რუსეთ-საქართველოს ომი (1921)

(გადამისამართდა გვერდიდან 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-საქართველოს ომები.
რუსეთ-საქართველოს ომი 1921
რუსეთის სამოქალაქო ომისა და თურქეთის დამოუკიდებლობის ომი ნაწილი

წითელი არმია თბილისში
თარიღი 15 თებერვალი17 მარტი, 1921 წელი
მდებარეობა საქართველო
შედეგი

რუსეთის გამარჯვება

ტერიტორიული
ცვლილებები
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ანექსია
მხარეები
რსფსრ-ის დროშა რსფსრ
აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საფრანგეთი (მცირე მხარდაჭერა სანაპირო ზოლზე)
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია (თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა)
მეთაურები
რსფსრ-ის დროშა ანატოლი გეკერი
რსფსრ-ის დროშა მიხეილ ველიკანოვი
რსფსრ-ის დროშა იოსებ სტალინი
რსფსრ-ის დროშა გრიგოლ ორჯონიკიძე
რსფსრ-ის დროშა ფილიპე მახარაძე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გიორგი კვინიტაძე
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გიორგი მაზნიაშვილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა ვალიკო ჯუღელი
ოსმალეთის დროშა მუსა ქიაზიმ ყარაბექირი
სამხედრო ნაწილები
წითელი არმია
  • მე-11 არმია
  • მე-9 არმია
  • 98-ე დამოუკიდებელი მსროლელთა ბრიგადა
  • საბჭოთა სომხეთის სამთო ბრიგადა
  • წითელი ბაქოს ბრიგადა
  • ოსი აჯანყებულები
შეიარაღებული ძალები
  • 1-ელი მსროლელთა დივიზია
  • მე-2 მსროლელთა დივიზია
  • დამოუკიდებელი სამთო საარტილერიო დივიზია
  • 1-ელი სოხუმის სასაზღვრო პოლკი
  • მე-2 სასაზღვრო პოლკი
დიდი ეროვნული ასამბლეის არმია
ძალები
40 000 ქვეითი
4 300 კავალერია
900 ოსი აჯანყებული
196 საარტილერიო დანადგანი
1 065 ტყვიამფქვევი
50 მოიერიშე თვითმფრინავი
7 ბრონირებული მატარებელი
4 ტანკი
24+ ბრონირებული მანქანა[1]
11 000 ქვეითი
400 კავალერია
ასობით სამხედრო საქართველოს სახალხო გვარდიიდან
46 საარტილერიო დანადგარი
ასობით ტყვიამფქვევი
56 მოიერიშე თვითმფრინავი
(25 Ansaldo SVA-10-ისა და 1 Sopwith Camel-ის ჩათვლით.)
4 ბრონირებული მატარებელი
რამდენიმე ბრონირებული მანქანა[2]
20 000 სამხედრო
დანაკარგები
5 500 მოკლული
2 500 დატყვევებული
უცნობი რაოდენობით დაჭრილები[3]
3 200 მოკლული ან დატყვევებული
უცნობი რაოდენობით დაჭრილები
3 800-5 000 მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობა[3]
30 მოკლული
26 დაჭრილი
46 დაკარგული[4]
რუსეთ-საქართველოს ომი ვიკისაწყობში
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1921 წელს.
ომის შედეგად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი (ართვინის, ოლთისის და არტაანის ჩათვლით) ხელში ჩაიგდო თურქეთმა, ხოლო ქვეყნის ყველა დანარჩენი ტერიტორია ხელში ჩაიგდო რსფსრ-მ.
სტაფილოსფრად აღნიშნულია სოჭის ოლქი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკავა 1918–1919 წლებში და კავკასიონის ჩრდილოეთი კალთები (დვალეთი).

რუსეთ-საქართველოს ომი 1921, აგრეთვე ცნობილი, როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, საბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი - 17 მარტი, 1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის გადაყენების, ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსია-ოკუპაციის მიზნით.

კონფლიქტი საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი იყო, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიის სრულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა. მასში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბოლშევიკებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერა და ბოლშევიკური რეჟიმის დასამყარებლად უცხოური ინტერვენცია სჭირდებოდათ.

წინარეისტორია

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთში მომხდარი რევოლუციების სერიის შედეგად, 1918 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა.

თავდაპირველად ქართულ ელიტას არ სურდა რუსეთისგან გამოყოფა, მაგრამ კავკასიის ფრონტის დაშლამ, უცხო ქვეყნების შემოჭრისა და ქაოსის საფრთხემ ის იძულებული გახადა შეექმნა სახელმწიფო საქართველოს დასაცავად, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური გამოწვევებისგან – ბოლშევიკებისგან, ანტი–ბოლშევიკებისაგან და თურქებისაგან, რომელიც ცდილობდა თავისი გავლენის განვრცობას სამხრეთ კავკასიაზე. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საქართველოს მაგალითს მიბაძეს.[5]

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, ზომიერი სოციალისტებით სათავეში, საკმაო წარმატებებს მიაღწია დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საქმეში.[6] მაგრამ ამ პროცესში ქვეყანა წააწყდა ბევრ გამოწვევას: სამხედრო კონფლიქტები თურქეთთან, სომხეთთან, ასევე სამხრეთ რუსეთის „წითლებთან“ და „თეთრებთან“, ეკონომიკური ბლოკადა დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან, 1920 წლამდე საერთაშორისო აღიარების დაგვიანება, შიდა კონფლიქტები ზოგიერთ ეთნიკურ უმცირესობასთან, ადგილობრივი ბოლშევიკების დივერსიული საქმიანობა, რომელიც ხალისდებოდნენ მოსკოვიდან და კრემლის ბრძანებებს ასრულებდნენ.[7]

1920 წლის თებერვლის ბოლოს გაფორმდა ალიანსი თურქეთის ქემალისტურ მთავრობასა და რუსეთის საბჭოურ ხელისუფლებას შორის. ახალი ალიანსი მოითხოვდა, რომ ორ ქვეყანას შორის ყოფილიყო სტაბილური სახმელეთო კავშირი. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო, რომ სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო – აზერბაჯანის, სომხეთის და საქართველოს დემოკრატიული რსპუბლიკები განაწილებულიყო თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. 1920 წლის 31 მაისს რუსეთის მე-11 წითელი არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოხდა მისი სოვეტიზაცია. ოთხი თვის შემდეგ თურქეთი შეიჭრა სომხეთში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეთმო თავისი ტერიტორიის ნახევარი, დარჩენილი ტერიტორია იმავე წლის ბოლოს დაიპყრო წითელმა არმიამ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უკანასკნელი დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფო, რომელიც დასავლეთის ბასტიონად იყო მიჩნეული, მომწყვდეული იყო ქემალისტებსა და საბჭოეთს შორის და იმისთვის, რომ დასრულებულიყო თურქულ–საბჭოთა პროექტი კავკასიაში, ისიც უნდა დაცემულიყო.

საქართველოში საბჭოთა რუსეთის შემოჭრას მხარს უმაგრებდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ბოლშევიკური უჯრედები, რომლებიც პერიოდულად იატაკქვეშეთში აწყობდნენ პარტიულ შეხვედრებს და მასებში გაჰქონდათ აკრძალული ლიტერატურა. რესპუბლიკიკის ხელმძღვანელობა აღნიშნულ ელემენტებს შეძლებისდაგვარად ებრძოდა და ატუსაღებდა. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც 1920 წლის 7 მაისს სოჭის კონფლიქტის შემდეგ საქართველოსა და რსფსრ-ს შორის გაფორმდა „სამშვიდობო ხელშეკრულება“. აღნიშნული ხელშეკრულებით საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტი და მისი საზღვრები, თუმცა იმავე ხელშეკრულებით დაავალა ქართულ მხარეს, დაკავებული ბოლშევიკების განთავისუფლება და მათი დევნისაგან თავის შეკავება. აღნიშნულის შედეგად 1920 წლის 3 ივნისს გამოვიდა გაზეთ „კომუნისტის“ პირველი ნომერი. ამ დროიდან მოყოლებული, ბოლშევიკებმა უფრო აქტიურად განაგრძეს თავიანთი დივერსიული მოღვაწეობა და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის სრულ ოკუპაციას შეუწყვეს ხელი.

საბრძოლო მოქმედებები

რედაქტირება

დასაწყისი

რედაქტირება

1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება, რომლითაც დაირღვა 1920 წლის 7 მაისის საბჭოეთ–საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულება, მოგვიანებით საბჭოთა ისტორიულ ლიტერატურაში ახსნილი და წარმოდგენილი იყო, როგორც პასუხი ვითომცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარებაზე დაღესტნის პარტიზანული მოძრაობისთვის, ადგილობრივი ბოლშევიკების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისთვის და უკვე საბჭოთა სომხეთის ეკონომიკური ბლოკადისთვის.

საქართველოზე მასიური შეტევის დაწყებას წინ უძღოდა საბჭოთა „სახალხო აჯანყება“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, ძირითადად, სომხებით დასახლებულ ბორჩალოს მაზრაში და ასევე, ძლიერი სასაზღვრო შეტაკებები ქალაქ ზაქათალასთან, რომელზედაც პრეტენზიას საბჭოთა აზერბაიჯანი აცხადებდა.

1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის სამხედრო ძალებმა შეაღწიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ კონტროლირებად ბორჩალოში და ადგილობრივი მაცხოვრებლების გარკვეული მხარდაჭერით თავს დაესხა სამხედრო გარნიზონებს სანაინში და ვორონცოვკაში (ტაშირი).

მოულოდნელი მიყენებული მძიმე დარტყმისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებმა დაიხიეს ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით. 68 საათის შემდეგ მათ მიიღეს შეზღუდული მხარდაჭერა (მხოლოდ ერთი ბატალიონი) და განახორციელეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნეის უშედეგო მცდელობა. წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებმა კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ დაიხიეს: აირუმი–სადახლოს ხაზზე (სანაინის რაზმი) და ეკატერინენფელდისკენ (ვორონცოვკის რაზმი).

16 თებერვალს საბჭოთა სამხედრო ძალები რუსეთის მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბოლშევიკთა ადგილობრივი მომხრეების ჩათვლით, შევიდნენ სოფელ შულავერში, სომხეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრზე და იქ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული „საქართველოს რევოლუციური კომიტეტი“, რომელიც წითელი მეთაურებისა და ადგილობრივი ბოლშევიკებისგან შედგებოდა. იმავე დღეს კომიტეტმა თავი გამოაცხადა საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად და მოუწოდა საბჭოთა რუსეთს გადაუდებელი სამხედრო ინტერვენციისკენ. რამდენიმე საათის შემდგომ მე–11 არმიის 54–ე და 58–ე მსროლელი ბრიგადები შეიჭრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე წითელი ხიდის გავლით, რომელსაც მოჰყვა მე–12 ცხენოსანი დივიზია და 55–ე საჯავშნო ნაწილი. იმავდროულად 26–ე მსროლელი ბრიგადა და მე–9 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი შეიჭრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მტკვრის გავლით პოილუს სარკინიგზო ხიდთან, რომელიც მანამდე ააფეთქეს უკანდახეულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა, რათა არ მომხდარიყო საბჭოთა დაჯავშნული მატარებლებისა და ტანკების წინ წამოწევა[8]. მეორე დღეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სასაზღვრო ქალაქ ზაქათალის მხრიდან ასევე შემოიჭრა მე–11 არმიის 59–ე მსროლელთა ბრიგადა და მე–18 ცხენოსანი დივიზია. ანატოლი გეკერმა, რომელიც იმ დროს მე–11 არმიის მეთაური იყო, მიიღო პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომ დაეკავებინა საქართველოს დედაქალაქი არაუგვიანეს 19 თებერვლისა.

იმავდროულად, საბჭოთა რუსეთის 98–ე მსროლელი ბრიგადა თერგის ცხენოსან დივიზიასთან ერთად ამზადებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე შეტევას თერგის ოლქიდან როკისა და მამისონის უღელტეხილებით, ხოლო მე–9 არმიას უნდა შეეტია აფხაზეთიდან და წაწეულიყო შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ.

 
ბრიტანული Mark V ტიპის ტანკი, რომელიც წითელმა არმიამ სამოქალაქო ომის და უცხოური ინტერვენციის დროს შეიძინა და რომელმაც განაპირობა საბჭოელთა გამარჯვება ტფილისის ბრძოლაში.[9]

საბჭოთა რუსეთს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შედარებით მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. 1921 წლის 16 თებერვლისთვის მთლიანობაში საბჭოთა სამხედრო ძალები მე–11 და მე–9 არმიის ჩათვლით და თავის მხარდამჭერ ერთეულებიანად – 98–ე მსროლელი ბრიგადის, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბაქოს წითელი ბრიგადის ჩათვლით, ითვლიდა 40 ათასზე მეტ გამოცდილ მეომარს 4 300–იანი კავალერიით მათ შორის, ასევე მათ ჰქონდათ 196 ცალი საარტილერიო დანადგარი, 1065 ტყვიამფრქვევი, 50 თვითმფრინავი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 4 ტანკი და უამრავი ჯავშნოსანი მანქანა.

ამ ძალებისთვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეძლო მხოლოდ დაეპირისპირებინა დაახლოებით 1 და მე–2 მსროლელი დივიზიის 11 ათასი ჯარისკაცი, სამთო საარტილერიო დივიზია, სოხუმის 1 სასაზღვრო პოლკი, მე–2 სასაზღვრო პოლკი

თბილისის ბრძოლა

რედაქტირება
 
მე-11 წითელი არმიის „ტფილისის ოპერაცია“, 17-25 თებერვალი, 1921.

საქართველოს ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გადაწყვიტა გადამწყვეტი ბრძოლა თბილისის კარიბჭესთან გაემართა. 19 თებერვალს თბილისში უკვე ისმოდა რუსული არმიის ქვემეხების ხმა. ქართულმა არტილერიამ მას ენერგიული პასუხი გასცა. 2-3 დღეში ქართველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ 1500 ადამიანი დაატყვევეს. კავალერიის უქონლობის გამო ქართული ჯარი ვერ დაედევნა მოწინააღმდეგეს, რამაც წითელ არმიას მისცა დასვენებისა და გადაჯგუფების დრო. მთავრობისა და სამხედრო შტაბის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თბილისი, დემორალიზაცია შეიტანა ფრონტზე და პანიკა დათესა მოსახლეობაში. 25 თებერვალს წითელი არმია დაცლილ თბილისში შევიდა.

 
მემორიალური დაფა იმ ადგილზე სადაც ქართველი იუნკერები შეებრძოლნენ რუსულ საოკუპაციო ჯარებს.
ლაშა ხაჩიძის ფოტო

16 თებერვალს - წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ.

17 თებერვალს - სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე. 18 თებერვალს - იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს. უკვე 19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ.

20 თებერვალს, კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.

19-20 თებერვალს, სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.

23 თებერვალს, სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით.

 
ორჯონიკის დეპეშა სტალინსა და ლენინს.

17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ- საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო.

24 თებერვალს, საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა:

 
„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“

თბილისის დაკავებისთანავე წითელი ჯარის ნაწილებმა პარადი გამართეს ქალაქის მთავარ მოედანზე. მეორე დღეს მოსახლეობამ სამგლოვიარო პროცესია მოაწყო რუსთაველის პროსპექტზე. ხალხმა ქართველი იუნკერები რუსული სობოროს ეზოში დაკრძალა. წითელ არმიას პროცესიისთვის ხელი არ შეუშლია.

სურამის ბრძოლა

რედაქტირება

თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.

1921 წლის 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა.

დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმა აუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია. გენერალი გიორგი კვინიტაძე იძულებული იყო დაეწყო უკან დახევა. 6 მარტს გაძლიერებულმა წითელი არმიის დაჯგუფებამ დაიკავა მიხაილოვო, შემდეგ კი სურამის გვირაბი. საქართველოს ჯარი, სადაც 10 000 ადამიანი იყო დარჩენილი, მდინარე რიონის მარცხნივ, საჯავახოში გაჩერდა. გარდა ამისა, ბათუმში იდგა 3000 კაციანი გარნიზონი.

 
მუსა ქიაზიმ ყარაბექირი

დასავლეთ საქართველოს დაცემა

რედაქტირება
 
წითელი არმიის მეთაურები ბათუმში.

თბილისში შესული წითელი არმიის ხელმძღვანელობამ საჭიროდ სცნო დასავლეთ საქართველოში მყოფ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ამ მიზნით ფილიპე მახარაძემ, მამია ორახელაშვილმა და შალვა ელიავამ ჟორდანიასთან ქართველი ინტელექტუალების ნაწილი გაგზავნეს. დელეგაციაში შედიოდნენ მიხაკო წერეთელი, გერონტი ქიქოძე, თედო ღლონტი. წითელი არმიის ხელმძღვანელობა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისგან კაპიტულაციას ითხოვდა, ჟორდანიას საბჭოთა საქართველოში დარჩენას სთავაზობდნენ, მაგრამ ნოე რამიშვილს არანაირ გარანტიებს არ ჰპირდებოდნენ. ჟორდანია შეთავაზებას არ დათანხმდა. ქიქოძის მემუარების მიხედვით ლენინი გაბრაზდა ორჯონიკიძესა და ბუდუ მდივანზე, რადგან მათ ჟორდანია საქართველოში ვერ შეინარჩუნეს.

ბათუმში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ყოფნის დროს შევიდა ოსმალეთის იმპერიის ჯარი. ისინი თავს დაესხნენ პორტებს და ზოგი დაიჭირეს კიდეც, მაგრამ მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ ქართული ჯარის მხრიდან და ქალაქი დატოვეს. წითელ არმიას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან ბრესტ-ლიტოვსკის ზავით რუსეთი ოსმალეთს უთმობდა ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგს, ყარსისა და არტაანის ოლქებს.

საქართველოს დამარცხების მიზეზები

რედაქტირება

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე საქართველოს დამარცხების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. პირველ ასეთი ფაქტორი ადამიანური რესურსის გამოყენების პრობლემურობა იყო. სამხედრო სამინისტროს სამობილიზაციო სიებში 150 000-მდე კაცი ირიცხებოდა, მაგრამ მათი სანახევროდ მობილიზაციაც ვერ მოხერხდა, იარაღის, საბრძოლო მასალების ნაკლებობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი ხმარდებოდა, ეს თანხა არ იყო საკმარისი თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში სანახევროდ მობილიზებულიყო ჯარი. [10]

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა საქართველოს დამარცხება, იყო ინიციატივა, რომელიც რუსულმა არმიამ ომის პირველი ეტაპიდან ჩაიგდო ხელში და ომის ბოლომდე არ გაუშვია. ინიციატივა რომლის ხელში აღება და შენარჩუნება ჯერ კიდევ 1920 წლის დეკემბერში უმთავრეს ფაქტორად მიაჩნდა მე-11 არმიის სარდალს, ჰეკერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იყო დარწმუნებული გამარჯვებაში. სწორედ ეს ინიციატივა ჩაიგდო ხელში 11-16 თებერვლის ბრძოლებშივე მე-11 არმიამ და ომის მიმდინარეობას თავად კარნახობდა. ამის წყალობით ყველა მნიშვნელოვან მონაკვეთზე, საჭირო დროს ახერხებდნენ მინიმუმ ორმაგი რაოდენობრივი უპირატესობის მოპოვებას.[10]

საქართველოს მიერ დაშვებული შეცდომები

რედაქტირება
 
ილია ოდიშელიძე
 
იოსებ გედევანიშვილი

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე აღნიშნავს, რომ ომის წინ, 1920 წლის დეკემბერში საქართველოს დაზვერვამ ხელში ჩაიგდო მე-11 არმიის სარდლის გეგმა, ამ გეგმის გაანალიზების შედეგად სარდლობამ ჩათვალა რომ მოწინააღმდეგე აპრილამდე არ დაიწყებდა ინტერვენციას. [10]

1921 წლის იანვარში, მოხდა ჯარის ნაწილობრივი დემობილიზაცია, სახლში გაუშვეს ის ჯარისკაცები, რომელთაც სამხედრო სამსახურის ვადა უკვე ერთი წელია ამოეწურათ და ისედაც დეზერტირობდნენ. საერთოდ კი, ფინანსური პრობლემების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის მესამედი ჯარს ხმარდებოდა, თვეების მანძილზე ჯარი მობილიზებული ვერ იქნებოდა. ამის ნაცვლად, 6-15 თებერვალს ახალწვეულების გაწვევა დაიგეგმა, რომლებიც 6 კვირიანი წვრთნის შემდეგ მწყობრში იქნებოდნენ.[10]

შეცდომა იყო დაშვებული საკადრო პოლიტიკაში. მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი ილია ოდიშელიძე, ძალიან გამოცდილი გენერალი, მაგრამ ამავდროულად ყოველგვარ სარდლურ ქარიზმას და შინაგან ძალას მოკლებული, იოლად ექცეოდა პოლიტიკოსთა გავლენის ქვეშ. ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ფორნტის სარდლად მან გენერალი იოსებ გედევანიშვილი დანიშნა, გამოუცდელი სამხედრო. იოსები 1906 წელს დუშეთის ხაზინის ძარცვაში მონაწილეობის გამო ჯარიდან გააგდეს და მხოლოდ 1917-ში დაბრუნდა. იყო ძალიან აქტიური, მაგრამ ამავდროულად გამოუცდელი ასეთი პასუხისმგებლობისთვის.[10]

ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში ჩაყენებული ჯარი სარდლობის ბრძანებით, ხოლო ამ სარდლების თქმით, პოლიტიკოსების ჩარევით, დაფანტული და ცუდად მომზადებული აღმოჩნდა.[10]

1921 წლის თებერვალში მე-11 რუსული არმიის სარდალს, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავდა ის ძალები რასაც დეკემბერში ითხოვდა გადაწყვიტა გაერისკა და 11-12 თებერვალს ბორჩალოს მაზრის ნეიტრალურ ზოლში დაფანტულ ქართულ ჯარს თავს დაესხა.[10]

ოფიციალური ვერსიით, ადგილობრივი მოსახლეობა აჯანყდა, სინამდვილეში კი მე-11 არმიის ნაწილებმა დაარტყეს იქ მდგომ ქართულ ჯარს, ადგილობრივ დივერსანტებთან ერთად, რომლებიც უკვე კარგა ხნის განმავლობაში იწვრთნებოდნენ.[10]

საქართველოს მთავრობის ევაკუაცია

რედაქტირება

ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვითონ დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.

შედეგები

რედაქტირება

რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ემიგრაციით და ბოლშევიკური მმართველობის დამყარებით. ცალკე იქნა ფორმირებული აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება საქართველოს სსრ-თან. 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო ყარსის ხელშეკრულება, რომელიც 16 მარტს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს იმეორებდა. 1922 წელს საქართველო ჯერ ამიერკავკასიის სფსრ-ში გააწევრიანეს, ხოლო შემდეგ იმავე წელს, ფედერაციასთან ერთად საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირს შეუერთეს.

1990 წელს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შეაფასა როგორც ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ უკანონოდ და ბათილად გამოაცხადა 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულება საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, 1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულება ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ. [11]

რუსეთ-საქართველოს ომი ხელოვნებაში

რედაქტირება
 
2021 წელს, ოკუპაციის მეასე წლისთავზე, ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის ინიციატივით ჩატარდა თბილისის დამცველთა ხსოვნის მარში, რომლის მიზანი კოჯორი-ტაბახმელასა და ლილოში არსებული 30 კილომეტრიანი ფრონტის ხაზის მოვლა და თბილისის დამცველთა გმირობის გახსენება იყო.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თემაზეა შექმნილი ქართველი პოეტის კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი“:

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. iveria. ციტირების თარიღი: 1 November 2014
  2. iveria. ციტირების თარიღი: 1 November 2014
  3. 3.0 3.1 According to a Russian statistician and Soviet-era dissident, Professor I.A. Kurganov, the 1921-2 military operations against Georgia took lives of about 20,000 people. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-05. ციტირების თარიღი: 2006-11-03
  4. Ayfer Özçelik: Ali Fuat Cebesoy: 1882-10 Ocak 1968, publisher Akçağ, 1993, page 206. (in Turkish)
  5. Stephen F. Jones, “Transcaucasia: Revolution and Civil War” in H, Shukman (ed.), The Blackwell Encyclopedia of the Russian Revolution (Oxford, 1988).
  6. Stephen F. Jones, “Georgia: The Trauma of Statehood” in J. Bremmer and R. Taras (eds.), New States New Politics: Building the Post-Soviet Nations (Cambridge, 1997), p. 508.
  7. Stephen Blank, “Bolshevik Organizational Development in Early Soviet Transcaucasia: 1918-1924” in R.G. Suny (ed.), Transcaucasua, Nationalism and Social Change (Ann Arbor, 1999)
  8. Giorgi Kvinitadze, My Memoirs from the Years of Independence 1917–1921 (Paris, 1985), p. 282
  9. Aksenov, A., Bullok, D (2006), Armored Units of the Russian Civil War: Red Army, p. Osprey Publishing, ISBN 1-84176-545-7
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 დიმიტრი სილაქაძე. (25 თებ, 2020) რატომ წავაგეთ 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი?. ტაბულა. ციტირების თარიღი: 2021-02-13.
  11. საქართველოს სსრ მეთერთმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე XIII სესიის დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ