მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

დღევანდელი ვითარება ყარაბაღში
თარიღი 1988-2024
ძირითადი ფაზა: 1988–94
მდებარეობა მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
შედეგი მიმდინარეობს
მხარეები
სომხეთის დროშა სომხეთი
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
შეიარაღების მიმწოდებელი:
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი

მხარდაჭერა:

შეიარაღების მიმწოდებელი:

მეთაურები
ამჟამინდელი:
სომხეთის დროშა ნიკოლ ფაშინიანი (პრემიერ-მინისტრი)
სომხეთის დროშა სეირან ოჰანიანი (თავდაცვის მინისტრი)
სომხეთის დროშა არტაკ დავთიანი (შტაბის უფროსი)
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა არაიკ ჰარუთიუნიანი (მყრ პრეზიდენტი)
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა კამო ვარდანიანი (მყრ თავდაცვის მინისტრი)
ამჟამინდელი:
აზერბაიჯანის დროშა ილჰამ ალიევი
(პრეზიდენტი, მთავარსარდალი)
აზერბაიჯანის დროშა ზაქირ ჰასანოვი (თავდაცვის მინისტრი)
აზერბაიჯანის დროშა ქარიმ ვალიევი (გენერალური შტაბის უფროსი)
ძალები
ყარაბაღის არმია
სომხეთის შეიარაღებული ძალები
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
214 ჯარისკაცი, 16 სამოქალაქო პირი (2008–2016)
~2,000 (1994–2017, ტატულ აკობიანის ცნობით) მოკლული[9]
1,008 ჯარისკაცი და 90+ სამოქალაქო პირი მოკლული, 1,205 ჯარისკაცი და 140 სამოქალაქო პირი დაიჭრა, 30+ ჯარისკაცი და 12 სამოქალაქო პირი ტყვე (1994–2016)[10]
28,000–38,000 მოკლული (1988–1994)[11][12][13]
3,000 მოკლული (მაისი 1994–აგვისტო 2009)[14]
407–467+ მოკლული (2010–2016)
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ვიკისაწყობში

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი — ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და მის გარეთ შვიდი მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომლებიც დე-ფაქტო თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ კონტროლირდება, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დე-იურე აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად. კონფლიქტი XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, როდესაც სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონი, იოსებ სტალინის გადაწყვეტილებით, საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადაკეთდა.[15] რეგიონი იქცა ანკლავად აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რომელსაც სომხეთთან სახმელეთო საზღვარი არ ჰქონდა. საბჭოთა პერიოდში, ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად სომხებისგან შედგებოდა, რომლებიც ავტონომიური ოლქის ჩამოყალიბების პირველ წლებში მოსახლეობის 89 %-ს ხოლო 1989 წელს 76%-ს შეადგენდნენ. დღევანდელი კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ყარაბაღის სომხებმა მოისურვეს, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. შედეგად დაწყებული სამხედრო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, რეგიონი ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებმაც ყარაბაღის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1994 წელს, ბიშკეკის პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, კონფლიქტი ძირითადად გაყინულია, თუმცა, მხარეებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მაინც გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა 2016 წლის აპრილის დასაწყისში მომხდარი, ოთხდღიანი ომის სახელით ცნობილი დაპირისპირება იყო.

ისტორიული წარსული

რედაქტირება

ყარაბაღის ტერიტორია, ისტორიულად, დიდი სომხეთის თხუთმეტი პროვინციიდან ერთ-ერთად ითვლებოდა. მოგვიანებით, ყარაბაღი, კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში იყო და სწორედ ყარაბაღში, განძასარის მონასტერში იყო, მოგვიანებით სომხურ სამოციქულო ეკლესიას დაქვემდებარებული, ალბანეთის კათოლიკოსთა რეზიდენცია, რომელთაც ეს ტიტული, სომხური ეკლესიის შემადგენლობაშიც, ეპარქიის ტერიტორიების ისტორიული წარსულის გამო შეინარჩუნეს. კავკასიაში არაბთა შემოსევების პერიოდში, რეგიონი, როგორც იმ პერიოდის სამხრეთ კავკასიის დიდი ნაწილი, არაბთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. XIII-XVII საუკუნეებში რეგიონი, ხაჩენის სამთავროს და მისი მმართველების - სომხური წარმოშობის, ჰასან-ჯალალიანთა დინასტიის მიერ იმართებოდა. რეგიონში სპარსეთის გავლენის ზრდასთან ერთად, ხაჩენის სამთავრომ არსებობა შეწყვიტა და მის მაგივრად, რეგიონში ხუთი სამელიქო წარმოიქმნა, რომლებიც კოლექტიურად არაბული სიტყვით - ხამსით (ხუთეული) იყვნენ ცნობილი და სპარსეთის შაჰის ვასალები იყვნენ.

XVIII საუკუნეში, სპარსეთის შიგნით პოლიტიკური კრიზის გაღმავებასთან ერთად რეგიონულმა მმართველებმა საკუთარი ძალაუფლების საზღვრების გაფართოება დაიწყეს. 1747 წელს, ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ, სპარსეთში დაძაბული სიტუაციით ისარგებლეს ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები გავლენიანი თიურქული გვარის - ჯავანშირთა წარმომადგენლებმა და ადგილობრივ მელიქებს შორის არსებული მტრობის გამოყენებით, ეს უკანასკნელნი რეგიონის მართვას მეტწილად ჩამოაშორეს. შეიქმნა ყარაბაღის სახანო, რომელსაც სათავეში ფანაჰ ალი ხანი ჩაუდგა. 1762 წელს, ქერიმ ხანმა აღადგინა სპარსეთის სუვერენობა კავკასიის სახანოებზე. მიუხედავად კავკასიის სახანოების მმართველების ამბიციებისა, მათი ყოფნა სპარსეთის შემადგენლობაში 1805 წლამდე გაგრძელდა. 1805 წელს რუსეთის ჯარმა, სხვა კავკასიის სახანოებთან ერთად ყარაბაღიც დაიკავა, ხოლო 1813 წლის გულისტანის ზავმა,ყარაბაღის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლა იურიდიულად დააკანონა.

1822 წელს ყარაბაღის სახანო იურიდიულადაც გაუქმდა და მისი ტერიტორიებისაგან რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული ჩამოყალიბდა. 1826 წელს, სპარსეთმა კიდევ ერთხელ სცადა კავკასიაში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ და თურქმენჩაის ზავით, ახალი ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, გულისტანის ზავის პირობების კიდევ ერთხელ აღიარება მოუწია.

რუსეთის იმპერიის პერიოდში, ყარაბაღში სომხური მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მათსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობები თანდათან იძაბებოდა და თანამედროვე კონფლიქტის ფესვებიც 1905-1907 წლების სომხურ-აზერბაიჯანულ შეტაკებებამდე მიდის. ამ პერიოდში, ყარაბაღი, ეთნიკური დაპირისპირების ერთ-ერთი ცენტრი იყო. 1905 წლის ზაფხულში ყარაბაღის ქალაქ შუშაში დიდი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რასაც ორივე მხრიდან განსაკუთრებული რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა.

1918 წელს, რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიაზე კონტროლის დაკარგვასთან ერთად, კავკასიის სამეფისნაცვლოც ოფიციალურად გამოეყო რუსეთს და ცოტა ხანში მის ნაცვლად სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს რესპუბლიკები დაარსდა. ყარაბაღზე პრეტენზია გამოთქვა როგორც აზერბაიჯანმა, ისე სომხეთმა, დამოუკიდებლობის პერიოდში, ყარაბაღი ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაპირისპირების საგანი იყო. აზერბაიჯანის და სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის ივლისში, საბჭოთა ხელისუფლებამ, თბილისში, ყარაბაღის საკითხის გადასაწყვეტად საგანგებო სხდომა გამართა, რომელმაც, რეგიონი თავდაპირველად სომხეთს მიაკუთვნა, თუმცა ორი დღის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და რეგიონი, აზერბაიჯანის საკუთრებაში დატოვა. ამ გადაწყვეტილების უკან თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის და მეგობრობის ხელშეკრულება იდგა, რომლის მიხედვითაც, თურქეთის მოთხოვნით, ყარაბაღი და ნახიჭევანი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, ხოლო თურქეთი დიდი ალბათობით ამ ცვლილების ერთ-ერთი გარანტორი იყო. 1923 წელს კი, ყარაბაღმა ოფიციალურად მიიღო ავტონომიური ოლქის სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში, რასაც სომხების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და მათ მთავარ მიზნად ყარაბაღის კვლავ სომხეთის შემადგენლობაში დაბრუნება აქცია, თუმცა ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

1987-1990 წლები: კონფლიქტის გამოღვიძება

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის სათავეში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ დაწყებულმა ლიბერალიზაციის ტალღამ და რეფორმებმა, სომხებს შორის გამოაღვიძა იმის იმედი, რომ ყარაბაღის სომხეთის კონტროლის ქვეშ გადასვლა შესაძლებელი იყო და როგორც ყარაბაღელ, ისე სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის მკვიდრ სომხებში ამ საკითხის გარშემო მობილიზაცია დაიწყო.

კონფლიქტის პირველ ნაპერწკლად იქცა, 1987 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე, სომხებით დასახლებულ სოფელ ჩარდახლიში, ეროვნებით აზერბაიჯანელი კოლმეურნეობის თავმჯდომარის დანიშვნა, რასაც სოფლის ეროვნებით სომეხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც ერევნამდე მიაღწია, სადაც უკვე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები სხვა საკითხზე, თუმცა ჩარდახლიდან მოსული ამბების შემდეგ, აქციების პათოსი შეიცვალა და მისმა მონაწილეებმა ღიად დაიწყეს ყარაბაღის და ნახჭევანის სომხეთისათვის გადაცემის დღის წესრიგში დაყენება. საბჭოთა ხელისუფლების რეაქცია თავდაპირველად პასიური იყო, რამაც მოვლენების მონაწილე მხარეები უფრო მეტად წააქეზა და 1988 წლის 20 თებერვალს, მთიანი ყარაბაღის საოლქო საბჭომ გამოსცა დეკლარაცია, რომელსაც საბჭოს ყველა სომეხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და რომელიც საბჭოთა კავშირის და საბჭოთა აზერბაიჯანის მთავრობებს სთხოვდა ყარაბაღი სომხეთისათვის გადაეცათ. ამავე დროს, სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილები მიეტოვებინა. სომხეთში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანში გადასვლა ჯერ კიდევ 1987 წლის ბოლოდან, ჩარდახლის ინციდენტის შემდეგ დაიწყეს და უკვე 1988 წლის იანვრის ბოლოს, სომხეთიდან დევნილი აზერბაიჯანელების ნაწილი უკვე ბაქოში იყო.

პირველი შეიარაღებული შეტაკება ყარაბაღის საოლქო საბჭოს დეკლარაციას მოჰყვა. ყარაბაღის აზერბაიჯანული მოსახლეობა, პროტესტის მიზნით ქუჩებში გამოვიდა და პირველი შეტაკება 1988 წლის 22 თებერვალს, ქალაქ ასკერანში მოხდა. ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტისკენ დაძრულ აზერბაიჯანელებს გზა რეგიონში შეყვანილმა მილიციის და ჯარის ნაწილებმა გადაუკეტეს, რასაც შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა პოლიციას, აზერბაიჯანელებს და ადგილობრივ სომხებს შორის. კონფლიქტს ორი აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეეწირა.

ასკერანის მოვლენებმა აზერბაიჯანში დიდი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რომელიც მალე მთელ აზერბაიჯანს მოედო და ეთნიკურ სომხებზე თავდასხმებში გადაიზარდა. 1988 წლის 27 თებერვლის საღამოს, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სუმგაითში აზერბაიჯანელებმა ქალაქში მცხოვრებ სომხებზე თავდასხმები დაიწყეს, რასაც ათობით სომეხი ემსხვერპლა; სუმგაითში მცხოვრები სომხები იძულებულები გახდნენ ქალაქი და აზერბაიჯანი დაეტოვებინათ. ქალაქში წესრიგის აღდგენა მხოლოდ საბჭოთა ჯარისნაწილების შესვლის შემდეგ მოხერხდა.

ვინაიდან მოკავშირე რესპუბლიკების საზღვრების შეცვლა იურიდიულად შეუძლებელი იყო, როგორც კონკრეტული რესპუბლიკის, ისე მოსკოვის თანხმობის გარეშე, ყარაბაღის საოლქო საბჭოს მიერ გაკეთებული დეკლარაცია ბაქოში, აზერბაიჯანის ცენტრალურ ხელისუფლებას გაეგზავნა განსახილველად, რომელმაც დეკლარაცია, 1988 წლის 13 ივნისს უარყო, თუმცა სომხეთის ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ნებართვის გარეშე ეს შეუძლებელი იყო, დეკლარაციას დაეთანხმა; საბოლოოდ, ყარაბაღის საოლქო საბჭომ, ანალოგიური თხოვნით მიმართა მოსკოვს და სთხოვა, რომ თუ სომხეთთან გაერთიანება შეუძლებელი იყო, მაშინ ავტონომიური ოლქის ტერიტორია მოსკოვის კონტროლის ქვეშ გადაეყვანა, ამ თხოვნას ცენტრალური ხელისუფლების უარყოფითი პასუხი მოჰყვა.

სომხებს და აზერბაიჯანელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებები თანდათან უფრო ინტენსიურად მეორდებოდა. ორივე მხარეს დაიწყო შეიარაღებული ჯგუფების ფორმირება. ამავე დროს ყარაბაღელმა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა დაიწყეს საცხოვრებელი ადგილების დატოვება და გადასახლება ტერიტორიებზე, სადაც მათი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები უმრავლესობას შეადგენდნენ; მაგალითად, აზერბაიჯანელების უმეტესობამ დატოვა სტეფანაკერტი, ხოლო სომხებმა დატოვეს შუშა, სადაც აზერბაიჯანელები უმრავლესობას შეადგენდნენ. ყარაბაღში შიდა მიგრაციის პარალელურად, ნებაყოფლობით თუ იძულებით, ეთნიკურმა სომხებმა მასობრივად დაიწყეს აზერბაიჯანის დატოვება, ასევე მოიქცნენ სომხეთში მცხოვრები აზერბაიჯანელებიც. ეთნიკური დაპირისპირების პარალელურად, ორივე რესპუბლიკაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.

1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და სერიოზულად დააზარალა ქალაქები გიუმრი და სპიტაკი. მიწისძვრის მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ დროებით ყარაბაღის საკითხიდან ყურადღება გადაიტანა, რითაც ისარგებლა საბჭოთა მთავრობამ და დააკავა იმ პერიოდში გავლენიანი სომხური ორგანიზაციის ყარაბაღის კომიტეტის წევრები, მათ შორის ლევონ ტერ-პეტროსიანი. 1989 წლის 12 იანვრის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანებით მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა.

1989 წლის მაისში, ყარაბაღის კომიტეტის წევრები ციხიდან გაათავისუფლეს; რომლებმაც, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სომხეთში მოქმედ სხვა ნაციონალისტურ ძალებთან ერთად, „სომხეთის ეროვნული მოძრაობა“ დააარსეს, ამავე დროს, აზერბაიჯანში ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი, რომელსაც სათავეში აბულფაზ ელჩიბეი ჩაუდგა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას უჭერდა მხარს. 1989 წლის ივლისში სომხეთმა ბლოკადა დაუწესა აზერბაიჯანის კუთვნილ ნახიჭევანის რეგიონს, რომელიც სომხეთის ტერიტორიით შემოსაზღვრულ ანკლავს წარმოადგენდა; საპასუხოდ აზერბაიჯანმა ემბარგო დაუწესა სომხეთს, რომელმაც ამ უკანასკნელის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა, რადგანაც იგი ეკონომიკურად ძალიან იყო დამოკიდებული აზერბაიჯანზე.

1989 წლის 28 ნოემბერს ყარაბაღი საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით კვლავ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. ამის საპასუხოდ სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი „აღიარებდნენ მთიანი ყარაბაღის ეროვნული თვითგამორკვევის უფლებას“ და ყარაბაღი და სომხეთი გაერთიანებულად გამოაცხადეს. სომხეთის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, 1989 წლის 7 დეკემბერს აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სომხეთის გადაწყვეტილება ბათილად და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის ხელყოფად გამოაცხადა. 1990 წლის 10 იანვარს საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ სომხეთის უზენაესი საბჭოს დადგენილება არალეგიტიმურად გამოაცხადა.

აზერბაიჯანში აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც მალე მასობრივ არეულობაში გადაიზარდა და 1990 წლის 13 იანვარს ბაქოში სომხებზე მასობრივი თავდასხმები დაიწყო, დაიღუპა დაახლოებით 90 ადამიანი, ბაქოს სომხური მოსახლეობის უმეტესობა საზღვაო გზით თურქმენეთში იქნა ევაკუირებული. ბაქოში ხელისუფლება ფაქტობრივად სახალხო ფრონტის ხელში გადავიდა, რასაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ აზერბაიჯანში წითელი არმიის დანაყოფების გაგზავნით უპასუხა. 1990 წლის 19-20 იანვრის ღამეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ბაქოს ჩათვლით, რესპუბლიკის მსხვილ ქალაქებში საბჭოთა არმიამ სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რასაც ოფიციალური ცნობებით 148 ადამიანი ემსხვერპლა. 19-20 იანვრის მოვლენები და წინმდევი არეულობა, აზერბაიჯანის ისტორიაში შავი იანვრის სახელით შევიდა. აზერბაიჯანის მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო კომუნისტური პარტიის დატოვება, საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანზე კონტროლი ფაქტობრივად დაკარგა.

1990-1991: კონფლიქტის მსვლელობა საბჭოთა კავშირის უკანასკნელ დღეებში

რედაქტირება

1990 წელს, აზერბაიჯანელებს და სომხებს შორის შეტაკებებმა საგრძნობლად იმატა როგორც ყარაბაღის ტერიტორიაზე, ისე სომხეთის აზერბაიჯანელებით და აზერბაიჯანის სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე, რომლებიც მიუხედავად ორი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მზარდი მიგრაციისა, ჯერ ისევ საკმაოდ იყო წარმოდგენილი ორივე ქვეყანაში. 1990 წლის აგვისტოში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ყაზახის რაიონს დაქვემდებარებულ, სომხეთის ტერიტორიაზე მოქცეულ აზერბაიჯანულ სოფლებზე სომხეთის არმიამ და შეიარაღებულმა ფორმირებებმა შეტევა მიიტანეს, შეტაკებებისას გამოყენებული იქნა მრავალი სახის კონვენციური შეიარაღება და საბოლოოდ, სომხურმა მხარემ ორი სოფელი დაიკავა.

1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც სომხეთს ფაქტობრივად ხელები გაუხსნა ოფიციალურად ემოქმედა საბჭოთა ხელისუფლების დირექტივების წინააღმდეგ და სომხეთის ტერიტორიიდან ყარაბაღში აქტიურად დაიწყო ცოცხალი ძალის და შეიარაღების გადინება. ამავე პერიოდში აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში ხელისუფლება უკვე სახალხო ფრონტის ხელში იყო, აზერბაიჯანელები დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხს სიფრთხილით ეკიდებოდნენ და 1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, აზერბაიჯანის კომუნისტურმა პარტიამ, გარკვეული კომპრომისების გზით, ხელისუფლების შენარჩუნება მოახერხა. 1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმშიც საბჭოთა კავშირის ბედის შესახებ, აზერბაიჯანის მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო, საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.

1991 წლის 30 აპრილს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ძირითადად ტერიტორიაზე და მიმდებარე სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე დაიწყო ოპერაცია „ბეჭედი“, რომლის მიზანიც ადგილობრივი სომხური შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება და განადგურება იყო. ოპერაცია სამხედრო თვალსაზრისით წარმატებული გამოდგა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რეგიონის ნაწილში მოქმედი სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების ნეიტრალიზაცია მოახერხა და ამავე დროს, მოახერხა დასავლეთ აზერბაიჯანში მდებარე სომხური სოფლების გაწმენდა, რასაც თან ახლდა რეგიონის სომხური სამოქალაქო მოსახლეობის იძულებითი მიგრაცია.

აზერბაიჯანისათვის სიტუაცია მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა 1991 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვში საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების ნაწილმა, რომელიც მიხეილ გორბაჩოვის ხელისუფლების პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა, რომელიც მარცხით დასრულდა. 1991 წლის 30 აგვისტოს აზერბაიჯანიც იძულებული გახდა დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა და ყარაბაღის კონფლიქტი ოფიციალურად სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტად იქცა. 2 სექტემბერს ყარაბაღის ეროვნულმა საბჭომ აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოყოფის და დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

ყარაბაღში შეიარაღებული მოქმედებების ინტენსივობის ზრდის გამო, რუსეთის და ყაზახეთის პრეზიდენტების ბორის ელცინის და ნურსულთან ნაზარბაევის შუამდგომლობით 1991 წლის 23 სექტემბერს ხელი მოეწერა ჟელეზნოვოდსკის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მხარეები, რუსეთის და ყახაზეთის შუამავლობით, წყვეტდნენ ცეცხლს და საკუთარ თავზე იღებდნენ ვალდებულებას კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაეჭრათ. შეიქმნა შერეული სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა კონფლიქტის მოგვარებისათვის საჭირო გეგმების მომზადება. მაგრამ ჟელეზნოვოდსკის პროცესი წარუმატებელი გამოდგა და ჩაიშალა მას შემდეგ, რაც 1991 წლის 20 ნოემბერს ყარაბაღში, სოფელ ქარაქენდთან სომხურმა ფორმირებებმა ჩამოაგდეს შვეულმფრენი, რომელშიც შერეული სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. აზერბაიჯანის უმაღლესმა საბჭომ ოფიციალურად გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, რასაც ყარაბაღის მმართველობამ რეფერენდუმით უპასუხა, რომელსაც რეგიონის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო სომხებმა, აბსოლუტური უმრავლესობით დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.

1991 წლის გვიან შემოდგომაზე სომხებმა აზერბაიჯანულ პოზიციებზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. დეკემბერში, საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლასთან ერთად, ყარაბაღიდან საბჭოთა ჯარის ნაწილებმა გასვლა დაიწყეს, ყარაბაღში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა.

1992-1994: სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ყარაბაღში

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ჯარების ყარაბაღიდან ევაკუაციის პროცესი საკმაოდ ქაოსური იყო და ამ პერიოდში, როგორც სომხურმა, ისე აზერბაიჯანულმა მხარემ, საბჭოთა ჯარისგან დიდი ოდენობით იარაღის მოპოვება მოახერხეს; საბჭოთა არმიის პერსონალი კი დაკავებული იყო იარაღით ვაჭრობით, ხოლო არაერთი სამხედრო მოსამსახურე, ფულის სანაცვლოდ სომხურ ან აზერბაიჯანულ მხარეს ომში მონაწილეობდა. აზერბაიჯანული მხარე უტევდა სომხების მთავარ სტრატეგიულ პოსტს - სტეფანაკერტს, ხოლო სომხები ცდილობდნენ წინ გაჭრილიყვნენ შუშის და აღდამის მიმართულებით.

1992 წლის იანვრის ბოლოს სომხებმა დაიწყეს წინსვლა ქალაქ ხოჯალის მიმართულებით, რომელიც შუშა-აღდამის გზის სტრატეგიულ მონაკვეთზე მდებარეობდა და ჰქონდა რეგიონის ერთადერთი აეროდრომი, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლეობდა გამოეყენებინათ.

ხოჯალი, რომელიც თვეების განმავლობაში იბომბებოდა, სერიოზულ ეკონომიკურ გაჭირვებას განიცდიდა და მხოლოდ მცირერიცხოვანი, ცუდად შეიარაღებული რაზმი იცავდა. დარჩენილი იყო მხოლოდ ომამდელი აზერბაიჯანული სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილი - დაახლოებით 3000 ადამიანი. 1992 წლის 25 თებერვალს სომხებმა ხოჯალის შტურმი დაიწყეს, რომელიც ცუდად შეიარაღებულმა ქალაქის დამცველებმა ვეღარ შეაკავეს და ქალაქიდან უკანდახევა დაიწყეს, მათ თან გაჰყვა ხოჯალის სამოქალაქო მოსახლეობის დიდი ნაწილიც. სომხებმა ქალაქიდან გაქცეულებს ოფიციალურად ჰუმანიტარული კორიდორი გაუხსნეს, თუმცა კორიდორიდან გასვლის პროცესში ხალხის ნაკადი სომხური შეიარაღებული ფორმირებების ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. დაიღუპა სხვადასხვა მონაცემებით 485 ან 613 ადამიანი, მართალია მათ შორის იყვნენ მებრძოლებიც, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლე იყო. სომხებმა კი ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა აზერბაიჯანის ოპოზიციას - აზერბაიჯანის სახალხო ფრონტს დააბრალეს, რის დამატკიცებელ საბუთადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ აიაზ მუთალიბოვის მიერ გაკეთებული განცხადებები მოიყვანეს, რომლებშიც ის ხოჯალის ტრაგედიაში ადანაშაულებდა მათ „ვისაც მისი გადაყენება სურდათ“. დე ვაალი თვლის, რომ მუთალიბოვის ეს განცხადებები საკუთარი მოქმედებების გამართლების წარუმატებელი მცდელობა იყო.

მუთალიბოვის ხელისუფლებამ თავდაპირველად ხოჯალის ტრაგედიის დაფარვა სცადა, თუმცა ჟურნალისტ ჩინგიზ მუსტაფაევის მიერ გადაღებულმა მასალამ, რომელზეც ასახულნი იყვნენ ხოჯალის ტრაგედიის მსხვერპლნი, ბაქომდე მიაღწია და მათი გასაჯაროების შემდეგ აიაზ მუთალიბოვი იძულებული გახდა გადამდგარიყო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი იაკუბ მამედოვი გახდა.

ყარაბაღში სომხების წინსვლა გრძელდებოდა, 1992 წლის 9 მაისს სომხებმა დაიკავეს ყარაბაღში აზერბაიჯანელების მთავარი ცენტრი შუშა, 18 მაისს სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიკავეს ქალაქი ლაჩინი და სომხეთს და ყარაბაღს შორის კორიდორი გაჭრეს. ფრონტზე წარუმატებლობებს ბაქოში არეულობა მოჰყვა, თავდაპირველად აიაზ მუთალიბოვმა ხელისუფლებაში დაბრუნება სცადა, თუმცა სახალხო ფრონტის წინააღმდეგობის შედეგად იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 1992 წლის 7 ივნისს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები და აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩეული იქნა სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი აბულფაზ ელჩიბეი.

1992 წლის 12 ივნისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გორანბოის და ტერტერის რაიონებში მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, რომელიც წარმატებული გამოდგა და სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. აზერბაიჯანელების შეტევა შეჩერდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხებმა მოახერხეს და რუსები დაარწმუნეს, განეხორციელებინათ საჰაერო დარტყმები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის წინააღმდეგ. წარუმატებლად დამთავრდა აზერბაიჯანელების მცდელობები დამატებითი შეტევები განეხორციელებინათ სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და 1992 წლის ბოლოდან, ფრონტზე ინიციატივა კვლავ სომხების ხელში იწყებს გადასვლას. 1993 წლის გაზაფხულზე სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიწყეს შეტევა ქელბაჯარის პროვინციაზე, რომლის დიდი ნაწილიც, 1993 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის მათი კონტროლის ქვეშ გადავიდა. სომხურის მხარის მიზანი გახდა ყარაბაღის გარშემო „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა, რაც რეალურად აზერბაიჯანის კონტროლირებადი ყარაბაღის მოსაზღვრე ტერიტორიების დაკავებას ისახავდა მიზნად და 1993 წლის გაზაფხულში და ზაფხულში ქელბაჯარის შემდეგ სომხურმა მხარემ დაიკავა აღდამი, ფიზული, ჯებრაილი, ქუბათლი და ზენგილანი. თავად აზერბაიჯანის შიგნით, ყარაბაღის ფრონტის მეთაურმა სურათ ჰუსეინოვმა და თავდაცვის მინისტრმა რაჰიმ გაზიევმა, პრეზიდენტ ელჩიბეისთან უთანხმოების შემდეგ თვითნებურად მიატოვეს პოზიციები და აზერბაიჯანის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლებში ჩაერთვნენ. აბულფაზ ელჩიბეი იძულებული გახდა გადამდგარიყო და პრეზიდენტი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ყოფილი პირველი მდივანი ჰეიდარ ალიევი გახდა.

1993 წლის ბოლოს და 1994 წლის დასაწყისში აზერბაიჯანელებმა რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, რუსეთის და დსთ-ს ეგიდით, 1994 წლის 5 მაისს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ხელი მოეწერა ბიშკეკის პროტოკოლის სახელით ცნობილ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მხარეები საომარი მოქმედებების შეწყვეტის ვალდებულებას იღებდნენ. 1994 წლის 12 მაისს ყარაბაღში საომარი მოქმედებები ოფიციალურად შეწყდა.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა, რომელიც დღემდე ძალაშია, ყარაბაღში 1994 წლიდან დღემდე არაერთი მცირემასშტაბიანი შეიარაღებული შეტაკება მოხდა.

შეიარაღებული შეტაკებები აზერბაიჯანს და სომხეთს შორის 1994 წლის შემდეგ

რედაქტირება

1994 წლის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, 2000-იან წლებამდე მეტწილად დაცული იყო. პირველი მსხვილმასშტაბიანი სასაზღვრო შეტაკება, რომელიც მხარეებს შორის 1994 წლის შემდეგ განხორციელდა, 2008 წლის 4 მარტს, აღდერესთან (სომხური სახელით მარდაკერტი) მოხდა და ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის და მოსაზღვრე ტერიტორიებზე მდებარე აზერბაიჯანულ და სომხურ პოზიციებზე შეტაკებების რიცხვმა იმატა. 2010 წლის 18 ივნისს მომხდარ შეტაკებებს ოთხი სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. 2010 წლის სექტემბერში მომხდარ შეტაკებებს კი ოთხი აზერბაიჯანელი და ორი სომეხი ჯარისკაცი შეეწირა. 2010 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ზოლში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების და სხვადასხვა ინციდენტების რაოდენობამ მკვეთრად იმატა, მაგალითად 2013 წელს, სნაიპერების მიერ ცეცხლის გახსნის შემთხვევებს და ორმხრივ სროლებს, ორივე მხრიდან 19 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

2014 წელს, მხარეებს შორის ორი მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა, პირველი ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში მომხდარი შეიარაღებული შეტაკებები იყო, რომელსაც ორივე მხრიდან დაახლოებით 15 ჯარისკაცი შეეწირა. 2014 წლის 12 ნოემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო სომხეთის კუთვნილი შვეულმფრენი, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, დაიღუპა ეკიპაჟის სამი წევრი. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოგდებული შვეულმფრენი მათ საკუთრებაში იყო.

ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სერიოზული დარღვევა, 2016 წელს, ოთხდღიანი ომის სახელით ცნობილი შეტაკებები იყო, რომლებიც 1 აპრილს დაიწყო და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა. ოთხდღიანი ომი მნიშვნელოვანი იყო იმითიც, რომ 1994 წლის შემდეგ პირველად, მოხდა ტერიტორიული ცვლილებები და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მართულ რამდენიმე სოფელსა და სტრატეგიულ სიმაღლეზე კონტროლი აღადგინა. საომარ მოქმედებებს სომხური მხრიდან 92, აზერბაიჯანული მხრიდან კი 93 ჯარისკაცი ემსხვერპლა. საბოლოოდ, ოთხდღიანი ომი, ფაქტობრივად 2016 წლის 5 მარტს, მხარეების ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებით დასრულდა. 2016 წლის მაისში სომხეთის და აზერბაჯანის პრეზიდენტებმა სერჟ სარქისიანმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას და გამოთქვეს მზაობა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის.

2016 წლის შემდეგ, დღემდე, კონფლიქტი მცირე ინტენსივობით კვლავ გრძელდება და ძირითადად კონტაქტის ხაზის გასწვრივ, ცეცხლის გაცვლით და სნაიპერების მოქმედებით შემოიფარგლება.

კონფლიქტის მოგვარების მცდელობები

რედაქტირება

კონფლიქტის მოგვარების პირველი მცდელობები, ჯერ კიდევ ყარაბაღში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე შედგა 1991 წლის სექტემბერში, რუსეთის და ყაზახეთის პრეზიდენტების შუამდგომლობით ხელმოწერილი ჟელეზნოვოდსკის პროტოკოლი, რომელიც დევნილების დაბრუნებას და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას ითვალისწინებდა, კონფლიქტის საერთაშორისო მედიაციით მოგვარების პირველ მცდელობას წარმოადგენდა და წარუმატებელი გამოდგა, რადგანაც ორივე მხარე თვლიდა, რომ კონკრეტულ მომენტში კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა შესაძლებელი იყო. წარუმატებელი იყო თეირანის სამიტიც, რომელიც 1992 წელს, ირანის პრეზიდენტ აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის შუამავლობით განხორციელდა და მხარეებს შორის გარკვეული შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, მაინც წარუმატებლად დასრულდა. სომხურმა მხარემ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში წარმატებით შეუტია ქალაქ შუშას. შედეგად, მხარეებს შორის ნდობის სერიოზული კრიზისი შექმნა.

1992 წელსვე, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და საფრანგეთის შუამდგომლობით დაარსადა „მინსკის ჯგუფი“, რომელსაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით გამოსავლის მოძებნა დაევალა. თუმცა პრაქტიკაში, 1994 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ, კონფლიქტის მოგვარებაში, მთავარ მედიატორად რუსეთი იქცა, რომელმაც ღიად დააფიქსირა მისთვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა. 19942008 წლებში, ყარაბაღის კონფლიქტი ჩვეულებრივ პოსტ-საბჭოთა ტიპის გაყინულ კონფლიქტს წარმოადგენდა, სადაც, რუსეთის მედიაციით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ მართალია შეწყვიტა საომარი მოქმედებები, მაგრამ ვერ დააკმაყოფილა ვერც ერთი მხარე, მაგრამ იმის გამო, რომ დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, საომარი მოქმედებები არ გაგრძელებულა.

1995 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების აღკვეთისკენ მიმართულ ხელშეკრულებას.

1990-იან წლებში საერთაშორისო მედიაციის მცდელობების და ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, დაპირისპირებული მხარეების დამოკიდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მისამართით საკმაოდ სკეპტიკური იყო. ისეთ შემთხვევებში კი როდესაც ხელისუფლება მზად იყო კომპრომისისთვის, პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგობის გამო კომპრომისზე წასვლა ვერ ხერხდებოდა. 1998 წელს, სომხეთის პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა მზადყოფნა გამოაცხადა მიეღო საერთაშორისო შუამავლობით შედგენილი კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რაც, სხვა ზომებთან ერთად, სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი აზერბაიჯანის ტერიტორიების დაცლას და დევნილების სახლებში დაბრუნებას ითვალისწინებდა. ტერ-პეტროსიანის ამ განცხადებას სომხეთის შიდა პოლიტიკური ელიტის უდიდესი უკმაყოფილება მოჰყვა და ტერ-პეტროსიანი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

ორმხრივი მოლაპარაკებები და შეხვედრები გაგრძელდა, თუმცა მეტწილად უშედეგოდ, რადგანაც აზერბაიჯანი როგორც ყარაბაღის, ისე მიმდებარე ტერიტორიების უპირობოდ დაბრუნებას მოითხოვდა, ხოლო სომხური მხარე, ყარაბაღის გარდა, ასევე თვლიდა, რომ ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარებოდა და სომხური მხარის კონტროლის ქვეშ უნდა დარჩენილიყო.

კონფლიქტის მოგვარების საკითხში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2002 წელს, როდესაც, პრაღის პროცესის სახელით ცნობილი მოლაპარაკებები დაიწყო. პრაღის პროცესი, 2005 წელს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების რობერტ ქოჩარიანის და ილჰამ ალიევის მიერ ზეპირი შეთანხმებით, თუმცა რაიმე შედეგის მიღწევის გარეშე დასრულდა - სომხური მხარე ყარაბაღის იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლისთვის მზად არ იყო, ხოლო აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე უარის თქმას არ აპირებდა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევების გახშირების პარალელურად მხარეების სურვილი მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტათ კონფლიქტი იკლებდა; თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდა და 2007 წელს, მხარეებმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხელი მოაწერეს კონფლიქტის მოგვარების გეგმას, რომელიც მადრიდის პრინციპების სახელითაა ცნობილი. მადრიდის გეგმის 2007 ნოემბრის ვერსია ითვალისწინებდა:

  1. მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე ტერიტორიების დემილიტარიზაციას.
  2. მთიანი ყარაბაღის დროებითი სტატუსის განსაზღვრას,თვითმმართველობის და უსაფრთხოების გარანტიებს.
  3. რეგიონის სტატუსის ლეგალურ განსაზღვრას.
  4. სომხეთ-ყარაბაღის დამაკავშირებელი კორიდორის გახსნას.
  5. საერთაშორისო სამშვიდობო მისას
  6. დევნილების ნებაყოფლობით დაბრუნებას.

2009 წლის 10 ივლისს, მადრიდის პრინციპები განახლდა და მინსკის ჯგუფის ქვეყნებმა, განაცხადეს, რომ ისინი, მადრიდის პრინციპების განახლებული ვარიანტის მიხედვით, კონფლიქტის მოგვარებას სრულიად უჭერენ მხარს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სამშვიდობო პროცესში თავიანთ, როგორც გარანტორების როლს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ, რადგანაც მხარეებს შორის არ არსებობს პოლიტიკური ნება გადახედონ გარკვეულ საკითხებს, პირველ რიგში ტერიტორიებთან დაკავშირებით, რეალური პროგრესი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში მინიმალურია.

აზერბაიჯანული მხარე აგრძელებს სამხედრო მოდერნიზაციას, სომხური მხარე და ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობა კი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს. 2017 წელს, ყარაბაღში გაიმართა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც, დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური სახელწოდება შეიცვალა და არწახის რესპუბლიკა გახდა. პროცესს ართულებს ისიც, რომ ყარაბაღის საკითხი ორივე მხარისათვის დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს. შესაბამისად, ორივე მხარეს უწევს, ღიად განაცხადოს, რომ ყარაბაღი მისი ტერიტორიაა. მაგალითად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა, 2019 წელს ყარაბაღში ვიზიტისას ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ „ყარაბაღი სომხეთია.“ ამის მიუხედავად, მხარეები კვლავ აგრძელებენ ოფიციალურად მხარი დაუჭირონ საერთაშორისო სამშვიდობო პროცესს, თუმცა მცირე რეალური შედეგით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Başer, Bahar – Third Party Mediation in Nagorno-Karabakh: Part of the Cure or Part of the Disease?,OAKA,Vol.3,No:5,2008, pp. 86–114
  • Cornell, Svante E. – Azerbaijan Since Independence, Routledge, 2011, ISBN 978-0-7656-3002-5
  • Cornell, Svante E. – The Nagorno-Karabakh Conflict, Report No: 46, Department of East European Studies, Uppsala University,1999,გვ.
  • Coyle, James J. – Russia’s Border Wars and Frozen Conflicts,Palgrave Macmillan,2018,გვ.218. ISBN 978-3-319-52204-3
  • de Waal, Thomas -Black Garden: Armenia and Azerbaijan Through Peace and War. New York: New York University Press. 2003, ISBN 9780814719459
  • de Waal, Thomas – The Caucasus: An Introduction, Oxford University Press, 2010, ISBN 978-0-19-539976-9; 978-0-19-539977-6
  • Geukjian, Ohannes – Ethnicity, Nationalism and Conflict in the South Caucasus: Nagorno-Karabakh and the Legacy of the Soviet Policy of nationalities, Ashgate,2011, ISBN 9781409436317
  • Goltz, Thomas - Azerbaijan Diary: A Rogue Reporter's Adventures in an Oil-Rich, War-Torn, Post-Soviet Republic. New York: M.E. Sharpe, 1998, ISBN 0-7656-0244-X
  • Krüger, Heiko – The Nagorno-Karabakh Conflict: A Legal Analysis,Springer, 2010, e-ISBN 978-3-642-14393-9
  • Suny, Ronald Grigor , - Looking Toward Ararat: Armenia in Modern History. Indiana University Press. 1993 ,ISBN 978-0-253-20773-9
  • Zürcher, Christoph – The Post Soviet Wars, New York University Press,2007, ISBN 978-0-8147-9709-9
  1. „‘Nagorno-Karabakh is Turkey's problem too,' says Erdoğan“. Today's Zaman. 13 November 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 12, 2014. ციტირების თარიღი: 3 August 2014. ციტატა: „...Erdoğan noted that Turkey's unconditional support for Azerbaijan...“
  2. (2013) Turkey in the 21st Century: Quest for a New Foreign Policy. Ashgate Publishing, გვ. 126. ISBN 9781409476559. „...Turkey's support for Azerbaijan in the conflict over Nagorno-Karabakh...“ 
  3. Flanagan, Stephen J.; Brannen, Samuel (2008) Turkey's Shifting Dynamics: Implications for U.S.-Turkey Relations. Washington, DC: Center for Strategic and International Studies, გვ. 17. ISBN 9780892065363. „Turkey's border with Armenia has remained sealed since 1994, due to Turkish support for Azerbaijan in the Nagorno-Karabakh conflict.“ 
  4. „‘Pakistan will continue supporting Azerbaijan on Nagorno-Karabakh’“. Daily Times. 14 March 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 January 2016.
  5. Hunter, Shireen (2004) Islam in Russia: The Politics of Identity and Security. M.E. Sharpe, გვ. 349. „Aliev thanked Pakistan for its support in the Karabakh conflict.“ 
  6. Murinson, Alexander. The Ties Between Israel and Azerbaijan. Begin–Sadat Center for Strategic Studies (October 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2014. ციტატა: „Israel supported the Azeri side in this conflict by supplying Stinger missiles to Azerbaijani troops during the war.“
  7. Nemtsova, Anna (5 April 2016). „In Nagorno-Karabakh, a Bloody New War With Putin on Both Sides“. The Daily Beast. ციტატა: „...Russia sold hundreds of tanks to Armenia’s long time enemy, Azerbaijan. Last year the contracts for Russian military exports to Azerbaijan included armored vehicles, artillery and mortar systems.“
  8. „Russia set to continue arms supplies to Azerbaijan and Armenia — official“. TASS. 8 April 2016.
  9. Hakobyan, Tatul. Երկու հազար կյանք. հայկական բանակի զոհերը 1994-ի զինադադարից ի վեր hy. ANI Armenian Research Center (21 February 2017). ციტატა: „Այսպիսով, կարող ենք ասել, որ 1994-ի զինադադրից ի վեր հայկական բանակում զոհերի թիվը՝ մարտական և ոչ մարտական միասին, կազմել է շուրջ 2.000 հոգի:“
  10. Caspian Defense Studies Institute: More than 2000 injured or dead in Karabakh war. Metdan TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 18 May 2016.
  11. Winds of Change in Nagorno Karabakh. Euronews. 28 November 2009.
  12. Uppsala Conflict Data Program, Republic of Nagorno-Karabakh - civilians, viewed 2013-05-03
  13. Azerbaijani Soldier Shot Dead by Armenian Forces. Naharnet. ციტირების თარიღი: 22 October 2014.
  14. [=https://web.archive.org/web/20160520105841/http://www.crisisgroup.org/~/media/Files/europe/caucasus/B60%20Armenia%20and%20Azerbaijan%20---%20Preventing%20War.pdf Armenia and Azerbaijan: Preventing War „There are no exact casualty figures since 1994, but most observers agree that as many as 3,000 people, mostly soldiers, have died. Crisis Group phone interview, Jasur Sumerinli, military expert, August 2009.]
  15. Stalin’s Legacy: The Nagorno-Karabakh Conflict - Association for Diplomatic Studies and Training (6 August 2013). ციტირების თარიღი: 26 February 2017.