იოსებ გედევანიშვილი
იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (დ. 2 იანვარი, 1872, მცხეთა, — გ. 24 დეკემბერი, 1939, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი, დრამატურგი, მწერალი, პუბლიცისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, გენერალი. იყო გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილის, პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის, ინჟინერ გიორგი გედევანიშვილის და პუბლიცისტ ანასტასია გედევანიშვილის ძმა.
იოსებ გედევანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1872 |
დაბადების ადგილი | მცხეთა |
გარდაცვალების თარიღი | 24 დეკემბერი, 1939 |
გარდაცვალების ადგილი | მცხეთა, საქართველოს სსრ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1872 წლის იანვარში, ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის სოფელ მცხეთაში. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი. შემდგომ სწავლობდა რუსეთის იმპერიის გენშტაბის აკადემიაში. 1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი. 1905-1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისთვის კაპიტნის წოდებით დათხოვნილ იქნა არმიიდან. ამის შემდეგ ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და რევოლუციურ საქმიანობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო ამიერკავკასიის დფრ-სა და საქართველოს დრ-ის არმიების შექმნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ფედერალისტთა ბათუმის პარტიზანული რაზმის მეთაური. მეთაურობდა ასპინძის მიდამოებში თურქების წინააღმდეგ მოქმედ რაზმს. ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის მიიღო პოლკოვნიკობა. 1918 წლის ივლისში მეთაურობდა ქართულ პარტიზანულ პოლკს დარიალის ხეობაში. 1918 წლის აგვისტოდან დაინიშნა საქართველოს სამხედრო სამინისტროს სარეთო განყოფილების უფროსად. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით. 1919 წლის დასაწყისიდან იყო აფხაზეთის და შავი ზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი. 1920 წლის ბოლოდან ინიშნება ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდლად. 1920 წლის 4 დეკემბრიდან დაინიშნა სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად.
ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. 1924 წლიდან გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1926-1928 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი; 1928-1929 წლებში ამიერკავკასიის რადიოგადაცემათა რწმუნებული; 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ არქივში; 1910 წლიდან მოღვაწეობდა სალიტერატურო სარბიელზე. პიესები: „მსხვერპლი“ (1911), „გამცემი“ (1912), ზღაპარი-ფერია „სინათლე“ (1914), მოთხრობები: „სიმართლე“, „გაიქცა“; იოსებ გედევანიშვილის ლიბრეტო საფუძვლად უდევს გრიგოლ კილაძის ბალეტს „სინათლე“; თხზულებები: მოთხრობანი (1915, გორი), მოთხრობები (1927, თბილისი), „სამხედრო ხელოვნება „ვეფხის ტყაოსანში“, „სამხედრო ხელოვნება საქართველოში“ (1915, თბილისი), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“ (1939, თბილისი). იგი ითვლებოდა თბილისის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად, ხოლო შემდგომ დირექტორ-განმკარგველად. 1924-1926 წლებში მუშაობდა ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარედ,
იოსებ გედევანიშვილი გარდაიცვალა 1939 წლის 24 დეკემბერს, მცხეთაში. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 88.
- ხვადაგიანი, ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016. — გვ. 186-188, ISBN 978-9941-0-9318-0.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 22-23, ISBN 978-9941-0-7386-1.
- ჩაჩხიანი ა., რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920) წლები, თბილისი, 2014
- შარაძე გ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 4, თბილისი, 2003
- დოლიძე ლ., გენერლები საქართველოდან, თბილისი, 2003