ანასტასია გედევანიშვილი

ქართველი მთარგმნელი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, სამოქალაქო უფლებების დამცველი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანასტასია გედევანიშვილი (დ. 20 მარტი, 1864, ყვარელი — გ. 1956) — ქართველი მთარგმნელი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, სამოქალაქო უფლებების დამცველი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1881 წელს დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი და ქალთა I გიმნაზიის დამატებითი, მე-8 პედაგოგიური კლასი. 1895-1897 წლებში პარიზის სორბონის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციების კურსი ლიტერატურასა და პედაგოგიკაში.

1881-1895 წლებში თბილისის ეპარქიულ სასწავლებელში ასწავლიდა ყველა საგანს, შემდეგ წმინდა ნინოს სასწავლებელში იყო მასწავლებელი და დამრიგებელი. 1896 წელს პარიზში გამართულ „ფემინისტ ქალთა საერთაშორისო კონგრესში“ მონაწილეობდა როგორც დელეგატი. მან საქართველოში პირველად ჩამოაყალიბა ქალთა უფლებების დაცვის წრე და 1906 წელს, დანიაში, კოპენჰაგენში „ქალთა თანასწორუფლებიანობის ინტერნაციონალური კავშირის მესამე კონგრესში“ მიიღო მონაწილეობა (კოპენჰაგენის კონგრესზე "ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირის" მოხსენება დაბეჭდილია ამავე კონგრესის შრომათა კრებულში, 1906). 1905-1906 წლებში ანასტასია გედევანიშვილი თავმჯდომარეობდა „ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირს“, რომლის წევრებიც არალეგალურად იკრიბებოდნენ მის ბინაზე, ამ კავშირის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთის ქალთა ყრილობებში, სადაც ქართველ ქალთა წარმომადგენელი იყო რუსუდან ნიკოლაძე. ქართველ „ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირის“ დამფუძნებელი კრება გაიმართა 1905 წლის 20 ნოემბერს, ანასტასია გედევანიშვილის სახლში, დაესწრო 150 დელეგატი ყველა სოციალური ფენიდან, კავშირის ჰქონდა თავისი წესდება. 1908 წლის დეკემბერში, სრულიად რუსეთის პირველ ქალთა ყრილობის დელეგატებს ანასტასია გედევანიშვილმა, როგორც „ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირის“ თავმჯდომარემ, პეტერბურგში მისალმება გაუგზავნა. „ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირის“ პირველი პოლიტიკური გამოსვლა მოხდა თბილისის ახალი ხმოსნების არჩევნების დროს. ქალაქის თავისადმი გაგზავნილ მიმართვაში კავშირი მოითხოვდა ქალაქის საბჭოში ქალების არჩევას და შესაბამის ანაზღაურებას. 1908 წელს ანასტასია გედევანიშვილმა თავის სახლში დააარსა პირველი ქართული საბავშვო ბაღი, სადაც სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ეს ბაღი შემდეგ ქართული გიმნაზიის შენობაში (თსუ) გადავიდა. ბაღს 1917 წლამდე ხელმძღვანელობდა ანასტასია გედევანიშვილი. ბაღს ჰყავდა მშობელთა კომიტეტი („საბავშვო ბაღის კომიტეტი“) და ჰქონდა საკუთარი ბეჭედი. 1897-1898 წლებში ილია ჭავჭავაძის თხოვნით გაზეთ „ივერიისათვის“ ფრანგულიდან თარგმნა პაულ ჰაიზეს „უცხონი“, ჟან რეიბარშის „ლუი“, შარლ ფოლიკის „სატუსაღოს პატარა ქალი“, „შობა მუშის ოჯახში“, „დედა“. იბსენის „ნონა“, „ელლიდა“. ანასტასია გედევანიშვილი იყო ჟურნალ „ნაკადულის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამ ჟურნალში ბეჭდავდა საკუთარ თარგმანებს. ფრანგულიდან თარგმნა „ანდრე მარტი“ — მოთხრობა ცნობილ ფრანგ კომუნისტზე („სახელგამი“, 1932 წელი) ანასტასია გედევანიშვილმა საქართველოს ლიტერატურის მუზეუმს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები — ავტოგრაფები, ფოტოსურათები და სხვა მასალები, რაც მის მეუღლეს მიხეილ გედევანიშვილს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემისათვის ჰქონდა შეკრებილი, აგრეთვე მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა XIX-XX საუკუნეების წიგნებისა და პერიოდული გამოცემების ბიბლიოთეკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია ანასტასია გედევანიშვილის ხელნაწერი მოგონებები, წერილები, ქალთა საერთაშორისო კონგრესის დელეგატის მანდატი და სხვა მასალები. „ქართველი ჟანა დარკი“ — ასე უწოდა ანასტასია გედევანიშვილს აკაკი წერეთელმა. იყო დრამატურგ იოსებ გედევანიშვილის და, ექიმ მიხეილ გედევანიშვილის მეუღლე, დიმიტრი და შალვა გედევანიშვილების დედა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ანდრე მარტი: ამბავი მოზარდთათვის სამოქალაქო ომიდან, ტფილისი, სახელგამი, 1932, გვ. 11

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I, იოსებ იმედაშვილი, თბ., 2018, გვ. 536

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება