მდინარის კალმახი

(გადამისამართდა გვერდიდან ნაკადულის კალმახი)

მდინარის კალმახი, ნაკადულის კალმახი (ლათ. Salmo trutta fario) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა.[1] კუმჟას ქვესახეობა ან მორფი. მისი სხეულის სიგრძეა 20–80 სმ (იშვიათად 1 მ), წონა დაახლოებით 13 კგ. ზურგი წენგოსფერ-ყავისფერი და მოვერცხლისფრო-მოლურჯოა, მუცელი მოთეთრო-მოყვითალო. მუცლის მხარეს წითელი ლაქები გასდევს. ჩვეულებრივ, იწონის 2 კგ-მდე და ცხოვრობს 18 წლამდე. გვერდითი ხაზი შეიცავს 115–132 ქერცლს.[2]

მდინარის კალმახი

მდინარის კალმახი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
ქვეოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  ორაგული
სახეობა:  კუმჟა
ლათინური სახელი
Salmo trutta fario

გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპაში, პორტუგალიიდან ვოლგამდე (ცენტრალური ანატოლიის გამოკლებით). მოიპოვება ლაპლანდიაშიც. აგრეთვე გვხვდება ამიერკავკასიის და ჩრდილო კავკასიის მდინარეებში, შავი, აზოვის, კასპიის, ბალტიის, თეთრი ზღვების აუზებში. არ გვხვდება საბერძნეთში, კორსიკაზე, სარდინიასა და სიცილიაში. ტოფობს სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, უმეტესწილად ოქტომბერ-ნოემბერში. სატოფედ, ქვირითის დასაყრელად ხშირად მდინარეებისა და ნაკადულების ზემოთებში ადის. ქვირითს ყრის თავისივე მომზადებულ ორმოში და დაყრილ ქვირითს ქვიშის საფარველით ფარავს. ნაყოფიერება საშუალოდ 200–1500 ქვირითი. ხელსაყრელ პირობებში ორ წელიწადში აღწევს 500 გრ-ს.[2]

იკვებება წვრილი კიბოსნაირებით, მწერების მატლებითა და სხვა. მდინარის კალმახი საქართველოში ბინადრობს მთის ცივ, ჩქარ მდინარეებში, სუბალპურ და ზოგჯერ ალპურ ზონაშიც, იშვიათად ბარის მდინარეებშიც, მტკვარში, ტაშისკარიდან მდინარე ოკამამდე და ზევით. მტკვრის შენაკადებში: ხრამში, არაგვში საგურამოდან ქსნამდე, ლიახვში, ბორჯომულაში, ფოცხოვისწყალში, ფარავანში, ალაზანსა და მის შენაკადებში, ჭოროხში; წალკის, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში.[3]

2006 წლიდან მდინარის კალმახი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და მინიჭებული აქვს მოწყვლადი კატეგორია. 2016 წლიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.[4] აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ შაორის წყალსაცავში 600 ცალი მდინარის კალმახი გაუშვა.[5] 2020 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ პოპულაციის აღდგენის მიზნით 700-მდე ნაკადულის კალმახი მდინარე ხრამში, დაშბაშის კანიონის ხეობაში გაუშვა. [6] 2022 წელს 110 000-მდე ქვირითით დათევზიანდა მდინარეები ჭივჭავი, ხრამი და ალგეთი (ალგეთის ეროვნული პარკი), 30 000-მდე ქვირითით — ფშავის არაგვი, 100 000-მდე ქვირითით — მდინარეები ოცხე, სკინთავა და ჩიხურა.[4]