მარია ანტიოქიელი (1145-1182)

მარია ანტიოქიელი (ბერძ. Μαρία της Αντιόχειας; დ. 1145, ანტიოქია, ანტიოქიის სამთავრო — გ. 1182, კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია) — ანტიოქიის პრინცესა. ბიზანტიის დედოფალი 1161-1180 წლებში როგორც იმპერატორ მანუელ I-ის მეორე მეუღლე. ბიზანტიის იმპერატორ ალექსი II-ის დედა.

მარია ანტიოქიელი
ბიზანტიის დედოფალი
მმართ. წლები: 1161-1180
წინამორბედი: ბერთა ზულცბახელი
მემკვიდრე: აგნეს ფრანგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1145
ანტიოქია
გარდ. თარიღი: 1182, (36-37 წლის)
კონსტანტინოპოლი
მეუღლე: მანუელ I, ბიზანტიის იმპერატორი
შვილები: ალექსი II, ბიზანტიის იმპერატორი
დინასტია: რამნულფილდები
მამა: რაიმონ დე პუატიე, ანტიოქიის მთავარი
დედა: კონსტანცია ანტიოქიელი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია დაიბადა 1145 წელს ანტიოქიაში. იგი იყო ანტიოქიის მთავარ რაიმონ დე პუატიესა და მისი მეუღლის, კონსტანცია ანტიოქიელის ქალიშვილი.

1159 წელს ბიზანტიის დედოფალ ირინეს (ქალიშვილობაში ბერთა ზულცბახელი) გარდაცვალების შემდეგ, მის მეუღლეს, იმპერატორ მანუელ I კომნენოსს ორი ქალიშვილი დარჩა, რის გამოც მან მეორედ დაქორწინება განიზრახა. მანუელმა საცოლის ძიება ჯვაროსნულ სახელმწიფოებში დაიწყო, სადაც არჩევანი მარია ანტიოქიელზე შეაჩერა. 1161 წელს შედგა მანუელ I-ისა და მარიას ქორწინება, რითაც იგი ბიზანტიის დედოფალი გახდა. მართლმადიდებლად მონათვლის შემდეგ მარიას ბიზანტიელებმა სახელი შეუცვალეს და „ანა“ უწოდეს, თუმცა ისტორიაში მაინც მარია ანტიოქტიელის სახელითაა ცნობილი.

1168 წელს უნგრეთის პრინცმა ბელა არპადმა, რომელიც კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე ცხოვრობდა, იმპერატორ მანუელის გავლენით ცოლად შეირთო დედოფალ მარიას და, პრინცესა ანა ანტიოქიელი. ამის გამო დები ცოტა ხანს კიდევ იყვნენ ერთად, თუმცა 1172 წელს ბელა III უნგრეთის მეფე გახდა, რის გამოც ანამ მეუღლესთან ერთად დატოვა კონსტანტინოპოლი და უკანასკნელად იხილა თავისი დაც.

1169 წელს დედოფალმა მარია ანტიოქიელმა თავისი ერთადერთი შვილი, უფლისწული ალექსი გააჩინა. 1180 წელს მანუელ I გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი იმპერატორმა ალექსი II-მ დაიკავა. დაქვრივებულმა მარიამ დატოვა სამეფო კარი და მონაზვნად აღიკვეცა „ქსენიას“ სახელით, თუმცა რეალურად იგი განაგრძობდა ქვეყნის მართვას, როგორც ვაჟის დე ფაქტო რეგენტი.

დედა-დედოფალმა მარია ანტიოქიელმა დიდი როლი შეასრულა თავისი მაზლიშვილის, მარია კომნენასა და იერუსალიმის მეფის ქორწინებაში, რაც დიდწილად კონსტანტინოპოლის პატრიარქის დახმარებით მოხერხდა.

ალექსი II-ის მმართველობის პერიოდში ბიზანტიაში ძალიან გაძლიერდა იტალიელი ვაჭრებისა და ევროპელების გავლენა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ალექსიმ ცოლად საფრანგეთის მეფე ლუი VII-ისა და დედოფალ ადელ შამპანელის ასული, პრინცესა აგნეს ფრანგი შეირთო. ლათინთა მომძლავრებით უკმაყოფილო მარიამ 1182 წელს ჩამოიყვანა თავისი ქმრის ბიძაშვილი ანდრონიკე კომნენოსი, რომელიც იმპერატორმა მანუელმა გააძევა. მარიამ და ანდრონიკემ მალევე შეკრიბეს მოკავშირეები და კონსტანტინოპოლში ლათინთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს. მართალია მათ ევროპელი ვაჭრები მარტივად გაჟლიტეს, მაგრამ ალექსი II-ის სამეფო არმიასთან დამარცხდნენ. განრისხებულმა იმპერატორმა საკუთარი დედა დაატყვევა და კონსტანტინოპოლში გამოკეტა. მალევე, იმავე წელს დედა-დედოფალი მარია ანტიოქიელი მისივე ვაჟის ბრძანებით კონსტანტინოპოლში სიკვდილით იქნა დასჯილი. ამ დროს იგი დაახლოებით 36-37 წლის იყო.

იმპერატორი ალექსი II ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, 1183 წელს, 14 წლის ასაკში მოკლეს შეთქმულებმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lynda Garland, Byzantine Empresses: Woman and Power in Byzantium, AD 527-1204. Routledge, 1999.
  • Steven Runciman, A History of the Crusades, Vol. II: The Kingdom of Jerusalem. Cambridge University Press, 1952.
  • Warren Treadgold, A History of the Byzantine State and Society. Stanford University Press, 1997.
  • O City of Byzantium, Annals of Niketas Choniatēs, trans. Harry J. Magoulias. Wayne State University Press, 1984.
  • John Cinnamus, Deeds of John and Manuel Comnenus, trans. Charles M. Brand. Columbia University Press, 1976.
  • William of Tyre, A History of Deeds Done Beyond the Sea, trans. E. A. Babcock and A. C. Krey. Columbia University Press, 1943.
  • Brand, Charles M. (1991). "Maria of Antioch". In Kazhdan, Alexander (ed.). The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford. ISBN 9780195046526.