; მინაწერის ნაწილი დაზიანებულია და შეუძლებელია მისი ამოკითხვა კარგად შეუიარაღებელი თვალის გარეშე, მაგრამ გარკვევითაა შემორჩენილი „გ“—ში ჩაწერილი „ი“-ს ქარაგმა, ამ ქარაგმის წინ დაზიანებული სიტყვა „მხატვარი“ ან „მომხატველი“ უნდა იყოს. მაშასადამე, 17 წლის ალექსის მიერ გადაწერილი ხელნაწერის - ჟამნის (S-1096) მხატვრობა მიეკუთვნება, ალექსის მამას გრიგოლ მესხიშვილს.

 
წმიდა გრიგოლ ხანძთელი, კრებული S—3269, XVIII ს.

აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ ალექსის მიერ გადაწერილი ყველა ხელნაწერის ანდერძ-მინაწერებში ნახსენები „ხელოვანი მხატვარი გრიგოლი“ -ს მხატვრული ხელი და მიმდინარეობა დღემდე უცნობი იყო. აღმოჩნდა, რომ გრიგოლი შესანიშნავი მინიატიურისტი ყოფილა.

ხელოვნებათმცოდნე როსტომ კაჭახიძე, თავის სადიპლომო ნაშრომში „დეკანოზ ალექსი მესხიშვილის გადაწერილი და მოხატული ხელნაწერი წიგნები XVII—XVIII სს.“ აღნიშნავს: „ვინაიდან გრიგოლ მესხიშვილის, როგორც მინიატიურისტის მხატვრული სტილი, ასე თუ ისე დადგინდა, იმთავითვე გადავწყვიტე მომეძიებინა და შემედარებინა ჟამნის S—1096—ის მხატვრობა მისსავე თანადროულ მოხატულ ხელნაწერებს, რომელთა მომხატველი დღემდე უცნობია და შესაძლებელია გრიგოლსაც ჰქონოდა შეხება ამა თუ იმ ხელნაწერთან. მხატვრული სტილიზირებით, კოლორიტით, წმიდანთა სახისმეტყველებით, შესამოსელთა მოდელირებით და სხვა მხატვრული თავისებურებებით ჟამნის S—1096—ის და კრებულის S-3269-ის მხატვრობას, ვფიქრობ რომ შესაძლებელია საერთო ჰქონდეთ. ეს რა თქმა უნდა, ვარაუდია და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, ისეთი დამაჯერებელი ფაქტების გარეშე, რასაც მყარად დავეყრდენი და რომლის საფუძველზე ჟამნის S—1096—ის მომხატველად გრიგოლ მესხიშვილი წარმოჩინდა, თუმცა კრებულის S—3269—ის მხატვრობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც ქრისტიანული მხატვრობის რეალობაში, ეს ერთადერთი დასურათებული წიგნია სადაც წმიდა გრიგოლ ხანძთელის გამოსახულებას ვხვდებით. ქრისტიანული მხატვრობის არცერთ დარგში არ გვხვდება ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოღვაწის გამოსახულება, ყოველ შემთხვევაში, ეს ერთადერთი გამოსახულებაა წმიდა გრიგოლ ხანძთელისა, რომელმაც დღემდე მოაღწია. ამავე კრებულის 170v—ზე, წმიდა ქეთევან დედოფლის საგალობელთან არის მინაწერი გადამწერისა

 
„თქმული გრიგოლისი“

. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ ხელნაწერის მომხატველიც, XVII ს.—ის აქტიური მინიატიურისტი გრიგოლ მესხიშვილია, მაშინ თვითონვე იზრუნებდა, მისივე მფარველი წმიდანის, ჯერ კიდევ არ არსებული იკონოგრაფიის შექმნაზე.“[7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967
  • გაჩეჩილაძე ი., XVII-XVIII სს. ქართველი კალიგრაფთა მოღვაწეობა, მესხიშვილთა კალიგრაფიული სკოლა და მათი წიგნთსაცავი, სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 1975
  • კაჭახიძე რ., დეკანოზ ალექსი მესხიშვილის გადაწერილი და მოხატული ხელნაწერი წიგნები XVII-XVIII სს. თბილისის სასულიერო აკადემია, თბ., 2010
  1. კაჭახიძე რ., გრიგოლ მხატვრის (მესხიშვილი) უცნობი შემოქმედება, თბ., 2018, გვ. 3
  2. ბერიძე ვ. ძველი ქართველი ოსტატები, თბ. 1974 წ. გვ.154
  3. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S—2715
  4. ბერიძე ვ. ძველი ქართველი ოსტატები, თბ. 1974 წ. გვ.160
  5. წარმოდგენილი გენეალოგიური სქემაზე ინფორმაცია გადასამოწმებელია, შესაძლოა მოგვიანებით შეიცვალოს
  6. გაჩეჩილაძე ი. XVIII—XIX სს. ქართველ კალიგრაფთა მოღვაწეობა, მესხიშვილთა კალიგრაფიული სკოლა და მათი წიგნთსაცავი, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი, 1975 წ. გვ.137
  7. კაჭახიძე რ. დეკანოზ ალექსი მესხიშვილის გადაწერილი და მოხატული ხელნაწერი წიგნები XVII—XVIII სს. თბილისის სასულიერო აკადემია, 2010წ. გვ.43