შუა ციმბირის ზეგანი
შუა ციმბირის ზეგანი (იაკუტ. Орто Сибиир хаптал хайалаах сирэ) — ვრცელი ზეგანი ჩრდილოეთი აზიის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, სახის რესპუბლიკასა და ირკუტსკის ოლქის ტერიტორიებზე.[1]
შუა ციმბირის ზეგანი | |
---|---|
კოორდინატები: 68°00′ ჩ. გ. 95°00′ ა. გ. / 68.000° ჩ. გ. 95.000° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კრასნოიარსკის მხარე სახის რესპუბლიკა ირკუტსკის ოლქი |
უმაღლესი წერტილი | კამენი |
სიმაღლე | 1800 მ |
ფართობი | 3,5 მლნ. კმ² |
სიგრძე | 2000 კმ |
სიგანე | 2000 კმ |
სამხრეთიდან ესაზღვრება აღმოსავლეთი საიანის, ბაიკალისპირეთისა და ჩრდილოეთ იმიერბაიკალეთის მთები, დასავლეთიდან — დასავლეთ ციმბირის ვაკე, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი და ცენტრალური იაკუტიის ვაკე. ფართობი დაახლოებით 3,5 მლნ. კმ².[2] მდებარეობს ციმბირის ბაქნის ფარგლებში. საშუალო სიმაღლე 500-700 მ. შუა ციმბირის ზეგნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომელიც მოიცავს ქვემო ტუნგუსკის, პოდკამენაია-ტუნგუსკის, ანგარის აუზებსა და ვილიუის სათავეებს, აქვს მოსწორებული რელიეფი.[3][4]
შუამდინარეთები ბრტყელი და განიერია. ყველაზე ამაღლებული ნაწილი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობსა (პუტორანის პლატო), 1500-1700 მ აღწევს. ვილიუის პლატო და მდინარე ლენის აუზის ზემოთი 900-1100 მ სიმაღლეზეა. სასარგებლო წიაღისეულებიდან აღსანიშნავია ნიკლისა და სპილენძის მადნები (ნორილსკის რაიონი), რკინის მადანი (ანგარა-ილიმის რაიონი და ანგარა-პიტის აუზი), ქვანახშირი (ტუნგუსკის, ჩერემხოვოს, კანსკის აუზები), გრაფიტი და სხვა. შუა ციმბირის ზეგნის მდინარეები ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აუზს მიეკუთვნებიან; უხვწყლიანია და მიედინება ღრმა და ვიწრო ხეობებში. დიდი მდინარეებია: ქვემო ტუნგუსკა, პოდკამენაია-ტუნგუსკა, ანგარა, ლენა, ხატანგა, ანაბარი, ოლენიოკი. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია. იცის ცივი და ხანგრძლივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –20°C, –44°C, დამახასიათებელია თბილი ზაფხული, ივლისის საშუალო ტემპერატურაა 12°C-20°C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ ნაწილში უდრის 200-350 მმ-ს, დასავლეთ ნაწილში — 400-500 მმ-ს, წელიწადში. პუტორანის პლატოზე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა აღწევს 700-800 მმ წელიწადში.[3][4]
შუა ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოყალიბებულია ლებიან-მზრალ-ტაიგური და მზრალ-ტაიგური ნიადაგები. მათი ძირითადი თავისებურებები დაკავშირებულია ზედაპირიდან ახლოს მდებარე მრავალწლოვანი მზრალობის ჰორიზონტის განლაგებასთან, რომელიც ქმნის წყლის რეჟიმის წაურეცხავ პირობებსა და ართულებს მარილის გამოზიდვას. მზრალ-ტაიგური ნიადაგები გამოირჩევა მჟავა რეაქციითა და თან არსებული ნიადაგური მასის გადაადგილებული კვალით.[3][4]
შუა ციმბირის ზეგანზე გავრცელებულია მრავალწლოვანი მზრალობა. შუა ციმბირის ზეგნის დიდი ნაწილი მოქცეულია ნათელწიწვოვანი ტაიგის ზონაში. ჭარბობს ლარიქსის ტყე. ანგარის აუზში გავრცელებულია ფიჭვისა და ფიჭვ-ლარიქსის ტყეები. მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის ჩრდილოეთით უმთავრესად მეჩხერი და დაბალტანიანი დაჭაობებული ლარიქსის ტყეებია. სამხრეთით, კანსკის, ირკუტსკ-ჩერემხოვოს ქვაბულებში და კუდის აუზში გვხვდება ტყესტეპის უბნები, მაშასადამე, კრასნოიარსკის ტყესტეპი, კანის ტყესტეპი, ბალაგანის სტეპი და სხვა.[3][4]
პუტორანის პლატოს ჩრდილოეთით და ანაბარის მასივის მაღლობებზე მთის ტუნდრაა განვითარებული. ლენა-ანგარის პლატოსა და ენისეის ჭიუხზე 1000 მეტრზე მაღლა გვხვდება მთის ტუნდრის უბნები. შუა ციმბირის ზეგანზე ცხოველებიდან გვხვდება ლემინგი, თეთრი მელა, თეთრი კურდღელი, ჩრდილოეთის ირემი, ტაიგაში — ლოსი, მურა დათვი, სამურავი. ფრინველებიდან აღსანიშნავია სოღო. მდინარეები მდიდარია თევზით. აღსანიშნავია: ზუთხი, ტაიმენი და სიგი. სარეწაო მნიშვნელობა აქვს ციყვს, სიასამურსა და ონდატრას.[3][4]
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ შუა ციმბირის ზეგანი — ირკიპედია (რუსული)
- ↑ შუა ციმბირის ზეგანი — ენციკლოპედიური ლექსიკონი (რუსული)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 შუა ციმბირის ზეგანი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 52.