ეგრისის ქედი
ეგრისის ქედი, სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი — ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. წარმოადგენს კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივ გვერდით ქედს, მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს. სიგრძე 62 კმ, სიგანე 37 კმ. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ჭითაგვალა (3225 მ). ზღვის დონიდან 3000 მ-ზე მაღალი მწვერვალებია: ცალმაგი, ტეხურიშდუდი, ლაკუმურაშდუდი, დიდღალიდუდი, ოთეფურა, თხეიშიშდუდი და სხვა.
ეგრისის ქედი | |
---|---|
ეგრისის ქედი | |
კოორდინატები: 42°47′23″ ჩ. გ. 42°25′16″ ა. გ. / 42.789861° ჩ. გ. 42.421222° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | ჭითაგვალა |
სიმაღლე | 3226 მ |
სიგრძე | 62 კმ |
სიგანე | 37 კმ |
ამგებელი ქანები | პორფირიტი, კირქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ეგრისის ქედის უმეტესი ნაწილი აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებით, რომელიც ქმნის ქედის დაკბილულ თხემს, ქედის სამხრეთ პერიფერიულ ზოლში გავრცელებულია ცარცული კირქვები, რომლებითაც აგებულია კარსტული მასივები: წულიში, ყვირა, გაუჩა, მიგარია და ასხი. თხემზე შემორჩენილია პატარა მყინვარები და ძველი გამყინვარების კვალი.
ეგრისის ქედიდან სამხრეთისაკენ ჩამოედინება მდინარეები: მაგანა, ჭანისწყალი, ხობისწყალი, ტეხური, ჩრდილოეთისაკენ — თხეიში, კასლეთი და ხელედულას მარჯვენა შენაკადები. მაგანას სათავეებში, 2643 მ სიმაღლეზე, არის მყინვარული ტბა ტობავარჩხილი. სხვა ტბებიდან აღსანიშნავია ოხოჯა და დიდი ტობავარჩხილი.
ეგრისის ქედის კალთები 1200 მ-მდე შემოსილია კოლხური ფართოფოთლიანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), 2100 მ სიმაღლემდე — წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), უფრო ზემოთ — სუბალპური და ალპური მდელოებია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 543.