აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსები

აზერბაიჯანის რესპუბლიკა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ქვეყანა მდებარეობს ალპურ ტექტონიკურ რკალზე. ეს ის ზონაა, სადაც იკვეთება ევრაზიული და არაბული ლითოსფერული ფირფიტები. ქვეყნის ტერიტორია აერთიანებს მთის სისტემებს - დიდი და მცირე კავკასიონი, თალიშის მთები, მთისწინეთი და დაბლობი.

გაზანგულის ტბა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის გეოლოგიაში გვხვდება შემდეგი ეკოსისტემები: საზღვაო და სანაპირო, ტყის, მთიანი, სუბალპური და ალპური, დაბლობი და უდაბნო ეკოსისტემა, ჭაობიანი, ჩამდინარე წყლის ეკოსისტემა და გამვლელი წყლის ეკოსისტემა.

სასარგებლო წიაღისეული

რედაქტირება
 
იანარდაღი (ალმოკიდებული მთა). ბუნებრივი მარადიული ცეცხლი, რომელიც ძველი დროიდან ანთია ბორცვზე აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანს აქვს ისეთი წიაღისეული, როგორიცაა ნავთობი და გაზი, ალუნიტები, პოლიმეტალები, სპილენძის მადანი, ოქრო, მოლიბდენი, დარიშხანი, მარმარილო, კაოლინი, ტუფი, დოლომიტი, თიხა და სხვა მინერალური რესურსები.

მადანი და არალითონური წიაღისეული ფართოდ არის გავრცელებული რესპუბლიკის მთიან ნაწილში, წვადი წიაღისეული - ვაკესა და სამხრეთ კასპიის აუზში[1].

წიაღისეული საწვავის რესურსები აზერბაიჯანში წარმოდგენილია ნავთობით, გაზით, ტორფითა და ა.შ.

ნავთობი აზერბაიჯანის მთავარი სიმდიდრეა. აზერბაიჯანის ტერიტორიის დაახლოებით 70%-ს აქვს ნავთობისა და გაზის მარაგი[2]. აქ ნავთობი იწარმოება ხმელეთსა და კასპიის ზღვაში.

აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი 225 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. რესპუბლიკაში წარმოებული აირები შედგება ნახშირწყალბადისაგან.

 
ნავთობის საბადოები. ბაქო. ბიბი ჰეიბათი.

ნავთობისა და გაზის კონდენსატის უდიდესი საბადოებია აფშერონისა და ბაქოს არქიპელაგის რეგიონები[1].

მსოფლიოში ერთადერთი არაალებადი სამკურნალო ნავთობი იწარმოება ნაფტალანში.

კასპიის ზღვაში ექსპლუატაციაშია „აზერის“, „ჩირაგისა“ და „გუნაშლის“ ნავთობის საბადოები; ასევე გაზის საბადოები - „შაჰდენიზი“, „უმიდი“[2].

საბადო წიაღისეული

რედაქტირება

მოიცავს რკინის, ალუმინის, ქრომიტის, ტყვიის, თუთიის, კობალტის, მოლიბდენის საბადოებს და ა.შ. ქვეყანაში არის რკინის საბადოები (მაგნიტი, ჰემატიტი). მათ შორის ყველაზე ცნობილია დაშქესანის საბადო. დაშქესანის საბადოები წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის მეტალურგიული მრეწველობის ნედლეულ ბაზას.

ალუმინის მადნის ყველაზე დიდი საბადო ალუნიტის შემცველობით ასევე დაშკესანის რაიონში მდებარეობს. ალუნიტის მოიპოვება შამქორისა და ორდუბადის რაიონებშიც. ალუნიტის საბადო დაშქესანში ფუნქციონირებს 1960 წლიდან. ეს საბადო ყველაზე დიდია ევროპაში[3]. განჯის ალუმინის ქარხანაში ამ მადნიდან მიიღება კალიუმიანი სასუქები და სოდა.

ქვეყანას აქვს ტყვიის მარაგი, რომელიც დაახლოებით 1,66 მილიონ ტონას შეადგენს.

კობალტის მადნების მნიშვნელოვანი ნაწილის თავოყრა (კობალტინი, გლაუკონიტი) ცნობილია დაშკესანის მადნის რაიონში. კობალტის გამოვლინებები ცნობილია ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც.

დელიდაღის სპილენძის რაიონში ცნობილია მოლიბდენის მადნის გამოვლინებები. გადაბეის სპილენძის რაიონში არის მოლიბდენის საბადოები.

თუთიის მთლიანი მარაგი ქვეყანაში შეფასებულია 3,7 მილიონი ტონით. მისი მარაგების ძირითადი ნაწილი შემოიფარგლება ფილიზჩაის კომპლექსის საბადოში.

ქრომიტის საბადოები ძირითადად ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონებში მდებარეობს.

უკვე შესწავლილ საბადოებში მთლიანი ოქროს მარაგი 50 ტონად არის შეფასებული.

ვერცხლი აღმოჩენილია რამდენიმე პოლიმეტალის საბადოებში.

ვერცხლისწყლის საბადოები და გამოვლინებები გავრცელებულია მცირე კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში - ქალბაჯარ-ლაჩინის ზონაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დარიშხანის უდიდესი საბადო ცნობილია გადაბეისა და ჯულფაში.

არალითონური მინერალები

რედაქტირება

ამ ჯგუფში შედის ქვის მარილი, თაბაშირი, ანჰიდრიტი, ბენტონიტური თიხა, სამშენებლო მასალები, პირიტი, ბარიტი, ნახევრადძვირფასი და ფერადი ქვები, დოლომიტი, ისლანდიური სპარი და სხვ.

ქვის მარილის საბადოები მდებარეობს ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. პოტენციური რესურსები შეფასებულია 2-2,5 მილიარდი ტონით.

ცნობილია ბენტონიტური თიხების მრავალი საბადო და გამოვლინება. ყველაზე დიდი საბადო ყაზახის რაიონში, კერძოდ, დაშ-სალაჰლიში აღმოაჩინეს. საბადოს სამრეწველო მარაგი 84553 ათასი ტონაა.

თაბაშირის, ანჰიდრიტისა და გაჯის საბადოები გვხვდება გორანბოის რაიონში და ქალაქ განჯის ირგვლივ.

ნახევრადძვირფასი და ფერადი ქვები აღმოჩენილია მცირე კავკასიონის დაშქესანისა და ორდუბადის რაიონებში (გრანიტი, ამეთვისტო), ასევე გადაბეიში (ტურმალინი). აქატის კოლექციები გვხვდება აჯიკენდის და ყაზახის საბადოებში.

შემახას, ქალბაჯარისა და ხანლარის რაიონებში არის ქიმიური საღებავების გამოვლინებები.

მიწისქვეშა წყლები

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალია მიწისქვეშა წყლები. ისინი განსხვავდებიან ქიმიური შემადგენლობით. გამოიყენებიან სასმელი წყლის მომარაგებისთვის, ასევე სამკურნალო მიზნებისთვის და მრეწველობისთვის. რესპუბლიკაში საძიებო ჭაბურღილების დახმარებით ასევე აღმოაჩინეს მაღალი ტემპერატურის წყლები, რომლებიც დიდი თერმული ენერგიის წყაროა.

აზერბაიჯანში 1000-ზე მეტი ცივი და თერმული მინერალური წყაროა აღმოჩენილი. ამ წყაროების ბაზაზე რესპუბლიკაში აშენდა სანატორიუმები და მინერალური წყლის საწარმოო ქარხნები.

 
ტალახის ვულკანი. გობუსტანი

აზერბაიჯანის სამრეწველო წყლები მოიცავს მიწისქვეშა წყლებს, რომლებიც შეიცავს იოდს, ბორსა და ბრომს სამრეწველო კონცენტრაციებში. ეს წყლები ძირითადად გავრცელებულია აფშერონში, მუღან-სალიანის დაბლობზე, ნეფთჩალასა და სალიანის რეგიონებში[4].

ტალახის ვულკანები

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტალახის ვულკანი 350-მდეა[5]. ყველაზე ცნობილი ტალახის ვულკანები მდებარეობს ქალაქ გობუსტანის მახლობლად[6].

ტალახის ვულკანების რაიონებში აღმოჩენილია გაზის კონდენსატისა და ნავთობის მდიდარი საბადოები.

აზერბაიჯანში ასევე არის წყალქვეშა ტალახის ვულკანები. ბაქოს არქიპელაგში 8 კუნძული მიეკუთვნება ტალახის ვულკანებს.

წყლის რესურსები

რედაქტირება

აზერბაიჯანში არის 61 წყალსაცავი. წყლის რეზერვუარების საერთო მოცულობა 21,5 კმ3-ია. წყალსაცავები აგებულია როგორც მდინარის კალაპოტზე, ასევე მის მიღმა. მათი უმეტესობა რეგულირდება სეზონების მიხედვით და გამოიყენება სარწყავად.

რესპუბლიკის უდიდესი წაყლსაცავია მინგეჩაურის წყალსაცავი. მისი ექსპლუატაცია 1953 წელს დაიწყო და ის დღემდე შეუფერხებლად ფუნქციონირებს[7].

ქვეყნის მდინარის სისტემაში 8350-ზე მეტი მდინარეა. მდინარე მტკვარი აზერბაიჯანის მთავარი წყლის წყაროა. მდინარე არაქსი, რესპუბლიკის სიდიდით მეორე მდინარეა. რესპუბლიკის მდინარეთა სისტემა შედგება სამი ჯგუფისგან: ტრანსსასაზღვრო, სასაზღვრო და ადგილობრივი მდინარეები. ლენქორანის მდინარეები ჩაედინება კასპიის ზღვაში.

აზერბაიჯანში 450 ტბაა საერთო ფართობით 395 კმ2. 10 ტბის ფართობი შეადგენს 10 კმ2-ზე მეტს. რესპუბლიკის ყველაზე დიდი ტბა არის სარისუს ტბა. რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტბაა ცნობილი გოიგოლის ტბა. ტბა წარმოიქმნა აღსუჩაის შუა დინებაში 1139 წელს განჯაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ.

ბუნებრივი ნაკრძალები

რედაქტირება

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნაკრძალების ფარგლებში მოქცეულია აზერბაიჯანის ტერიტორიის 2,5%. ქვეყანაში არსებობს 15 სახელმწიფო ბუნებრივი პარკი.

გოიგოლის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც აზერბაიჯანის პირველი ნაკრძალია, 1925 წლიდან ფუნქციონირებს. 1929 წელს დაარსდა ყიზილაღაჩისა და ზაქათალის ნაკრძალები, 1936 წელს კი ჰირკანის ნაკრძალი. სულ 1958 წლამდე იყო 4 რეზერვი. 1958 წლიდან 1990 წლამდე შეიქმნა ახალი რეზერვები. 1990 წელს დაარსდა ალთიაღაჯის სახელმწიფო ნაკრძალი, 2003 წელს შაჰბუზის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2004 წელს ელდარის ფიჭვის სახელმწიფო ნაკრძალი, 2007 წელს ბაქოს ტალახის ვულკანური ჯგუფის სახელმწიფო ბუნებრივი ნაკრძალი, 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი კორჩაის სახელმწიფო ნაკრძალს. ამავდროულად, ტურიანჩაის, პირგულუს, ილისუს, გარაიაზის, ისმაილის სახელმწიფო ნაკრძალების ტერიტორიები გაფართოვდა 2003 წელს, ხოლო ზაქათალის - 2008 წელს[8].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება