მუსა ქიაზიმ ყარაბექირი
მუსა ქიაზიმ ყარაბექირი (თურქ. Musa Kâzım Karabekir დ. 1882 — გ. 1948) — თურქი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ბალკანეთის, პირველი მსოფლიო ომისა და თურქეთის დამოუკიდებლობის ომის მონაწილე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაპირველ მსოფლიო ომში იყო ამიერკავკასიის ფრონტზე მოქმედი ქვეითი პოლკის მეთაური, ხოლო 1917 წლის ბოლოდან ამიერკავკასიაში გაშლილი ოსმალთა მესამე არმიის დივიზიის მეთაური. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს იყო ოსმალთა აღმოსავლეთის არმიის სარდალი კავკასიის კამპანიაში. 1919 წლის გაზაფხულიდან გენერალ მუსტაფა ქემალთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანატოლიაში აგორებულ ანტისაოკუპაციო მოძრაობას. იყო დამოუკიდებლობის ომის აქტიური მონაწილე, მუსტაფა ქემალის ახლო მეგობარი და თანამებრძოლი. 1919 წლიდან იყო არზრუმის ვილაიეთში დისლოცირებული მე-15 საარმიო კორპუსის სარდალი და რეგიონის ფაქტობრივი მმართველი. 1920 წელს სომხეთ-თურქეთის ომისას მე-15 კორპუსმა მისი სარდლობით მოახდინა დასავლეთ სომხეთის (სარიყამიში, ყარსი, ალექსანდროპოლისი) დაკავება. 1921 წლის თებერვალსა და მარტში მისმა კორპუსმა დაიკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არტაანისა და ბათუმის ოლქები. 1921 წლის ოქტომბერში იგი წარმოადგენდა ყარსის ხელშეკრულების სულისჩამდგმელს და ქემალისტური თურქეთის სრული ნდობით აღჭურვილ პირს. სწორედ მან მოაწერა ხელი თურქეთის მხრიდან ამ ხელშეკრულებას. 1922 წლიდან იყო დიდი ეროვნული კრების წევრი. 1924 წლიდან ოპოზიციაში ჩაუდგა მუსტაფა ქემალ ფაშას, თანამოაზრეებთან ერთად დააარსა „პროგრესული რესპუბლიკური პარტია“ და გახდა მისი თავმჯდომარე. 1925 წელს დააპატიმრეს მუსტაფა ქემალის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. ათათურქის გარდაცვალების შემდეგ, 1938 წელს, რეაბილიტირდა. 1946 წელს აირჩიეს თურქეთის პარლამენტის სპიკერად. გარდაიცვალა 1948 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biografische Angaben über Karabekir (türkisch)
- Angaben zu Karabekir auf ataturk.com დაარქივებული 2008-07-26 საიტზე Wayback Machine. (türkisch)
- Zeitungsartikel über Karabekir in der türkischen Tageszeitung Yeni Şafak დაარქივებული 2012-03-16 საიტზე Wayback Machine. (türkisch)