ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში
ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში | |||
---|---|---|---|
საქართველო-ბიზანტიის ომების ნაწილი | |||
თარიღი | 1204 | ||
მდებარეობა | ხალდია, პაფლაგონია | ||
შედეგი |
ქართული ლაშქრის გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში — თამარ მეფის (1184–1213) მიერ, ბიზანტიის იმპერატორის ალექსი IV ანგელოსის (1203–1204) წინააღმდეგ ორგანიზებული სამხედრო ექსპედიცია, რომელიც 1204 წელს, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ტრაპიზონის იმპერიის შექმნით დასრულდა.
ისტორია
რედაქტირებაწინა ისტორია
რედაქტირებაბიზანტიის იმპერატორის მანუელ I კომნენოსის (1143–1180) გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი 12 წლის ძე ალექსი II კომნენოსი (1180–1183) ავიდა, ვისი რეგენტიც დედამისი მარია ანტიოქელი გახდა. მარია ანტიოქელი ლათინა მიმართ ზომიერ პოლიტიკას ატარებდა. რადგანაც კანონიერი მემკვიდრე არასრულწლოვანი იყო, ძალაუფლება ხელში გარდაცვლილი იმპერატორის ძმისშვილმა და მარიას საყვარელმა, პროტოსებასტოსმა ალექსი კომნენოსმა ჩაიგდო. ახალმა სტატუს-კვომ და კომნენოსების დინასტიის წევრების ლათინთა მიმართ სიძულვილმა დედაქალაქში არეულობა გამოიწვია, რაც 1182 წელს სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა. პროტოსებასტოსი ალექსი დააბრმავეს და ტახტზე მანუელ I კომნენოსის ბიძაშვილი და კანონიერი მემკვიდრე, პაფლაგონიის[1] გამგებელი სებასტოკრატორი ანდრონიკე I კომნენოსი (1183–1185) ავიდა. არისტოკრატიის მტერი და პრო-დასავლური პოლიტიკის მოწინააღმდეგე, ისევე როგროც მისი წინამორბედი მანუელ I, დიდ მოლოდინებს უჩენდა მათ, ვისაც პრო-ლათინური რეგენტის დამხობა სურდათ. მაგრამ ანდრონიკეს მმართველობა თანდათანობით ტერორში გადაიზარდა.
ანდრონიკეს ანტი-ლათინურმა პოლიტიკამ დასავლეთსა და ბიზანტიას შორის დაპირისპირება გამოიწვია, ხოლო მისმა ანტი-არისტოკრატიულმა პოლიტიკამ სახელმწიფო სამხედრო კუთხით დაასუსტა, რადგან არისტოკრატია სახელმწიფოს სამხედრო სიძლიერის ფუნდამენტს წარმოადგენდა. ყოველივე ამან საერთო უკმაყოფილება გამოიწვია არა მხოლოდ მოწინააღმდეგეთა შორის, არამედ უკმაყოფილება თვით კომნენოსთა დინასტიის წევრებს შორისაც კი შეიმჩნეოდა. 1185 წლის 24 აგვისტოს სიცილიელმა ნორმანებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს თესალონიკა, ნორმანთა არმიის ნაწილი სერესის, ნაწილი კი კონსტანტინოპოლის მიმართულებით დაიძრა. დედაქალაქში საშინელი ატმოსფერო ჩამოწვა. ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომები და შიში იმისა, რომ ნორმანები დედაქალაქს დაიკავებდნენ, გადაიქცა მთავარ მიზეზად მოსახლეობის გამოსვლის. იმავე წლის სექტემბერში აჯანყება დაიწყო და ბიზანტიის უკანასკნელი კომნენოსი იმპერატორი, ანდრონიკე I სიკვდილს აღშფოთებული კონსტანტინოპოლელი ბრბოს ხელში შეხვდა.
ლაშქრობა
რედაქტირებალაშქრობის მიზეზი
რედაქტირებათამარ მეფის ურთიერთობა ბიზანტიის იმპერატორების მიმართ თავიდანვე დაძაბულ ხასიათს ატარებდა; კომნენოსების საგვარეულოსთან მჭიდრო ნათესაური კავშირების მქონეს,[2][3] თამარს არ შეეძლო დავიწყებოდა, ანგელოსების მიერ ტახტიდან ჩამოგდებული და შემდგომ სიკვდილით დასჯილი ანდრონიკე I კომნენოსი და მისი ძე, მანუელ კომნენოსისდაბრმავება, რომელიც მოგვიანებით მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.[4][5] როგორც ცნობილია, ანდრონიკეს ორი შვილიშვილი, ალექსი და დავით კომნენოსი, მანუელისა და ქართველი დედოფლის, რუსუდანის შვილი,[6][2] საქართველოს ტახტის ინიციატივით კონსტანტინოპოლიდან საქართველოში გაიხიზნენ. ბიზანტიის იმპერიის კანონიერი ტახტის პრეტენდენტები თბილისში, თამარის სასახლის კარზე იზრდებოდნენ.[7][4] საქართველოში მათ მიიღეს ყოველგვარი განათლება; ქართული ტრადიციებით აღზრდილნი, ისინი მალევე დაეუფლნენ ქართულ ენას და ასევე ქართულ პოლიტიკურ იდეალებსაც იზიარებდნენ.[5]
საბაბი
რედაქტირებარელიგიურად მოაზროვნე თამარი მფარველობდა არა მხოლოდ საქართველოში მოღვაწე ბერ-მონაზვნებს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ქართულ სამონასტრო კომპლექსებს. სწორედ ამიტომ 1203 წელს, ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით:[8]
მოიწონეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათვის, ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კვიპროსა ჭალაკით, აგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ...
მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი. უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათ კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორის ალექსი III ანგელოსის (1195–1203) კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბიზანტიელი იმპერატორის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, იმპერატორის სამაგალითო დასჯა გადაწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა მას.
სამზადისი
რედაქტირებალაშქრობისთვის თამარმა შესაბამისი დრო შეარჩია, სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო 1203 წლის 18 ივლისი, როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი პირველად დაიპყრეს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ბიზანტიის დედაქალაქმა სერიოზული დარტყმა მიიღო და შესაბამისად თამარს შეეძლო ესარგებლა იმპერიაში წარმოქმნილი პოლიტიკური დესტაბილიზაციით და ასევე მოწინააღმდიგის სამხედრო სისუსტით. ალექსი III ანგელოსი (1195–1203) ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი დაბრმავებული ძმა ისააკ II ანგელოსი (1185–1195; 1202–1204) მეორეჯრ ავიდა ტახტზე. ასეთ ვითარებაში თამარი, ალექსი და დავით კომნენოსებში ხედავდა ინსტრუმენტს საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის. ახალგაზრდა ძმები, 22 წლის ალექსი და 20/21 წლის დავითი, ქართული საგარეო პოლიტიკის შესაბამისად, სათავეში ჩაუდგნენ თამარის მიერ ორგანიზებულ ლაშქრობას.
მარშრუტი
რედაქტირებასაომარი მოქმედებები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობდა.[4] ლიხთ-იმერეთში საგანგებოდ შეკრებილმა ქართულმა ლაშქარმა, ალექსი და დავით კომნენოსის მეთაურობით, ერთიმეორის მიყოლებით დაიკავა: ლაზია, ტრაპიზონი, ლიმანი, ამისოსი, სინოპი, კერასუნტი, კოტიორა, ამასტრისი, ჰერაკლეა, პაფლაგონიისა და პონტოს სამეფო სხვა ადგილები.[9] ბიზანტიის იმპერიამ ქართველთა წინსვლას ხელი ვეღარ შეუშალა, რადგან სწორედ ამ დროს კონსტანტინოპოლს დასავლეთიდან მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად, ჯვაროსნები მეორეჯერ დაესხნენ თავს და აიღეს კიდეც.
ქართველთა ლაშქრობის ზუსტი მარშრუტი უცნობია და ის თანამედროვე ისტორიკოსების სპეკულაციებს ექვემდებარება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაშქრობა საზღვაო ექსპედიციით დაწყებულიყო, რადგან თამარის პერიოდში საქართველოს არ გააჩნდა შესაბამისი პორტები შავი ზღვის სანაპიროზე, გარდა ქ. ფოთისა (ფაზისი) ოდიშის საერისთავოში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ექსპედიცია აქედან დაწყებულიყო. გარდა ამისა, ამ პერიოდის ქრონიკები არ გადმოგვცემენ ცნობებს საქართველოს მიერ წარმოებულ საზღვაო ექსპედიციის შესახებ. ამის საწინააღმდეგოდ, არსებობს ცნობები თანმიმდევრული გეოგრაფიული პუნქტებისა, რომელიც ლაზეთიდან იწყება, მასვე მოყვება ტრაპიზონი, რაც მიუთითებს, რომ ლაშქარი ლაზეთიდან დაიძრა. ცნობილია რომ თბილისიდან ტრაპიზონამდე მოგზაურობას 8 დღე დასჭირდა, მაგრამ უცნობი რჩება მარშუტი. ტრაპიზონისკენ მიმავალი ცნობილი გზა ერზურუმიდან (თეოდოსიოპოლისი) მიემართებოდა. შემორჩენილი ფოლკლორული სიმღერა შესაძლოა ასახავდეს ამ პრობლემას: იქ თამარი გვევლინება შემდეგნაირად: „მე თამარმან, დავიპყარი ერზრუმი და დავხარკე ისპაჰანი“.[10] კონკრეტულად ეს ნაწყვეტი მიუთითებს წინარე ლაშქრობას ერზრუმის მიმართულებით, რამაც გამოიწვია ტრაპიზონის იმპერიის შექმნა და რაც უნდა შემორჩენილიყო ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალექსის არმიამ ლაზეთი ერზრუმიდან, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, გადალახა და ტრაპიზონს სამხრეთიდან მიაღწია.
შედეგი
რედაქტირებატრაპიზონის იმპერიის შექმნა
რედაქტირებაკომნენოსი ძმების მიერ 1203 წლის აპრილში,[11] ტრაპიზონის უსისხლოდ აღება არ იყო შემთხვევითი მოვლენა და ეს შეიძლება დაუკავშირდეს სპეციფიურ ფაქტორებს. ტრაპიზონის მაშინდელი დუქსი და ეპარქი, ნიკიფორე პალეოლოგოსი კომნენოსებს მალევე დანებდა, რადგან არ ფლობდა შესაბამის სამხედრო ძალას მიუხედავად იმისა, რომ ის ხალდიის თემის სამხედრო დანაყოფს აკონტროლებდა. ადგილობრივები, ხედავდნენ რა დასავლეთიდან ლათინთა და სამხრეთიდან თურქთაგან მომავალ საფრთხეს, გვერდში ამოუდგნენ კომნენოს ძმებს, რადგან მიაჩნდათ რომ ისინი ბიზანტიის იმპერიის კანონიერ მემკვიდრეს წარმოადგენდნენ. კომნენოსების დინასტია საყოველთაო პატივისცემითა და აღიარებით სარგებლობდა მთელს ახლო აღმოსავლეთში, რაც საკმარისი იყო ნდობისა და უსაფრთხოების განცდის შექმნისთვის. ასევე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 1204 წლამდე ალექსისა და დავითის პაპა, ანდრონიკე I კომნენოსი, ორი წლით ადრე სანამ ბიზანტიის იმპერატორი გახდებოდა პონტოს რეგიონს განაგებდა. კომნენოსების მიმართ მოსახლეობაში არსებული სიყვარული, წარმატებით გამოიყენეს კომნენოსმა ძმებმა. ალექსი ხალდიის თემში გამაგრდა და მისი რეზიდენცია ტრაპიზონი გახდა,[12] ხოლო დავითი პაფლაგონიაში გადავიდა და რეზიდენციად ჰერაკლეა შეარჩია.[13] კომნენოსების და ტრაპიზონელი მოსახლეობის საერთო ინტერესებმა განაპირობა ახალი მმართველების მიმართ მოსახლეობის ლოიალურობა და მათი მშვიდობიანად დამოჩილების (გარდა ამისოსია).
1206 წლიდან დავითი „ივერთა რაზმით“ ბევრჯერ მონაწილეობდა შეთქმულებებსა და ომებში ნიკეისა და ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ. იმპერიის არსებობის პირველ წლებში საიმპერატორო დომენი სანგარიუსის (დღევანდელი საქარია) რეგიონიდან ნიკომედიამდე (დღევანდელი იზმითი) ვრცელდებოდა. 1205 წელს, ნიკეის იმპერატორის თეოდორე I ლასკარისის (1205–1222) მიერ დავით კომნენოსის (1204–1212) დამარცხების შემდეგ კი საზღვარი ჰერაკლეამდე გადმოიწია. ჰერაკლიასთან მარცხის შემდეგ, დავითის სამფლობელო ლიმიტირებული იქნა სინოპით, თუმცა საზღვრები არც შემდეგ იყო სტაბილური. დავითი იძულებული გახდა პაფლაგონიაში გადასულიყო, სადაც სიკვდილამდე ბერად აღიკვეცა.
ალექსი I-ის (1204–1222) სამფლობელო მოიცავდა ტერიტორიას მდ. ფაზისიდან (რიონი) ქ. თემისკირამდე (დღევანდელი ჩარშამბა), მის სამფლობელოში ასევე შედიოდა ყირიმის ნახევარკუნძულის ზოგიერთი ქალაქებიც და პერატეია (ტრაპიზონის ზღვისგადაღმა ტერიტორია ქერსონესის ირგვლივ). დავითის გარდაცვალების შემდეგ ალექსი პონტოს ერთპიროვნულ მმართველად და ტრაპიზონის იმპერიის დამაარსებლად გადაიქცა. ტრაპიზონის გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობა, მისი ფინანასური მნიშვნელობა და რეგიონში არსებული ძლიერი ბიზანტიური ელემენტი, გადამწყვეტი ფაქტორი გახდა სახელმწიფოს კონსოლიდაციის.
კონსტანტინოპოლის განთავისუფლების იდეა
რედაქტირებაროგორც ჩანს კომნენოს ძმებს პონტოს განთავისუფლების შემდეგ შემუშავებული ჰქონდათ კონსტანტინოპოლის განთავისუფლების იდეა ისევე, როგროც იმ ქვეყნების იდეოლოგიის გამგრძელებლებს, რომლებიც ლათინთა მიერ კონსტანტოპოლის აღების (1204) შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. პონტოს რეგიონი მუდმივად ხასიათდებოდა ცენტრიდანული ტენდეციებით, ჯერ კიდევ მაშინაც, როდესაც თეოდორე გარბასმა დაახლ. 1075 წელს სელჩუკთა სახელმწიფოსგან გაანთავისუფლა ტრაპიზონი და მის გარდაცვალემაბდე (1098 წელი) კოლონეიამდე და ბაიბურთამდე გადაჭიმული რეგიონის დამოუკიდებელ მმართველად გადაიქცა. როგორც ჩანს ტრადიციულად სეპარატისტულ გარემოში, ექსპანსური მიდრეკილება 1204 წელს კონსტანტინოპილის დაცემის შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ხელს უწყობდა ალექსი და დავით კომნენოსის ამბიციებს გაენთავისუფლებინათ კონსტანტინოპილი, რადგან ისინი ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ თვლიდნენ თავს.
კავშირი კონსტანტინოპოლის დაცემასთან
რედაქტირებაკომნენოსების სახელმწიფო 1204 წლის აპრილში შეიქმნა. ლათინთა იმპერია 1204 წლის 13 აპრილს. არსებობს ვარაუდი, რომ ტრაპიზონის დაპყრობის გეგმა, ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე არსებობდა და შესაძლოა უკავშირდებოდეს 1203 წლის 18 ივლისის მოვლენებს, როდესაც ჯვაროსნებმა პირველად გაილაშქრეს კონსტანტინოპოლზე. ტრაპიზონის ჩამოყალიბება არ უკავშირდება ლათინთა მიმართ „ბიზანტიური“ წინააღმდეგობის ტალღას, არამედ პროდუქტია სხვადასხვა მიზეზებისა. ზურაბ ავალიშვილმა ახალი სამეფოს დაარსების რამდენიმე მიზეზი გამოყო: 1. ბიზანტიის პოლიტიკური კრიზისი, ჯვაროსანთა ინტერვენცია. 2. ტრაპიზონისა და ჭანეთის მხარის ძველი ავტონომია. 3. კომნენოსთა საგვარეულოს სამი თაობის ხანგრძილივად საქართველოში ცხოვრება (კომნენების ჩამომავალია ანდრონიკაშვილების საგვარეულო). 4. იკონიასთან ბრძოლისათვის ბიზანტიის აღდგენის ცდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Dashkov, S. B. (Sergeĭ B.), 1968- (1997). Императоры Византии. Krasnai͡a ploshchadʹ. ISBN 5-87305-002-3. OCLC 39706759.
- ↑ 2.0 2.1 Cyril Toumanoff (1940). On the relationship between the founder of the empire of Trebizond and the Georgian Queen Thamar.. Mediaeval Academy of America. OCLC 80827873=299–312.
- ↑ Michel Kuršanskis (1977). L'Empire de Trébizonde et la Géorgie. PERSEE, გვ. 237–256. OCLC 754218820.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Alexander Mikaberidze (2015). Historical dictionary of Georgia. Rowman et Littlefield, გვ. 613. ISBN 978-1-4422-4145-9. OCLC 913867041.
- ↑ 5.0 5.1 Vasilev, A. A. (Aleksandr Aleksandrovich), 1867-1953. (1936). The foundation of the Empire of Trebizond 1204-1222. Medieval Academy of America, გვ. 5-18. OCLC 43154237.
- ↑ Kazhdan, Alexander, ed. (1991). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. p. 63. ISBN 0-19-504652-8.
- ↑ Трапезунтская империя Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона
- ↑ ბასილი ეზოსმოძღვარი - "ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი" [142)
- ↑ ბასილი ეზოსმოძღვარი - "ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა თამარისი" [142]ორიგინალი ტექსტი (ქართ.)
„ცნა რა ესე თამარ მეფემან ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ, და ამით უმეტეს არცხჳნა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი, და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტ[ი]ორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი.“.
- ↑ Βασίλιεφ, Α.Α., Η ίδρυση της Αυτοκρατορίας της Τραπεζούντας (reprint), Ποντιακά 1, Παμπούκης, Ι.Τ. (trans.) (Αθήνα 1947), p. 31.
- ↑ მიქაელ პანარეტოსი - "ტრაპიზონის ქრონიკა"სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებულია, რომ თამარ მეფე იყო ალექსი და დავით კომნენების დედის და (მისი და რუსუდანი იყო ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის შვილ მანუილის მეუღლე)ორიგინალი ტექსტი (ქართ.)
"მოვიდა დიდი კომნენოსი უფალი ალექსი, რომელიც წამოსული იყო დიდებულ ქალაქ კონსტანტინეპოლიდან, ხოლო გამოილაშქრა კი იბერიიდან მისი [მამიდის], თამარის, გულმოდგინებითა და ღვაწლით, და 22 წლისამ დაიპყრო ტრაპიზონი აპრილში, მე-7 ინდიქტიონს, 6712 [1204] წელს.“.
- ↑ Dieten, Ioannes A. van, ed. (1975-01-31). „Nicetae Choniatae Historia“: 639.72-73. doi:10.1515/9783110878721. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ Dieten, Ioannes A. van, ed. (1975-01-31). „Nicetae Choniatae Historia“: 638.69-639.72. doi:10.1515/9783110878721. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)