რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი (ესპ. Real Madrid Club de Fútbol, სიტყვასიტყვით: მადრიდის სამეფო საფეხბურთო კლუბი), ცნობილი, როგორც მადრიდის რეალი ან უბრალოდ რეალი — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მადრიდიდან.
სრული სახელი | Real Madrid Club de Fútbol[1] | |||
---|---|---|---|---|
დაარსდა | 6 მარტი, 1902 | |||
სტადიონი |
სანტიაგო ბერნაბეუ (ტევადობა: 81 044[2]) | |||
პრეზიდენტი | ფლორენტინო პერესი | |||
მწვრთნელი | კარლო ანჩელოტი | |||
კაპიტანი | ლუკა მოდრიჩი | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2023–24 | ჩემპიონი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„რეალი“ არის ყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში. ფიფამ დაასახელა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს პრიმერა დივიზიონის სარეკორდო 36 ტიტული; ესპანეთის თასის 20 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 10 ტიტული; ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო, 15 ტიტული, მათ შორის 3-ჯერ ზედიზედ (ჩემპიონატის მიმდინარე ფორმატის პირობებში) 2016–18 წლებში, რაც ყველა სხვა კლუბისთვის ჯერჯერობით მიუღწეველი შედეგია; უეფა-ს თასის 2 ტიტული; უეფა-ს სუპერთასის 5 ტიტული და საკონტინენტთაშორისო თასის 4 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მიანიჭა 1920 წელს, ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი“, „რეალ უნიონი“, „რეალ ბეტისი“ და „რეალ სარაგოსა“).
„რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.
გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ“ არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947 წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში.
„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „ბარსელონასთან“, რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე. „რეალი“ არის მსოფლიო უმდიდრესი კლუბი (€401 მილიონი) და ღირებულებით მე-2 (€950 მილიონით) 2008 წლის მონაცემებით[3][4]
ისტორია
რედაქტირებამადრიდში ფეხბურთი ლიბრე დე ენსენანცას სტუდენტებმა და პროფესორებმა შეიტანეს. მათ შორის რამდენიმე ოქსბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებული იყო.
1895 წელს მათ დააარსეს კლუბი „საფეხბურთო ცა“ (Football Sky), რომელიც კვირაობით თამაშობდა მონკლოაში. 1900 წელს იგი ორ კლუბად გაიყო: ახალი ფუტბოლ დე მადრიდი და ესპანიოლ დე მადრიდი. ამ უკანასკნელის პრეზიდენტი გახდა ხულიან პალასიოსი. 1902 წელს ეს კლუბიც გაიყო, რის შედეგადაც 1902 წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა მადრიდის საფეხბურთო კლუბი. მისი პირველი პრეზიდენტი იყო ხუან პადროს რუბიო. მოგვიანებით იგი მისმა ძმამ, კარლოსმა ჩაანაცვლა.
კლუბის თავდაპირველი სახელწოდება ასე ჟღერდა: „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლ“. გუნდი ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საგვარეულომ - პადროსებმა დააარსეს. „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ დაარსებისთანავე ჩაება საფეხბურთო ფერხულში და იმთავითვე მოწინავე პოზიციები დაიკავა. 1902 წელს ალფონს XIII ის გამეფებასთან დაკავშირებით, ესპანეთში მოეწყო თასის გათამაშება, რომელიც დღეს ესპანეთის თასის სტატუსს ატარებს, ზოგადად კი სამეფო თასად მოიხსენიებენ.
მადრიდის რეალის ისტორიაში პირველი ოფიციალური ტურნირი სწორედ 1902 წლის მეფის თასის გათამაშება იყო. იმ ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი მადრიდული საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი კარლოს პადროსი იყო.
სადებიუტო ტურნირში ახლადდაარსებულ კლუბს ხელი მოეცარა, მაგრამ მომდევნო წელს გუნდმა ფინალში თამაში უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლი“ ბილბაოს „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (ბილბაოს „ატლეტიკს“ მაშინ სწორედ „ატლეტიკო“ ერქვა).
1904 წელს, ანუ დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში - ესპანურმა კლუბმა უშუალო მონაწილეობა მიიღო უდიდესი საფეხბურთო ორგანიზაციის, ფიფას დაარსებაში.
ამ უცნაურმა მოვლენამ მადრიდის რეალის პირველ წარმატებებს დაუდო სათავე - 1905 წლიდან 1908 წლის ჩათვლით პარდოსების დაარსებულმა კლუბმა ზედიზედ 4 ჯერ იმარჯვა მეფის, ანუ ესპანეთის თასის გათამაშებაში. სხვათა შორის, ეს მიღწევა დღემდე სარეკორდოა, ამ ტურნირის ისტორიაში. მისი გამეორება მხოლოდ ერთხელ მოხერხდა და ისიც ბილბაოს ატლეტიკომ შეძლო 1930-33 წლებში.
სამეფო თასზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების გამო, ალფონს XIII-მ „მადრიდ კლუბ დე ფუტბოლს“, უდიდესი დამსახურების ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, სახელში დაურთო სიტყვა „რეალ“. მადრიდის „რეალის“ დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან მოდის. იმ დღიდან მოყოლებული კლუბმა სამეფოს სტატუსი შეიძინა. მართლია, მას შემდეგ რამდენიმე ესპანურმა კლუბმა სახელში საკუთარი ინიციატივით „რეალი“ ჩაიმატა (იგივე „რეალ მალიორკა“, „რეალ სოსიედადი“), მაგრამ პირენეის ნახევარ კუნძულზე ყველა აღიარებს, რომ ერთადერთი სამეფო კლუბი სწორედ მადრიდის „რეალია“.
მიუხედავად იმისა, რომ პადროსების დაარსებულმა კლუბმა მეფისგან ასეთი წყალობა მიიღო, გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა კუთვნილი პოზიციის დამკვიდრებას - დედაქალაქელებს „ბარსელონა“ და ბილბაოს „ატლეტიკი“, წარმატების მხრივ საგრძნობლად სჯობდნენ.
1910 წლიდან მოყოლებული მადრიდის „რეალს“ მძიმე პერიოდი დაუდგა - გუნდი წარმატების გამეორებას ვერა და ვერ ახერხებდა. ესპანეთის თასის გათამაშებაში კარგა ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - 1917 წელს.
1928-29 წლის სეზონი ესპანეთის ჩემპიონატებში სადებიუტო სეზონია. პრიმერა დივიზიონი სწორედ იმ წლების ჩემპიონატიდან იღებს სათავეს.
სასტარტო პირველობაზე მადრიდის „რეალმა“ ათ გუნდში მეორე ადგილი დაიკავა - თვრამეტი შეხვედრიდან თერთმეტი მოიგო და ექვსი წააგო. ამას ორი წლის მანძილზე ჩავარდნა მოყვა. მერე კი 1932 და 1933 წლებში მადრიდის „რეალი“ ზედიზედ ორჯერ ხდება ესპანეთის ჩემპიონი.
1943 წელს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ანტონიო სანტოს პერალბა თანამდებობიდან გადადგა და კლუბის მეთაურის სავარძელი სანტიაგო ბერნაბეუს დაუთმო, კაცს, რომლის სახელიც დღეს რეალთან ასოცირდება.
ახალმა პრეზიდენტმა გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა სანტიაგოს იმდენად უყვარდა „რეალი“, რომ მალე „შვილობილი“ მსოფლიოს უძლიერეს კლუბად აქცია.
1946 წელს საგრძნობლად გაძლიერებულმა მადრიდის „რეალმა“ ათწლიანი შესვენების შემდეგ ესპანეთის თასი მოიპოვა. გუნდმა ტიტული მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნა.
1947 წლის 14 თებერვალს მადრიდში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტის საპატიცვემულოდ „ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუ“ ეწოდა. ეს სტადიონი უფრო თანამდეროვე იყო, ვიდრე 20-იან წლებში აგებული 22 ათასიანი „ჩამარტინი“.
„რეალის“ მაისური ბევრმა სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა მოირგო: არგენტინელმა ექტორ რიალმა, ფრანგმა რაიმონ კოპამ, ბრაზილიელმა დიდიმ, ურუგვაელმა ხოსე სანტა მარიამ, უნგრელმა ფერენც პუშკაშმა, ესპანელმა ვარსკვლავებმა: მარკოტოსმა, მუნიოსმა, ფრანსისკო ჰენტომ და სხვებმა, მაგრამ დონ სანტიაგოს პრეზიდენტობის დროს ყველაზე სარფიანი გარიგება, რაღა თქმა უნდა, ალფრედო დი სტეფანოს „რეალში“ მიწვევა იყო.
1956 წელს პირველად ჩატარდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშება. 13 ივნისს, პარიზში მადრიდის „რეალმა“ საფრანგეთის უძლიერესი კლუბი სტად დე რეიმსი 4:3 დაამარცხა და პირველად მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო კლუბის ტიტული.
შემდგომი 4 წლის მანძილზე „რეალმა“ არავის დაუთმო ჩემპიონთა თასი, რაც ამ ტურნირის ისტორიაში უნიკალური მიღწევაა და ალბათ, არც არასდროს განმეორდება.
50-იანი წლები, რომელიც უდავოდ მადრიდის „რეალის“ იყო, 60-იანმა წლებმა შეცვალა. ათწლეულის პირველი წელიწადი, ანუ 1960 წელი „რეალისთვის“ ბრწყინვალე გამოდგა - გუნდმა ჩემპიონთა თასზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, სძლია რა ფრანკფურტის „აინტრახტს“ 7:3. ეს შეხვედრა ბევრი საფეხბურთო ჟურნალისტის აღიარებით ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო მატჩი. იმავე წელს მადრიდის „რეალმა“ პირველად გათამაშებული საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.
60-იანი წლების მიწურულს მადრიდის „რეალი“ ნელ-ნელა დატოვეს გუნდის ლიდერებმა. კლუბმაც ბებერ კონტინენტზე წამყვანი პოზიციები დათმო - მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მადრიდის „რეალს“ კვლავ არ ჰყავდა ბადალი, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში სამეფო კლუბი ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა.
1975 წელს მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის თანამდებოდიდან გადადგა დონ სანტიაგო ბერნაბეუ. მისი ხელმაძღვანელობით მადრიდის „რეალმა“ არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად 29 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი16-ჯერ, ექვსჯერ ესპანეთის თასი და ჩემპიონთა თასი, ერთხელ კი საკონტინენტთაშორისო თასი.
1978 წელს დონ სანტიაგო ბერნაბეუ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი გზის გამგრძელებლებმა „რეალისთვის“ ძველი დიდების დაბრუნება ვერადა ვერ მოახერხეს. კლუბი საუკეთესო იყო ესპანურ სარბიელზე. ჯილდოს ჯილდოზე იგებდა, მაგრამ ევროარენაზე გამარჯვებას საშველი არ დაადგა.
1981 წელს მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა, მაგრამ ესპანელებს იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბმა „ლივეპულმა“ აჯობა. სხვათა შორის, მადრიდის „რეალი“ თბილისელმა გულშემატკივარმა სწორედ იმ წელს იხილა - 1981 წლის გაზაფხულზე თბილისის მაშინდელ ვ.ი ლენინის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მოსკოვის „სპარტაკმა“ „რეალს“ უმასპინძლა. ის თამაში ფრედ - 0:0 დამთავრდა.
რაც შეეხება მადრიდის „რეალისა“ და „დინამოს“ დაპირისპირებას, ეს მოხდა 1981 წელს. მადრიდში, „დონ სანტიაგოს თასი“ გათამაშდა, რომლის ნახევარფინალში „რეალმა“ თბილისის „დინამოს“ 4:2 სძლია. სწორედ ამ შეხვედრაში მოსტეხა მადრიდელმა მცველმა ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი. სხვათა შორის, იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად და საუკეთესო მოთამაშედ დინამოელები დასახელდნენ - შესაბამისად, რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი.
1985-86 წლებში მადრიდის „რეალმა“ 2 ჯერ მოიპოვა უეფას თასი, პრიმერა დივიზიონში კი ზედიზედ 5 გამარჯვებისგან შემდგარი სერია გამოაცხო.
90-იანი წლების დასაწყისი „რეალისთვის“ მძიმე გამოდგა-კლუბი ვერა და ვერ ახეხებდა უპირველესი კონკურენტის, „ბარსელონას“ ჩრდილიდან გამოსვლას.
90-იანი წლების ბოლო და 2000-იანების დასაწყისი რეალისთვის წარმატებული ეპოქა იყო. გუნდმა სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება. თუმცა 2004 წლიდან გუნდს ჩავარდნა დაეწყო. რეალი წლების მანძილზე ვერ ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც კი. 2010 წლიდან გუნდს სათავაში ჩაუდგა ჟოზე მოურინიო. რეალი ზედიზედ ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, 2011 წელს მოიგო ესპანეთის თასი, დაამარცხა რა ფინალში „ბარსელონა“, ხოლო 2012 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2013 წელს გუნდმა ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო. წარუმატებლობის გამო გუნდიდან გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო; იგი ამ თანამდებობაზე შეცვალა კარლო ანჩელოტიმ.
ანჩელოტის მოსვლის დღიდან გუნდში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ეს ყველაფერი იმ მიღწევებით გამოიხატა რასაც მადრიდულმა კლუბმა 2013/2014 წლების სეზონში მიაღწია. ანჩელოტიმ როგორც მას იტალიაში ეძახიან „პაპა კარლომ“ გუნდში მოსვლისთანავე პირველივე სეზონში შეძლო ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. იმას რასაც გულშემათკივარი 12 წელი ელოდა და ის რაც ყველა მადრიდელს მონატრებული ჰქონდა მათ პაპა კარლომ ეს ნატვრა პირველივე სეზონში აუსრულა და სანუკვარი „ლა დესიმა“ მოაგებინა. უმნიშვნელოვანესი წარმატებების მიუხედავად, კლუბის მენეჯმენტმა კარლო ანჩელოტის ჩანაცვლება გადაწყვიტა და 2015 წლის 3 ივნისიდან „მადრიდის რეალის“ მთავარ მწვრთნელად ესპანელი რაფაელ ბენიტესი დაინიშნა, თუმცა კლუბში მისი მოღვაწეობა მეტად ხანმოკლე გამოდგა. გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რაფას მიერ დამოძღვრილი გუნდის შედეგების გამო, ხოლო პირველივე ელ კლასიკოში გამანადგურებელი ანგარიშით (4-0) დამარხცხებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა მისი მადრიდული კარიერა. 2016 წლის 4 იანვარს რაფაელ ბენიტესმა გუნდი დატოვა და ადგილი ახალბედა ზინედინ ზიდანს დაუთმო.
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის „მადრიდის რეალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნნას ბევრი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა წარმოუდგენელი წარმატებებისკენ აიღო სვლა. დანიშვნიდან ხუთი დღის შემდეგ ზიდანის შეგირდებმა მისი ხელმძღვანელობით გამართულ პირველივე შეხვედრაში „ლა-კორუნიის დეპორტივოს“ 5 უპასუხო გოლი გაუტანეს. ზიდანის პირველი სერიოზული გამოცდა „ელ კლასიკოს“ სახით სულ მოკლე პერიოდში შედგა, რაც წარმატებით იქნა დაძლეული. მადრიდელებმა „ბარსელონას“ 39 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს და თავიანთვე მოედანზე ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. ზიდანის თაოსნობით გუნდმა წარმატებული სვლა განაგრძო ჩემპიონთა ლიგაზეც. ფინალში თანაქალაქელი „მადრიდის ატლეტიკოს“ დამარცხების შედეგად, „რეალ მადრიდი“ „ლა უნდესიმას“, მე-11 ჩემპიონთა თასს დაეუფლა. 2016-17 წლის სეზონი ზიდანის გუნდის სრული ტრიუმფით წარიმართა. სეზონის სტარტზე მოგებულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს (2016 წლის 18 დეკემბერს), სეზონის ბოლოს უკვე უმნიშვნელოვანესი, რიგით 33-ე ესპანეთის ჩემპიონობა მოჰყვა, ხოლო სეზონის კულმინაცია ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მე-12 („ლა დუოდესიმა“) გამარჯვება გახდა. იმის გარდა, რომ 12 ჩემპიონთა თასი აბსოლუტური რეკორდია გათამაშების არსებობის ისტორიაში, ეს გამარჯვება სხვა მხრივაც აღსანიშნავია რადგან, აქამდე ევროპის ჩემპიონთა ლიგა (გათამაშების მიმდინარე ფორმატის პირობებში) ზედიზედ ორჯერ არც ერთ გუნდს არ მოეგო. „მადრიდის რეალი“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ამ ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული შეინარჩუნა. მადრიდის რეალმა ევროპის ჩემპიონის რანგში ზედიზედ მეორედ იასპარეზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. 2017 წლის 16 დეკემბერს ფინალში რეალმა რონალდოს მიერ გატანილი გოლით ბრაზილიური გრემიო დაამარცხა და კვლავ სარეკორდო, ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 2017-18 წლის სეზონი რეალისთვის წარუმატებელი გამოდგა ქვეყნის შიდა ასპარეზზე. ესპანეთის სამეფო თასის გათანაშებას გუნდი ადრეულ სტადიაშივე გამოეთიშა, ხოლო ლა ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა და გაჩემპიონებულ ბარსელონას მთელი 17 ქულით ჩამორჩა. სამაგიეროდ რეალმა კვლავ გაიბრწყინა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე. დაამხო რა საკუთარივე რეკორდი, ზიდანის გუნდი ზედიზედ მესამედ გაჩემპონდა ამ ტურნირზე. ტურნირის მანძილზე მადრიდელებმა ისეთი გუნდები ჩამოიცილეს, როგორებიცაა პსჟ, მიუხენის ბაიერნი, ტურინის იუვენტუსი, ხოლო ფინალში ლივერპულიც დაამარცხეს და ლა დესიმოტერსერას, მეცამეტე თასს დაეუფლნენ. გამარჯვების შემდეგ სულ ცოტა ხანში გუნდში რადიკალური ცვლილებები მოხდა. ყველასათვის მოულოდნელად თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ზინედინ ზიდანმა. მისი განმარტებით, იმ უზარმაზარი წარმატებების შემდეგ, რასაც გუნდმა მისი მწვრთნელობისას მიაღწია, საჭირო იყო ცვლილებები, რაც პირველ რიგში ახალი დამრიგებლის შერჩევას გულისხმობდა. ზიდანის წასვლის შემდეგ მეორე მოულოდნელობა იყო გუნდის უდავო ლიდერის და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერიც. 9 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ რონალდომ რეალის დატოვება და კარიერის ტურინის იუვენტუსში გაგრძელება გადაწყვიტა. ეს ცვლილებები გარკვეულწილად მოულოდნელი აღმოჩნდა გუნდის პრეზიდენტისთვისაც. ფლორენტინო პერესს ძალიან მოკლე დროში მოუხდა გადაწყვეტილების მიღება და ახალი მწვრთნელის ძებნა. მან არჩევანი ხულენ ლოპეტეგზე შეაჩერა, რომელიც იმ დროისთვის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდა. ლოპეტეგიმ გუნდთან ერთად ვერ მიაღწია წარმატებას და ცუდი შედეგების გამო მოხსნეს, მის ადგილას დანიშნული იქნა სანტიაგო სოლარი, თუმცა ვერც მან მოახერხა მიეღწია წარმატებისათვის. 2019 წლის 11 მარტს გუნდის მთავარ მწვრთნელად ხელმეორედ დაინიშნა ზინედინ ზიდანი, რომელმაც გუნდს 2019-2020 წლების სეზონში ლა ლიგა მოაგებინა.
შემადგენლობა
რედაქტირება2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით.[5] შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
პრეზიდენტები
რედაქტირებაარსებობის მანძილზე „რეალი“ იმართებოდა კლუბის წევრებისაგან შემდგარი ჯგუფისაგან, რომელსაც ე.წ. სოსიოსი ჰქვია. ყველაზე დიდ ხანს სამეფო კლუბის პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ იყო, რომელიც რეალის პირველი პირი 35 წლის მანძილზე (1943-1978 წ.წ.) იყო. 2000 წლის ივლისიდან გარდაცვალებამდე (2014 წლის 7 ივლისი), სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა ალფრედო დი სტეფანოს ეკავა. კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია.
სახელი | -დან | -მდე |
---|---|---|
ხულიან პალასიოსი | 1900 | 1902 |
ხუან პადროსი | 1902 | 1904 |
კარლოს პადროსი | 1904 | 1908 |
ადოლფო მელენდესი | 1908 | 1916 |
პედრო პარახესი | 1916 | 1926 |
ლუის დე ურკიხო | 1926 | 1930 |
ლუის უსერა | 1930 | 1935 |
რაფაელ სანჩეს გუერა | 1935 | 1936 |
ადოლფო მელენდესი | 1936 | 1940 |
ანტონიო სანტოს პერალბა | 1940 | 1943 |
სანტიაგო ბერნაბეუ იესტე | 1943 | 1978 |
ლუის დე კარლოსი | 1978 | 1985 |
რამონ მენდოსა | 1985 | 1995 |
ლორენსო სანსი | 1995 | 2000 |
ფლორენტინო პერესი | 2000 | 2006 |
რამონ კალდერონი | 2006 | 2009 |
ფლორენტინო პერესი | 2009 | - |
მწვრთნელები
რედაქტირებარეალის პირველი მწვრთნელი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო. მის შემდეგ სამეფო კლუბში სხვადასხვა დროს 41 სპეციალისტი მუშაობდა. ყველაზე დიდ ხანს „ბლანკოსს“ მიგელ მუნიოსი (1960-1974) უძღვებოდა, რომლის თავკაცობითაც სამეფო კლუბმა 424 მატჩი ჩაატარა. კლუბს ამჟამად ზინედინ ზიდანი წვრთნის.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ის მწვრთნელებია ნახსენები, რომლებმაც რეალს მინიმუმ ერთი ტიტული მაინც მოაგებინეს.
სახელი | დრო | ტიტულები | ჯამში | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შინასარბიელი | საერთაშორისო | |||||||||
პრ | ეთ | ეს | ლთ | ჩლ | უთ | უს | ფმსჩ | |||
არტურ ჯონსონი | 1910–20 | 0 |
5 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
5
|
ლიპო ჰერტსკა | 1930–32 | 1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1
|
რობერტ ფირსტი | 1932–34 | 1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1
|
ფრანსისკო ბრუ | 1934–41 | 0 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1
|
ხაკინტო კინკოსესი | 1945–46, 1947–48 | 0 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1
|
ბალტასარ ალბენისი | 1946–47, 1950–51 | 0 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1
|
ენრიკე ფერნანდესი | 1953–54 | 1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1
|
ხოსე ვილიალონგა | 1954–57 | 2 |
0 |
0 |
0 |
2 |
0 |
0 |
0 |
4
|
ლუის კარნილია | 1957–59, 1959 | 1 |
0 |
0 |
0 |
2 |
0 |
0 |
0 |
3
|
მიგელ მუნიოსი | 1959, 1960–74 | 9 |
2 |
0 |
0 |
2 |
0 |
0 |
1 |
14
|
მილიან მილიანიჩი | 1974–77 | 2 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
3
|
ვუიადინ ბოშკოვი | 1979–82 | 1 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
2
|
ლუის მელოუნი | 1974, 1977–79, 1982, 1985–86 | 3 |
3 |
0 |
1 |
0 |
2 |
0 |
0 |
9
|
ლეო ბეენჰაკერი | 1986–89, 1992 | 3 |
1 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
5
|
ჯონ ტოშაკი | 1989–90, 1999 | 1 |
0 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
2
|
ალფრედო დი სტეფანო | 1990–91 | 0 |
0 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1
|
ბენიტო ფლორო | 1992–94 | 0 |
1 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
2
|
ვისენტე დელ ბოსკე | 1994, 1999–2003 | 2 |
0 |
1 |
0 |
2 |
0 |
1 |
1 |
7
|
ხორხე ვალდანო | 1994–96 | 1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1
|
ფაბიო კაპელო | 1996–97, 2006–07 | 2 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
2
|
იუპ ჰაინკესი | 1997–98 | 0 |
0 |
1 |
0 |
1 |
0 |
0 |
0 |
2
|
გუუს ჰიდინკი | 1998–99 | 0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1 |
1
|
კარლუშ კეირუში | 2003–04 | 0 |
0 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
1
|
ბერნდ შუსტერი | 2007–08 | 1 |
0 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
2
|
ჟოზე მოურინიო | 2010–13 | 1 |
1 |
1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
3
|
კარლო ანჩელოტი | 2013–15 | 0 |
1 |
0 |
0 |
1 |
0 |
1 |
1 |
4
|
რაფაელ ბენიტესი | 2015–16 | 0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0
|
ზინედინ ზიდანი | 2016–18 | 1 |
0 |
1 |
0 |
3 |
0 |
2 |
2 |
9
|
ხულენ ლოპეტეგი | 2018–18 | 0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0
|
ზინედინ ზიდანი | 2019–21 | 1 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0 |
0
|
კარლო ანჩელოტი | 2021–დღემდე | 1 |
0 |
1 |
0 |
1 |
0 |
1 |
0 |
4
|
ამჟამინდელი ტექნიკური პერსონალი
რედაქტირებაპოზიცია | პერსონალი |
---|---|
მთავარი მწვრთნელი | კარლო ანჩელოტი |
მწვრთნელის თანაშემწე | დევიდ ანჩელოტი |
მწვრთნელის ტექნიკური თანაშემწე | ფრანცისკო მაური |
ფიტნეს მწვრთნელი | ანტონიო პინტუსი |
მეკარის მწვრთნელი | ლიუზ ლოპისი |
ფიტნეს მწვრთნელი/ტექნიკური თანაშემწე | ბენამინო ფულკო |
სპორტული თერაპევტი | ხოსე კარლოს გ.პარალესი |
ტაქტიკური ანალისტი | სიმონე მონტანარო |
მიღწევები
რედაქტირებაეროვნული ტურნირები (71)
რედაქტირებაეროვნული ტურნირები | ჩემპიონი | ვიცე-ჩემპიონი |
---|---|---|
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი (36/25) | 1932, 1933, 1954, 1955, 1957, 1958, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1967, 1968, 1969, 1972, 1975, 1976, 1978, 1979, 1980, 1986, 1987, 1988, 1989, 1990, 1995, 1997, 2001, 2003, 2007, 2008, 2012, 2017, 2020, 2022, 2024. | 1929, 1934, 1935, 1936, 1942, 1945, 1959, 1960, 1966, 1981, 1983, 1984, 1992, 1993, 1999, 2005, 2006, 2009, 2010, 2011, 2013, 2015, 2016, 2021, 2023. |
ესპანეთის თასი (20/20) | 1905, 1906, 1907, 1908, 1917, 1934, 1936, 1946, 1947, 1962, 1970, 1974, 1975, 1980, 1982, 1989, 1993, 2011, 2014, 2023. | 1903, 1916, 1918, 1924, 1929, 1930, 1933, 1940, 1943, 1957-58, 1959-60, 1960-61, 1967-68, 1979, 1983, 1990, 1992, 2002, 2004, 2013. |
ესპანეთის სუპერთასი (13/6) | 1988, 1989, 1990, 1993, 1997, 2001, 2003, 2008, 2012, 2017, 2020, 2022, 2024. | 1982, 1995, 2007, 2011, 2014, 2023. |
ესპანეთის ლიგის თასი (1/1) | 1985. | 1983. |
ევა დუარტეს თასი (1/0) | 1947. |
საერთაშორისო ტურნირები (30)
რედაქტირებასაერთაშორისო ტურნირები | ჩემპიონი | ვიცე-ჩემპიონი |
---|---|---|
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (5/0) | 2014, 2016, 2017, 2018, 2022. | |
საკონტინენტთაშორისო თასი (3/2) | 1960, 1998, 2002. | 1966, 2000. |
ჩემპიონთა ლიგა (15/3) | 1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966, 1998, 2000, 2002, 2014, 2016, 2017, 2018, 2022, 2024. | 1962, 1964, 1981. |
ევროპის სუპერთასი (5/3) | 2002, 2014, 2016, 2017, 2022. | 1998, 2000, 2018. |
ევროპა ლიგა (2/0) | 1985, 1986. | |
ევროპის თასების თასი (0/2) | 1971, 1983. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- რეალ მადრიდი Twitter-ზე
- კლუბის პროფილი Soccerway-ზე
- კლუბის პროფილი Transfermarket-ზე
გუნდის სიახლეები
- რეალის სიახლეები მარკა (ესპანურად)
- რეალის სიახლეები ასი (ესპანურად)
- რეალი სიახლეები სქაი სპორთსი (ინგლისურად)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Real Madrid Club de Fútbol. Liga de Fútbol Profesional. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-21. ციტირების თარიღი: 2021-09-01.
- ↑ „Santiago Bernabéu Stadium“. Real Madrid CF – Web Oficial.
- ↑ United rise but Real Madrid stays top. Deloitte UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-23. ციტირების თარიღი: 2021-09-01.
- ↑ Soccer Team Valuations. forbes.com.
- ↑ „Real Madrid's first team“. realmadrid.com.