ალექსანდრე ომიაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ომიაძე, ალექსანდრე)

ალექსანდრე (ალე) ასლანის ძე ომიაძე (დ. 21 აგვისტო, 1902, ჭიბრევი, ონის მუნიციპალიტეტი — გ. 27 ივლისი 1972, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1943), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1958)[1], სახელმწიფო პრემიის ლაურეატი [წყარო არ არის მითითებული 1346 დღე].

ალექსანდრე ომიაძე

კადრი ფილმიდან „მაგდანას ლურჯა“
ნანი ჩიქვინიძე („კატო“) და ალექსანდრე ომიაძე („გიგო პაპა“)
დაბადების სახელი ალექსანდრე ომიაძე
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1902
ჭიბრევი, ონის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 27 ივლისი, 1972 (69 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1916–1923 წლებში სწავლობდა ხაშურის გიმნაზიაში. აქვე შედგა პირველად ფეხი დრამწრის სცენაზე, ხოლო მოგვიანებით ხაშურის მუშათა თეატრში გამოდიოდა. 1923 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ერთწლიანი სწავლების შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საიდანაც 1926 წელს დაბრუნდა.

სამსახიობო მოღვაწეობა ხაშურის თეატრში დაიწყო 1926 წელს, სადაც ექვსი სეზონი დაჰყო. 1932–1935 წლებში იგი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. 1935 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მოწინავე მარჯანიშვილელთა რიგებში იდგა.

ალე ომიაძის სამსახიობო ხელოვნება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრში ჩამოყალიბდა. მაძიებელი, ნიჭიერი მსახიობის რეპერტუარი მუდამ აღსავსე იყო დიდი შინაგანი კეთილშობილებით, სითბოთი, მომხიბლავი სცენური სისადავითა დ გულწრფელობით განსახიერებული სახეებით. ქართულ თეატრს შემორჩა მსახიობის მიერ გაცოცხლებული გაბრო, ლორენცო, თორნიკე, პიკერინგი, ბალბოა, ილია ჭავჭავაძე, ანანია, მაქსიმ მაქსიმოვიჩი, გიორგი, ტირესი და სხვა.

ასეთივე გულწრფელი და სანდომიანი იყო მსახიობი კინოეკრანზეც. სადაც ფეხი პირველად 1939 წელს შედგა და სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა კინომოღვაწეობას თეატრის პარალელურად.

კინოში ალე ომიაძემ ოცზე მეტი როლი შეასრულა, რომელთაგან აღსანიშნავია: ზურაბ ერისთავი („გიორგი სააკაძე“, 1942), მეფე ვახტანგ VI („დავით გურამიშვილი“, 1946), გიორგი („ჭრიჭინა“, 1954), პაპა გიგო („მაგდანას ლურჯა“, 1955), პეპია („გლახის ნაამბობი“, 1961), ტარიელი („ტარიელ გოლუა“, 1967).

ალე ომიაძე სცენაზე და კინო ეკრანზეც განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ეროვნული ხასიათის გამოკვეთისას, უბადლო იყო ქართველი გლეხ-კაცის სახის განსახიერებისას.

დაჯილდოებულია „შრომის წითელი დროშისა“ და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დაკრძალულია მისი მეუღლე დარიკო გაბრიელის ასული ნაზარაშვილი (დ. 22 მაისი, 1905, ხაშური — გ. 2 ოქტომბერი, 1982, თბილისი) — საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მასწავლებელი. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრი

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 294, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ეროვნული ფილმოგრაფია