წმინდა შუშანიკი
შუშანიკი (სომხ. Շուշանիկ, დ. დაახლ. 440 — გ. 475) — ქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლე (V საუკუნის II ნახევარი).
შუშანიკი | |
---|---|
წმინდა შუშანიკ წამებულის ხატი | |
ეკლესია | ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | დაახლ. 400 |
გარდაცვალების თარიღი | 475 |
რელიგია | ქრისტიანობა |
მეუღლე | ვარსქენ პიტიახში |
მშობლები | ვარდან მამიკონიანი |
ბიოგრაფია
შუშანიკი სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული და ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ვარსქენი ვახტანგ I გორგასლის ურჩი მოხელე იყო, რომელმაც ქართლში სპარსეთის სამეფოს გავლენის ზრდასთან ერთად სპარსელთა მხარი დაიჭირა. სპარსეთის სამეფო კართან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს, პეროზს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ქრისტიანობა, ცეცხლთაყვანისცემლობა მიიღო და მეფეს საკუთარი ცოლისა და შვილების მოქცევაც დაჰპირდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ვარსქენმა ვერ მოახერხა შუშანიკის გადმობირება, რომელმაც არ ისურვა ქრისტიანობის დატოვება, რისთვისაც ის მოწამეობრივად აღესრულა.
VI საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.
ქრისტიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული შუშანიკი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შუშანიკის ღვაწლი და ცხოვრება აღწერა იაკობ ცურტაველმა (ხუცესმა).
ქართულმა მართლმადიდებლურმა, სომხურ-გრიგორიანულმა და რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა წმინდანად შერაცხეს და ხსენების დღე 17 ოქტომბერი (ქართული და სომხური ეკლესია) და 10 სექტემბერი (რუსული ეკლესია) დააწესეს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 60.