კონსტანტინე ციოლკოვსკი

კონსტანტინე ციოლკოვსკი (რუს. Константин Эдуардович Циолковский; დ. 5 (17) სექტემბერი, 1857 — გ. 19 სექტემბერი, 1935) — რუსი და საბჭოთა თვითნასწავლი მეცნიერი, გამომგონებელი, სკოლის მასწავლებელი. თეორიული კოსმონავტიკის ფუძემდებელი. მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ჰაერნაოსნობას, სარაკეტო დინამიკას და ასტრონავტიკას. რუსული კოსმიზმის (რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა XX ს. დასაწყისში) წარმომადგენელი, სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორი, დამხმარე და პროპაგანდისტული ინტერპრეტაციის იდეების ავტორი და სხვა.

კონსტანტინე ციოლკოვსკი
დაბ. თარიღი 5 (17) სექტემბერი, 1857
დაბ. ადგილი Izhevskoe, რიაზანის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 19 სექტემბერი, 1935(1935-09-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (78 წლის)
გარდ. ადგილი კალუგა, რსფსრ, სსრკ[1] [11] [12]
დასაფლავებულია კალუგა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ[13] [14] [15] [9]
 რუსეთის რესპუბლიკა
საქმიანობა military flight engineer, მათემატიკოსი, გამომგონებელი, მწერალი[16] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ფიზიკოსი[8] , ფილოსოფოსი, ასტრონომი, მეცნიერი[16] , კოსმოლოგი[16] და მასწავლებელი[16]
ალმა-მატერი ვიატკის კაცთა გიმნაზია
მეუღლე Q28357677?
შვილ(ებ)ი Q15707329?
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი[16] , წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი[16] , წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი[16] , წმინდა სტანისლავის ორდენი, წმინდა ანას ორდენი და International Space Hall of Fame[17] [18]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ციოლკოვსკის საგვარეულო წარმოშობით წარჩინებულ პოლონურ საგვარეულოთა რიგს მიეკუთვნებოდა. მისი მშობლები ედუარდ ეგნატეს ძე ციოლკოვსკი და მარია ივანეს ასული იუმაშვა განათლებული ადამიანები იყვნენ. ედუარდმა დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტი და პროფესიონალი მეტყევე იყო, ხოლო მისმა დედამ დაამთავრა გიმნაზია და ძალიან კარგად ფლობდა ლათინურ ენას, ასევე, მათემატიკას, და სხვა მეცნიერებებს.

ბავშვობა

რედაქტირება

კონსტანტინე ციოლკოვსკი დაიბადა 1857 წელს რიაზანის მახლობლად სოფელ იჟევსკში. სახელი კონსტანტინე სრულიად ახალი და უცხო იყო ციოლკოვსკების საგვარეულოსათვის. სახელი მას უწოდა ნიკოლსკის ეკლესიის მღვდელმა, რომელმაც შეასრულა ახალშობილის ნათლობა. ბავშვობისას კონსტანტინე გაცივდა, დაავადება გაურთულდა და დაუქვეითდა სმენა. ის გახდა სრულიად ყრუ-მუნჯი. ამ პერიოდს ის ძალიან მძიმედ განიცდიდა. ამავე დროს, კონსტანტინემ გამოავლინა ხელობისადმი ინტერესი. ის ქმნიდა სახლებს, ციგებს, საათებს გირებით და ა.შ. მუყაოს, ქაღალდისა და ცვილისაგან.

70-ანი წლებიდა ციოლკოვსკები ვიატკაში გადასახლდნენ. ქალაქში ოჯახმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. კონსტანტინე ციოლკოვსკი უმცროს ძმასთან ერთად 1869 წელს შევიდა ვიატკის ვაჟთა გიმნაზიაში. სწავლების პროცესი მძიმედ მიმდინარეობდა - ხელს უშლიდა სიყრუე, საგნები ბევრი იყო, მასწავლებლები - მკაცრი. იმავე წელს პეტერბურგიდან მოვიდა სამწუხარო ცნობა იმის შესახებ, რომ გარდაიცვალა კონსტანტინეს უფროსი ძმა - დიმიტრი, რომელიც საზღვაო სასწავლებელში სწავლობდა. შვილის გარდაცვალებამ მძიმედ იმოქმედა ოჯახზე და განსაკუთრებით დედაზე, მარია ივანეს ასულზე. 1870 წელს მარია ივანეს ასულიც გარდაიცვალა მოულოდნელად. კონსტანტინემ ძალიან განიცადა დედის სიკვდილი, რომელიც მას განსაკუთრებულად უყვარდა. ისედაც წარუმატებელი სწავლების პროცესი მისთვის თანდათან კიდევ უფრო გაუარესდა. დედის გარეშე, პატარა კონსტანტინემ უფრო მწვავედ განიცადა თავისი ნაკლი - სიყრუე. გაუარესდა მისი ყოფაქცევა სკოლაში, რის გამოც ხშირად ხდებოდა დასჯის ობიექტი. მეორე კლასში ყოფნისას ის კლასში ჩარჩა, ხოლო მესამე კლასიდან საერთოდ გარიცხეს სკოლიდან. ამის შემდეგ კონსტანტინეს არსად არასდროს არ უსწავლია. თუმცა მას არასდროს მიუტოვებია დამოუკიდებელი მეცადინეობა. კონსტანტინე სარგებლობდა სახლში არსებული მამის მცირე ბიბლიოთეკით, რომელშიც, ძირითადად, თავმოყრილი იყო მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წიგნები.

მოსკოვის პერიოდი

რედაქტირება
 
ნიკოლოზ ფიოდოროვის პორტრეტი. ლეონიდ პასტერნაკის ნახატი.

შვილის შესაძლებლობებში დარწმუნებულმა ედუარდ ეგნატეს ძემ კონსტანტინე მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში (თანამედროვე ნიკოლოზ ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი) გააგზავნა სასწავლებლად. ამისათვის ციოლკოვსკის რიაზანის ვაჟთა სკოლაში ექსტერნის წესით გამოცდების ცაბარება მოუხდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით მოსკოვში მას სწავლა არ გაუგრძელებია. ის მხოლოდ თვითგანათლებას განაგრძობდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში კონსტანტინე თითქმის პურსა და წყალზე იჯდა მხოლოდ, დაჟინებით მეცადინეობდა. მთელ დანარჩენ თანხას ის წიგნებში, ქიმიურ პრეპარატებსა და სხვა მასალებში ხარჯავდა.

ყოველდღიურად ახალგაზრდა კონსტანტინე დილის 10 სთ. სამ-ოთხ საათამდე სტუმრობდა ჩერტკოვის საჯარო ბიბლიოთეკას. ეს იყო იმ დროისათვის ერთადერთი უფასო ბიბლიოთკა მოსკოვში. აქ შეხვდა ის რუსული კოსმიზმის ფუძემდებელ ნიკოლოზ ფიოდოროვს. ბიბლიოთეკაში მუშაობა ექვემდებარებოდა მკაცრ წესრიგს. მაგ: დილით ციოლკოვსკი მუშაობდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცადინეობებზე. ამის შემდეგ გადაერთვებოდა ბელეტრისტიკასა და პუბლიცისტიკაზე. ის აქტიურად სწავლობდა "სქელ" ჟურნალებს, სადაც იბეჭდებოდა, როგორც სამეცნიერო, ისე პუბლიცისტური ნაწარმოებები. ასევე, გატაცებით კითხულობდა შექსპირს, ლევ ტოლსტოის, ტურგენევს.

მოსკოვში ყოფნისას ციოლკოვსკიმ დამოუკიდებლად შეისწავლა ფიზიკა, დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა, მათემატიკის საფუძვლები, უმაღლესი ალგებრა, ანალიტიკური და სფეროსებრი გეომეტრია, ასტრონომია, მექანიკა და ქიმია.

სამი წლის მუშაობის შემდეგ, ნიკოლოზ ციოლკოვსკიმ მთლიანად აითვისა გიმნაზიის, ასევე, უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის პროგრამა. ოჯახური პირობების გამო, ის დაბრუნდა ვიატკაში. მოსკოვში მძიმე ეკონომიკური პირობების გამო მისი ჯანმთელობა კიდევ უფრო შეირყა - გახდა, დაუძლურდა, გაუუარესდა მხედველობა, დაიწყო სათვალის გამოყენება.

ვიატკაში დაბრუნება და რეპეტიტორობა

რედაქტირება

1876 წელს კონსტანტინე მამის მოთხოვნით დაბრუნდა მოსკოვიდან ვიატკაში. ძალების აღდგენის შემდეგ, მან დაიწყო კერძო გაკვეთილების მიცემა ფიზიკასა და მათემატიკაში.

გაკვეთილების მსვლელობისას ის იყენებდა სწავლების საკუთარ ორიგინალურ მეთოდებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თვალსაჩინო დემონსტრაცია. მაგ: ის ქმნიდა გეომეტრიის გაკვეთილებისათვის მრავალკუთხედების მოდელებს საკუთარი ხელით. მოსწავლეებთან ერთად ის ფიზიკის გაკვეთილზე ატარებდა მრავალრიცხოვან ცდებს. ამით მან დაიმსახურა დიდი სიყვარული, რომელიც კარგად და საინტერესოდ ხსნიდა მასალას. მის მეცადინეობებზე ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. სასწავლო მოდელების დასამზადებლად, ციოლკოვსკიმ გაიხსენა ძველი უნარები და გახსნა სახელოსნო. მთელ თავის თავისუფალ დროს ის ან ამ სახელსოსნოში ან ბიბლიოთეკაში ატარებდა. კითხულობდა ბევრს, განსაკუთრებით სპეციალურ ლიტერატურას. ამ პერიოდში გაეცნო ჟურნალებს — „სოვრემენნიკ“, „დელო“, „ოტეჩესტვენნიე ზაპისკი“. მაშინ წაიკითხა ისააკ ნიუტონის „დასაწყისი“, რომლის სამეცნიერო შეხედულებებს ციოლკოვსკი მთელი შემდგომი ცხოვრება აღიარებდა.

1876 წელს გარდაიცვალა კონსტანტინეს უმცროსი ძმა იგნატი. ძმები ბავშვობიდან უახლოესი სულიერი მეგობრები იყვნენ. კონსტანტინე თავის ყველაზე ინტიმურ აზრებს უზიარებდა ძმას და მისი სიკვდილი დიდი დარტყმა იყო ციოლკოვსკისთვის.

1877 წლისათვის ციოლკოვსკის მამაც ძალიან დაუძლურდა. მეუღლისა და შვილების ტრაგიკულმა სიკვდილმა მასზე ძალიან იმოქმედა (დიმიტრისა და იგნატის გარდა, ამ წლებში ციოლკოვსკიმ დაკარგა ყველაზე უმცროსი და - ეკატერინეც - ის გარდაიცვალა 1875 წელს კონსტანტინეს არყოფნის პერიოდში). 1878 წელს ოჯახის უფროსი სამსახურიდან წავიდა და ციოლკოვსკების მთელი ოჯახი კვლავ რიაზანში დაბრუნდა.

ისევ რიაზანი. გამოცდები მასწავლებლის წოდების მოსაპოვებლად

რედაქტირება

რიაზანში დაბრუნებისთანავე კონსტანტინე ციოლკოვსკიმ გაიარა სამედიცინო შემოწმება და სიყრუის გამო დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. აქ მამა-შვილს შორის მოხდა კონფლიქტი. კონსტანტინემ გადაწყვიტა მარტო ცხოვრება. იმისათვის, რომ ემუშავა, ვიატკაში ცნობილ და საყვარელ მასწავლებელს, რიაზანში გამოცდების ჩაბარება მოუხდა სტატუსის მოსაპოვებლად. კონსტანტინემ გამოცდები წარმატებით ჩააბარა რიაზანის პირველ საგუბერნიო გიმნაზიაში. როგორც "თვითნასწავლს" მას მოუწია რა მხოლოდ საგნის, არამედ გამოცდების სრული კურსის ექსტერნის წესით ჩაბარება. ციოლკოვსკიმ მოახერხა უმოკლეს ვადაში მოემზადებინა მისთვის უინტერესო ისეთი საგნები, რომლითაც არასოდეს დაინტერესებულა ცხოვრებაში. ესენია: გრამატიკა, კატეხიზმო, ღვთისმეტყველება და სხვ.

გამოცდების შემდეგ კონსტანტინემ განათლების სამინისტროსაგან მიიღო შემოთავაზება ბოროვსკის სამაზრო სკოლაში არითმეტიკისა და გეომეტრიის მასწავლებლის ადგილზე. ბოროვსკი მოსკოვიდან 100 კმ. მდებარეობდა. 1880 წელს კონსტანტინემ დატოვა რიაზანი.

ბოროვსკი. ოჯახის შექმნა. მუშაობა სკოლაში. პირველი სამეცნიერო შრომები და პუბლიკაციები

რედაქტირება

ბოროვსკში, სტაროვერების არაოფიციალურ დედაქალაქში ციოლკოვსკი 12 წელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. აქ შექმნა მან ოჯახი, შეიძინა რამდენიმე მეგობარი, დაწერა თავისი პირველი სამეცნიერო შრომები. აქედანვე დაიწყო მან ურთიერთობა რუსეთის სამეცნიერო წრეებთან, გამოვიდა მისი პირველი პუბლიკაციები.

ნიკოლოზ ციოლკოვსკიმ ჯვარი დაიწერა 1880 წლის 20 აგვისტოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში. პატარძლის მზითევიდან მან უარი თქვა, ჯვრისწერამ უხმაუროდ ჩაიარა, ქორწილი არ გადაუხდიათ. რამდენიმე თვეში რიაზანში გარდაიცვალა მამამისი ედუარდ ეგნეტეს ძე ციოლკოვსკი.

ბოროვსკის სამაზრო სკოლაში კონსტანტინე ციოლკოვსკი განაგრძობდა სრულყოფას, როგორც პედაგოგი: ის არასტანდარტულად ასწავლიდა არითმეტიკას და გეომეტრიას, იგონებდა საინტერესო და შთამბეჭდავ ამოცანებს, განსაკუთრებით ბიჭებისთვის, ექსპერიმენტებს. რამდენჯერმე მოსწავლეებთან ერთად გაუშვა უზარმაზარი ქაღალდის საჰაერო ბუშტი "გონდოლა", რომელშიც ჰაერის გასათბობად მოთავსებული იყო ანთებული "ლამპარი".

ზოგჯერ ციოლკოვსკის უწევდა სხვა პედაგოგების შეცვლა და ხატვის, ხაზვის, ისტორიის, გეოგრაფიის და ა.შ. გაკვეთილების ჩატარება. ერთხელ კი სასწავლებლის ზედამხედველიც შეცვალა.

სკოლაში სამუშაოს დასრულების შემდეგ და გამოსასვლელ დღეებში კონსტანტინე სახლში განაგრძობდა კვლევებს: სრულყოფდა ხელნაწერებს, აკეთებდა ჩანახატებს, ატარებდა სხვადასხვა ექსპერიმენტებს.

გამოკვლევების გავლენით ციოლკოვსკიმ დაწერა რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები. მაგ: მის კალამს ეკუთვნის მოთხრობა "მთვარეზე", რომელშიც სიუჟეტი ასე ვითარდება: მოთხრობის ავტორი და მისი მეგობარი ფიზიკოსი მოულოდნელად აღმოჩნდნენ მთვარეზე. მათ ერთადერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს მთვარის აღწერა და საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემა. მოთხრობა გამოირჩევა დამაჯერებლობით, მრავალრიცხოვანი დეტალების არსებობით და მდიდარი ლიტერატურული ენით. გარდა მთვარის პეიზაჟის აღწერისა, ციოლკოვსკი გადმოგვცემს მთვარის ზედაპირიდან დანახული ცის თაღის და პლანეტების გარეგნობას დედამიწის ჩათვლით. ავტორს ნაწარმოებში დეტალურად აქვს გაანალიზებული მთვარის სხვა განსაკუთრებული თვისებები, ატმოსფეროს არარსებოდა და სხვა.

ოჯახი და ურთიერთობა ხალხთან

რედაქტირება

ციოლკოვსკის ბოროვსკში შეეძინა 4 შვილი: უფროსი ქალიშვილი ლუბა და სამი ვაჟი - იგნატი, ალექსანდრე და ივანე. ისინი ცხოვრობდნენ გაჭირვებით, მაგრამ, როგორც მეცნიერი ამბობდა - ვალები არ ჰქონდათ და არც არასდროს შიმშილობდნენ. თავისი ხელფასის დიდ ნაწილს მეცნიერი წიგნებისა და ფიზიკურ-ქიმიური მასალების, ინსტრუმენტებისა და რეაქტივების შეძენაზე ხარჯავდა.

ოჯახმა რამდენჯერმე შეიცვალა სახოვრებელი ადგილი. 1887 წელს სახლში გაჩნდა ხანძარი, რის გამოც დაიწვა ციოლკოვსკის ხელნაწერები, მოდელები, ნახაზები, ბიბლიოთეკა და სხვა ქონება. გადარჩა მხოლოდ საკერავი მანქანა, რომლის ფანჯრიდან ეზოში გადაგდება მოასწრეს.

1889 წლის აპრილში ოჯახს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს. გაზაფხულის წყალდიდობამ სახლი დაუტბორა და კვლავ განადგურდა ციოლკოვსკის მთელი ჩანაწერები და წიგნები.

ბოროვსკში ციოლკოვსკი მეგობრობდა მხოლოდ მცირე რაოდენობით ადამიანებთან. ქალაქის მაცხოვრებელთა უმეტესობა მას დასცინოდა, ცდილობდნენ მის გაძევებას, უწოდებდნენ "შეშლილ გამომგონებელს". მოგვიანებით მეცნიერმა გაიცნო სახელმწიფო მრჩეველი დ. ი. კურნოსოვი, რომელმაც მფარველობა გაუწია. ამ ნაცნობობის და წარმატებული სწავლების წყალობით, მან მიიღო რამდენიმე სხვადასხვა ტიტული, კერძოდ — გუბერნიის მდივნის, კოლეჯის მდივნის, ტიტულოვანი მრჩევლის და სხვა. ამავე პერიოდში ციოლკოვსკიმ მიიღო მიწვევა კალუგის სამაზრო სკოლაში და 1892 წლიდან მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ის კალუგაში მოღვაწეობდა.

საბჭოთა ხელისუფლება და ციოლკოვსკი

რედაქტირება

კონსტანტინე ციოლკოვსკი სიხარულით შეხვდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას და რუსეთში და მთელი გულით ემსახურებოდა მას. საბჭოთა ხელისუფლებამ 1921 წელს სამამულო და მსოფლიო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის მეცნიერს დაუნიშნა მუდმივი პენსია სიკვდილამდე. 1935 წლის 13 სექტემბერს, სიკვდილამდე 6 დღით ადრე მეცნიერი ი. ბ. სტალინისადმი მიწერილ წერილში წერდა — რევოლუციამდე მისი ოცნება ვერ ასრულდა. მხოლოდ ოქტომბერმა მოუტანა მას, თვითნასწავლ მეცნიერს შრომის აღიარება: მხოლოდ საბჭოთა მთავრობა და ლენინ-სტალინის პარტია დაეხმარა მას ეფექტურად, რომ იგი გრძნობდა მასების დიდ სიყვარულს, რამაც მისცა ძალა, უკვე ავადმყოფს, გაეგრძელებინა მუშაობა... ყველა თავის ნაშრომს საავიაციო, სარაკეტო და ინტერპლანეტარული კომუნიკაციების სფეროში ის გადასცემდა ბოლშევიკურ პარტიასა და საბჭოთა ხელისუფლებას — ადამიანის კულტურული პროგრესის ნამდვილ ლიდერებს, დარწმუნებული იმაში, რომ ისინი წარმატებით დაასრულებდნენ მის შრომას. თბილი სიტყვებით სავსე სამადლობელი პასუხი მალევე მოვიდა სტალინისაგან.

1935 წლის 19 სექტემბერს მეცნიერი გარდაიცვალა კალუგაში კუჭის სიმსივნით 79 წლის ასაკში.

მეორე დღეს გამოქვეყნდა საბჭოთა მთავრობის დადგენილება დიდი რუსი თვითნასწავლი მეცნიერის და პედაგოგის ხსოვნის პატივსაცემად მიღებული ზომების და მისი შრომების სამოქალაქო საჰაერო ფლოტის მთავრ სამმართველოზე გადაცემის შესახებ. შემდგომში, მთავრობის გადაწყვეტილებით შრომები გადაეცა სსრკ მეცნიერებათა აკადემიას, სადაც შეიქმნა სპეციალური კომისია კ. ე. ციოლკოვსკის შრომების შესასწავლად და დასახარისხებლად. კომისიამ სწავლულის სამეცნიერო შრომები 5 ტომად დაჰყო:

  • პირველ ტომში შევიდა კ. ე. ციოლკოვსკის ყველა ნამუშევარი სრული მოცულობით აეროდინამიკის შესახებ;
  • მეორე ტომში შევიდა შრომები რეაქტიული მფრინავის აპარატების შესახებ;
  • მესამე ტომში შევიდა შრომები ნებისმიერი ლითონის დირიჟაბლზე, თერმული ძრავების ენერგიის გაზრდის და გამოყენებითი მექანიკის სხვადასხვა საკითხებზე, უდაბნოების მორწყვას, ადამიანთა საცხოვრებლების გაგრილების, ფარებისა და ტალღების გამოყენების და სხვადასხვა გამოგონების საკითხებზე;
  • მეოთხე ტომში შევიდა შრომები ასტრონომიის, გეოფიზიკის, ბიოლოგიის, ნივთიერებათა სტრუქტურისა და სხვა პრობლემების შესახებ;
  • მეხუთე ტომში შევიდა მეცნიერის ბიოგრაფია და პირადი მიმოწერა.

1966 წელს, მეცნიერის გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგ, მართლმადიდებელმა მღვდელმა ალექსანდრე მენოვმა ციოლკოვსკის საფლავზე ჩაატარა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

პირადი არქივი

რედაქტირება

2008 წლის 15 მაისს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ თავის საიტზე გამოაქვეყნა კ. ე. ციოლკოვსკის დაცული მასალები. ეს გახლავთ 555-ე ფონდის 5 ტომი, რომელიც მოიცავს საარქივო დოკუმენტების 31 680 ფურცელს.

ჯილდოები

რედაქტირება
  • წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი. 1906 წლის მაისში წარადგინეს ჯილდოზე კეთილსინდისიერი შრომისათვის. ორდენი გაიცა აგვისტოში.
  • წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი. 1911 წლის მაისში დაჯილდოვდა კეთილსინდისიერი შრომისათვის კალუგის ეპარქიის ქალთა სასწავლებლის საბჭოს გადაწყვეტილებით.
  • 1932 წელს კონსტანტინე ციოლკოვსკი დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით გამოგონების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისათვის, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სსრკ-ს ეკონომიკური ძლიერებისა და თვადაცვის საკითხში. დაჯილდოება მოხდა მეცნიერის 75 წლისთავის საიუბილეოდ.
  • 2015 წელს მეცნიერის სახელი მიენიჭა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში კოსმოდრომ "აღმოსავლეთთან" მდებარე ქალაქს.
  • მეცნიერის დაბადების 100 წლისთავის საიუბილეოდ სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ გამოუშვა კ. ე. ციოლკოვსკის სახელობის ოქროს მედალი „საპლანეთათაშორისო სფეროში თავდადებული შრომისათვის“.
  • კალუგაში, მოსკოვში, რიაზანში, დოლგოპრუდში, სანქტ-პეტერბურგში მეცნიერის უკვდავსაყოფად აგებულია ძეგლები; ასევე, შექმნილია სახლ-მუზეუმები რკალუგაში, ბოროვსკში, კიროვში (ყოფილი ვიატკა).
  • მეცნიერის სახელს ატარებს კალუგაში მდებარე კოსმონავტიკის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი, კალუგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სკოლა კალუგაში და მოსკოვის საავიაციო-ტექნიკური ინსტიტუტი.
  • ციოლკოვსკის სახელი ჰქვია კრატერს მთვარეზე და პატარა პლანეტას-«1590 Tsiolkovskaja», რომელიც აღმოაჩინეს 1933 წელს სიმეიზის ყირიმი ობსერვატორიაში.
  • რუსეთის მრავალ დასახლებულ პუნქტსა და დიდ ქალაქში არის ციოლკოვსკის სახელობის ქუჩა.
  • 1966 წლიდან კალუგაში ტარდება ციოლკოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კვლევები.
  • 1991 წელს დაარსდა ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის აკადემია. 1999 წელს აკადემიის დასახელებას დაემატა სიტყვა "რუსეთის".
  • 2002 წლის 31 იანვარს შეიქმნა ცილოკოვსკის სახელობის ნიშანი - ფედერალური კოსმოსური სააგენტოს უმაღლესი ჯილდო.
  • დაბადების 150 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით სატვირთო გემ «პროგრეს მ-61» მიენიჭა სახელწოდება «კონსტანტინე ციოლკოვსკი», მასზე მოათავსეს მეცნიერის პორტრეტი. გემის გაშვება მოხდა 2007 წლის 2 აგვისტოს.
  • 1980/90-ანი წლების მიჯნაზე შემუშავდა პროექტი "ციოლკოვსკი" მზის და იუპიტერის გამოსაკვლევად საბჭოთა საპლანეტათაშორისო ავტომატური სადგურისათვის, მაგრამ პროექტი განუხორციელებელი აღმოჩნდა სსრკ-ს დაშლის გამო.
  • 2008 წლის თებერვალში კ. ციოლკოვსკის მიენიჭა საზოგადოებრივი ჯილდო - მედალი „მეცნიერების სიმბოლო“ "ადამიანის მიერ კოსმოსში ახალი სივრცეების ასათვისებლად ყველა პროექტის წყაროს შექმნისათვის."
  • მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ციოლკოვსკის მიუძღვნა საფოსტო მარკა: სსრკ-მ, ყაზახეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა, ვიეტნამმა, გაიანამ, კსდრ-მ, კუბამ, მალიმ, მიკრონეზიამ.
  • სსრკ-ში შეიქმნა და გამოვიდა ციოლკოვსკისადმი მიძღვნილი მრავალი სამკერდე თუ სხვა ნიშანი.
  • კომპანია „Airbus A321“ ერთ-ერთ თვითმფრინავი ატარებს კ. ე. ციოლკოვსკის სახელს.
  • კალუგაში ყოველწლიურად ტარდება ტრადიციული შეჯიბრება მოტოკროსში, რომეელიც ეძღვნება კ. ციოლკოვსკის.
  • 2012 წლის 17 სექტემბერს კ. ე. ციოლკოვსკის 155 წლისთავის საიუბილეოდ „Google“-მ მთავარ გვერდზე განათავსა საკუთარი ვერსია - რუსეთისათვის სადღესასწაულო დუდლი.

კულტურის ძეგლები

რედაქტირება

კ. ციოლკოვსკისადმი მიძღვნილი მრავალი მემორიალური ძეგლი არსებობს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც თავად უცხოვრია და უმოღვაწია მეცნიერს. მაგ: რიაზანში, კიროვში, ბოროვსკში, ასევე, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში.

ნუმიზმატიკასა და ფილატელიაში

რედაქტირება

კ. ციოლკოვსკის ეძღვნება მრავალი სამონეტო და საფოსტო (საფოსტო მარკა) ნიშანი

წელი ემიტენტი ნომინალი ტიპი ტირაჟი შენიშვნა
1987   სსრკ 1 მანეთი სამახსოვრო მონეტა,
(სპილენძი/ნიკელი/თუთია)
4170000 მონეტის ბმული
დაბადების 130 წლისთავის საიუბილეოდ
1993   სამოა დასავლეთ სამოა 50 ტალა, (სამოას დოლარი) სამახსოვრო მონეტა,
(ოქრო)
3000 მონეტის ბმული
2007   რუსეთი 2 რუსული რუბლი სამახსოვრო მონეტა,
(ვერცხლი 925)
10000 მონეტის ბმული
დაბადების 150 წლისთავის საიუბილეოდ
2017   დნესტრისპირეთი 1 დნესტრისპირული რუბლი სამახსოვრო მონეტა,
(ფოლადი ნიკელის გარსით)
50000 მონეტის ბმული
დაბადების 160 წლისთავის საიუბილეოდ
2017   დნესტრისპირეთი 20 დნესტრისპირული რუბლი სამახსოვრო მონეტა,
(ვერცხლი 925)
300 მონეტის ბმული
დაბადების 160 წლისთავის საიუბილეოდ

კინემატოგრაფიაში, ტელევიზიასა და მწერლობაში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

მეცნიერისადმი მიძღვნილი საიტები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Циолковский Константин Эдуардович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. http://www.brainyquote.com/quotes/quotes/k/konstantin183177.html
  3. SNAC — 2010.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  7. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. 8.0 8.1 The Fine Art Archive
  9. 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. Munzinger Personen
  11. http://www.themoscowtimes.com/weekend/article/blast-off-to-kaluga-for-the-weekend/366725.html
  12. The Encyclopedia of Science Fiction / P. Nicholls, J. Clute, D. Langford — ISSN 3049-7612
  13. http://news.bbc.co.uk/onthisday/hi/dates/stories/october/26/newsid_4045000/4045913.stm
  14. https://itunes.apple.com/tt/app/old-ussr-slide-films/id498733205?mt=8
  15. Amazon.com
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 https://megabook.ru/article/%D0%A6%D0%B8%D0%BE%D0%BB%D0%BA%D0%BE%D0%B2%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9%20%D0%9A%D0%BE%D0%BD%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BD%D1%82%D0%B8%D0%BD%20%D0%AD%D0%B4%D1%83%D0%B0%D1%80%D0%B4%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
  17. https://www.nmspacemuseum.org/inductee/konstantin-e-tsiolkovsky/
  18. Space Pioneers EnshrinedLas Vegas: 1976. — გვ. 6.